სხვა წინასწარმეტყველები
სხვა წინასწარმეტყველები
ყველა ცოდვა განქარდა სამ სათნოებაში - ღვთის რწმენაში, სასოებასა და სიყვარულში
დავით წინასწარმეტყველი
დავითი წმინდა წერილში ერთგვარი ეტალონია მორწმუნე მეფისა, ღვთივრჩეული ერის წინამძღოლისა. ის იყო ღვთის ღრმად მორწმუნე, უსაზღვროდ ერთგული და მოყვარული უფლისა, რადგან შეუძლებელია იმედი და რწმენა უსიყვარულოდ. მისი ყველა ცოდვა განქარდა სამ სათნოებაში - ღვთის რწმენაში, სასოებასა და სიყვარულში.

დავითის ცხოვრება აღსავსე იყო გამოცდებით, ტრიუმფალური გამარჯვებებითა და მწუხარებებით. მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავისი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში, ულხინს თუ უჭირს, დავითი წერს ფსალმუნებს, ლოცულობს და ადიდებს ღმერთს.

წმინდა პავლე მოციქული ანტიოქიის სინაგოგაში დავით მეფეზე ამბობს: უფალმა დავითზე თქვა: "ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად იქმს ნებას ჩემსას" (საქმ. 13,22). ეს სიტყვები დავითის ბიოგრაფიის ეპითეტად გამოდგებოდა, რადგანაც აქ აღნიშნულია ის მთავარი შტრიხი, რაც დავითის პიროვნებას დაგვანახებს. ბიბლიაში დავითი გახლავთ ერთადერთი ადამიანი, რომელზეც ღმერთი ამბობს, რომ ის "გულით ნანატრი კაცი" იყო.

წმინდა წერილში დავითს პირველად ვხვდებით მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველი სამოელი უფლის მითითებით იესეს სახლში მივა, რათა აქ მის ძეთაგან ერთ- ერთს სცხოს მირონი და ისრაელის მეფედ აკურთხოს. ამ პერიოდში ისრაელის მეფე იყო საული, რომელსაც უღირსი მეფობის გამო სამუელმა უთხრა: "გამოგგლიჯა... უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს" (1 მფ. 15,28). ღვთის მიერ საულისათვის მეფობაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმით, რომ ამ უკანასკნელმა ყური არ დაუგდო უფლის წინასწარმეტყველის სიტყვებს. ამაოდ ცდილობდა საული თავისი შეცდომა დაეფარა მრავალი შესაწირავით. სამუელმა ის ასეთი სიტყვებით ამხილა: "განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას" (1 მფ. 15,22-23). საულის წილ ღმერთი ირჩევს დავითს. უფალი ირჩევს არა იდეალურსა და უცოდველს, არამედ ისეთს, რომლის გულიც უფალთან იქნება და რომელიც ღვთის ბრძანებათა შესრულებას შეეცდება; რომლისათვისაც მორჩილება უფლის სიტყვისა ცხოვრებისეული არჩევანი იქნება.

წმინდა წერილიდან დავითს ვიცნობთ როგორც მეფეს, წინასწარმეტყველს, პოეტს, კომპოზიტორს, უბადლო მგალობელს, მუსიკალური საკრავის ბრწყინვალე მცოდნეს, მამაც მეომარს, ბრწყინვალე ორგანიზატორს, ნიჭიერ მხედართმთავარს, უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეს, ბრძენ მმართველს და შორსმჭვრეტელ პოლიტიკოსს. ყოველივე ეს ნიჭი მას ღვთისაგან ჰქონდა მიღებული. მას ჰქონდა გული ღვთისთვის სათნო. დავითისთვის მთავარი მარტო ღვთის ნების შესრულება კი არ იყო, იმაზეც ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ისეთი, რითაც ღმერთს ასიამოვნებდა. ასეთი გულისთვის შეიყვარა ის ღმერთმა და გამოარჩია სხვათაგან. ეს გამორჩეულობა მხოლოდ ერთი ისტორიული პირის, დავითის ცხოვრებითა და მოღვაწეობით არ შემოიფარგლებოდა. დავითი ღირსი გახდა იმისა, რომ მაცხოვრის გენეალოგიაში შესულიყო და აქ თავისი ღირსეული ადგილი დაეკავებინა.

