მცირე წინასწარმეტყველები
მცირე წინასწარმეტყველები
უფალმაც შეიწირა მათი სინანული, მიუტევა შეცოდებანი და ქალაქი გადარჩა
წმინდა ამბაკუმ წინასწარმეტყველი (ხსენების დღეა ძვ.სტ. 2 დეკემბერი, ახ. სტ. 15 დეკემბერი), ერთი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს. წმინდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის (ბაბილონი იყო ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი, რომლის ნანგრევები დღესაც დგას ირანში, ქალაქ ალ ჰილაჰში, ბაღდადის სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს, ეს არის ტიგროსსა და ევფრატს შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ალიზით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ.წ. 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ.წ. 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის დაკიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს "ღმერთების კარიბჭეს") ტყვეობა.

ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, სადაც სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკელებისთვის სადილი მიჰქონდა, უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღვთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმინდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებული გარდაიცვალა. წმინდა თეოდოსი უმცროსის (408-450) ზეობისას აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.

KARIBCHEწმინდა აბდია წინასწარმეტყველი (ხსენების დღეა ძვ.სტ. 19 ნოემბერი, ახ.სტ. 2 დეკემბერი), თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი (ამ წინასწარმეტყველებს "მცირე" მათი წიგნების მოცულობათა სიმცირის გამო ეწოდებათ), ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიქემის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარამიდან იყო და ისრაელის უსჯულო მეფის, აქაბის ეზოსმოძღვრად მსახურობდა. ამ დროს მთელი ისრაელი განუდგა უფალს და ბაალს სწირავდა მსხვერპლს, აბდია კი აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთს მტკიცედ ერთგულებდა და ფარულად მსახურებდა. აბრაამმა პირველმა აღიარა ერთღმერთობა, რის გამოც წარმართი თანამემამულენი დევნიდნენ. მან დატოვა სამშობლო და უფლის "აღთქმულ ქვეყანაში" - ქანაანში (პალესტინა) გადასახლდა (ისააკი აბრაამის ძე იყო, იაკობი კი ისააკისა).

როცა აქაბის ცოლი, უსჯულო და გარყვნილი იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს დევნიდა, აბდია იფარებდა და საზრდელს აწვდიდა მათ. აქაბის მემკვიდრემ, მეფე ოქოზიამ სამი რაზმი გაგზავნა წმინდა წინასწარმეტყველ ელიას (ხს. 20 ივნისს) შესაპყრობად. მათგან ერთ-ერთს წმინდა აბდია წინამძღვრობდა. ელიას ლოცვით ორი რაზმი ზეციდან გარდამომხდარმა ცეცხლმა შთანთქა, აბდია და მისი მეომრები კი უფალმა შეიწყნარა. ამ დროიდან ნეტარმა დატოვა სამხედრო სამსახური და წინასწარმეტყველ ელიას შეუდგა. შემდგომში მან თავადაც მიიღო წინასწარმეტყველების ნიჭი. წმინდა აბდიას ღვთივსულიერი თხზულება - საწინასწარმეტყველო წიგნი მეოთხე ადგილზე დგას მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებს შორის. იგი შეიცავს წინასწარმეტყველებებს ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ. წმინდა აბდია სამარიაშია დაკრძალული.

KARIBCHEწმინდა ანგია წინასწარმეტყველი (ხსენების დღეა ძვ.სტ. 16 დეკემბერი, ახ.სტ. 29 დეკემბერი) თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა რიცხვს მიეკუთვნება. წინასწარმეტყველი ლევიანთა ტომიდან იშვა და სპარსეთის მეფის, დარიოსის (დარიოს I, ძვ.წ. 550-486 წწ. - სპარსი მეფე, რომელიც ირანს ძვ.წ. 522-486 წლებში მართავდა. დარიოსი მეფედ აღიარეს გაუმატას მკვლელობის შემდეგ. 28 წლის იყო, როდესაც ტახტზე ავიდა და რათა დაემკვედრებინა თავი მეფედ, მან კიროს დიდის ასული ატოსა მოიყვანა ცოლად) ზეობისას (ქრისტეს შობამდე ხუთასი წლის წინ) მოღვაწეობდა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა დაიწყეს, მაგრამ სამარიტელთა და სპარს ხელისუფალთა ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და იძულებულნი გახდნენ, დაწყებული საქმე 14 წლით შეეწყვიტათ. უფალმა თავისი რჩეული ერი ანგია წინასწარმეტყველის პირით გაამხნევა და გამოუცხადა მათ, რომ მეორე ტაძარი პირველზე დიდებული იქნებოდა.

