ღირსი ეფროსინია უმცროსი (X) – 08 (21) ნოემბერი
ღირსი ეფროსინია უმცროსი (X) – 08 (21) ნოემბერი
წმინდა ეფროსინია პელოპონესზე IX საუკუნის შუა წლებში დაიბადა, კალაბრიაში აღიზარდა და შემდგომ კონსტანტინოპოლს, ბიძასთან, - აგელასტთან გაემგზავრა.

ახლობლებს ეფროსინიას გათხოვება სურდათ, მას კი - ქრისტეს სძლობა სწყუროდა, ამიტომ, ქორწინებას გაექცა და სამი თვე ერთ წისქვილს აფარებდა თავს, შემდეგ მამაკაცის სამოსით და იოანეს სახელით ხომალდზე ავიდა და მონასტერს მიაშურა.

15 წელიწადს იღვაწა იქ სხვათა მაგალითად, რის შემდეგაც სავანის იღუმენადაც აირჩიეს, თუმცა, მალე სრულებით განეკრძალა ამსოფლიურ დიდებას და სხვა ადგილას განმარტოვდა, სადაც ყველასაგან დაფარულ და ოდენ ღვთისთვის საჩინო ღვაწლში, ერთი მხცოვანი მეუდაბნოის წინამძღვრობით, ათი წელი განლია.

დაახლოებით 903 წელს ნეტარი კვლავ დედათა სამოსით შეიმოსა და კონსტანტინოპოლს დაბრუნდა, სადაც ცხოველმყოფელი წყაროს ტაძართან მონასტერი დააარსა. იქ ღრმა სარდაფში დაფუძნდა, სადაც კვირაში ერთხელ აწვდიდნენ მწირ საზრდოს.

თუმცა, ამ ცეცხლოვანი სვეტის დაფარვა უფალმა არ ისურვა და, მისი დიდი სურვილის მიუხედავად, ყველას განრიდებოდა, სავანეში უამრავმა ადამიანმა იწყო სიარული, რომელთა შორის დიდებულნი და თვით იმპერატორიც, - ლეონ IV ბრძენიც (886-911 წლები) იყო. სწორედ ეფროსინიას ლოცვით მიეცა ძე ხელმწიფეს და მის მეუღლე ზოიას.

ხალხმრავლობამ ნეტარს მყუდროება დაურღვია, ამიტომ თორმეტ მონაზონთან ერთად ყოვლადწმინდა სამების სამრეკლოს სიახლოვეს გადავიდა და კვლავ მიწისქვეშ მდებარე მღვიმეში დაფუძნდა, თუმცა, იმპერატორმა მაინც იპოვა და მონასტერს ყოველწლიური ფულადი შესაწირავი უწყალობა.

სკვითთა წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ეფროსინიას კვლავ აიძულა, სამოღვაწეოდ სხვა ადგილი მოეძებნა, ამიტომ ღვთისმშობლის საფარველის მონასტერში გადავიდა, სადაც მთავარანგელოზთა ხსენების დღეს, 69 წლისა ამქვეყნიდან განვიდა.

ბეჭდვა
1კ1