წინასწარმეტყველი ღმრთისმხილველი მოსე (+1460/1531 წელი ქრისტეს შობამდე) - 04 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
წინასწარმეტყველი ღმრთისმხილველი მოსე (+1460/1531 წელი ქრისტეს შობამდე) - 04 (ახალი სტილით - 17) სექტემბერი
იაკობის შვილები გამრავლდნენ ეგვიპტეში. მალე მათგან წარმოიშვა ხალხი, რომელსაც ისრაელნი დაერქვა.

ებრაელთა უსაზღვრო გამრავლებამ საგონებელში ჩააგდო ეგვიპტელები - ვაითუ ისრაელნი, უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენს მტრებს შეუერთდნენ, გვძლიონ და ეგვიპტიდან წავიდნენო. ამიტომ დაუწყეს მათ შევიწროება მძიმე სამუშაოთი, ყველა ეგვიპტელს ნება მისცეს, ეცემა, დაერბია, მოეკლა კიდეც ებრაელი, ამ უკანასკნელთ კი სამაგიეროს გადახდის უფლება არ ჰქონდათ.

როცა ვერაფრით შეაოკეს ისრაელიანთა გამრავლება-გაძლიერება, ფარაონმა ბრძანება გასცა, ებრაელთა შორის დაბადებული ყოველი ვაჟი დაეხრჩოთ ან მდინარეში გადაგდოთ.

ამ საშიშ დროს ერთი ებრაელის ოჯახში მშვენიერი ბიჭუნა დაიბადა. დედამ სამი თვე მალა იგი, მერე გაფისულ კალათში ჩააწვინა და მდინარის პირას, იმ ადგილას დადგა, სადაც მეფის ასული და მისი მეგობრები მოდიოდნენ ხოლმე საბანაოდ. თავის ქალიშვილს, მარიამს, კი დაავალა, ფარულად ეთვალთვალა მისთვის.

ცოტა ხნის შემდეგ მდინარეზე მეფის ასული ჩამობრძანდა. კალათი გახსნა, შიგ ბავშვი დაინახა და მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა. შეებრალა და ძიძა მოიკითხა. ამ დროს მარიამიც გამოვიდა საფარიდან და ძიძად თავისი დედა შესთავაზა.

ბავშვი, ღვთის განგებით, ისევ დედის ხელში მოხვდა. როცა ჩვილი წამოიზარდა, მეფის ასულმა სასახლეში მოაყვანინა, იშვილა და სახელად მოსე უწოდა, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს.

ამის შემდეგ მოსეს სასახლეში საუკეთესო მასწავლებლები წვრთნიდნენ და იმდროინდელი ეგვიპტის მეცნიერებები შეისწავლა.


ლტოლვა ეგვიპტიდან

მოსემ კარგად იცოდა თავისი წარმომავლობა და წუხდა ისრაელიანთა უნუგეშო მდგომარეობის გამო.

უნდოდა, რამენაირად დახმარებოდა ტანჯულ ხალხს, მაგრამ რას გააწყობდა ეგვიპტის სასტიკი მეფეების ხელში? ამასთანავე, თვითონაც მალე უნდა გაქცეულიყო ეგვიპტიდან.

ერთხელ მოსემ დაინახა, - ეგვიპტელი სასტიკად სცემდა ებრაელს. გამოესარჩლა, მოკლა ეგვიპტელი და იქვე დამარხა. გაუგებელი რა დარჩენილა და - მეფეს ამბავი მიუტანეს. მოსემ, მის რისხვას რომ დამალვოდა, მადიამის ქვეყანაში მღვდელ იოთორის ოჯახს შეაფარა თავი.

ცოტა ხნის შემდეგ მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო და მწყემსი გახდა.

მოსეს მოწოდება

ისრაელნი ეგვიპტეში ოთხას წელიწადს დარჩნენ. მათ ტანჯვას რომ უყურებდა, მოსეს ეგონა, ისინი სრულიად ამოწყდებოდნენ ეგვიპტეში, ისე, როგორც ხე იწვის და ისპობა ცეცხლში. მაგრამ ღმერთმა არ დაღუპა თავისი რჩეული ხალხი და მოსეს ხელით მალე გამოიხსნა ეგვიპტის მონობისაგან.

ერთხელ მოსე ცხვარს აძოვებდა ქორების მთაზე; უეცრად შენიშნა - მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. გაკვირვებულმა თქვა: - წავალ და ვნახავ, რატომ არ იწვის ჩირგვიო. მიუახლოვდა თუ არა მაყვლის ბუჩქს, მოესმა ძახილი: "მოსე, მოსე!"

- რაო, უფალო? - გაეპასუხა ის.

- ნუ მოახლოვდები აქ, გაიხადე ფეხსაცმელი, ეს ადგილი წმინდაა, - და მერე დაუმატა, - მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა.

მოკრძალებითა და შიშით აღვსილმა მოსემ მოიდრიკა თავი, დაიფარა პირისახე და კრძალვით მიუგდო ყური.

უფალმა უთხრა:

- მე ვხედავ ტანჯვას ჩემი ხალხისას ეგვიპტეში. მსურს, გამოვიხსნა იგი ეგვიპტელების ხელიდან და გავიყვანო აღთქმულ ქვეყანაში. შენ ახლავე უნდა წახვიდე იქ და გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი.

მოსე უარზე იდგა. ფიქრობდა, ამისთანა მძიმე და დიდი საქმის აღსრულება მე როგორ შემიძლიაო, და უფალს უპასუხა:

- განა მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ეგვიპტიდან შენი ხალხი?

უფალმა აღუთქვა შემწეობა და უფრო მეტად

დასარწმუნებლად მოსეს უთხრა:

- აი, ამ მთაზე გადაიხდის სამადლობელ წირვას ისრაელის ხალხი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ.

მოსემ ჰკითხა:

- რომ მკითხავენ, რომელმა ღმერთმა გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო (ეს კითხვა მოსალოდნელი იყო ეგვიპტელებისაგან, რომელნიც მრავალ ღმერთს სცემდნენ თაყვანს)?

- მე ვარ არსი. ასეც უთხარი: მე გამომგზავნა არსმა (ე.ი. იმან, ვინც ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება), ეს არის ჩემი სახელი.

- რომ არ დამიჯერონ და მითხრან, იქნება შენ ღმერთის გამოგზავნილი სრულიადაც არ იყოო, რა ვუთხრა მაშინ? - ჩაეძია მოსე.

უფალმა აღუთქვა მოსეს, რომ მიანიჭებდა თავის ძალას და ამ ძალით იგი ისეთ საქმეებს მოახდენდა, რაც არა კაცს არ შეუძლია. "

- მაშინ, - უთხრა უფალმა, - ყველა დარწმუნდება, რომ შენ ჩემგან ხარ წარგზავნილი და ჩემი ძალით ახდენ სასწაულებს.

მოსე მაინც უარზე იდგა.

- უფალო, - უთხრა მან, - მჭევრმეტყველი ჩემს დღეში არა ვყოფილვარ და, ამასთან, ენასაც ვუკიდებ.

უფალმა მიუგო:

- ვინ მიანიჭა ადამიანს ბაგენი, ვინ ხდის ადამიანს მუნჯად, ყრუდ, მხედველად და უსინათლოდ, განა მე არა?! მაშ, წადი, მე აგიხსნი ბაგეთა შენთა და ჩაგაგონებ, რაც უნდა თქვა. შენს ძმას, აარონსაც, წინ დაგახვედრებ და იგი ეტყვის ხალხს, რასაც შენ გადასცემ მას.

ამის შემდეგ მოსე დაემორჩილა ღვთის ბრძანებას, გამოესალმა თავის სახლობას და ეგვიპტისაკენ გასწია.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა მოსე წინასწარმეტყველთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


პასექი და ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან

ქორების მთაზე ღმერთის მოწოდების შემდეგ მოსე დაუყოვნებლივ წავიდა ეგვიპტეში, წაიყვანა თავისი ძმა, აარონი და განუცხადა ფარაონს ღვთის ბრძანება, - ებრაელები გაეთავისუფლებინა.

ფარაონმა ჯერ უარი უთხრა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, დათანხმებულიყო, რადგან ღმერთმა ურჩობისათვის დასაჯა იგი და მთელი ეგვიპტე.

მეფის სიჯიუტემ ათი სხვადასხვა სასჯელი მოუვლინა ეგვიპტელებს. უკანასკნელი და უმძიმესი - უფროსი შვილების უეცარი სიკვდილი იყო.

