"ეს ქვეყანა თამარ დედოფლის არის, ამას ვერა სახელმწიფო ვერ აიღებს, ჩვენ არავის მივცემთ ამის ნებას"
"ეს ქვეყანა თამარ დედოფლის არის, ამას ვერა სახელმწიფო ვერ აიღებს, ჩვენ არავის მივცემთ ამის ნებას"
აქიმდედოფალი
"ქართველობას ეხლაც თამარი ისე ცხადად უდგია თვალწინ და ისე ადიდებს მას, თითქოს იგი გუშინ ყოფილიყოს მისი მბრძანებელიო", - ამბობდა იაკობ გოგებაშვილი. მართლაც, საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში ლამის ყოველ ციხე-კოშკს, ტაძარსა თუ ხიდს წმინდა თამარ მეფის აშენებულს ეძახიან. მრავალი ლეგენდაა შემორჩენილი ერის მეხსიერებაში "ქართველთა ლამაზ დედაზე". ჩვენც ზოგიერთს შემოგთავაზებთ:

აქიმდედოფალი.
ფშავში, ერთ მაღალ მთის ქედზე, რომელსაც "ხმელგორს" ეძახიან, დგას ფშაველთა მთავარი სალოცავი, ლაშარის ჯვარი. მის პირდაპირ, არაგვს გაღმა, მთაზე, "ღელეს" რომ უწოდებენ, თამარის ხატის საბრძანისია. თამარის ხატი ფშავში ძლიერ სალოცავად ითვლება. მას განსაკუთრებით ქალები ლოცულობენ და აქიმდედოფალს უწოდებენ, რომელსაც წამლის სახსრად ცხვარს სწირავენ, ზოგჯერ თამარის ხატს ციკანსაც უკლავენ. თამარის ხატი წინათ მდიდარ სალოცავად ითვლებოდა, თავისი მამულები და ზვრები ჰქონდა, მის ცხვარ-საქონელს ხატის კაცები და ქალები უვლიდნენ. თამარის ხატს დიდძალი შემოწირულობაც შემოუდიოდა. ღელეობას (რომელიც 19 ივლისს, ლაშარობის კვირის თავზე იწყებოდა) პატარძლები თამარს ჯვარნაწერ ტანისამოსს სწირავდნენ, ახალი ნეფეები კი ვერცხლის ქამარს მიართმევდნენ, რომ თამარს წყალობა და დღეგრძელობა მიეცა. მხვეწარი ევედრებოდა, - თამარ მეფეო, გვიშველე, შენი კაბის კალთა დამაფარეო. "ხმელეთის დამრიგებელს" ეძახდნენ ფშაველნი თამარ მეფეს, რომელსაც "უფლისგან ჰქონდა ბრძანება, შაერტყა მამის ხმალია", აიღო მამის სანეფო და "ხმელეთ თავისად მაიგდო, იმდენიცა აქვს ძალია, / შუა ზღვას ჩადგა სამანი, სამანი რკინის სარია". სამანს, როგორც მოგეხსენებათ, ჯვარ-ხატის ტერიტორიაზე ნახევრად მიწაში ჩადგამდნენ ხოლმე რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს (დაზავებისას, ფიცისას და სხვა) და მისი დარღვევა სასტიკად ეკრძალებოდა ყველას. ამიტომაც ფშავლისთვის სამანის შუა ზღვაში ჩადგმა წმინდა თამარ მეფის უდიდეს ძალაუფლებაზე მიუთითებს. წმინდა თამარი, პირველ რიგში, მაინც ქალთა მფარველი იყო და ასე მიმართავდნენ: "შენამც იდიდები, დიდებულო თამარ ნეფეო, ღელეს აქიმ-დედოფალო, ჩიქილა-ზინზილიანო, მკურნალად წამალთა გამამწერელო".

