ორმოცი წელი მკაცრად და პირუთვნელად სჯიდა და წინამძღვრობდა სამოელი ებრაელებს
ორმოცი წელი მკაცრად და პირუთვნელად სჯიდა და წინამძღვრობდა სამოელი ებრაელებს

წინასწარმეტყველი სამოელი (XI ს. ქრისტეს შობამდე)


სამოელი ერქვა იმ წინასწარმეტყველს, მეფობის დაწესება რომ სთხოვა ხალხმა. ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული ლევიტელთა ტომიდან იყო. იგი ქრისტეს შობამდე 1146 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. წინასწარმეტყველის დედა - ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს, უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა ძე, რომელსაც სამოელი - "გამოთხოვილი" დაარქვეს.

 

როცა ყმაწვილს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა იგი სელომში წაიყვანეს და მღვდელმთავარ ელის მიაბარეს, რომელიც, იმავდროულად, ებრაელთა მსაჯულიც იყო. "და ყრმაი იგი სამოელ იყო მსახურ წინაშე უფლისა ელი მღდელისა თანა" (I მეფ. 2.11). თორმეტი წლისას ზეგარდამო ეუწყა, რომ ღმერთი მღვდელმთავრის მთელი სახლეულის დასჯას აპირებდა "სიცრუვისათვის ძეთა მისთაისა, რამეთუ ძვირსა იტყოდეს ღმრთისათვის, და არა ასწავლიდა მათ" (I მეფ. 3.13).

წინასწარმეტყველება ახდა, როცა რჩეული ერის სამკვიდრებელს შემოსეულმა ფილისტიმელებმა ოცდაათი ათასი ისრაელი, მათ შორის ელის ძეები - ოფნე და ფინეზი ერთ დღეს ამოხოცეს და ტაძრის კიდობანიც გაიტაცეს. ეს რომ შეიტყო, თავზარდაცემული ელი წაიქცა, ხერხემალი გადაიმტვრია და მოკვდა. ისრაელის დაცემით შეძრწუნებულ ფინეზის ცოლსაც მშობიარობისას აღმოხდა სული.

ელის შემდეგ ისრაელის მსაჯული სამოელი გახდა. მის პიროვნებაში შეერთდა წინასწარმეტყველი და მსაჯული - მისი მსაჯულობით ისრაელმა საბოლოოდ გაიმარჯვა ფილისტიმელებზე, დაიბრუნა წართმეული ქალაქები და "უფლის ხელი იყო ფილისტიმელებზე სამოელის სიცოცხლეში" (1 მფ. 7:13).

ორმოცი წელი მკაცრად და პირუთვნელად სჯიდა და წინამძღვრობდა სამოელი ებრაელებს, შემდეგ კი, მხცოვანებაში შესულმა, თავისი ძენი - იოველი და აბია დაადგინა მსაჯულებად. ვერ აღმოჩნდნენ შვილები მამის ღირსეული მემკვიდრეები. ანგარებას დამონებულები, ხშირად შემცოდეთა სასარგებლოდ წყვეტდნენ საქმეებს. ამის გამო ისრაელის უხუცესებმა სამოელს მოსთხოვეს, სხვა ხალხის მსგავსად მათთვისაც მეფე დაედგინა.

ამაში წინასწარმეტყველმა განჭვრიტა საშინელი დაცემა ერისა, რომელსაც მანამდე თავად უფალი წინამძღვრობდა თავის რჩეულთა მეშვეობით. პირველი მეფე, რომელიც აკურთხა წინასწარმეტყველმა, იყო საული. ღვთის ურჩობაში მისი მხილების შემდეგ კი დავითს სცხო მირონი. საულისგან დევნილი დავითი ხშირად სწორედ სამოელთან პოულობდა ხოლმე თავშესაფარს. წმინდა წინასწარმეტყველი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (1 მეფ; ზირ. 46.16-23).

406 წელს უფლის სათნომყოფლის უხრწნელი ნაწილები იუდეიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1