ეს ამბავი ასე მოხდა: მოსემ მოიხმო ისრაელელთა თავკაცები და გამოუცხადა ღვთის ბრძანება, რომ თითოეულ ოჯახს დაეკლა თითო წლის უმანკო ტარიგი (კრავი), სისხლი კარებზე ეცხო, ხორცი მთლიანად შეეწვა და შეეჭამა ხმიადი პურით და მწარე ბალახით, ძვლები კი არ დაემტვრია, თანაც მზად ყოფილიყვნენ სამგზავროდ.

- ღამით, - უთხრა მოსემ, - ჩამოივლის ანგელოზი და პირმშოებს დახოცავს იმ ოჯახებში, რომელთა კარებზეც სისხლი არ ეცხება.

ხალხმა შეასრულა მოსეს ბრძანება. დანიშნულ დროს, შუაღამისას, საზარელი გოდება გაისმა მთელ ეგვიპტეში - ყველა ეგვიპტელს, მეფით დაწყებული, პირმშო მოჰკვდომოდა.

ფარაონმა საჩქაროდ დაიბარა მოსე და აარონი და უბრძანა: - დაუყოვნებლივ გაეყვანათ ისრაელელნი ეგვიპტიდან.

ისრაელელთ არ ეძინათ და მზად იყვნენ სამგზავროდ. ექვსასი ათასი კაცი გამოიყვანა მოსემ ეგვიპტიდან, ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად, და, ღვთის ბრძანებით, წაიყვანა ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც იაკობი გადმოსახლდა ეგვიპტეში.

ქანაანის ქვეყანა ერთ დროს ღმერთმა აბრაამს აღუთქვა და ამიტომ მას აღთქმის ქვეყანაც ეწოდება.

ეგვიპტიდან გამოსვლის დღე ებრაელებმა დღესასწაულად აქციეს და პასექი უწოდეს (ე.ი. ჩაიარა ან გაიარა, რადგან ანგელოზმა უვნებლად ჩაუარა იმ სახლებს, რომლებსაც სისხლი ეცხო).


ისრაელელთა მოგზაურობა

როცა ეგვიპტელებმა პირმშოები გამოიტირეს, ფარაონს დაენანა ებრაელთა გაშვება, შეკრიბა დიდძალი ჯარი და უკან დასაბრუნებლად დაედევნა. ისრაელელთ მეწამული ზღვის პირას დაეწივნენ. მათ შეეშინდათ და მოსეს ყვედრება დაუწყეს ეგვიპტიდან გამოყვანისათვის.

მაშინ მოსეს ლოცვით სასწაულებრივად ზღვა შუაზე გაიპო, წყლის ნადგომი გაშრა და ხალხი მშვიდობით გავიდა გაღმა ნაპირზე.

ფარაონს ეგონა, თვითონაც ასე გავიდოდა ზღვაში, მაგრამ შუამდე რომ მიაღწიეს, წყალი შეერთდა და ფარაონი, თავისი ამალით, ზღვის უფსკრულში ჩაინთქა.

მეწამული ზღვიდან ისრაელელნი ქანაანის ქვეყნისაკენ გაემართნენ, ღმერთი ცხადად ეხმარებოდა მათ ამ მოგზაურობის დროს: გამოვიდნენ თუ არა ეგვიპტიდან, ჰაერში გამოჩნდა ღრუბლის სვეტი, რომელიც დღისით მზისგან იფარავდა მგზავრებს, ღამით კი გზას უნათებდა;

როცა ხორცი და პური შემოაკლდათ, ღმერთმა მანანა (თეთრი თაფლნარევი პურის მსგავსი ნამცეცები, რომლებიც ცვიოდა ზეციდან ყოველდღე, გარდა შაბათისა.

ამით იკვებებოდნენ ისრაელელნი აღთქმის ქვეყანაში შესვლამდე) და მწყრები მოუვლინა; როცა წყალი შემოაკლდებოდათ ხოლმე, მოსე, სასწაულის ძალით, უხმარ წყალს სახმარად აქცევდა ან კლდიდან გადმოადენდა. გზაში ისრაელელთ თავს ესხმოდნენ უცხო ტომები, მაგრამ ისინი ღვთის შეწევნით სძლევდნენ მათ.

ორმოცი წელიწადი უდაბნოში

უდაბნოში გატარებული ორმოცი წელიწადი (ერთი თაობის დრო) მძიმე, სასტიკი განსაცდელი იყო ხალხისათვის, რომელიც მიჩვეოდა "მონობის სახლში" უსაფრთხო და მაძღარ ცხოვრებას. ზურგი უნდა შეექცია ასეთი აწმყოსათვის უცნობი მომავლის იმედით, რასაც უფალი ჰპირდებოდა მოსეს პირით, მაგრამ ხალხი ნატრობდა ხორცით სავსე ქვაბებს: "ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და ძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რათა შიმშილით ამოგვწყვიტო!" (გამ. 16:3).

ხალხი, რომელმაც სიხარულით და ზარ-ზეიმით დააღწია თავი ეგვიპტეს, გზაში მოუთმენლობას და სულმოკლეობას იჩენდა; ის "ქედფიცხელი", ჯიუტი და თვითრჯული აღმოჩნდა და მოსე ხშირად მზად იყო, სასოწარკვეთილს უარი ეთქვა თავის მისიაზე.

"უთხრა მოსემ უფალს: რისთვის ტანჯავ შენს მსახურს? რისთვის ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ტვირთად რომ დამაკისრე ეს ხალხი? მე ხომ არ მიტარებია მუცლით ისინი? მე ხომ არ მიშობია, რომ მეუბნები, შენი უბით წაიყვანეო, - როგორც გამზრდელი ატარებს ძუძუთა ბავშვს, - იმ მიწისკენ, რომელიც მის მამა-პაპას აღუთქვი ფიცით? სადა მაქვს ხორცი, რომ მივცე მათ? რადგან შემომტირიან და ამბობენ: მოგვეცი ხორცი, რომ ვჭამოთ! მარტო მე ვერ წავიყვან მთელ ამ ხალხს, რადგან მძიმეა ჩემთვის. თუ ასე მექცევი, მომკალი ბარემ, თუ მადლი მიპოვია შენს თვალში, რომ არ ვუყურებდე ჩემს სატანჯველს" (რიცხ. 11:11-15).

მოსეს უმძიმდა ამ რჩეული ხალხის წინამძღოლობა და თავისი რჩეულობაც. რატომ მაინცდამაინც მოსე აირჩია უფალმა ხალხის წინამძღოლად? ის ხომ უცხო იყო თავისიანებისთვის - მშობელი ხალხის წიაღს მოწყვეტილი ფარაონის კარზე იზრდებოდა? უცხოდ თვლიდნენ, არავინ იცნობდა. ასე იხსენიებდნენ - "ის კაცი მოსე".

შესაძლებელია, მან თავისი ხალხის ენაც არ იცოდა სრულყოფილად (ალბათ, ამაზე უნდა მიგვანიშნებდეს მისი ენაბრგვილობა. ის შეიძლება სრულიად გათქვეფილიყო ეგვიპტელებში, როგორც მთელი მისი ხალხი; მაგრამ მან დატოვა ფარაონის კარი, ფუფუნება, რაც მთელი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლის საწინდარი უნდა გამხდარიყო, იწვნია ხალხის სიმდაბლე და გაუტანლობა). თვისტომის გამოსარჩლებისას ეგვიპტელი შემოაკვდა და თვისტომმავე წამოაძახა ეს.

ის მაინც უფლის შთაგონებით, ცხვრის ფარასავით მიერეკებოდა მათ საუკეთესო საძოვრებისაკენ, ხოლო თვისტომნი ურჩობდნენ, უკან, ეგვიპტისკენ იწევდნენ სულმოკლეობით. ის კი იტანდა მათ სიჯიუტესა და ქედფიცხელობას, მზად იყო, თავიც გაეწირა მათი გულისთვის. "ახლა მიუტევე ცოდვა, - ემუდარებოდა უფალს, - არადა, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან" (გამ. 32:31). თუმცა ამბობდა, მე ხომ არ მიშობია ეს ხალხიო, მაგრამ ეს ხალხი სწორედ მას უნდა ეშვა სულიერად.

