წმინდა წინასწარმეტყველი ესაია - 09 (22) მაისი
წმინდა წინასწარმეტყველი ესაია  - 09 (22) მაისი

წმინდა ესაია, იუდეველთა უდიდესი წინასწარმეტყველი, რომელიც ძვ.წ. 770-687 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იერუსალიმში, მეფე ამასიას ძმისშვილი ყოფილა.

წმინდა ესაია არა მხოლოდ რელიგიის რეფორმატორად შევიდა ისტორიაში, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობდა.

მოწოდების წინ მას აღმატებულ ტახტზე უხილავს უფალი, რომლის გარშემოც ექვსფრთიანი სერაფიმების გალობა ისმოდა: "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ! ყოველი ქვეყანა სავსე არს დიდებითა მისითა". უთქვამს ესაიას: "ვაი მე, მე ვარ კაცი ცოდვილი..."

მაშინ ერთმა სერაფიმმა ზეციური სამსხვერპლოდან აღებული ნაკვერჩხალი შეახო მის ბაგეებს, განწმინდა იგი და ამის შემდეგ გაგზავნა ღმერთმა ხალხთან საქადაგებლად.

ესაია ყველა წინასწარმეტყველზე უფრო ნათლად და ცხადად ამოწმებდა მომავალი მესიის ქვეყნად მოვლინების, მიწიერი ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ, მისი წიგნის 61-ე თავი თვით მაცხოვრის მიერ არის დამოწმებული სახარებაში როგორც მასზე აღსრულებული წინასწარმეტყველება. მაცხოვრის ვნებები ისე აქვს აღწერილი, თითქოს დამწერი იდგა ჯვართან და იქ აღწერდა ამ წინასწარმეტყველებას, ამის გამო წმინდა ესაიას მახარებელსაც კი უწოდებენ.

ესაიას წინასწარმეტყველების წიგნის ენა ამაღლებულია, ძლიერი, ნათელი და მკაფიო, მისი მოძღვრება მომხიბლავია, მხილება-სასტიკი, მუქარა-საშინელი, ხოლო ნუგეში-დამამშვიდებელი და სასიხარულო",-განმარტავენ ღვთისმეტყველნი. "აჰა, ქალწულმან მუცლადიღოს და შვეს ძე და ეწოდიან სახელი მისი ემანუელ".

მის წინასწარმეტყველებათა წიგნში ქრისტეს ორბუნებოვნებაზეც არის საუბარი, იმაზეც, რომ მის გაცხადებამდე მოვიდოდა მისი წინამორბედი და მოამზადებდა ხალხს მესიის მისაღებად.
ის იქნებოდა ღმერთიც და კაციც და მოახდენდა ისეთ სასწაულებს, რომ ბრმები დაინახავდნენ, კოჭლები და ხეიბრები ივლიდნენ, მკვდრები აღდგებოდნენ. "მან იკისრა ჩვენი სნეულებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი,-აღწერს ესაია,-ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.

ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე.

საპყრობილიდან და სამსჯავროდან წაიყვანეს და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა.

მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა.

სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა. მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა" (ესაია 53-ე თავი).

აი, ასეთი სახარებისეული სიზუსტით აღწერს წმინდა ესაია ქრისტეს ვნებებს მაცხოვრის განკაცებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. იგი იმაზეც წინასწარმეტყველებდა, რომ დავითის ტომიდან შობილი განკაცებული მესია მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დაამყარებდა სიმართლისა და მშვიდობის სასუფეველს უკუნისამდე, ებრაელები კი წარმართებად შეირაცხებოდნენ ქრისტეს ეკლესიისათვის.

ესაია ებრაელთა ისტორიაზეც ამახვილებს ყურადღებას, იგი ვერ ურიგდება თავისი ერის მორალურ გადაგვარებას, მისი მამხილებელი ზნეობრივი შეგონებები ჭეშმარიტი სჯულის დაცვისაკენ მოუწოდებდა თანამემამულეებს, რომელიც ათასწლეულების შემდეგ, დღევანდელობასაც ეხმიანება.

"ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს-ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს-ბნელად, სიმწარეს სიტკბოებად სახავს და სიტკბოს-სიმწარედ! ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით! ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმლის გაზავებაში!

ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალ-მართლის გამამტყუნებელს! ღოგორც ცეცხლის ენა ჭამს ჩალას და ალი ბუგავს თივას, ასე ჩალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, რადგან შეიძულეს საბაოთ უფლის სჯული და ისრაელის წმინდის შეგონება არად ჩააგდეს. ამიტომ აინთო უფლის რიხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩაში. მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი. შორიდან აღუმართავს დროშას ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება" (ესაია 2,20-26).

ესაიას ხუთი მმართველის დროს მოუწია ცხოვრება იუდეველთა სამეფოში. მეფეებს-აქაზსა და მანასეს არ მოსწონდათ წინასწარმეტყველი, რადგან იგი არ მორიდებია კერპთმსახურ მეფეებს, უსჯულოებაში ემხილებინა ისინი.

წმინდა ესაიას მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი მეფე ეზეკია ყოფილა, რომელიც ესაიას ლოცვით განკურნებულა მძიმე სენისაგან. მისივე ლოცვით მოუსრავს ანგელოზს იერუსალიმის კედელთან მომდგარი მრავალრიცხოვანი მტრის ჯარი ეზეკიას მეფობის ხანაში.

წმინდა ესაია მოწამებრივად აღესრულა კერპთმსახური მეფის, მანასეს ბრძანებით. როცა წმინდანს მოსაკლავად დაედევნენ, შეეცადა, მოზრდილი ხის ფუღუროში დამალულიყო და იქ დალოდებოდა მოახლოებულ განსაცდელს. მდევრებს ხესთან ერთად ესაიაც შუაზე გადაუხერხავთ.

აკადემიკოს აკაკი შანიძის ცნობით, წმინდა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი ადრევე უთარგმნიათ ქართულ ენაზე და "ოშკის ბიბლიაშია" შესული.

კონდაკი: წინასწარმეტყულებისა ნიჭი მოღე, წინაისწარმეტყუელო და მოწამეო ისაია ღმრთისმქადაგებელო, და ყოველთა გამოუცხადე ვგანკაცებაი იგი უფლისა, და ხმა-ჰყო მაღლითა ხმითა ყოველთა კიდეთა მიმართ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს.

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა ესაია წინასწარმეტყველი - ძველი აღთქმის მახარებელი

 

ბეჭდვა
1კ1