ღირსი ჰილდა უიტბელი (+680) - 17 (30) ნოემბერი
ღირსი ჰილდა უიტბელი (+680) - 17 (30) ნოემბერი
წმინდა ჰილდა ახლო ნათესავი იყო VII საუკუნეში შვიდ ნაწილად გაყოფილი ინგლისის ერთ-ერთი სამეფოს - ნორტუმბრიის მეფის, ედვინისა. წმინდა ჰილდა მოინათლა მას მერე, რაც რომიდან ინგლისის განსანათლებლად გამოგზავნილი მისიონერის, წმინდა პავლინეს ქადაგება მოისმინა. ის ერში ოცდაათი წლის მანძილზე სახარებისეული სათნოებების მოხვეჭას ცდილობდა. მაგრამ ერთხელაც ყური უგდო ღვთის მოწოდებას და გადაწყვიტა დაეტოვებინა ოჯახი, სამშობლო. ჰილდა აღმოსავლეთ ინგლისის სამეფოში გადასახლდა, რომლის მმართველიც მისი დის ქმარი იყო. ჰილდას გალიაში წასვლა და პარიზთან ახლოს, შელის მონასტერში შემონაზვნება უნდოდა, სადაც, ჩვეულებისამებრ, იმ წლებში მიდიოდნენ კეთილშობილი ანგლო-საქსური ოჯახებიდან ქალწულები. მაგრამ წმინდა აიდენმა (ხს 31 აგვისტოს) ლინდისფერნის მონაზვნური კუნძულის ეპისკოპოსმა მოიხმო ის უკან ნორტუმბრიაში. მან ტილდას მიწის ნაკვეთი გამოუყო, სადაც ის ქალწულთა მცირე ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მას მერე რაც ჰილდას სულიერი ხელმძღვანელობის ნიჭი გამოიცადა ის ხარტპულის მონასტრის იღუმენიად დაადგინეს, ხოლო ცხრა წლის შემდეგ მან უიტბის მონასტერი დააარსა.

ამ ორ სავანეში თავისი იღუმენობის ოცდაათი წლის მანძილზე მან გასაოცარი უნარები გამოაჩინა. ამ მონასტერზე ამბობენ, რომ უიტბის სავანე სრულყოფილი სახე იყო მოციქულთა დროინდელი ეკლესიისა, სადაც მდიდარსა და ღარიბს ყველაფერი საერთო ჰქონდათ და ყველას სიყვარული აერთიანებდათ. წმინდა ჰილდა ხელმძღვანელობდა მამათა მონასტრებს, რომლებიც უიტბის სავანეზე იყვნენ დამოკიდებული, ასეთი რამ არცთუ იშვიათად ხდებოდა იმ ეპოქაში. ეს მონასტერი, ჰილდას წყალობით, სულიერი ცენტრი გახდა, იქ აღიზარდა ბევრი მისიონერი და მღვდელმთავარი. ეპისკოპოსი აიდენი, მეზობელი ოლქების პრინცები და მთელი ხალხი წმინდა გილდასთან მოდიოდა სულიერი რჩევისთვის. მას ქვეყნის ჭეშმარიტ სულიერ დედად თვლიდნენ.

გამოხდა დიდი ხანი, წმინდა ჰილდა მძიმედ დაავადდა. ექვსი წელი ებრძოდა სენს. მეშვიდე წელს, 680 წლის 17 ნოემბერს, წმინდანმა შემოკრიბა სულიერი შვილები და უკანასკნელად დამოძღვრა, ანდერძად ერთმანეთის სიყვარული დაუტოვა და 66 წლის ასაკში სული თვისი სიხარულით ჩააბარა უფალს. სწორედ ამ დროს იმ ეპოქის სხვა წმინდანმა, ღირსმა ბეგამ, იხილა, თუ როგორ აჰყავდათ ანგელოზებს ჰილდას სული ზეცაში.

@5376@
ბეჭდვა
1კ1