მოსე იყო მოვლენილი სული, რომელსაც უნდა გაეღვიძებინა ამ ხალხში ეროვნული შეგნება და მიეწვდინა მათთვის მამა-პაპის ღვთის სიტყვა. აქ იჩენს თავს უდაბნოს ერთი ასპექტი, რომელმაც განსაზღვრა ხალხის ეთნოგენეზი და მომავალი.

უდაბნო იმისთვის იდო მათ გზაზე, რომ მარტო დარჩენილიყვნენ თავიანთ თავთან, რომ შეეცნოთ საკუთარი თავი არა სხვა ხალხების გარემოცვის ფონზე, არა მათთან შედარებით, არამედ უშუალოდ, სწორედ ისევე, როგორც აბსოლუტური, შეუდარებელი, ერთადერთი იყო ის ღმერთი, რომლის იდეალების მისაღებად უნდა გარდაქმნილიყო მისი შეგნება. ის ისევე უნდა დარჩენილიყო მარტოდმარტო უხილავი ღვთის წინაშე, როგორც თავის დროზე აბრაამი, რომლის ცხოვრებაში იყო გამოსვლის გადამწყვეტი ეპიზოდი (ოღონდ ინდივიდუალური - გამოსვლა ქალდეველთა ურიდან), და როგორც მოსე, მათი თანამედროვე (განსაცდელი სინაის მთაზე. გამ. 3).

უდაბნო, როგორც გზა ("ზნეობა"), სულიერებით იყო აღბეჭდილი და უპირისპირდებოდა ხორციელ ეგვიპტეს, რომელშიც ქრისტიანულმა ტრადიციამ წუთისოფლის სიმბოლო დაინახა. "საბრხე შეიმუსრა, ხოლო სირი აღფრინდა, დაუტევა ეგვიპტე, რომელ არს ცხოვრება ესე ნივთიერი და შევიდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა", - წერდა ერთი ქართველი ათონელი ჰაგიოგრაფი ქართველი მოღვაწის გარდაცვალებაზე.

ხალხს უნდა "ჩამოეფერთხა" ეგვიპტის ხორცი, რომ შესულიყო აღთქმის ქვეყანაში მის დასამკვიდრებლად.


სჯულის დადება სინას მთაზე

გავიდა 50 დღე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ და ისრაელიანნი მიადგნენ სინას მთას, სადაც დროებით დაბინავდნენ. აქ ღმერთმა მისცა მათ ათი მცნება, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი და მოყვასი.

ეს მცნებები დაწერილი იყო ორ ქვის ფიცარზე. მოსემ ფიცრები ძვირფას ყუთში ჩაასვენა, რომელსაც შემდეგ აღთქმის კიდობანი დაერქვა. აღთქმის კიდობანში შენახული იყო აგრეთვე მანანით სავსე ჭურჭელი და აარონის კვერთხი.

შემდეგ მოსემ, ღვთის ჩვენებით, მოაწყო მოძრავი ტაძარი. რადგან ისრაელელნი გზაში იყვნენ და კარავიც თან უნდა ეტარებინათ, ამიტომ მოსემ გააკეთა იგი ძვირფასი ქსოვილებისაგან, რომლებიც გაფენილი იყო ხის სვეტებზე. კარავი განიყოფებოდა სამ ნაწილად: - ეზო, წმინდათა და წმინდა წმინდათა. ეზოში ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ, წმინდაში შედიოდნენ მღვდლები ღვთისმსახურებისათვის, წმინდათა წმინდაში კი მხოლოდ მღვდელმთავრებს შეეძლოთ შესვლა და ისიც - წელიწადში ერთხელ.

საღვთო მსახურების შესასრულებლად, ღვთის ბრძანებით, მოსემ აირჩია ღვდელმთავრად აარონი, მღვდლებად - აარონის შვილები და მსახურებად - ლევიტელები, იაკობის შვილის, ლევის შთამომავლები.


აღთქმულ ქვეყანაში შესვლა

დიდი ხნის მერე შევიდნენ ისრაელიანნი აღთქმულ ქვეყანაში. ღმერთმა დასაჯა ისინი და ორმოცი დღის ნაცვლად ორმოც წელიწადს ამოგზაურა არაბეთის უდაბნოში. ასეთი სასჯელი დაიმსახურეს გამუდმებული ყვედრებითა და ურწმუნოებით. ყველა დაიხოცა ამ მოგზაურობისას, ვინც ეგვიპტიდან გამოსვლის დროს ოცი წლის ან მეტის იყო. მოსემაც აღთქმული ქვეყნის საზღვარზე განისვენა, აარონი უფრო ადრე გარდაიცვალა. ცოცხალი დარჩა მხოლოდ ორი კაცი - ქალები და ისუ ნავე. მოსეს ნაცვლად ებრაელთა წინამძღვარი აღთქმულ ქვეყანაში ისუ ნავე გახდა.

ღმერთი ეხმარებოდა მას ისე, როგორც მოსეს: - მიუახლოვდნენ აღთქმის ქვეყანას. ისრაელიანნი უნდა გასულიყვნენ მდინარე იორდანეში, რომელიც ამ დროს ადიდებული იყო. ისუ ნავეს ბრძანებით, მღვდლებმა აიღეს აღთქმის კიდობანი და შევიდნენ მდინარეში, მაშინვე წყალი გაიყო და ხალხი მშრალად გავიდა გაღმა ნაპირზე.

შემდეგ იერიშით უნდა აეღოთ ქალაქი იერიქონი, რომელიც მაღალი კედლებით იყო გამაგრებული. ღვთის ბრძანებით, მღვდლებმა აღთქმის კიდობნით და მასთან ერთად ხალხმა რამდენჯერმე შემოუარეს ქალაქს. მათ ყვირილზე კედლები თავისთავად ჩამოინგრა.

ებრაელებმა ადვილად აიღეს ქალაქი. მას შემდეგ, ღვთის შეწევნით, ექვსი წლის განმავლობაში მთელი ქანაანის ქვეყანა დაიპყრეს და გაყვეს თორმეტ ნაწილად, იაკობის თორმეტი შვილის სახელზე. ამგვარად, აღესრულა ღვთის აღთქმა, რომელიც აბრაამს მიეცა ქანაანის ქვეყნის შესახებ.

ათი მცნება

მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისაგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია.

პირველი ოთხი მცნება გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ძველი აღთქმის მოძრავი ტაძარი და ახალი აღთქმის ეკლესია

როგორც "გამოსლვათა" წიგნი გვამცნობს, პირველი ტაძრის აგება უფალმა დაავალა წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე, სადაც დაწვრილებით უჩვენა მომავალი ტაძრის ფორმა.

ეს მოძრავი ტაძარი ("კარავი საწამებელისა") სამი ნაწილისგან შედგებოდა: წმინდათა წმინდა ("წმინდა წმინდათა"), წმინდათა და ეზო. წმინდათა წმინდაში, რომელიც ფარდით იყო გამოყოფილი, იდგა აღთქმის კიდობანი. კიდობნის სახურავზე ქერუბიმთა ორი ოქროს ქანდაკება იყო. შიგ იდო ორი ქვის ფიცარი ათი მცნებით, ტაკუკი და მანანა, რომლითაც უფალი უდაბნოში ასაზრდოებდა ებრაელებს და აარონის კვერთხი, რომელიც უფლის ნებით განედლდა აარონის სამღვდლო ღირსების დასამოწმებლად.

წმინდათა წმინდაში მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა და სამსხვერპლო სისხლს აპკურებდა იმის ნიშნად, რომ ადამიანის ხსნა ერთხელ - იესო ქრისტეს მოსვლით აღესრულებოდა. ამიტომაც, ქრისტეს ჯვარცმისას კრეტსაბმელიც ორად გაირღვა: მაშინ განიხვნა სასუფევლის კარი ყოველი მორწმუნისათვის.

მეორე ნაწილშიც მარტო მღვდლებს შეეძლოთ შესვლა. აქ იყო ამაღლებული სამსხვერპლო საკმევლისთვის, ტაბლა - 12 პურით და შვიდტოტა შანდალი.

მესამე ნაწილში, ეზოში, ხალხი ლოცულობდა და მსხვერპლს სწირავდა.

ახალი აღთქმის მართლმადიდებლური ტაძარი მსგავსია ძველაღთქმისეული ტაძრისა. ახალი აღთქმის მართლმადიდებლური ტაძარიც იყოფა სამ ნაწილად:

* საკურთხეველი;

* ტაძრის შუა ნაწილი;

* სტოა (კარიბჭე).