სამხრეთ-დასავლეთ საქართველო. როცა მურღულის ხეობაში შესვლა დაიწყეს ოსმალებმა, მურღულელებმა შესასვლელი შეკრეს და მტერს შეუთვალეს: "ეს ქვეყანა თამარ დედოფლის არის, ამას ვერა სახელმწიფო ვერ აიღებს, ჩვენ არავის მივცემთ ამის აღების ნებას". სამწუხაროდ, დიდი სისხლისღვრის ფასად ოსმალებმა ბოლოს მაინც გაათათრეს მურღულის ხეობაც და მთლიანად სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მაგრამ აქ ჯერ კიდევ ახსოვთ წმინდა მეფე თამარი. XIX საუკუნეში იქაურები ამბობდნენ, - ოშკი, იშხანი, ხახული და ოთხთა ეკლესია თამარ მეფემ ააშენაო. მას ისეთი თეთრი რაში ჰყავდა, ერთ დღეში მოივლიდა ამ ტაძრების მიდამოებსო. თამარს, ოთხთა ეკლესიას რომ აშენებდა, ფული არ ეყო და თმის სამკაული გაყიდაო. კობაკის მახლობლად უჩვენებენ კლდეზე ხელისგულის გამოსახულებას - თამარ მეფის ხელის ნაშთიაო. როცა მან გაიარა ამ კლდესთან თავისი ჯარით, ცხენიდან ჩამოვარდა, ხელი კლდეს მიაბჯინა და ასე დარჩა ნასახი მისი ხელისაო.

ვინმე ევფრატელმა ცეცხლაძემ უამბო ზაქარია ჭიჭინაძეს: თამარ მეფე კარჩხალის მთაზე დასახლებულა. მთის წვეროზე მდებარე ერთ ვაკე ალაგს "თავკალო" დაარქვეს. აქ მეფის ბრძანებით ტბა გააჩინეს, იქვე მშვენიერი კოშკი ააგეს, რომელსაც გარს სულ ირმის რქები ეკრა. სამეფო საქმეების მოლევის შემდეგ თამარი სტუმრებს იღებდა, რომელთაც აუცილებლად სამეფო ტანსაცმელი უნდა ცმოდათ, ეს ტანსაცმელი კი სოფელ ევფრატში ერთ დიდ სასახლეში ინახებოდა. მეფის მნახველნი თავიანთ ტანსაცმელს გაიხდიდნენ, სამეფო სამოსს ჩაიცვამდნენ და გასწევდნენ კარჩხალის მთისკენ. თამარის ბრძანებით, კარჩხალიდან ევფრატამდე საურმე გზა გაეყვანათ. ერთხელ თამარს კოშკიდან ევფრატის ეკლესიის გვერდით ბრწყინვალე ცეცხლის სვეტი შეუნიშნავს. ჩამოსულა სანახავად. დიდად არ მოსწონებია. მერე უთქვამს, - ჩემი აქ მოსვლის სახსოვრად ხერთვისში დიდი ეკლესია უნდა ავაშენოო. მართლაც, დაუწყიათ მშენებლობა, მაგრამ რად გინდა? ხელოსნები თავიანთ იარაღს 8 ვერსის მოშორებით, ევფრატის ეკლესიის გვერდით, პოულობდნენ. მაშინ თამარს ხერთვისში ეკლესიის შენებისთვის თავი დაუნებებია, ევფრატის ეკლესია ამ ხეობის ქართველთა დედაეკლესიად გამოუცხადებია და შეუმოსავს განძეულით. ფარჩა-მარგალიტით შეუმკია ის კედელიც, რომლის თავზეც ღვთაებრივი ცეცხლი უხილავს. ბოლოს დაუწყევლია ის, ვინც ამ ტაძარს დაანგრევდა.

