ღირსი თეოდორა კესარიელი (+755) - 30 (12.01) დეკემბერი
ღირსი თეოდორა კესარიელი (+755) - 30 (12.01) დეკემბერი
ძველი სტილით 30 დეკემბერს (ახალი სტილით 12 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია VIII საუკუნეში მოღვაწე ღირს თეოდორა კესარიელს იხსენიებს.

ღირს თეოდრას მშობლები პატრიციუსი თეოფილე და მისი მეუღლე თეოდორა ღვთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მათ დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი და ძალიან წუხდნენ. უფალს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. თეოდორა განსაკუთრებით შესთხოვდა შემწეობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა დედას, წმინდა ანას. ცოლ-ქმარმა აღთქმა დადო, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს, შემოქმედმა მათ მოწყალე თვალით გადმოხედა, წმინდა ანას მიმართ აღვლენილმა მხურვალე ლოცვამ ნაყოფი გამოიღო, თეოფილესა და თეოდორას ეყოლათ ქალიშვილი. გოგონას თეოდორა დაარქვეს, მონათლეს და ჭეშმარიტ ქრისტიანად ზრდიდნენ. როცა ქალწული წამოიზარდა, დედამ იგი წმინდა ანას სავანეში მიიყვანა და იღუმენიას ჩააბარა აღსაზრდელად. ნეტარმა სწორედ აქ შეისწავლა საღვთო წერილი. ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (716-741) გადაწყვიტა, ქალწული თეოდორა ერთ-ერთი თავისი ახლობლისთვის, ქრისტეფორესთვის მიეთხოვებინა. იმპერატორის ბრძანებით თეოდორა ძალით წამოიყვანეს მონასტრიდან და ჩაიყვანეს კონსტანტინოპოლში. ბიზანტიის დედაქალაქში უკვე ყველაფერი მზად იყო ქორწილისთვის. მაგრამ საქორწილო ნადიმის დროს სკვითები დაესხნენ თავს დედაქალაქს და მტერთან საბრძოლველად გაგზავნილი თეოდორას საქმრო პირველივე შეტაკებაში დაიღუპა.

წმინდა დედამ ისარგებლა საყოველთაო არეულობით, ყველასთვის შეუმჩნევლად დაიმალა, ხომალდზე ავიდა და თავის სავანეს მიაშურა. როცა ნეტარს იმპერატორის მოხელემ მოაკითხა, იგი უკვე მონაზვნად აღკვეცილი დახვდა. წმინდა თეოდორასთვის ამის შემდეგ არავის დაუძალებია მონასტრიდან წასვლა. მან მკაცრი მარხვის, ლოცვისა და ღამისთევის ღვაწლში გალია სიცოცხლის დარჩენილი წლები, სიკვდილამდე რკინის ჯაჭვებს ატარებდა. უფლის რჩეული მიიცვალა დაახლოებით 755 წელს.
.................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1