ისევე, როგორც ძველ ტაძარში წმინდა წმინდათა, ახალ ტაძარშიც საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია. საკურთხეველში მხოლოდ ღვთისმსახურნი დაიშვებიან და აღესრულება წირვა-ლოცვის ყველაზე იდუმალი ნაწილი.

მართლმადიდებლურ ტაძარში წმინდას შეესატყვისება შუა ნაწილი. ძველაღთქმისეული ტაძრის წმინდაში შესვლის უფლება მხოლოდ ღვთისმსახურთ ჰქონდათ.

ახალ ეკლესიაში კი ლოცულობს ყოველი ქრისტიანი, რამეთუ ყველასათვის ღიაა სასუფეველი.

ძველი აღთქმის ტაძრის ეზოს, სადაც ლოცულობდა ერი, შეესაბამება ახალი ტაძრის სტოა (იგივე კარიბჭე); ეს ადგილი კათაკმეველთათვის, მონანულთა და ზიარებისაგან განყენებულთათვის არის განკუთვნილი.

ტაძრის უმთავრესი ნაწილია საკურთხეველი. მასში აღესრულება მღვდელმსახურება. საკურთხეველი შემაღლებულია, რათა ყველამ იხილოს მოქმედება, რომელიც იქ ხდება.

საკურთხეველში ოთხი მნიშვნელოვანი ადგილია:

* წმინდა ტრაპეზი;

* მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი - ტრაპეზის უკან:

* სამკვეთლო;

* სადიაკვნო (სამღვდელო შესამოსლის შესანახი).

ტრაპეზი ეწოდება საკურთხევლის შუაგულში მოთავსებულ, ყველაზე მეტად განათებულ ქვის ან ხის ოთხკუთხა მაგიდას, რომელსაც ორგვარი - თეთრი ტილოთი და ძვირფასი ქსოვილით (უმეტესად ფარჩით) მოსავენ.

ტრაპეზზე საიდუმლოდ, უხილავად სუფევს თვით უფალი, როგორც მეუფე და მბრძანებელი ტაძრისა. მასთან მიახლება და ამბორი მხოლოდ ღვთისმსახურებისთვისაა დასაშვები.

ტრაპეზზე სრულდება ზიარების საიდუმლო. მასზე აწყვია: ოდიკი, სახარება, წმინდა ჯვარი და სანაწილე.

ოდიკი სელის ან აბრეშუმის ქსოვილია, რომელზეც კუბოში მწოლარე მაცხოვარია გამოხატული, აგრეთვე, ოთხი მახარებელი და წამების იარაღები.

ოდიკში წმინდანთა ნაწილებია. ოდიკის გარეშე, რომელიც მღვდელმთავრის მიერ უნდა იყოს ნაკურთხი, წირვის შესრულება არ შეიძლება. წმინდა ნაწილის ჩადება ოდიკში გვახსენებს იმას, რომ პირველი ქრისტიანები შეგროვდებოდნენ ხოლმე მოწამეების საფლავზე, ეზიარებოდნენ და წირავდნენ.

ოდიკის შესახვეველი გვახსენებს იმ სუდარას, რომელშიც თვით იესო ქრისტე იყო შეხვეული დასაფლავების დროს.

სახარება ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს. ჯვარი ტრაპეზზე ასევე ნიშნავს ჯვარცმულ და ვნებულ იესო ქრისტეს.

სანაწილე არის წმინდა ნაწილების შესანახი ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება სნეულთა საზიარებლად და პირველშეწირულის წირვისათვის. ის გვახსენებს იესო ქრისტეს საფლავსაც და ძველი აღთქმის კოლოფსაც, რომელშიც ზეციური მანანა ინახებოდა.

საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელთან არის ამაღლებული ადგილი, რომელსაც მაღალდასაჯდომელი ეწოდება. სიმბოლურად იგი ტაძარში იესო ქრისტეს სამყოფელს განასახიერებს.

სამკვეთლო საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილშია მოთავსებული. სამკვეთლო ეწოდება შესაფერისი სამოსლით შემკობილ მაგიდას, რომელზეც მზადდება საზიარებელი პური და ღვინო. სამკვეთლო ერთდროულად იმ გამოკვეთილ კლდესაც გვაგონებს, სადაც მაცხოვარი იშვა და იმ მთასაც (გოლგოთას), სადაც ევნო და ჯვარს ეცვა იგი.

სადიაკვნო - საკურთხევლის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული. აქ ინახავენ სამღვდელო შესამოსელს, საეკლესიო ჭურჭელს და წიგნებს.

საკურთხეველი შუა ტაძრიდან კანკელითაა გამოყოფილი. კანკელის წინა, ამაღლებულ მხარეს ამბიონი ეწოდება. იგი შუა ტაძარზე რამდენიმე საფეხურითაა ამაღლებული. კანკელზე, წესისამებრ, 4 ხატია დაბრძანებული: მარჯვენა მხარეს - მაცხოვრისა, ხოლო მარცხენა მხარეს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა.

მაცხოვრის ხატის გვერდით დაბრძანებულია ხოლმე იმ წმინდანის ხატი, რომლის სახელზეცაა აგებული ტაძარი. ღვთისმშობლის ხატის გვერდით კი რომელიმე დიდი წმინდანის ხატს გამოსახავენ. კანკელის შუაში არის კარი, რომელსაც სამეუფო კარი ეწოდება. ამ კარით საკურთხეველში შესვლა მხოლოდ სასულიერო პირებს შეუძლიათ და ისიც - მხოლოდ ღვთისმსახურების დროს.

სტოა ანუ კარიბჭე ტაძრის დასავლეთ ნაწილს ეწოდება. აქ წინათ დგებოდნენ ცოდვილნი და კათაკმეველნი (პირნი, რომლებიც მოსანათლად ემზადებოდნენ). აქ სრულდება ლიტია, ანუ პურის კურთხევის ლოცვა.

აღთქმის კიდობანი

აღთქმის კიდობანში ინახებოდა ქვის ფილები, რომლებზეც ათი მცნება ეწერა, ასევე აარონის კვერთხი და ზეციური საკვები მანანა. ეს კიდობანი სოლომონ მეფემ ტაძრის მშენებლობისას საძირკველში მოაქცია.

როდესაც ბაბილონელების შემოსევისას ისრაელის სამეფო დაეცა, კიდობანი გაუჩინარდა. თანამედროვე გათხრებმა მისი კვალი ვერ იპოვეს იერუსალიმის ტერიტორიაზე, სოლომონის ტაძრის ადგილას. არის ვერსია, რომ კიდობანი ეთიოპიაშია და მას სამეფო გვარი იცავს.

ასევე, ვარაუდობდნენ, რომ ბაბილონელების შემოსევისას კიდობანი გაქრა.

ერთ-ერთი ვერსიით, ბერძენმა მეცნიერებმა იმპერატორ ალექსანდრე მაკედონელის სამარხსა და აღთქმის კიდობანს მიაკვლიეს. ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ საბერძნეთის საინფორმაციო საშუალებებს არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკოლაუს კუმარდისმა აცნობა. მისი განცხადებით, მოპოვებული ახალი მასალა შესწავლის პროცესშია და თუ მათი ვარაუდი დადასტურდა, ეს XXI საუკუნის უდიდესი აღმოჩენა გახდება.

გათხრები საბერძნეთის კუნძულ ტასოსზე ჩატარდა. ამ კუნძულს ყოველწლიურად ათასობით მოყვარული არქეოლოგი სტუმრობს, რადგან ლეგენდების მიხედვით მის წიაღში უხვადაა თვითნაბადი ოქრო.

სწორედ მოყვარულ არქეოლოგთა მიერ ტასოსის სხვადასხვა რაიონში ნაპოვნი ნივთები გახდა მეცნიერების დიდი აღმოჩენის საფუძველი.

კუმარდისის განმარტებით, მოყვარულთა მიერ ნაპოვნმა ფრაგმენტებმა ცხადი გახადა, რომ მაკედონელის დაკარგული საფლავი და ებრაელთა მთავარი სიწმინდე - აღთქმის კიდობანი სწორედ კუნძულ ტასოსზეა.

