იოანე შეიქმნა ხიდად ძველსა და ახალ აღთქმას შორის
იოანე შეიქმნა ხიდად ძველსა და ახალ აღთქმას შორის
"იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ და სახელი მისი "იოვანე", - გვაუწყებს სახარება უფლის წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის შესახებ. იოანე იყო ბოლო წინასწარმეტყველი ისრაელის ერისა. მას უდიდესი მისია ერგო - კაცობრიობა უფალთან შესახვედრად მოემზადებინა, ადამიანთა გულები განემზადებინა მესიის, მხსნელის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როდესაც იოანე ქადაგებდა, კაცთა, მით უფრო ღვთის რჩეული ერის, შვილების გულები უდაბნოდ იყო ქცეული და მისი ხმა იყო "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", მან თავისი მისია აღასრულა. იოანეს ქადაგებით არაერთი ადამიანი მივიდა უფალთან, მისი ქადაგებით შეიცნეს ქრისტე. სწორედ იოანეს მოწაფეები იყვნენ ურჩეულესი უფლის მოციქულთა შორის - ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი, ვიდრე მაცხოვარს გაჰყვებოდნენ...

იოანე ნათლისმცემლის შობა სასწაულებით იყო სავსე. მისმა მშობლებმა - მართალმა ზაქარიამ და ელისაბედმა ხანდაზმულობის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ ეძლეოდათ. ისრაელიანთა შორის უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, რადგან ებრაელი ერი მესიას ელოდა. მართალი ელისაბედი და ზაქარია გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, მოეხედა მათთვის და უშვილობის ყვედრებისგან დაეხსნა.

მართალი ზაქარია მღვდელმთავარი იყო. ერთხელ, როდესაც იერუსალიმის ტაძარში მსახურებას აღასრულებდა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალმა მათი ლოცვა შეისმინა, მისი ცოლი ელისაბედი შობდა ძეს, რომელიც იქნებოდა "დიდ წინაშე უფლისა". ანგელოზმა ისიც აუწყა, რომ ყრმისთვის იოანე ეწოდებინა. ზაქარია დაეჭვდა, რადგან ის და მისი მეუღლე ხანდაზმულები იყვნენ. მცირედმორწმუნეობის გამო დაისაჯა - დამუნჯდა. როგორც მთავარანგელოზმა ამცნო, იგი ვერ იმეტყველებდა მანამ, სანამ მისი ძე არ იშვებოდა. ეს მოხდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მთავარანგელოზ გაბრიელისგან ხარებამდე 6 თვით ადრე...

ცხრა თვის თავზე მართალმა ელისაბედმა მართლაც შვა ძე, რომელსაც, ღვთის ნებისაებრ, მართალი ზაქარიას მინიშნებით იოანე უწოდეს, მათ სახლში უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. იცოდნენ - იმ ყრმის მამა, რომელიც უნდა დაბადებულიყო, აგერ უკვე ცხრა თვეა, ვერ ლაპარაკობდა და სწორედ ყრმის შობის შემდეგ უნდა ამოედგა ენა. ყველა ელოდა ამ სასწაულის აღსრულებას. მართლაც, ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით მამამისი სასჯელისგან იხსნა. ზაქარია ადიდებდა უფალს და სულიწმინდის მადლით აღვსილი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უდიდეს წინასწარმეტყველზე: "და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისა განმზადებად გზათა მისთა".

არ იხმიოს ღვინო და თაფლუჭი არ ჭამოსო, - წარმოთქვამს ასევე მის მიმართ. ზაქარია წინასწარმეტყველებს ისრაელის მომავალზე და მოიხსენიებს მამამთავარ აბრაამსაც...

ამგვარად მოევლინა კაცობრიობას წინამორბედი უფლისა, იოანე წინასწარმეტყველი, რომლისგანაც ინება განკაცებულმა უფალმა ნათლისღება, როდესაც იგი სინანულს ქადაგებდა და წყლით ნათელს სცემდა ისრაელიანებს. ამიტომაც ეწოდა ნათლისმცემელი.

ვიცით, რომ ცხოვრება იოანე ნათლისმცემლისა იყო განწმენდილი. მის შესახებ სახარება გვაუწყებს: "ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებამდე მისა ისრაელისა მიმართ". როდესაც ჰეროდემ მხსნელის შობის ამბავი შეიტყო, 14 ათასი ყრმა მოაწყვეტინა იმ იმედით, რომ მათ შორის იქნებოდა "მეფე ისრაელისა". ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ ყრმათა შორის მოხვდებოდა იოანე ნათლისმცემელიც, რომელიც მაცხოვარზე ექვსი თვით უფროსი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამამისი - ზაქარია იერუსალიმის ტაძარში მოკლეს, მართალმა ელისაბედმა იგი უდაბნოში წაიყვანა. იოანე იმ დროს 2 წლისაც არ იყო. შემდეგ ელისაბედიც გარდაიცვალა. გადმოცემით ვიცით, რომ ყრმა იოანე ხუთი წლიდან მარტოდმარტო იზრდებოდა უდაბნოში. სახარება გადმოგვცემს, რომ მკალისა და ველური თაფლის გარდა არაფერს იხმევდა. ემოსა აქლემის ბეწვი და წელთ ერტყა ტყავის სარტყელი. მთელი ამ ხნის მანძილზე ის განიწმინდა კაცობრივად. თუ არ ჩავთვლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, იოანე იყო ზეაღმატებული კაცთა შორის. მას თავად უფალმა უწოდა "უდიდესი ადამიანთა შორის". იოანე უდიდესი იყო თავისი ცხოვრების წესითა და ღვთისმოსაობით...