KARIBCHE KARIBCHE KARIBCHE

ოსმალები აიძულებდნენ გამუსლიმანებულ ევფრატელებს, თამარისეული ტაძარი დაენგრიათ. ბევრს თავიც მოუკლავს და ეკლესიისთვის ხელი არ დაუკარებია. როცა ვერა გააწყვეს რა, ქართველებს ოსმალებისთვის უთხოვიათ: ეკლესიას დავაქცევთ, მხოლოდ ნება მოგვეცით, ის კედელი დავტოვოთ, ჩვენს მამებს გამჩენი ღმერთის საკვირველება რომ უნახავთო. ოსმალები დათანხმებულან. ბოლოს მაინც დანგრევა განუზრახავთ, რადგან ამ კედლის გვერდით თავს იყრიდნენ მოხუცები, ლოცულობდნენ და ტიროდნენ, მაგრამ უკანასკნელ წუთს ვერ გაუბედავთ. ამბობენ, ხეირი არავის დაყრია, ვინც ამ ტაძრის ქვები შინ საშენ მასალად წაიღოო.

ტბეთის ტაძარზე (ამჟამად დანგრეულია, ააფეთქეს XX საუკუნის შუა წლებში) ამბობდნენ, თამარმა ააშენა და აქვეა დამარხულიო. ამიტომაც ოსმალებს ქართველთა თხოვნით აღარ დაუნგრევიათ და ჯამედ გადაუკეთებიათ. "ამბობენ, ეკლესიაში რომ დიდი ქვა ძევს, მის ქვეშ მარხია თამარ მეფეო", - ბრძანებს ზაქარია ჭიჭინაძე.

სვანეთი. 1885 წლის "დროებაში" ბესარიონ ნიჟარაძე მოგვითხრობს: გადმოცემით, სვანეთი თამარ დედოფლის საყვარელი სამყოფი ყოფილა. იმ დროს, რომელსაც სვანები "თამარობ"-ს (თამარობა) ეძახიან, სვანეთი ეკონომიკურად აყვავებული იყო. თურმე თამარს აუგია უშგულის ღვთისმშობლის, კალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია-მონასტერი, წმინდა გიორგი იფარისა და მესტიისა, მთავარანგელოზი მუჟალისა და წინასწარმეტყველ იოანეს (ენაშ) ეკლესია ლატალში და ყველა ხატ-ჯვრებითა თუ სხვა სამკაულით შეუმკია. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარ დედოფალს ცხოვრების უმეტესი ნაწილი სვანეთში გაუტარებია, უშგულელები დღესაც დაბეჯითებით უჩვენებენ თამარ დედოფლის საზაფხულო და საზამთრო სადგომებს. საზამთრო საცხოვრებელი აშენებულია გორაზე. ქვის გალავანში ოთხი კოშკი ყოფილა ჩატანებული, იქვე მდგარა პატარა ეკლესიაც. საზაფხულო რეზიდენციას კი ნამდვილად სტრატეგიული და პოეტური ადგილი უჭირავს. იგი დგას ლენკვერის მთაზე. აქედან ჩანს უშგულში შემომავალი ყოველი ბილიკი. კოშკს ერტყმის ოთხივ კუთხით კოშკებით დამშვენებული ქვის გალავანი, ეზოში დგას მცირე ეკლესია. "უშგულისავე ეკლესიაში ხალხი აჩვენებს თამარის ტანისამოსს. ხუთი წლის წინათ ჩვენ ვნახეთ აქ ზანდუკში შენახული ერთი წყვილი ქალის ტანისამოსი, რომელთაგან იყვნენ ყანაოზის (ერთგვარი აბრეშუმის ქსოვილი), პერანგი და წითელი ხავერდის ქათიბი (ქალის ზედა ტანსაცმელი, ბეწვშემოვლებული). დანარჩენი სულ დაჩრჩილული იყო და დღეს ალბათ ყველა ჩრჩილის მსხვერპლი გახდებოდა. წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია-მონასტერში უჩვენებენ თამარის ნაწნავებსა და ქოშებს. თავისუფალ სვანეთში დარჩენილია ხალხური სიმღერა თამარ დედოფალზე. ფერხულში იმღერიან ამას და ისეთი ახლართულ-ჩახლართული ფეხის ხმარება უნდა, რომ მარტო უშგულელებმა იციან ეს ფერხული".