* * *
გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

აქ კი იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაამბობ მოსეს ცხოვრებას გთავაზობთ:

იაკობ გოგებაშვილი, "ბიბლიური ისტორია"

მოსეს დაბადება და აღზრდა

(გამ. 2,1 - 10) იმ დროს, როდესაც ფარაონის ბრძანებით ისრაელთ უხოცავდნენ ახალდაბადებულ ვაჟიშვილებს, ერთ ისრაელის დედაკაცს დაებადა ვაჟი, რომელსაც იგი სამი თვის განმავლობაში მალავდა.

ბოლოს ცხადად დაინახა, რომ მეტი დამალვა ყმაწვილისა აღარ შეიძლებოდა, დღეს თუ ხვალ ეგვიპტელები შეიტყობდნენ, წაართმევდნენ და წყალში გადაუგდებდნენ ბავშვს დასახრჩობად.

დაწნა იმ ქალმა ლერწმის კალათა. კარგა ღონივრად გაფისა გარშემო, რომ წყალი არ შესულიყო, ჩააწვინა მძინარე ბავშვი შიგ, დილა-ღამიანად ჩაიტანა დიდი მდინარის პირას და ლერწმებში ჩადგა.

ამასთან თავის ქალს, მარიამს, უთხრა, რომ ახლომახლო დამალულიყო და თვალი ჩუმად ედევნებინა, რა მოუვიდოდა ყმაწვილსა. დილით მდინარეზე ჩამოვიდა საბანაოდ თვით ფარაონის ქალიშვილი, თავისი მოახლეებითა. ფარაონის ასულმა ლერწმებში თვალი მოჰკრა კალათასა, და ერთს თავის მოახლეს უბრძანა გამოეტანა.

როცა მოახლემ კალათა მოუტანა და ახადა, შიგ ხელმწიფის ქალმა ნახა მშვენიერი ყმაწვილი, რომელსაც ის იყო გამოღვიძებოდა და ტიროდა: ახ, ეს უთუოდ ისრაელთა ბავშვია, - სთქვა შებრალებით ფარაონის ქალიშვილმა. მაშინ ამ ბავშვის დამ, რომელიც მოფარებით იქვე ახლოს იდგა და ამ სცენას უთვალთვალებდა, მოირბინა, ვითომც უცხო ვინმემ და ხელმწიფის ქალიშვილს მოახსენა, ხომ არ გნებავთ, რომ მე მოგგვაროთ ძიძა მაგ ბავშვისათვის ებრაელთაგანო?; კარგი, მოიყვანე, - უთხრა ფარაონის ასულმა.

მარიამი გაიქცა და საჩქაროდ მოიყვანა თავისი დედა, რომელსაც ხელმწიფის ქალმა გასაზრდელად ჩააბარა ნაპოვნი ყმაწვილი. ასე გახდა ღვიძლი დედა ამ ბავშვისა მისივე ძიძა.

როცა ბავშვი მოიზარდა, ფარაონის ქალიშვილმა იშვილა იგი და დაარქვა მას მოსე. და წაიყვანა მეფის სასახლეში გასაზრდელად. აქ მოსეს ინახავდნენ და ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ მეფის შვილსა და ასწავლეს მთელი სიბრძნე ეგვიპტელებისა, რომელნიც მაშინდელ დროში განათლებით ყველაზე წინ იდგნენ.

მოსეს გაქცევა ფარაონის სახლიდან

(გამ. 2,11 - 15) ბედნიერ მდგომარეობაში ჩავარდა ყმაწვილი მოსე ფარაონის სასახლეში, რასაც კი გული ინატრებდა, იმის ხელქვეით იყო, რადგან ისე ჰყავდა ყველას მიჩნეული, როგორც ნამდვილი შვილი მეფისა.

ამისთანა მდგომარეობაში სხვა უიმისო მიეცემოდა განცხრომით ცხოვრებასა, შეიქმნებოდა გულგრილი და ზურგს შეაქცევდა თავის ხალხსა. მაგრამ მოსესრულიად არ მოიქცა ასე იმას დედის ძუძუსთანავე ჰქონდა ჩანერგილი გულში სიყვარული თავისი ხალხისა, მისი ტანჯვა მას თავის ტანჯვად მიაჩნდა, მისი გული კვდებოდა, როცა ებრაელების ჩაგვრას ხედავდა, ან ესმოდა მათი წვალება.

თავისი ხალხის გამოხსნა და განთავისუფლება იყო უმთავრესი, პირველი საგანი მოსეს ფიქრისა. მან კარგად იცოდა, რომ უსწავლელი კაცი ბევრს ვერაფერს არგებს თავის ხალხსა, თუნდაც ძალიან გულითაც უნდოდეს მისი ბედნიერება. ამიტომ მოსე ძალიან ბეჯითი იყო სწავლაში. რაც კი მაშინდელმა ეგვიპტელებმა იცოდნენ მეცნიერებისა, ყველაფერი მშვენივრად ისწავლა და მტკიცედ შეითვისა. იგი საფუძვლიანად ემზადებოდა მომავალი თავისი მოქმედებისათვის.

აგერ მოსემ დაასრულა სწავლა და შეიქმნა ვაჟკაცი. მის წინ იდო ორი გზა: თუ იგი ეგვიპტელებს მიემხრობოდა და უღალატებდა თავის თანამემამულეებს, მას მოელოდა პატივი, დიდი ადგილი, სიმდიდრე, განცხრომით ცხოვრება, ერთი სიტყვით, ბედნიერება. ხოლო თუ კი იგი შეიქმნებოდა თავისი ხალხის ერთგული მფარველი და მოსარჩლე, მაშინ იმას არ ასცდებოდა წვალება, ტანჯვა, სიღარიბე და, იქნებ სიკვდილიცა ებრაელების ხელითა.

მოსემ ეს კარგად იცოდა, მაგრამ თავის ხალხთან ერთად მას ათასჯერ ერჩივნა ტანჯვა, ვიდრე სიამოვნება ეგვიპტელებთან, თავისი ხალხის გულისათვის სიკვდილს იგი ათასჯერ ამჯობინებდა ბედნიერ სიცოცხლეს ეგვიპტელების სამსახურში.

მოსე შეიქმნა ერთგული მოსარჩლე თავისი ხალხისა, რომელსაც მეტად სჩაგრავდნენ ეგვიპტეში. იგი ხმარობდა ყოველ ღონისძიებას, რომ შვება მიეცა ისრაელთათვის: მალიმალ დასტოვებდა ხოლმე სასახლესა; დადიოდა ისრაელთა ქოხებში, ნუგეშსა სცემდა დაჩაგრულებსა, გულს უკეთებდა დაცემულებსა, ზოგს ფულითა შველოდა, ზოგს რჩევითა, ყველას ამხნევებდა, უქადაგებდა, რომ ერთი პირი ჰქონოდათ, ერთმანერთისათვის ზურგი მაგრად მიეცათ, ერთიმეორისათვის ეშველნათ, ჰყვარებოდათ ჭეშმარიტი ღმერთი, სძულებოდათ კერპები და ამ გზით მოემზადებინათ თავისითავი გამოხსნისათვის.

ბევრჯერ ამ დროს თავისი თვალით ხედავდა, როგორ ურჯულოდ ექცეოდნენ ეგვიპტელები ებრაელებს, როგორ უწყალოდ სცემდნენ მათ უმიზეზოდ და მიწასთან ასწორებდნენ, გული ვერ უთმენდა მოსეს და ეგვიპტელებს სამაგიეროს უხდიდა.

ბოლოს ფარაონმა შეიტყო, რრომ მოსეს ძალიან უყვარს ებრაელები, რომელთა ამოწყვეტასაც ის ცდილობდა. ესარჩლება მათ, უმართავს ხელსა, სძულს ეგვიპტელები, როგორც მჩაგვრელნი და ყოველთვის ისრაელთა მხარე უჭირავს. შეიტყო ეს და მოინდომა მოსეს დასჯა სიკვდილითა. მოსემ რომ გაიგო, ადგა და გაიქცა ეგვიპტიდან უცხო ქვეყანაში. ამ დროს იგი იყო ორმოცი წლისა.

მოსეს მისვლა იოთორთან

(გამ. 2,15 -21) იმ უცხო ქვეყანაში, სადაც მოსე გაიქცა, აბრამის შთამომავალნიც ცხოვრობდნენ. აქაც პირველი მისი მოქმედება გახდა უძლურთა დახსნა ძლიერთა ბრიყვობისაგან.

