ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი (+393) - 12 (25) იანვარი
ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი (+393) - 12 (25) იანვარი
ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი დედა იყო წმინდა ქალწულ ევპრაქსიასი (ხს. 25 ივლისს) და მეუღლე კეთილმსახური სენატორი ანტიგონესი, რომელიც იმპერატორ თეოდოსი დიდს ენათესავებოდა. დაქვრივების შემდეგ წმინდა ევპრაქსიამ უფლის მსახურებისთვის გადადო თავი. ღირსმა დედამ ბევრი მონასტერი მოიარა და უხვი შეწირულობები დატოვა, ბოლოს კი ტაბენისის სავანეშიც ჩავიდა, სადაც იღუმენია ღირსი თეოდულა იყო, ცნობილი თავის დიდი სიმკაცრით. მონაზვნების წმინდა ცხოვრებით ღრმად შეძრული ევპრაქსია ხშირად აკითხავდა ამ სავანეს თავის მცირეწლოვან ასულთან ერთად, რომელიც მაშინ რვა წლის იყო. ყრმა ქალს მშობლების ქველმოქმედებისა და სიწმინდის გამო განსაკუთრებული მადლი მიენიჭა და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, რამაც დედა ძალიან გაახარა. მონასტრის იღუმენია, თეოდულამ პატარა ევპრაქსია მონასტერში დატოვა და მონაზვნად აღკვეცის კურთხევა მისცა.
ევპრაქსია-უფროსი ქველმოქმედებას განაგრძობდა, კიდევ უფრო გაამკაცრა მარხვა, უმატა ლოცვას. განჭვრეტის ნიჭის მქონე დედა თეოდულამ მას წინასწარ ამცნო აღსასრულის მოახლოება. ღირსმა ევპრაქსიამ მადლობა შესწირა უფალს, გამოემშვიდობა მონასტრის დებს, თავისი ასული კი უკანასკნელად ასე დამოძღვრა, "კეთილკრძალული ძრწოლით გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე და მოწიწებით თრთოდე მის წინაშე; დებს პატივი ეცი და იმის გაფიქრებასაც კი ნუ გაბედავ, რომ შენ მათზე მაღლა დგახარ და შეგიძლია ისინი იმსახურო; სულის სიგლახაკე მოიგე, რომ სულიერი საგანძურით სარგებლობა შეგვეძლოს". სამი დღის შემდეგ(+393) წმინდა დედამ უფალს სული მიაბარა და იმავე სავანეში დაკრძალეს, სადაც შემდეგ მისი ასული ოცი წლის განმავლობაში განაგრძობდა მოღვაწეობას.
..............................
ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1