როდესაც 30 წლის შესრულდა, უფლის ნებით, უდაბნოდან გამოვიდა და ქადაგება დაიწყო მდინარე იორდანეს შემოგარენში. მანამდე ხალხში ვერ გამოჩნდებოდა, რადგან ძველი აღთქმის სჯულის თანახმად, მხოლოდ 30 წლის შემდეგ ჰქონდათ ქადაგებისა და მსახურების უფლება. იოანემ უწყის, რა მდგომარეობაში იმყოფება კაცობრიობა, მით უფრო ისრაელის ერი, სულიერად. მან პირდაპირ დაიწყო ქადაგება: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი; გამოიღეთ ნაყოფი სინანულისაი. შეიცვალეთ ცხოვრების წესი, განიწმინდეთ გულები, გახდით მოწყალენი... განამზადეთ გზანი უფლისანი... ვინც შეინანებდა და გულით ირწმუნებდა მომავალ მესიას, მდინარე იორდანეში ნათლავდა... ის სინანულის გზით განამზადებდა ადამიანთა გულებს მაცხოვრის მისაღებად. იოანე შეიქნა ხიდად ძველსა და ახალ აღთქმას შორის - კაცობრიობა ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაში გადაჰყავს.

იოანე იქცეოდა ისე, როგორც კაცთაგან ჯერ არავინ მოქცეულა, იგი გამორჩეული იყო თავისი წმინდა ცხოვრებით, იმდენად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, იმასაც კი ეკითხებოდნენ, - შენ ხომ არ ხარ მესიაო. იოანე კი პასუხობდა, - მე არ ვარ ქრისტე, მე ვარ ხმა მღაღადებელი უდაბნოში, რომელიც მოუწოდებს ყველას განიწმინდოს სული, რათა პირნათელნი შეხვდნენ უფალს. თქვენ შორის დგას, ვისაც არ იცნობთ, ის ჩემს შემდგომ მოდის, მაგრამ უწინარეს ჩემსა იყო. მე მისი თასმის შეხსნის ღირსიც არ ვარ, - ვინც ჩემს შემდგომ მოდის, ის მოგნათლავთ წყლითა და სულიწმინდით, მე კი იმიტომ მოვედი, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს... შემდგომ, როდესაც იორდანეს სანაპიროზე მისკენ მომავალი იესო დაინახა, პირდაპირ დაამოწმა მაცხოვარზე: "აჰა, ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი". უფალი ყველანაირად ცდილობს, ყველა ადამანის გულში შევიდეს, ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება. იოანეს მეშვეობით განცხადებულად აძლევს ნიშანს ადამიანებს მხსნელის შესახებ. უფალმა ინება, რომ ჯერ წინამორბედი მოსულიყო და შემდეგ - თვითონ, რათა თუკი ადამიანები იოანეს, უფლის წინამორბედს, მოუსმენდნენ, მასთან მივიდოდნენ, მაგრამ შემდეგ თითოეული ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ჭეშმარიტებას.

როგორც ვთქვით, იოანემ აღასრულა თავისი მისია - კაცობრიობა მოამზადა უფალთან შესახვედრად. ამიტომაც ეწოდა წინამორბედი უფლისა. იგი წინასწარმეტყველიცაა, რადგან წინასწარმეტყველებდა მოახლოებული ცათა სასუფევლის შესახებ.

წმინდა იოანე ნათლისმცემელმა არა მხოლოდ შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს. მას თავი მოჰკვეთეს გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით. იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის შესახებ მოგვითხრობენ მათე და მარკოზ მახარებლები: გალილეის მმართველმა ჰეროდე ანტიპამ მიატოვა კანონიერი მეუღლე და არაკანონიერი გზით ცოლად დაისვა თავისი ძმის, ფილიპეს თანამეცხედრე - ჰეროდიადა. იოანე სასტიკად და დაუფარავად ამხელდა ანტიპას ამ უსჯულოების გამო. ჰეროდეს მისი მოკვლა სურდა, მაგრამ ხალხის რისხვისა ეშინოდა, რადგან მას მთელი ერი აღიარებდა. თვითონაც იცოდა, რომ იოანე მართალი და წმინდა კაცი იყო. მმართველმა ის საპყრობილეში ჩააგდებინა... დადგა ჰეროდეს დაბადების დღე. მან წვეულებაზე მთავრები და ასისთავები მიიწვია. ჰეროდიადას ასულმა სალომეამ იცეკვა სტუმრების წინაშე და დიდად ასიამოვნა ჰეროდესა და სტუმრებს. ჰეროდიადას ასულის ცეკვით მოხიბლულმა ანტიპამ აღუთქვა სალომეას, რომ ყველაფერს შეუსრულებდა, რასაც მოისურვებდა: რაც გინდა მთხოვო, ყველაფერს მოგცემ, თუნდაც ნახევარ სამეფოსო. სალომეამ დედას მიაშურა რჩევისთვის და მისი შეგონებით სანაცვლოდ ითხოვა "თავი იოანე ნათლისმცემლისა". ჰეროდე დასთანხმდა, მაგრამ აღსრულებას ხალხის შიშით ვერ ბედავდა. უსჯულო ჩანაფიქრის აღსრულების საბაბად ფიცი გამოიყენა და ჯალათებს იოანეს თავის მოკვეთა უბრძანა. ჯალათებმა ბრძანება აღასრულეს. არსებობს გადმოცემა, რომ სინანულის მქადაგებლის, წმინდა იოანეს მოკვეთილი თავის ბაგეები კიდევ ერთხელ განიხვნა და წარმოთქვა: "ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას შენი ძმის, ფილიპეს ცოლი..."

ამგვარად დასრულდა მიწიერი ცხოვრება იოანე წინასწარმეტყველის - ნათლისმცემლისა და უფლის წინამორბედისა.
ბეჭდვა
1კ1