მოსემ ნახა ერთი ჭა და მასთან დაისვენა. ჩქარა იქ მირეკა ნახირი შვიდმა ახალგაზრდა ქალმა, რომელნიც მამის საქონელს მინდორში აძოვებდნენ. მათ უნდოდათ წყალი დაელევინებინათ საქონლისათვის, მაგრამ ამ დროს სხვა მწყემსებმაც მორეკეს საქონელი, ქალებს ნახირი იქით გაურეკეს და არ ანებებდნენ წყალსა. საწყალმა ქალებმა არ იცოდნენ რა ექნათ.

ამ დროს მოსე მივიდა, შეარცხვინა ისინი, გამოესარჩლა ქალებს და უშველა მათ წყლის დალევინება სქონლისათვის. ქალები მეტად მადლობელნი დარჩნენ და როცა საღამოზედ საქონელი შინ მირეკეს, თავიანთ მამას, იოთორს, უთხრეს თუ რა შემწეობა გაუწია მათ ერთმა ზრდილმა ეგვიპტელმა.

- სად არის ის კაცი? რატომ არ მოიწვიეთ ჩვენსას? - ჰკითხა მამამ და გაგზავნა თავისი ქალები, რომ მოსე მოეწვიათ.

მოსე მოვიდა. მას მოეწონა იოთორი, როგორც კეთილმსახური კაცი, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი, მოეწონა აგრეთვე მთელი მისი კეთილი სახლობა და ამიტომ დარჩა მათთან. შემდგომ მოსე ნათესავი შეიქმნა ამ სახლობისა: იოთორის ქალი შეირთო, გახდა იოთორის სიძე და ამასთან - სიმამრის საქონლის მწყემსი. ბედი ძალიან ცუდად მოექცა მოსეს.

მეფის სახლში გაზრდილი, ნაშვილები მეფის ქალისა, სწავლული კაცი, რომელიც ღირსი იყო პირველი ადგილისა სახელმწიფოში, შეიქმნა მოჯამაგირე და გახდა უბრალო მწყემსი. ამ ყოფაში ჩააგდო მოსე თავისი ხალხის სიყვარულმა, მისმა ერთგულებამა. სხვა უიმისო გაიტეხდა გულსა, შეაქცევდა ზურგს თავის ხალხსა, დაივიწყებდა მას და დაადგებოდა სხვა გზასა, მაგრამ მოსე ასეთი სულმოკლე არსება არ იყო.

მის გულში ისეთი ძლიერი ცეცხლი ენთო თავისი ხალხის სიყვარულისა, რომ მას უხაროდა კიდეც, რომ ისრაელთა გულისათვის ეწვალებოდა და იტანჯებოდა. ახლაც მისი ფიქრი და დარდი იყო თავისი ხალხის გამოხსნა ეგვიპტელების ხელიდან. ხორცით იგი დასდევდა საქონელსა, მაგრამ სულით კი ებრაელებთან იყო. ის ნატრობდა იმ დროს, როდესაც ღმერთი აღადგენდა ებრაელთა შორის მძლავრ კაცსა და იგი გამოიხსნიდა თავის ერს ეგვიპტლების მონობიდან.

თავის თავს მოსე არ რაცხდა ღირსეულად გამომხსნელობისათვის. როგორც ყველა გონებით მძლავრი კაცი, იგი იყო თავმდაბალი, მას სურდა მხოლოდ ყოფილიყო თანაშემწე გამომხსნელისა, მიეღო მონაწილეობა წმინდა საქმეში და თავი დაედო თავისი ხალხის ბედნიერებიათვის.

მოწოდება მოსესი ღმერთის მიერ

(გამ. 3,1 - 15; 4,1 -31) ერთხელ მოსე საქონელს აძოვებდა ერთი მთის ახლოს, რომელსაც ერქვა ქორები. იგი ღრმად იყო ჩაფიქრებული თავისი ხალხის უბედურ მდგომარეობაზედ. ამ დროს უცებ მთაზედ დაინახა გასაოცარი მოვლენა: ერთ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა კი.

გაკვირვებულმა მოსემ თქვა: წავალ ერთი და ვნახავ, რატომ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. როცა მიახლოვდა, მაყვლის ბუჩქიდან მოესმა ძახილი:

- მოსე, მოსე!

- რაო, უფალო? - მიუგო მან.

- ნუ მოახლოვდები აქ, გაიხადე ფეხსაცმელი, ეს ადგილი წმინდაა. და მერე დაუმატა:

- მე ვარ ღმერთი აბრამის, ისაკისა და იაკობისა.

მაშინ მოსე აღივსო მოკრძალებითა და შიშითა, მოიხარა თავი, დაიფარა პირისახე და კრძალვით დაუწყო სმენა. უფალმა უთხრა:

- მე ვხედავ ტანჯვასა ჩემი ხალხისასა ეგვიპტეში, მსურს გამოვიხსნა იგი ეგვიპტელების ხელიდან და გავიყვანო აღთქმულ ქვეყანაში. შენ უნდა ახლავე წახვიდე იქ და გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ხალხი.

მოსე უარზედ დადგა. იგი ფიქრობდა, ამისთანა მძიმე და დიდი საქმის ასრულება მე როგორ შემიძლიანო. უფალს უპასუხა: განა მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ეგვიპტიდან შენი ხალხი? უფალმა აღუთქვა თავისი შემწეობა და რომ მოსე ამაში უფრო დაერწმუნებინა, უთხრა:

- აი, იმ მთაზედ გადიხდის წირვასა ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ. მოსემ ჰკითხა:

- რო მკითხავენ, რომელმა ღმერთმა გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო? მე ვარ არსი, ასე უთხარი: მე გამომგზავნა არსმა ე. ი. იმან, ვინც ყოველთვის იყო, არის და მუდამ იქნება-თქო. ეს არის ჩემი სახელი.

- რომ არ დაიჯერონ და მითხრან, იქნებ შენ ღმერთის გამოგზავნილი სრულიადაც არ იყვეო, რა ვუთხრა მაშინა? - ჰკითხა უფალს მოსემა.

უფალმა აღუთქვა მოსეს, რომ იგი მიანიჭებს მას თავის ძალასა. და ამ ძალით იგი იმისთანა საქმეებს მოახდენს, რომლების მოხდენა არა კაცს არ შეუძლიან, მაშინ, უთხრა უფალმა, -ყველა დარწმუნდება, რომ შენ ხარ გამოგზავნილი ჩემგან და ჩემის ძალით ახდენ სასწაულთ.

მოსე მაინც კიდევ უარზე იდგა. უფალო, - უთხრა მან, - მჭერმეტყველი კაცი მე ჩემს დღეში არა ვყოფილვარ და, ამასთან ბლუცა ვარ. უფალმა მიუგო:

- ვინ მიანიჭა ადამიანს ბაგენი? ვინა ხდის ადამიანს მუნჯად, ყრუდ, მხედველად და უსინათლოდ? მე ხომ? მაშ, წადი: მე აგიხსნი ბაგეთა შენთა და ჩაგაგონებ, რაც უნდა სთქვა, შე ძმას, აჰრონსაც, წინ დაგახვედრებ და იგი ეტყვის ხალხსა, რასაც იმას ჩააგონებ.

ამის შემდეგ მოსე დაემორჩილა ღვთის ბრძანებასა, გამოესალმა თავის სახლობასა და გასწია ეგვიპტეში. გზაზედ შეხვდა მას უფროსი ძმა აჰრონი და ერთად მივიდნენ ისრაელებთან.

აქ მათ შეჰყარეს ებრაელთა მთავრები, გამოუცხადეს მათ ღვთის ნება და განკარგულება. ებრაელებმა დაიჯერეს მოსეს ნათქვამი და სიხარულით მადლობდნენ მოწყალე უფალსა, შემდგომ მოსე და აჰრონი წავიდნენ ფარაონთანა.


მოსე ფარაონის წინაშე

(გამ. 5,1 - 23; 6,11 - 13; 7,9 -21; 8,2 - 24; 9,1 -18; 19,4 -29; 11,8) მოსე და თავისი ძმა აჰრონი წარსდგნენ ფარაონის წინაშე და მოახსენეს:

- ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ჩვენი: გაუშვი ერი ჩემი, რათა მან უდაბნოში გადიხადოს წირვა და შემომწიროს მსხვერპლი. ფარაონმა ამაყად მიუგო:

- ვინ არის ეგ ღმერთი თქვენი? მე იმას არ ვიცნობ, არც არას გავუგონებ და არც ისრაელის ერს გავუშვებ აქედან. მარტო ამას არ დასჯერდა ფარაონი: ეტყობა, ისრაელის ერს საქმე არა აქვს, რომ მაგისთანა რამეებზედ ფიქრობს, - სთქვა ფარაონმა, - მოუმატეთ მას სამუშაო! ამის შემდეგ აღარ მისცეთ ბზე ალიზის გასაკეთებლად. თვითონვე აგროვონ ბზე და ალიზიც იმდენივე აკეთონ, რამდენსაც აქამდე აკეთებდნენ.