სხვა თქმულება ამბობს, თამარ მეფე როცა სვანეთში ამობრძანდებოდა და ისეთ სოფელში გაივლიდა, სადაც საყდარი არ იყო, იქ უცებ საყდარს აშენებდაო. იმდენი ლაშქარი ახლდა, რომ კირი და სილა ქალებს - ლეჩაქის, კაცებს ყაბალახის ყურში ჰქონდათ გამოკრული და ამით აშენებდა საყდრებსო. ამნაირად აშენებულად არის მიჩნეული ლაშხეთის სოფელ ჩუკულის ეკლესია, რასაც თვით თამარის წარწერა მოწმობს. საყდარს დიდებული ხატები და მხატვრობა ამშვენებს.

სვანების თქმულებით, თამარ მეფეს ორი მერცხალი ჰყავდა: ერთი თეთრი, მეორე შავი. ორივე - ოქროს ყუთში ჩამწყვდეული. როდესაც ქვეყნისათვის წვიმა იყო საჭირო, მაშინ შავ მერცხალს ცას დაანახვებდა და მოვიდოდა ქვეყნის გამაპოხიერებელი მშვიდობიანი წვიმა. როდესაც თეთრ მერცხალს დანახვებდა ცას, მაშინ კი თოვლი მოვიდოდა. ამიტომაც თეთრ მერცხალს ძვირად თუ დაანახვებდა ცის სინათლეს, რის გამოც თამარის დროს დიდი თოვლი არ მოდიოდა. უშგულელთა თქმით, თამარ დედოფლის საფლავზე, უშგულში, ბევრი ნაძვია და ამიტომ ვერავინ გაიგო, სად მარხია.

KARIBCHE KARIBCHE

ამ თქმულების ვარიანტი გადმოცემული აქვს ალექსანდრე ხახანაშვილს: სვანები განსაკუთრებით უფრთხილდებიან თამარის ნეშტს, რადგანაც მას უკავშირებენ სვანეთის დოვლათიანობას. პროფესორ ქსენია სიხარულიძეს 1945 წელს, სავანეთში ექსპედიციაში ყოფნისას, 100 წელს გადაცილებული ქალდარ ნიჟარაძისთვის უთხოვია, ეამბნა ეს თქმულება. მოხუცი განრისხებულა. "იმის შიშით, რომ ექსპედიციის წევრებს არ მოეპარათ თამარის ნეშტი და ამგვარად არ წაერთმიათ დოვლათიანობა სვანეთისთვის, უარი თქვა თქმულების შინაარსის მოყოლაზეო," - ბრძანებს ქსენია სიხარულიძე.

დიაკვნის ჯორი. ძლევამოსილი თამარ მეფე ერთხელ სამეგრელოს ყოფილა. სოფელ ჯვარიდან დაბრუნებული, მოსასვენებლად დაბინავდა ახლანდელი წალენჯიხის ახლოს. მეფის მხლებელთა შორის ერთი ღვთისმოყვარე დიაკვანი ყოფილა, გვარად თვალთვაძე. მეორე დღეს, დედოფალი და მისი ამალა წასასვლელად რომ მოემზადნენ, დიაკვნის ჯორი ვერ იპოვეს. თამარი დაბრუნებას ჩქარობდა სამეფო საქმეების გამო. ჯორის დაკარგვას ღვთის რისხვას აწერდა. ამ დროს მათხოვარი ეახლა. თამარს ჩვეულებისამებრ უნდა განეკითხა, მაგრამ გლახამ კრძალვით მოახსენა: ჯორი, რომელსაც თქვენი მხლებლები დაეძებენ, "ჭე დიხა" (მიწა) და "ჭე წყარი" (წყალი) რომ არის, იქ ძოვს. მინდოდა გამომეგდო, მაგრამ ადგილიდან ვერ დავძარიო. თამარ მეფემ მაშინვე გაგზავნა კაცები ჯორის მოსაყვანად, მაგრამ ისინიც ხელცარიელნი დაბრუნდნენ. მეფემ - ეს ნამდვილი სასწაულიაო. წაბრძანდა თვითონ, დაასო ჯვარი იმ ალაგას, სადაც ჯორი ძოვდა და უბრძანა დიაკვან თვალთვაძეს, - აქ დარჩი და ოსტატების მოსვლას დაუცადეო. ეკლესია რომ აშენდა, დიაკვანი თვალთვაძე მღვდლად აკურთხებინა.