დავითი 30 წლისა გამეფდა. თავისი ქვეყნის დედაქალაქად იერუსალიმი გამოაცხადა და იქ უფლის კიდობანი შეაბრძანა (რაც წინასახე იყო მაცხოვრის დიდებით იერუსალიმში შესვლისა), რითაც ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი რელიგიურ ცენტრადაც აქცია. ამით ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ერთიანობის გარანტი ერთი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაა. უფალმა დავითს მისცა აღთქმა, რომ მისგან გამოვიდოდა ის, ვისი საყდარიც უკუნისამდე შეურყეველად იარსებებდა, ასეთი კი ქვეყნის მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ დავითი ახლოს იყო უფალთან და მისი ყველა გამარჯვება აიხსნება ღვთის უსაზღვრო შეწევნითა და თანადგომით, ვერც ის გაექცა ცოდვით დაცემას. დავითმა არაერთი შეცდომა დაუშვა, რის გამოც დაუსჯელი არ დარჩა, მაგრამ დავითის მთელი სულიერი სიძლიერე გახლდათ ის, რომ ამ სასჯელებს იგი ღვთის სამართლიანობის განცდითა და მისი სიყვარულის გამოვლინების იმედით იღებდა და ის სიმშვიდით სწორედ ამიტომ გადაჰქონდა. ერთხელ, როდესაც დავითი იერუსალიმიდან გარბოდა თავისი შვილის აჯანყების გამო, ვინმე ბენიამინელი ქვების სროლითა და წყევლა-კრულვით დაედევნა. დავითის მხედართმთავარმა თავხედის დასჯა მოინდომა, მაგრამ დავითმა მკაცრად აუკრძალა - იქნებ უფალი აწყევლინებს ჩემს თავსო.

ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ დავითის ერთ ცოდვაზე, რომელიც მან ურია ქეტელის ცოლთან, ბერსაბესთან ჩაიდინა. ეს მოხდა დავითის მმართველობის ზენიტში ყოფნისას. მაშინ ის 45 წლის გახლდათ და 8 წელი იყო, რაც მეფობდა მთელ ისრაელში. მრავალი ბრძოლა ჰქონდა გადახდილი წარმატებითა და გამარჯვებით. ერთხელაც თვალი მოჰკრა ქმნულკეთილ ბერსაბეს, ძლიერ მოეწონა და დაწვა მასთან. ბერსაბე ურია ქეტელის ცოლი გახლდათ. ამ დროს ისრაელი ამონიტელებს ებრძოდა და ბერსაბეს ქმარი ომში იყო წასული. დავითმა თავის მხედართმთავარ იოაბს მისწერა, ბერსაბეს ქმარი შინ გამოუშვიო, რათა მისი დაბრუნებით დავითის ცოდვა დაფარულიყო. ურია ქეტელმა არ იკადრა ცოლთან დაბრუნება იმ დროს, როცა მისი ბატონი და მეგობრები ომში იყვნენ. ამის გამო დავითმა იოაბს უბრძანა, ურია ქეტელი დაეყენებინათ იმ ადგილას, სადაც ფიცხელი ბრძოლა უნდა გამართულიყო, რათა მოეკლათ. მართლაც, ურია ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო დავითმა ბერსაბე ცოლად შეირთო.

მეფის სამხილებლად ღმერთმა წინასწარმეტყველი ნათანი მოავლინა. ნათანმა ამხილა მეფე, რამაც ამ უკანასკნელში რისხვის ნაცვლად უდიდესი სინანული გამოიწვია. სწორედ ამ სინანულის გამოძახილია ყველასათვის კარგად ცნობილი 50-ე ფსალმუნი, რომელსაც მონანული წმინდანის უმშვენიერესი საგალობელი შეგვიძლია ვუწოდოთ. ამ სინანულის გამო უფალმა შეუნდო დავითს ცოდვა, თუმცა ცოდვის გამოსასყიდად დავითის სახლს არ მოჰკლებია შეჭირვებები.

თავდაპირველად მოკვდა ბერსაბესაგან შობილი ყრმა. დავითის ერთმა ძემ, აბესალომმა, მოკლა თავისი ნახევარძმა ამნონი, მეორე ძე მეფისა, რის შემდეგაც მას იერუსალიმის დატოვება მოუწია. იერუსალიმში დაბრუნების შემდგომ აბესალომი მამას აუჯანყდა და ამჯერად უკვე დავითი გახდა იძულებული, გაქცეულიყო თავისი ქალაქიდან. მოგვიანებით აბესალომი დაედევნა მამას ჯარით, მათ შორის გაიმართა ომი. აბესალომი მოკლეს.