ხელმწიფის ბრძანების თანახმად ზედამხედველები აღარ აძლევდნენ ბზეს, ალიზს კი იმდენსავე ითხოვდნენ იმათგან, რამდენსაც წინათ, რადგანაც ებრაელები ვერ ასწრებდნენ ალიზის დაწესებული რაოდენობის გაკეთებას, ამიტომ ზედამხედველები უდიერად სცემდნენ.

აუტანელ ტანჯვაში ჩავარდნენ ებრაელები და დაუწყეს ყვედრება მოსეს და აჰრონსა: ღმერთმა მოგკითხოთ თქვენა, რომ გახდით მიზეზი ჩვენი წვალების მომატებისა. მაშინ მოსემ მიმართა ღმერთს ლოცვითა:

- უფალო, რად გამომგზავნე ტყუილად ფარაონთანა? მე იმას ვუთხარი, რაც შენ ბრძანე და იმან უფრო უარესი გვიყო.

მაშინ უფალმა უბრძანა მოსეს, რომ იგი ახლად წასულიყო აჰრონითურთ ფარაონთანა და მეორედ მოეთხოვა ისრაელი ერის გაშვება. თუ ფარაონმა გითხრათ, აბა, დამიმტკიცე რითიმე, რომ შენ სწორედ ღმერთმა გამოგგზავნაო, უბრძანე აჰრონს ფარაონის წინაშე დააგდოს თავისი კვერთხი (ჯოხი) და იგი გველად გადაიქცევა.

მოსე სწორედ ასე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაუგონა. ეს იმიტომ, რომ გრძნეულმა ეგვიპტელებმა, რომელთაც ფარაონმა მოუხმო თვალთმაქცობით იგივე გააკეთეს, რაც მოსემ.

ამის გამო ფარაონმა არ დაიჯერა მოსე და აჰრონი ღვთისგან იყვნენ გამოგზავნილნი და მისი ძალით მოახდინეს სასწაული.

ამის შემდეგ განრისხებულმა უფალმა ეგვიპტეს მიაყენა მრავალი სასჯელი. აი, ეს სასჯელნიც: წყალი მდინარეებში, ტბებში, წყაროებში, ჭებში ყველგან იქცა სისხლად და ეგვიპტელები უწყლოდ იხოცებოდნენ.

მერე გაჩნდნენ უთვალავი, საძაგელი მიწის ბაყაყები, რომელთაც აავსეს მთელი ქვეყანა, სახლები, სადგომები და დაუკარგეს ეგვიპტელებს მოსვენება.

შემდეგ დაეცა მთელ ეგვიპტეს უთვალავი კოღო, რომელიც არავის მოსვენებას არ აძლევდა; გაჩნდა აუარებელი შხამიანი ბუზი და მთელი ქვეყანა მოჰფინა.

ამის შემდეგ საქონელი დაავადდა ჭირითა და მთლად გაწყდა. ადამიანებს მუწუკმა გამოაყარა და ხოცავდა მათ. მოვიდა საშინელი სეტყვა და გაანადგურა მთელი ეგვიპტე. სეტყას მოჰყვა კალია, რომელმაც მოსვლიპა ყველაფერი, რაც კი გადარჩენილი იყო.

სამი დღე იდგა საშინელი სიბნელე ეგვიპტეში და იყო წყვდიადი ღამე. ყველა ეს სასჯელი დაწყებოდა ხოლმე მოსეს სიტყვითა და მისივე სიტყვით თავდებოდა, მაგრამ არც ერთი სასჯელი არ შეხებია იმ კუთხეს ეგვიპტისას, სადაც ცხოვრობდნენ ებრაელები.

ამიტომ ფარაონი და ეგვიპტელები ცხადად გრძნობდნენ, რომ ამ სასჯელით მათ სჯიდა ებრაელთა უფალი იმ ტანჯვისათვის, რომელიც მათ მიაყენეს მის ერსა.

როცა სასჯელი ძალიან შეაწუხებდა ხოლმე ეგვიპტელებსა, ფარაონი იბარებდა ხოლმე მოსეს და ეუბნებოდა: მოგვაშორე თავიდან ეს უბედურება და გავუშვებ შენ ერს ეგვიპტიდანო. მაგრამ რაწამს სასჯელი მოშორდებოდა, ფარაონი თავის აღთქმას აღარ ასრულებდა, ჯიქობდა, არ უშვებდა ებრაელებს და სხვადასხვა მიზეზით იმართლებდა თავსა.

ბოლოს მრისხანებით უთხრა მოსესა: აღარ დამენახო თვალითა, თუ კიდევ მოხვალ ჩემთანა, იცოდე, რომ სიკვდილს ვერ გადაურჩები! მოსემ მიუგო: როგორც ბრძანე, ისე იქნება. მე შენ ვეღარა მნახავ, თვით შენი ეგვიპტელი მონები მოვლენ ჩემთან და შემომევედრებიან, რომ გავიდე ეგვიპტიდან და გავიყვანო მთელი ებრაელი ერი, ვინაიდან თქვენი ჯიუტობით განრისხებულია ღმერთი, იგი საშინელებას მოგაყენებთ და მთელს ეგვიპტეში ატყდება საშინელი კვნესა და ტირილი.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

გასვლა ისრაელთა ეგვიპტიდან

(გამ. 12,3 - 37; 13,18 - 22) ბოლოს ეგვიპტელებს მიადგათ საშინელი სასჯელი: როგორც ისინი უხოცავდნენ ისრაელებს ახალნაშობ ვაჟიშვილებს, ისე ახლა იმათ დაჰკარგეს უფროსი ვაჟიშვილები.

ერთ ღამეს სიყრმის ვაჟიშვილი მოკვდა ყოველი ეგვიპტელის სახლში: ფარაონიდან დაწყებული უკანასკნელ გლეხამდის. ხოლო ისრაელებს აგრეთვე ჰქონდათ ნათქვამი ღვთისაგან მოსეს პირით, რომ ამ ღამეს ისინი სრულიად ყოფილიყვნენ მომზადებულნი ეგვიპტიდან გასასვლელად, ჩაცმულნი, დახურულნი, სარტყელშემოკრულნი და აბარგულნი.

ამასთან, უფალმა უბრძანა მათ, აღესრულებინათ შემდეგი წესი: ყოველ სახლობას უნდა დაეკლა ბატკანი, რომელიც ერთ წელზე მომეტებული არ უნდა უნდა ყოფილიყო და არც რაიმე წუნი ჰქონოდა, მისი სისხლი ჯვარედინად უნდა წაესვათ კარების თავზე გარედან, ხორცი შეეწვათ და იმ ღამესვე შეეჭამათ; ბატკნის ძვლები არც უნდა დაეხლიჩათ და არც დაემტვრიათ და რაც კი შეუჭმელი დარჩებოდათ, უნდა ცეცხლში დაეწვათ როგორც წმინდა რამე.

ამ წესის შესრულებას დაერქვა "პასექი უფლისა" შემდეგი მიზეზის გამო; როცა იმ ღამეს სიკვდილის ანგელოზმა ჩამოიარა ეგვიპტელების უფროსი ვაჟების დასახოცად, მშვიდად გაიარა იმ სახლების წინ, რომლების კარებსაც ეცხო სისხლი ბატკნისა და არაფერი დაუშავა იქ მცხოვრებ ისრაელის სახლობათა.

ბატკანი, რომელიც მოამზადეს ებრაელებმა და ჭამეს ღვთისაგან ნაბრძანები წესით, წოდებულ იქნა პასექის ბატკნად. ებრაელებმა სწორედ ისე შეასრულეს ყველაფერი, როგორც უფალმა უბრძანა.

იმავე ღამეს, სწორედ შუაღამისას, მთელ ეგვიპტეში ატყდა საშინელი ტირილი და ვაება. ყველა სახლში უცებ მოკვდა უფროსი ვაჟიშვილი.