KARIBCHEწმინდა ამოს წინასწარმეტყველი (ხსენების დღეა ძვ.სტ. 15 ივნისი, ახ.სტ. 28 ივნისი), თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა. ამ დროს ებრაელთა სახელმწიფო ორ სამეფოდ იყო დაყოფილი: იუდეად და ისრაელად. იერუსალიმში მეფობდა იუდეველთა მეფე ოზია, მათგან გამოყოფილ, ჭეშმარიტი ღვთისგან განმდგარ ისრაელთა ათ ტომს კი კერპთაყვანისმცემელი იერობოამ II განაგებდა. მან ბეთილში ოქროს ხბოს კერპი აღმართა და უსჯულოებაში ჩავარდნილ თავის სამეფოსთან ერთად ეთაყვანებოდა. წინასწარმეტყველი ამოსი იუდეველი იყო, სოფელ თეკუიდან. ლიტონსა და უსწავლელ, მაგრამ მხურვალე რწმენითა და საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა და ისრაელში გაგზავნა სჯულის მაგინებელი იერობოამისა და მის გზაშეცდომილ მკვიდრთა სამხილებლად. ამოსი წინასწარ უცხადებდა მათ იმ უბედურებებს, რომელიც ისრაელის სამეფოსა და მის გარშემო მცხოვრებ წარმართ ხალხს უნდა დასტყდომოდა თავს უღმრთოებისთვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს, ისრაელელებს მოწევნილ რისხვას მოაგონებდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმინდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.

KARIBCHEწმინდა იონა წინასწარმეტყველი (ხსენების დღეა ძვ.სტ. 22 სექტემბერი, ახ.სტ. 5 ოქტომბერი), მცირე წინასწარმეტყველთაგანი, ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა. ღვთის ბრძანებით, უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდზე მყოფნი შეშინდნენ და ევედრებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ წილი ყარეს, რომ შეეტყოთ, ვის გამო მოევლინათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. წინასწარმეტყველმა აღიარა თავისი დანაშაული ღვთის წინაშე და უთხრა მათ: "აღმიქვით და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას, და დასცხრეს ზღუაი ესე თქუენ ზედა, რამეთუ ჩემ გამო იყო ყოველი ესე ჭირი თქუენ ზედა". იონა ჩააგდეს ზღვაში და ქარიშხალიც დაცხრა. უფლის რჩეული ვეშაპმა გადაყლაპა, მის მუცელში იყო იგი სამი დღე და სამი ღამე და ღმერთს გამოხსნას სთხოვდა. ბოლოს, ღვთის ბრძანებით, ვეშაპმა იგი ნაპირზე გამოაგდო. იონამ ზეგარდმო კვლავ მიიღო ბრძანება, წასულიყო ნინევში და სინანული ექადაგა. ამჟამად წმინდანმა შეასრულა ღვთის ნება, მივიდა მტრების ქალაქში და იწყო ქადაგება: "აჰა სამ დღეღა და ნინევი დაიქცეს".

ეს რომ ესმათ, ნინეველები სინანულში ჩავარდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვად დადგნენ, პირუტყვსაც არ მისცეს საზრდელი და წყალი. უფალმაც შეიწირა მათი სინანული, მიუტევა მათ შეცოდებანი და ქალაქი გადარჩა.

სამი დღე იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი ხსნა მოასწავებდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას და მის დიდებულ აღდგომას. მაცხოვარმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებიც სასწაულს ითხოვდნენ მისგან, მიმართა: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაი".

