ანგია წინასწარმეტყველი (500 წ. ქრისტეს შობამდე) - ხსენება 16 (29) დეკემბერს
ანგია წინასწარმეტყველი (500 წ. ქრისტეს შობამდე)  - ხსენება 16 (29) დეკემბერს
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე. ორივე ქრისტეს შობამდე ხუთასი წლის წინ მოღვაწეობდნენ. წმინდა ანგია შეესწრო იერუსალიმის მეორე ტაძრის აშენებას, რომელიც პირველის ადგილას ააგეს ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა. ტაძრის აშენებას თან დიდი სირთულეები უძღოდა, ებრაელები სამარიტელთა და სპარს ხელისუფალთა ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ. იუდეველებს არ სურდათ ტაძრის აშენებაში მონაწილეობა სამარიტელებსაც მიეღოთ, როგორც უწმინდურებსა და წარმართებს. მაშინ სამარიტელებმა მოისყიდეს ზოგიერთი სპარსული ოლქის ხელმძღვანელები და იუდეველებს ცილი დასწამეს სპარსეთის სამეფო კარის წინაშე. მაგრამ მთავარი წინააღმდეგობა მაინც ის იყო, რომ იუდეველთა მხურვალება განელდა და ისინი საკუთარი სახლების აშენებას და გამშვენებას შეუდგნენ, თავს კი იმით იმართლებდნენ, ჯერ ეკლესიის აშენების დრო არ არისო. და აი, უფალი იუდეველებს წინასწარმეტყველ ანგიას უგზავნის, მხილებითა და მუქარით, ასევე პირდება შეწევნას, და იმას, რომ მეორე ტაძარი პირველზე გაცილებით უკეთესი იქნება. ღვთის შეწევნითა და წინასწარმეტყველების ანგიასა და ზაქარიას დახმარებით ზორობაბელმა, იუდეველთა მეთაურმა დასძლია მტრის მზაკვრობა და და იუდეველთა უმოქმედობა და ქრისტეს შობამდე 520 წელს დაწყებული 514 წელს დასრულდა, სპარსეთის მეფის დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.

გარდაცვალების შემდეგ წმინდა ანგია მღვდელმთავართა საფლავების სიახლოვეს დაკრძალეს, როგორც თვითონაც მღვდელმთავართა შთამომავალი.

ბეჭდვა
1კ1