წინასწარმეტყველი ოსე (820 წელი ქრისტეს შობამდე) -ხსენება 17 (30) ოქტომბერი
წინასწარმეტყველი ოსე (820 წელი ქრისტეს შობამდე) -ხსენება 17 (30) ოქტომბერი
წინასწარმეტყველი ოსე ბეერის ძე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმინდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქიას და ამოსის თანამედროვე იყო. იგი ისახარის ტომის წარმომადგენელი გახლდათ.

უფალმა წინასწარმეტყველს უბრძანა მეძავზე დაქორწინებულიყო. ეს ქალი თითქოს სიმბოლო იყო ებრაელთა ერისა, ის ისევე ღალატობდა მას, როგორც ებრაელთა ერი ღალატობდა თავის ღმერთს და კერპებს ეთაყვანებოდა. ამიტომაც წინასწარმეტყველი ოსე განსაკუთრებული შინაგანი წვით მოუწოდებდა ისრაელის ერს დაბრუნებოდნენ უწინდებურ ღვთის კეთილმსახურებას. წმინდანი უშიშრად ამხილებდა თავის თანამოძმეებს და უწინასწარმეტყველებდა, რომ მათ ღვთისაგან სასჯელი მოელოდათ. ის წინასწარმეტყველებდა უცხოტომელთა შემოჭრას და ებრაელი ერის თავისი მიწიდან განდევნას და ასურეთში ტყვეობას.

მან მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე ღვთის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის სისხლიანი მსხვერპლშეწირვა და დასრულდებოდა აარონისმიერი ღვთისმსახურებაც: "ვეუბნებოდი, დიდხანს დარჩი-მეთქი ჩემთან, ნუ იმრუშებ, სხვისი ნუ გახდები-მეთქი. მეც ასევე მოგექცევი-მეთქი. რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უსარდლოდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ" (ოსე 3:3-4), და რომ ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება მთელ დედამიწაზე გავრცელდებოდა: "დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას და მშვიდობით დავავანებ მათ" (ოსე; 2,20). მან იწინასწარმეტყველა, რომ მაცხოვარი ეგვიპტიდან დაბრუნდებოდა: "როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე" (ოსე; 11,1), მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა: "ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე" (ოსე; 6,2) და დათრგუნავდა სიკვდილს: "ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!" (ოსე; 13,14).

წმინდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის კანონიკური წიგნია.

წმინდა ოსე სამოც წელზე მეტხანს ემსახურებოდა უფალს ვითარცა წინასწარმეტყველი. ის ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა და წინაპართა მიწაზე დაკრძალეს. გადმოცემით წინასწარმეტყველი მოგაგონებდათ წმინდა იოაკიმეს, ღვთისმშობლის მამას და უფრო მეტად კი ჰგავდა იოსებს, მის დამწინდველს.

ბეჭდვა
1კ1