წმიდა ემილია, ბასილი დიდის დედა (IV საუკუნე) - 01 (14) იანვარი
წმიდა ემილია, ბასილი დიდის დედა (IV საუკუნე) - 01 (14) იანვარი
წმინდა ემილია, დედა ბასილი დიდისა, ღვთისმოყვარე ოჯახში დაახლოებით 305 წელს იშვა. მისი მშობლები საკმაოდ შეძლებული ადამიანები იყვნენ, - მცირე აზიის პროვინციებში დიდ მამულებს ფლობდნენ.
ემილია ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა საკვირველი სილამაზით, რის გამოც მისი მეუღლეობის მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდი გახლდათ, ღრმადმორწმუნე ასულს კი ქალწულების დამარხვა სურდა, თუმცა, უფალი სხვა ხვედრს უმზადებდა.

იმპერატორ ლიცინიუსის დროინდელი დევნილობისას მისმა მშობლებმა სიცოცხლესთან ერთად ქონებაც დაკარგეს, ამიტომ ემილიამ, იმის შიშით, მისი უბიწოება ვინმე უკეთურს არ წაებილწა, დაოჯახება გადაწყვიტა.

მისი რჩეული საიმდროოდ ძალზე განათლებული და კეთილზნეობრივი ახალგაზრდა, ადვოკატი და რიტორიკის პედაგოგი, ბასილი გახდა, რომლის მშობლები, სხვა ქრისტიანთა მსგავსად, ვერც დევნას გადაურჩნენ და ვერც - ქონების დაკარგვას.

გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვით, ეს ქორწინება ოდენ ხორციელი კი არა, დიდი სულიერი ერთობა და ერთად ღვთივსათნო საქმეთა აღსრულების, - ეკლესიათათვის შესაწირის მიგების, გლახაკთა განკითხვის, სნეულებზე, ობლებსა და მწირებზე ზრუნვის საშუალება გახლდათ და უფალმა ეს ღვაწლი დიდ სიკეთედ მოუბრუნა, - მალე ახლო-მახლო მათზე შეძლებული არავინ იყო.

თუმცა, ნეტარი დედა ოდენ ამ საქმეებმა კი არა, ღვთისგან მოცემული ათი შვილის სამაგალითო დედობამაც განადიდა. როდესაც პირველ შვილზე, - მაკრინეზე იყო ორსულად, სიზმრად კეთილსახიერი მოხუცი ეჩვენა, რომელიც თითქოს უკვე ზრდასრულ გოგონას მიუახლოვდა და სამჯერ უხმო თეკლად.

გოგონა იოლად, ყოველგვარი გართულების გარეშე, დედის გაღვიძებისთანავე იშვა, დედამ კი ეს ჩვენება ქალიშვილის მომავალი, პირველმოწამე თეკლას ღვაწლის ტოლი ცხოვრების მომასწავებლად მიიღო.

მალე ჩვილს მომვლელად ძიძა მიუჩინეს, თუმცა, გოგონა დედას არ სცილდებოდა და მხოლოდ მის სიახლოვეს მშვიდდებოდა.

- სხვა შვილებთან იმდენი დრო არ გამიტარებია, რამდენიც - მაკრინესთანო, - იგონებდა მოგვიანებით წმინდა ემილია და მართლაც, ერთურთს მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე აღარ განშორებიან.

ამ ჭეშმარიტად ნეტარი დედის შვილნი არა მხოლოდ საღვთო წერილში, მამათა ცხოვრებასა და ფსალმუნთა კითხვაში განისწავლებოდნენ, არამედ - მეურნეობის გაძღოლასა და ხელსაქმეშიც, საოჯახო საქმეების გასრულების შემდგომ კი ბავშვები ტაძარში ღვთის სიტყვის და საგალობელთა მოსასმენად დაჰყავდა.

ამგვარი აღზრდის შედეგი კი ის გახლდათ, რომ ემილიას ყველა შვილი ქრისტეს ზნეკეთილი მეომარი და ადამიანთა შორის უღირსეულესნი შეიქმნენ, მათგან ხუთი კი, - ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, პეტრე სებასტიელი, ნეტარი თეოზვა და ღირსი მაკრინე წმინდანთა დასს შეერთვნენ. უკანასკნელმა უდიდესი გავლენა მოახდინა ოჯახის დანარჩენ წევრთა ბედზე. როდესაც ემილიას უმცროსი შვილი, პეტრე გაუჩნდა, მეუღლე, ბასილი გარდაეცვალა. დაქვრივებულ დედას მაკრინე მხარში ამოუდგა და უმცროსი და - ძმის აღზრდასა და მეურნეობის გაძღოლაში დიდად ეხმარებოდა.

როგორც ზემოთ ვთქვით, უფროსი ქალიშვილი, მაკრინე და ნეტარი ემილია ერთურთს აღარასოდეს განშორებიან, ხოლო როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, მაკრინემ დედა დაარწმუნა, ერთ – ერთ მამულში განმარტოებულიყვნენ და შემონაზვნებულიყვნენ. მალე ყოფილი მოსამსახურენი გაჰყვნენ და მდინარე ირისის ნაპირას სავანე ჩამოაყალიბეს.

წმინდა დედამ ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეები ლოცვაში განლია და დაახლოებით 375 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
.........

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1