დავითი იყო მეფეც და წინასწარმეტყველიც, მეფსალმუნეც გახლდათ, რომლის ავტორობით შედგენილი უბრწყინვალესი ნაწარმოებები ღვთის სადიდებლად გამოიყენებოდა და დღემდე აღესრულება ღვთისმსახურებისას.

KARIBCHEმოსე წინასწარმეტყველი
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელთაც ისრაელნი დაერქვათ. ებრაელთა უსაზღვრო გამრავლებამ საგონებელში ჩააგდო ეგვიპტელები - ვაითუ ისრაელნი, უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენს მტრებს შეუერთდნენ, გვძლიონ და ეგვიპტიდან წავიდნენო. ამიტომ დაუწყეს მათ შევიწროება მძიმე სამუშაოებით, ყველა ეგვიპტელს ნება მისცეს, ეცემა, დაერბია, მოეკლა კიდეც ებრაელი, ამ უკანასკნელთ კი უფლება არ ჰქონდათ სამაგიერო გადაეხადათ. როცა ვერაფერმა უშველა და ისრაელნი უფრო მრავლდებოდნენ, ფარაონმა ბრძანება გასცა, ებრაელთა შორის დაბადებული ყოველი ვაჟი დაეხრჩოთ ან მდინარეში გადაგდოთ.

ამ საშიშ დროს ერთი ებრაელის ოჯახში მშვენიერი ბიჭუნა დაიბადა. დედამ სამი თვე მალა იგი, გაფისულ კალათში ჩააწვინა და მდინარის პირას, იმ ადგილად დადგა, სადაც მეფის ასული და მისი მეგობრები მოდიოდნენ ხოლმე საბანაოდ. თავის ქალიშვილს, მარიამს, კი დაავალა, ფარულად ეთვალთვალა მისთვის. ცოტა ხნის შემდეგ მდინარეზე მეფის ასული ჩამობრძანდა. კალათი გახსნა, შიგ ბავშვი დაინახა და მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა. შეებრალა და ძიძა მოიკითხა. ამ დროს მარიამიც გამოვიდა საფარიდან და ძიძად თავისი დედა შესთავაზა. ბავშვი, ღვთის განგებით, ისევ დედის ხელში მოხვდა. როცა ჩვილი წამოიზარდა, მეფის ასულმა სასახლეში მოაყვანინა, იშვილა და სახელად მოსე უწოდა, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს. ამის შემდეგ მოსეს სასახლეში საუკეთესო მასწავლებლები წვრთნიდნენ და იმდოინდელი ეგვიპტის მეცნიერებები შეისწავლა.

ლტოლვა ეგვიპტიდან
მოსემ კარგად იცოდა თავისი წარმომავლობა და წუხდა ისრაელთა უნუგეშო მდგომარეობის გამო. უნდოდა, რამენაირად დახმარებოდა ტანჯულ ხალხს, მაგრამ რას გააწყობდა ეგვიპტის სასტიკი მეფეების ხელში? ამასთანავე, თვითონაც მალე უნდა გაქცეულიყო ეგვიპტიდან.

ერთხელ მოსემ დაინახა, - ეგვიპტელი სასტიკად სცემდა ებრაელს. გამოესარჩლა, მოკლა ეგვიპტელი და იქვე დამარხა. გაუგებელი რა დარჩენილა და მეფეს ამბავი მიუტანეს. მოსე იძულებული გახდა, დამალვოდა მის რისხვას - მადიამის ქვეყანაში თავი მღვდელ იოთორის ოჯახს შეაფარა; ცოტა ხნის შემდეგ მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო და მწყემსი გახდა.

მოსეს მოწოდება
ისრაელნი ეგვიპტეში ოთხას წელიწადს დარჩნენ. მათ ტანჯვას რომ უყურებდა, მოსეს ეგონა, ისინი სრულიად ამოწყდებოდნენ ეგვიპტეში, ისე, როგორც ხე იწვის და ისპობა ცეცხლში. მაგრამ ღმერთმა არ დაღუპა თავისი რჩეული ხალხი და იმავე მოსეს ხელით მალე გამოიხსნა ეგვიპტის მონობისაგან.