თქმულებით, ეს ტაძარი პირველი იყო იმ კუთხეში და ამ თვალთვაძის შთამომავლობა სულ მღვდლები და დიაკვნები იყვნენ. მართლაც, ამ გვარში ყოველი ოჯახი დღემდე ცდილობს, შვილიდან შვილიშვილამდე ერთი მღვდელი მაინც გამოზარდოს და ამით თამარ მეფის მიერ რვაასი წლის წინათ ნაბრძანები დღესაც წმინდად აასრულონ.

მათხოვრის ნათქვამი "ჭედიხა" შემდეგში გადაიქცა "ჭეჯიხად", რაკი ეკლესიის გალავანი ციხეს ჰგავდა, ციხეს კი მეგრულად "ჯიხა" ჰქვია. ტაძარი გადაჰყურებს ჭალებს, სადაც იშლება მდინარე "ჭეწყარი" და უთუოდ ამით აიხსნება ის, რომ თანდათან "ჭეჯიხას" მაგიერ ამ სოფელს სამუდამოდ დაერქვა სახელი "ჭალენჯიხა", - წერს მარიამ ფულარია 1917 წლის 18 იანვრის გაზეთ "საქართველოში".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.05.2020
უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები...
28.01.2020
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით გეგეშიძის ქადაგების არქივს ნინოობის დღესასწაულზე:
27.12.2018
ღირსი დედა ანასატასია "პაკროვსკაია"

ღვთისმშობლის საფარველის სახელობის დედათა მონასტერი კიევში ყოფნის დროს მოვილოცე.
16.10.2018
ეს იყო ადრე 1721 წელს. მდიდარ ოჯახს შეეძინა გოგონა. ჩვეული სიხარულისა და მხიარულების შემდეგ გოგონა მონათლეს და დარია დაარქვეს.
15.04.2018
წმიდა მარიამ მეგვიპტელი V საუკუნეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობები წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელმა შემოინახა.
24.02.2018
24 თებერვალი სამთავროს დედათა მონასტერისთვის გამორჩეული დღეა. მონასტრის დამაარსებლის და პირველი წინამძღვრის, წმინდანად ახალშერაცხილი იღუმენია ნინოს (უფროსი) ხსენებაა.
17.12.2017
გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,კიევის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის მაგისტრანტი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა:

- სრულიად საქართველოს ვულოცავ
23.06.2017
23 ივნისს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში პირველად აღესრულება ხსენება ღირსისა სქემიღუმენიასი თამარ აღმსარებლისა (მარჯანიშვილი).
11.01.2017
წმინდა სინოდის განჩინებით სამთვაროს დედათა მონასტრის იღუმენია ნინო (ამილახვარი) წმინდანთა დასში აღიყვანეს და ეწოდა ღირსი ნინო (სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია). ხსენების დღედ დადგინდა (29 დეკემბერი) 11 იანვარი.
22.12.2016
ყვარელში ყოფნის დროს წილად მხვდა ბედნიერება, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში სტუმრად მივსულიყავი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.