დიდი წინასწარმეტყველები
დიდი წინასწარმეტყველები
ეზეკიელმა ზეგარდმო ბრძანებით შეჭამა გრაგნილი, რომლის ორივე მხარეს ჩანდა წარწერა: "გოდება და ოხვრა და მწუხარება"
წინასწარმეტყველი ეზეკიელი ქრისტეს შობამდე დაახლოებით ექვსასი წლით ადრე, იუდეველთა მეფე ოზიას დროს დაიბადა ქალაქ სარირში. იუდეური გადმოცემით, იგი იერემია წინასწარმეტყველის მსახური ყოფილა და მის მსგავსად მღვდელმსახურთა შთამომავალია. ცნობილია, რომ მამამისს ვუზი ერქვა, ჰყავდა ცოლიც, რომელიც მისთვის დიდი ნუგეში გახლდათ, მაგრამ ეზეკიელის წინასწარმეტყველად მოწოდებიდან ოთხი წლის შემდეგ უეცრად გარდაიცვალა. წინასწარმეტყველი ოცდახუთი წლის ასაკში მეფე იექინიასთან და სხვა თანამემამულეებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ. ტყვეობაში იგი მესოპოტამიაში, მდინარე ქობართან სახლობდა. სწორედ აქ ჰქონდა პირველი სასწაულის ჩვენება. ეზეკიელმა ზეგარდმო ბრძანებით შეჭამა გრაგნილი, რომლის ორივე მხარეს ჩანდა წარწერა: "გოდება და ოხვრა და მწუხარება", და პირში თაფლის სიტკბო იგრძნო. ასე მოუწოდა მას უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისკენ.

ეზეკიელმა ბაბილონელთა ტყვე ისრაელელებს აუწყა იმ განსაცდელების შესახებ, რომლებიც ურჩობისთვის სასჯელად დაატყდებოდათ თავს; უწინასწარმეტყველა უმჯობესი ჟამის დადგომაც, ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება და იერუსალიმის ტაძრის აღდგენა. წინასწარმეტყველის ოცწლიანი მოღვაწეობის შედეგია მის მიერ დაწერილი 48-თავიანი წიგნი, რომელსაც ნეტარი იერონიმე ღვთაებრივი საიდუმლოებების ოკეანეს უწოდებს. წმიდა წინასწარმეტყველ ეზეკიელს სასწაულქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მისი ლოცვით მდინარე ქობრი გაიპო და ქალდეველთაგან დევნილი ებრაელები მეორე ნაპირზე მშვიდობით გავიდნენ; შიმშილობის დროს დამშეულებს საზრდელი გაუმრავლდათ.

ნეტარი ეზეკიელი მოწამებრივად აღესრულა: ერთ-ერთი ებრაელი მთავრის მხილებისათვის იგი გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაფლითეს. წინასწარმეტყველის წმინდა ნაწილები კეთილმსახურმა ებრაელებმა შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.
ბეჭდვა
1კ1