ერთხელ მოსე ცხვარს აძოვებდა ქორების მთაზე; უეცრად შენიშნა, რომ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. გაუკვირდა, მივიდა ახლოს და ბუჩქიდან გაიგონა: "მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ისაკისი და იაკობისი, მე ვხედავ ჩემი რჩეული ხალხის ტანჯვას ეგვიპტეში, აწ წადი შენ და გამოიხსენი იგი ფარაონის მონობისაგან". მოსე მიხვდა, რომ ღმერთი გზავნიდა მას ისრაელთა გამოსახსნელად; ჯერ უარზე იდგა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა, რადგან ღმერთმა სასწაულთმოქმედების ძალა მისცა და მისივე ძმა, აარონი, თანაშემწედ დაუდგინა.

პასექი და ისრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან
ქორების მთაზე ღმერთის მოწოდების შემდეგ მოსე დაუყოვნებლივ წავიდა ეგვიპტეში, წაიყვანა თავისი ძმა აარონი და განუცხადა ფარაონს ღვთის ბრძანება, რომ ებრაელები გაეთავისუფლებინა. ფარაონმა ჯერ უარი უთხრა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დათანხმებულიყო, რადგან ღმერთმა ურჩობისათვის დასაჯა იგი და მთელი ეგვიპტე. მეფის ჯიუტობამ ათი სხვადასხვა სასჯელი მოუვლინა ეგვიპტელებს. უკანასკნელი და უმძიმესი სასჯელი მათი უფროსი შვილების უეცარი სიკვდილი იყო. ეს ამბავი ასე მოხდა: მოსემ მოიხმო ისრაელთა თავკაცები და გამოუცხადა მათ ღვთის ბრძანება, რომ თითოეულ ოჯახს დაეკლა თითო წლის უმანკო ტარიგი (კრავი), სისხლი კარებზე ეცხო, ხორცი მთლად შეეწვა და შეეჭამა ხმიადი პურით და მწარე ბალახით, ძვლები კი არ დაემტვრია, თანაც მზად ყოფილიყვნენ სამგზავროდ. ღამით, - უთხრა მოსემ, - ჩამოივლის ანგელოზი და პირმშოებს დახოცავს იმ ოჯახებში, რომელთა კარებზეც სისხლი არ ეცხება. ისრაელთ შეასრულეს მოსეს ბრძანება. დანიშნულ დროს, შუაღამისას, საზარელი ტირილის ხმა გაისმა მთელ ეგვიპტეში. აღმოჩნდა, რომ ყველა ეგვიპტელს, მეფიდან დაწყებული, პირმშო მოჰკვდომოდა. მაშინ ფარაონმა საჩქაროდ დაიბარა მოსე და აარონი და უბრძანა: - დაუყოვნებლივ გაეყვანათ ისრაელნი ეგვიპტიდან. ისრაელთ არ ეძინათ და მზად იყვნენ სამგზავროდ. ექვსასი ათასი კაცი გამოიყვანა მოსემ ეგვიპტიდან ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად, და ღვთის ბრძანებით წაიყვანა ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც იაკობი გადმოსახლდა ეგვიპტეში. ქანაანის ქვეყანა ერთ დროს ღმერთმა აბრაამს აღუთქვა და ამიტომ მას აღთქმის ქვეყანაც ეწოდება.

ეგვიპტიდან გამოსვლის დღე ებრაელებმა დღესასწაულად აქციეს და პასექი უწოდეს (ე.ი. ჩაიარა ან გაიარა, რადგან ანგელოზმა ვნებამიუყენებლად ჩაუარა იმ სახლებს, რომლებსაც სისხლი ეცხო).

ისრაელთა მოგზაურობა
როცა ეგვიპტელებმა პირმშოები გამოიტირეს, ფარაონს დაენანა ისრაელთა გაშვება, შეკრიბა დიდძალი ჯარი და დაედევნა უკან დასაბრუნებლად. ისრაელთ მეწამული ზღვის პირას დაეწივნენ ეგვიპტელები; მათ შეეშინდათ და მოსეს ყვედრება დაუწყეს ეგვიპტიდან გამოყვანისათვის. მაშინ მოსეს ლოცვით სასწაულებრივად ზღვა შუაზე გაიპო, წყლის ნადგომი გაშრა და ისრაელნი მშვიდობით გავიდნენ მეორე ნაპირზე. ფარაონს ეგონა, თვითონაც ასე გავიდოდა ზღვაში, მაგრამ შუამდე რომ მიაღწიეს, წყალი შეერთდა და ფარაონი თავისი ამალით ზღვის უფსკრულში ჩაინთქა.