KARIBCHEწმინდა ზაქარია წინასწარმეტყველი მანგლისმხილველი - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეა ძვ.სტ. 8 თებერვალი, ახ.სტ. 21 თებერვალი. იგი იყო ერთი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი. 70 წელი იმყოფებოდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში, მაგრამ ბოლოს მეფე კვიროსმა გაათავისუფლა ისინი და ნაბუქოდონოსორის (ბაბილონის მეფე, მეფობის წლები: ძვ.წ. 605-552. ბიბლიის თანახმად, მან დაიპყრო იუდეა და იერუსალიმი და გადაასახლა ებრაელები. მას მიეწერება ბაბილონის დაკიდებული ბაღების აშენება და სოლომონის ტაძრის დანგრევა. იგი მოხსენიებულია დანიელ წინასწარმეტყველისა და ბიბლიის რამდენიმე წიგნში) მიერ იერუსალიმის ტაძრის (პირველი ტაძარი, ბიბლიურად პირველი ებრაული ტაძარი იერუსალიმში. ტაძარი ლოცვებისა და მსხვერპლშერწირვის უმთავრესი ადგილის დანიშნულებას ასრულებდა. ტაძრის მშენებლობა დასრულდა ძვ.წ. X საუკუნეში; ბაბილონელებმა გაანადგურეს ძვ.წ. 586 წელს) დანგრევის შემდეგ მიტაცებული სიწმინდეები დაუბრუნა. დაბრუნებიდან მეშვიდე თვეს იუდეველებმა დანგრეული სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ კი ტაძრის აღორძინებასაც შეუდგნენ. კეთილმსახური ადამიანები უხვ შემოწირულობებს აკეთებდნენ, მაგრამ ბოროტი ადამიანების, ავაზაკებისა და წარმართების მანქანებით მშენებლობა ჭიანურდებოდა. ისრაელში სარწმუნოებრივი სულისკვეთების განსახორციელებლად უფალმა მათ შორის ორი წინასწარმეტყველი - ანგია და ზაქარია გამოარჩია.

ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა. სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია განცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9), უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა (11,12-13), მაცხოვრის გვერდის განგმირვა (12,10), მოციქულთა გაფანტვა გეთსიმანიის ბაღში (13,7), მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს (14,6-7). გადმოცემის მიხედვით, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიასთან ერთად. ზაქარია წინასწარმეტყველს "მანგლისმხილველს" ვუწოდებთ, რადგან მან ჩვენებით იხილა მანგალივით (ნამგალივით) მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავებლად დაფრინავდა ჰაერში (5,1-2).

KARIBCHEწმინდა იოველ წინასწარმეტყველი
(მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეა ძვ.სტ. 19 ოქტომბერი, ახ.სტ. 1 ნოემბერი) ქრისტეს შობამდე 800 წლის წინ ცხოვრობდა. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის მოოხრება. განჭვრიტა ისიც, რომ მაცხოვრის მეოხებით სულიწმინდა გარდამოვიდოდა "ყოველსა ზედა ხორცსა" (იოველი 2; 28-32).

წმინდა მალაქია წინასწარმეტყველი
(მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეა ძვ.სტ. 3 იანვარი, ახ.სტ. 16 იანვარი) ქრისტეს შობამდე 400-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონის სამეფო სპარსეთის მეფე კიროსმა დაიმორჩილა და იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. თავისი სიკეთითა და სათნოებით წინასწარმეტყველი ხალხს აოცებდა, ამიტომაც უწოდეს "მალაქია", რაც ანგელოზს, მახარებელს ნიშნავს. მალაქიას წინასწარმეტყველება ჩართულია ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებს შორის. აქ იგი ამხელს იუდეველებს და წინასწარ ჭვრეტს იესო ქრისტესა და მისი წინამორბედის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს (3,1-5; 4,1-6). მალაქიას "წინასწარმეტყველთა ბეჭედს" უწოდებენ, რადგან იგი უკანასკნელი იყო იმ მართალთაგან, ვისაც უფალი წინასწარხედვის მადლს ანიჭებდა. მალაქიადან იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე, 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა ებრაელთა შორის.

KARIBCHEწმინდა მიქეა წინასწარმეტყველი
(მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეა ძვ.სტ. 5 იანვარი, ახ.სტ. 18 იანვარი) იუდეაში (ისრაელის მიწის ფართო ისტორიული ოლქი, სამარიიდან (შომრონი) სამხრეთით მდებარეობს. ბიბლიაში პირველად მოიხსენიება როგორც იუდას (იეჰუდას) მიწა. ის გადაჭიმული იყო მკვდარი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე და მოიცავდა იუდეის უდაბნოს, იუდეის მთებს, იუდეის დაბლობს (შველათ-უეჰუდა), ნეგევის დაბლობისა და მთების დიდ ნაწილს) ცხოვრობდა ელია წინასწარმეტყველის დროს. მიქეამ ამხილა მეფე აქაბი და მას ასურელებთან ბრძოლაში დაღუპვა უწინასწარმეტყველა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს. აქაბის სიკვდილის შემდეგ წმინდანი გაათავისუფლეს. მიქეამ განჭვრიტა, რომ მაცხოვარი ბეთლემში იშვებოდა. იგი მოწამებრივად აღესრულა ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში.

წმინდა ნაუმ წინასწარმეტყველი (ხსენების დღეა ძვ.სტ. 1-ელი დეკემბერი, ახ.სტ. 14 დეკემბერი), ერთი თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, გალილეაში დაიბადა და ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში მოღვაწეობდა. ნაუმამდე ორასი წლით ადრე იონა წინასწარმეტყველმა უფლის ბრძანებით ნინევიის მცხოვრებლებს აუწყა, რომ ქალაქს მათი უსჯულოების გამო განადგურება ელოდა. მაშინ ნინევიელებმა შეინანეს და უფალმაც შეცვალა მკაცრი განაჩენი. გავიდა ხანი და ნინევიის მკვიდრნი ისევ გაირყვნენ. ამჯერად ღმერთმა წინასწარმეტყველ ნაუმის მეშვეობით განუცხადა მათ იმ საშინელ უბედურებათა წყება, რომელიც თავს დაატყდებოდათ. წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა: ძველი მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი ქალაქი მტრებმა ერთიანად დაანგრიეს და გაძარცვეს, მდინარე ტიგროსის ადიდებამ კი საბოლოოდ გაანადგურა იგი.

წინასწარმეტყველი ნაუმი ახალი აღთქმის მოვლენებსაც წინასწარ ჭვრეტდა: "მალეობენ, ეგერა, ფერხნი მთათა ზედა მახარებელისა და მიმთხრობელისათა მშვიდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინონ მერმე განვლაი დასაძუელებლად მოესრულოს, მოიკლას". უფლის რჩეულის ცხოვრების შესახებ ცნობები არ შემონახულა. იგი 45 წლის ასაკში მიიცვალა და თავის სამშობლოში დაკრძალეს.

KARIBCHEწმინდა ოსე წინასწარმეტყველი (ხსენების დღეა ძვ.სტ. 17 ოქტომბერი, ახ.სტ. 30 ოქტომბერი) ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმინდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქეას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმინდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს. მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმინდა ოსემ სულიწმინდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა. ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა და სიკვდილის დათრგუნვა. წმინდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული. ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება 60 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

KARIBCHEწმინდა სოფონია წინასწარმეტყველი
(ხსენების დღეა ძვ.სტ. 3 დეკემბერი, ახლით - 16 დეკემბერი), თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იერემია წინასწარმეტყველის და წინასწარმეტყველი ქალის, ოლდამას თანამედროვე იყო. იგი დიდგვაროვანთა ჩამომავალი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა. წმინდა სოფონიამ წინასწარ განჭვრიტა ის უბედურება, რომელიც იუდეისა და მის მოსაზღვრე სამეფოთა მკვიდრთ დაატყდათ თავს.






ბეჭდვა
1კ1