მეწამული ზღვიდან ისრაელნი ქანაანის ქვეყნისაკენ გაემართნენ, ღმერთი ცხადად ეხმარებოდა მათ ამ მოგზაურობის დროს: გამოვიდნენ თუ არა ეგვიპტიდან, ჰაერში გამოჩნდა ღრუბლის სვეტი, რომელიც დღისით მზისგან იფარავდა მგზავრებს, ღამით კი გზას უნათებდა; როცა ხორცი და პური შემოაკლდათ, ღმერთმა მანანა (თეთრი თაფლნარევი პურის მსგავსი ნამცეცები, რომელიც ცვიოდა ზეციდან ყოველდღე, გარდა შაბათისა. ამით იკვებებოდნენ ისრაელნი, სანამ აღთქმის ქვეყანაში არ შევიდნენ) და მწყრები მოუვლინა; როცა წყალი შემოაკლდებოდათ ხოლმე, მოსე, სასწაულის ძალით, უხმარ წყალს სახმარად აქცევდა ან კლდიდან გადმოადენდა. გზაში ისრაელთ თავს ესხმოდნენ უცხო ტომები, მაგრამ ისინი ღვთის შეწევნით სძლევდნენ მათ.

სჯულის დადება სინას მთაზე
გავიდა 50 დღე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ და ისრაელნი მიადგნენ სინას მთას, სადაც დროებით დაბინავდნენ. აქ ღმერთმა მისცა მათ ათი მცნება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი და მოყვასი. ეს მცნებები დაწერილი იყო ორ ქვის ფიცარზე. მოსემ ეს ქვის ფიცრები ძვირფას ყუთში ჩაასვენა, რომელსაც შემდეგ აღთქმის კიდობანი დაერქვა. აღთქმის კიდობანში შენახული იყო აგრეთვე მანანით სავსე ჭურჭელი და აარონის კვერთხი.

შემდეგ მოსემ ღვთის ჩვენებით მოაწყო მოძრავი ტაძარი. რადგან ისრაელნი გზაში იყვნენ და კარავიც თან უნდა ეტარებინათ, ამიტომ მოსემ გააკეთა იგი ძვირფასი ქსოვილებისაგან, რომლებიც გაფენილი იყო ხის სვეტებზე. კარავი განიყოფებოდა სამ ნაწილად: ეზო, წმიდათა და წმიდა-წმიდათა. ეზოში ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ, წმიდაში შედიოდნენ მღვდლები ღვთისმსახურებისათვის, წმიდათა-წმიდაში კი მხოლოდ მღვდელმთავრებს შეეძლოთ შესვლა და ისიც წელიწადში ერთხელ.

საღვთო მსახურების შესასრულებლად, ღვთის ბრძანებით, მოსემ აირჩია მღვდელმთავრად აარონი, მღვდლებად - აარონის შვილები და უბრალო მსახურებად - ლევიტელები, იაკობის შვილის, ლევის შთამომავლები.

აღთქმულ ქვეყანაში შესვლა
დიდი ხნის მერე შევიდნენ ისრაელნი აღთქმულ ქვეყანაში. ღმერთმა დასაჯა ისინი და ორმოცი დღის ნაცვლად ორმოც წელიწადს იმოგზაურეს არაბეთის უდაბნოში. ასეთი სასჯელი დაიმსახურეს გამუდმებული ყვედრებითა და ურწმუნოებით. ყველა დაიხოცა ამ მოგზაურობისას, ვინც ეგვიპტიდან გამოსვლის დროს ოცი წლის ან მეტის იყო. მოსემაც აღთქმის ქვეყნის საზღვარზე განისვენა, აარონი უფრო ადრე გარდაიცვალა. ცოცხალი დარჩა მხოლოდ ორი კაცი - ქალები და ისუ ნავე. მოსეს ნაცვლად ისრაელთა წინამძღვარი აღთქმის ქვეყანაში ისუ ნავე გახდა. ღმერთი ეხმარებოდა ისუ ნავეს ისე, როგორც მოსეს: მიუახლოვდნენ თუ არა აღთქმის ქვეყანას, ისრაელნი უნდა გასულიყვნენ მდინარე იორდანეში, რომელიც ამ დროს ადიდებული იყო. ისუ ნავეს ბრძანებით მღვდლებმა აიღეს აღთქმის კიდობანი და შევიდნენ მდინარეში, მაშინვე წყალი გაიყო და ისრაელნი მშრალად გავიდნენ მეორე ნაპირზე. შემდეგ იერიშით უნდა აეღოთ ქალაქი იერიქონი, რომელიც მაღალი კედლებით იყო გამაგრებული. ღვთის ბრძანებით, მღვდლებმა, აღთქმის კიდობნით, და მასთან ერთად ხალხმა რამდენჯერმე შემოუარეს ქალაქს და მათ ყვირილზე კედლები თავისთავად ჩამოინგრა. ებრაელებმა ადვილად აიღეს ქალაქი. მას შემდეგ, ღვთის შეწევნით, ექვსი წლის განმავლობაში მთელი ქანაანის ქვეყანა დაიპყრეს და გაიყვეს თორმეტ ნაწილად იაკობის თორმეტი შვილის სახელზე. ამგვარად აღესრულა ღვთის აღთქმა, რომელიც აბრაამს მიეცა ქანაანის ქვეყნის შესახებ.

KARIBCHEსოლომონ მეფე
დავითის შემდეგ გამეფდა მისი შვილი - სოლომონი. ტახტზე ასვლის შემდეგ სოლომონმა ღმერთს სიბრძნე გამოსთხოვა, რომ გონივრულად ეწარმოებინა რჩეული ხალხის მართვა-გამგეობა. ასეთი კეთილი თხოვნისათვის ღმერთმა ისეთი სიბრძნით დააჯილდოვა, როგორიც არავის ჰქონია, არც წინათ და არც შემდეგ. ამის შემდეგ სოლომონი გახდა ფრიად ბრძენი და სამართლიანი მეფე. ყველა მეზობელ მეფეებს განაცვიფრებდა მისი სიბრძნე და მოდიოდნენ მასთან რჩევის საკითხავად. თავისი სიბრძნე სოლომონმა პირველად სამართალში გამოიჩინა. ერთხელ მასთან მოვიდა ორი მეძავი დედაკაცი ძუძუმწოვარი ჩვილით. ერთმა მათგანმა მოახსენა მეფეს: "ჩვენ ორივე ერთ სახლში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენს მეტი არავინაა. მე ვაჟი შემეძინა, მესამე დღეს კი მაგ ქალსაც შეეძინა ვაჟი. რამდენიმე დღის შემდეგ ამ ქალმა ძილში თავისი შვილი უეცრად მოახრჩო და მე შემომიწვინა, ხოლო ჩემი ცოცხალი მიითვისაო". "არა, - ამბობდა მეორე დედაკაცი, - ცოცხალი ბავშვი ჩემია, მკვდარი კი მაგისიო". "გაჭერით ბავშვი შუაზე, ნახევარი ერთს მიეცით და ნახევარი მეორესო", - ბრძანა მეფემ. "არა, მეფევ, - უთხრა პირველმა, - ნუ გაჭრით, ოღონდ ცოცხალი დარჩეს და მაგას ჰყავდეს". "გაჭერით, - იძახოდა მეორე, - არც მე და არც მაგას". სოლომონმა იცოდა, რომ ნამდვილ დედას შვილი შეებრალებოდა და ნებას არ მისცემდა გაეჭრათ. ამიტომ ბავშვი პირველ დედაკაცს მიუკუთვნა.

სოლომონმა წიგნიც ბევრი დაწერა; ამ წიგნებში კიდევ უფრო მომეტებული სიბრძნე გამოიჩინა და ბევრი რამაც თქვა მომავალ მაცხოვარზე. სოლომონმა გაამშვენა და გააძლიერა ისრაელთა სამეფო. მისი მმართველობის დროს მეზობელი მეფეები იმის ფიქრშიღა იყვნენ, თუ როგორ დამეგობრებოდნენ სოლომონს. მანვე ააშენა ის დიდებული ტაძარი, რომელზედაც ფიქრობდა დავითი და დიდი ზეიმით გადმოასვენა დავითის ტაძრიდან აღქმის კიდობანი.

მოხუცებულობაში სოლომონმა დიდი ცოდვა ჩაიდინა - ააშენა საკერპო ტაძარი და ბოლო დროს თავადაც მონაწილეობდა კერპთმსახურებაში. ამიტომ ღმერთმა დასაჯა იგი იმით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ისრაელების სამეფო ორად გაიყო და უმცირესი მის შვილს ერგო. ეს სიცოცხლეშივე შეატყობინა ღმერთმა სოლომონს წინასწარმეტყველის პირით.

წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი
(IX საუკუნე ქრისტეს შობამდე)
წინასწარმეტყველი ელია ერთ-ერთი უდიდესია ლევიტელთა ტომიდან. თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მამამისმა იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.

KARIBCHEელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე აქაბის ზეობისას მოუწოდა. ამ დროისთვის ისრაელი უსჯულოებაში იყო ჩაძირული: ხალხმა ზურგი აქცია სჯულს და კერპებს მოუდრიკა ქედი. კერპთმსახურების განსაკუთრებით ერთგული დამცველი იყო მეფე აქაბის მეუღლე, წარმართი იეზაბელი, რომელმაც თავისი მეუღლე ბაალის სამსხვერპლოს აგებაზე დაიყოლია. თავისი ერის გარყვნითა და გადაგვარებით თავზარდაცემული ელია აქაბის წინაშე წარდგა, ამხილა მისი უსჯულოება და სინანულისა და ჭეშმარიტ ღმერთთან მიბრუნებისკენ მოუწოდა. წინასწარმეტყველმა მას განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა. ელიას სიტყვები აღსრულდა: ცა შეიკრა, გამხმარი მიწა ნაყოფს არ იძლეოდა, ხალხი საშინლად იტანჯებოდა... უფალმა ელიას უბრძანა, წასულიყო "ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა". აქ ელიას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს ყორნები უზიდავდნენ საკვებს.

სამწლიანი გვალვის შემდეგ, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარდგა. ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი ადამიანი დაინახა და უთხრა: "შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?" "არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა", - უპასუხა წინასწარმეტყველმა და სთხოვა, ისრაელში მცხოვრები ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კარმილის მთაზე შეეკრიბა. აქაბი დათანხმდა და დათქმულ დღეს კარმილის მთაზე 850-მა ქურუმმა მოიყარა თავი. ელიამ მათ შესთავაზა, თანაბარ პირობებში (სამსხვერპლოზე ცეცხლის დაუნთებლად) შეეწირათ მსხვერპლი თავიანთი ღმერთებისათვის. ამაოდ დარბოდნენ დილიდან საღამომდე სამსხვერპლოს გარშემო ქურუმები და ევედრებოდნენ ბაალს ცეცხლის მოვლინებას. საღამოს თავად წინასწარმეტყველმა აღადგინა კარმილზე თორმეტი ქვისაგან აგებული ძველი სამსხვერპლო, რაც სიმბოლურად ხალხის ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგენას ნიშნავდა; სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილი გააჭრევინა და იგი მსხვერპლსა და შეშაზე გადასხმული წყლით ამოავსო. ელიას ლოცვის პასუხად ზეციდან სასწაულებრივად გარდამოხდა ცეცხლი, რომელმაც შეშასა და მსხვერპლთან ერთად სამსხვერპლო ქვაბიც დაწვა და თხრილში წყალი ამოაშრო. გაოცებულმა ხალხმა ერთხმად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი: "ნამდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი!" (3 მეფ. 18.39) და ქურუმები, როგორც ერის გამრყვნელები, კიშონის ნაღვარევთან ჩახოცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მეფეს მიმართა: "აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაი ბგერისა წვიმისა არს" (3 მეფ. 18.41); ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. მეფე აქაბმაც ადიდა ღმერთი და შეინანა უსჯულოება, მაგრამ მეფის სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცა მან თავის მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად განრისხდა და ელიას სიკვდილით დასჯა ბრძანა: უფლის რჩეულის დევნა განახლდა. წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: "კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა" (3 მეფ. 19.4). ღვთის ნებით, ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: "რაისა ხარ შენ აქა, ელია?" - "შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, - უპასუხა ელიამ, - რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებნ სულსაცა ჩემსა მიღებად" (3 მეფ. 19.10). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, მიწა იძრა. მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე, როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში და აზაელი - ასურეთის მეფედ, იუი კი ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამათგან წმინდა ელია წინასწარმეტყველმა მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ 7000 მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უციათ ბაალის კერპისათვის.

უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს. და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9). საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
ბეჭდვა
1კ1