შეშინებულმა ფარაონმა იმავ ღამეს დაუძახა მოსეს და აჰრონს და ნება მისცა ეგვიპტიდან გასვლისა მთელი ებრაელი ერითა, ეგვიპტელები თავის მხრივ აჩქარებდნენ ებრაელებს და ეუბნებოდნენ:

- გაგვეცალენით ჩქარა, თორემ თქვენი გულისათვის სულ ამოვიჟლიტებით! ებრაელები გაუდგნენ გზასა. მათ თან მიჰქონდათ ყველაფერი თავისი ნივთეულობა, სარჩო და სიმდიდრე. თან მიჰყავდათ საქონელი. იმათ გასწიეს ჩრდილოეთისაკენ, რადგანაც აღთქმის, ანუ ქანაანის ქვეყანა, სადაც მათი წინაპარნი ცხოვრობდნენ, ჩრდილოეთისაკენ იყო.

მათ თან წაიღეს იოსების ძვლებიცა, თანახმად მისი ანდერძისა, ერი ისეთი მრავალი იყო, რომ მარტო სრული ხნის ვაჟკაცების რიცხვი შეადგენდა ექვსას ათასს. მოსე წინ მიუძღოდა, ხოლო გზას უჩვენებდა თვით უფალი: იმათ წინ, მაღლა ცაში, მიდიოდა ღრუბლით ანგელოზი უფლისა; დღისით ეს ღრუბელი უჩრდილებდა მათ და იფარავდა უდაბნოს სიცხისაგან, ხოლო ღამე ცეცხლის სვეტად იქცეოდა და უნათებდა გზასა.


ებრაელების გასვლა ზღვაში

(გამ. 14,6 -32; გამ. 15,1 - 22) ებრაელთა ერი ეგვიპტიდან რომ გავიდა, ფარაონმა მეორე დღესვე ინანა, რად გავუშვი ამდენი მუშა კაცი ჩემი საბრძანებლიდან, ვინღა დაადგება ახლა იმ საქმეებს, რომელთაც ებრაელები მიკეთებდნენო? არა, იმათი გაშვება არ შეიძლება, უთუოდ უკანვე უნდა დავაბრუნოო.

საჩქაროდ შეკრიბა თავისი ჯარი, შეაბმევინა ეტლები და დაედევნა ებრაელებს. იგი საღამო ჟამს წამოეწია მათ.

ამ დროს ებრაელი ერი ისვენებდა წითელი ზღვის პირად. ფარაონის უთვალავი ჯარი რომ დაინახეს, ებრაელთ თავზარი დაეცა. საით უნდა გაქცეულიყვნენ? წინ უდგას გაუზომელი ზღვა, უკანიდან ორივე მხრით მიადგა მათ ფარაონის აუარებელი ჯარი.

ებრაელნი მიადგნენ მოსესა და დაუწყეს საყვედური: ეს რა გვიყავი შენა? რად გამოგვიყვანე გასაჟლეტად ამ უდაბნოში? განა ეგვიპტეში კი ვერ ვიშოვიდით დასამარხავ ადგილსა?

მოსე გულს უმაგრებდა მათ: ნუ გეშინიათ, მაგრად იყავით, ნახეთ, როგორ გადაგარჩენთ უფალი. ამ ეგვიპტელებს თვალით ვეღარ ნახავთ თქვენა. თვით უფალი იომებს თქვენს მაგივრადა. ხოლო თვითონ მოსე მიიქცა უფლისადმი მხურვალე ლოცვითა. უფლის შემწეობამაც არ დააგვიანა: რას მევეწები? - უთხრა უფალმა მოსესსა, უთხარი ებრაელთა, გასწიონ წინ, ხოლო შენ აიღე შენი კვერთხი, დაჰკარ ზღვასა და გაყავ იგი.

რომ ეგვიპტელები არ დასცემოდნენ, ღამითვე ებრაელთა ღმერთი თავის ღრუბლის სვეტითა მათ შუა ჩადგა, ებრაელთ უნათებდა და ეგვიპტელთ კი სიბნელეს ღამისას უხშირებდა.

მოსემ ღვთის ბრძანებით დაჰკრა ზღვას თავისი კვერთხი და მოახდინა გასაოცარი სასწაული: ზღვა ორად გაიყო, შუაში გამოჩნდა ხმელეთი, რომელსაც მარცხნივ და მარჯვნივ წყალი კედლებივით ედგა.

ებრაელები შევიდნენ ამ გასაოცარი ზღვის ორღობეში და გასწიეს იქითა ნაპირსა. ეგვიპტელებს თვალები აებათ, იფიქრეს, ისრაელნი ხმელეთის უბრალო გზაზედ მიდიანო და იმავე გზით დაედევნენ უკან. რადგანაც იმ ადგილას ზღვა ვიწრო იყო, ამიტომ ებრაელებმა მოასწრეს ერთ ღამეს გასვლა და მეორე დილაზედ, ადრიან, იქითა ნაპირას მოექცნენ.

ეგვიპტელები კი სადილაოდ მარტო ზღვაში იყვნენ შესულნი, რადგანაც გზაზედ ეტლების თვლები მალიმალ ემტვრეოდათ, ცხენები უგიჟდებოდათ და სხვა უცნაური დაბრკოლებანი უჩნდებოდათ. მხოლოდ დილას, სინათლეზედ დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ზღვაში მოქცეულიყვნენ. საშინელი შიშის თავზარი დაეცათ, ალმურმა აიტანა, აირივნენ და იწყეს ყვირილი: უკან, უკანვე დავბრუნდეთ, ვანებოთ თავი ამ შეჩვენებულ ისრაელთა, თორემ მათი ღმერთი სრულიად ამოგვწყვეტს! მაგრამ გვიანღა იყო.

ამ დროს მოსემ, იქითა ნაპირას მდგომმა, ღვთის ბრძანებით ხელმეორედ დაჰკრა თავისი კვერთხი ზღვასა, წყლის კედლები ერთმანერთისკენ გაექანენ, შეერთდნენ და ეგვიპტელები მოჰყვნენ ზღვის ფსკერზე. ფარაონი მთელი თავისი ჯარით მთლად დაიღუპა ზღვაში, ასე რომ ერთი კაციც არ გადარჩა.

ასე სასტიკად დასაჯა უფალმა ეგვიპტელები ისრაელი ერის დაჩაგვრისათვის. უფალს მომაკვდავ ცოდვად მიაჩნია ჩაგვრა, მეტადრე მთელი ხალხისა, და თავის რისხვას ადრე თუ გვიან არ ააცილებს მჩაგვრელთა!

ახლა კი ებრაელებმა ცხადად დაინახეს ყოვლად ძლიერება თავისი ღმერთისა. მათი გული აივსო მხურვალე მადლობითა, დამწკრივდნენ ერთადა და ადიდეს იგი შემდეგი საგალობელითა: ვუგალობდეთ უფალსა, რამეთუ მან საკვირველად ისახელა თავი, უფალი არს ჩემი ძალა და დიდება, იგი არს მაცხოვარი ჩემი და ღმერთი ჩემი, ვუგალობდეთ მას!

მარიამი, მოსეს და, და სხვა ქალები მეორე პირად იდგნენ და იმეორებდნენ იმავე საგალობელსა. კაი სანახავს წარმოადგენდა ეს მთელი ერის გალობა; ტრიალ მინდორზედ, ზღვის პირად, ლაჟვარდი ცის ქვეშ, უთვალავს ერსა, კაცად და ქალად დაყოფილსა, გაჰქონდა ქების გუგუნი. აღიარებდა თავის ღრმა სიხარულსა და ადიდებდა უფალსა მაღალი ხმითა, და მათ ბანს აძლევდნენ ტალღები ზღვისანი დაფრინველნი ცისანი.

მგზავრობა ისრაელთა სინას მთამდის

(გამ. 15,22 - 25; 16,1 -31; 19,1 -13) ქანაანის ქვეყნის გზა წითელი ზღვიდან მიდიოდა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ, მაგრამ ებრაელებმა ამ გზას მხარი აუქციეს. მათ სურდათ ელოცათ უფალი და მადლობა შეეწირათ იმ მთაზე, სადაც მოსეს გამოეცხადა ღმერთი.

ამიტომ მათ დაუხვიეს აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ. ისინი გაუდგნენ დიდ შიშველ უდაბნოსა, სადაც არ იყო არც ნახნავ-ნათესი, არც მწვანე, არც მდინარეები, არც წყაროები, არც ადამიანისშვილის ჭაჭანება; ცხელი ქვიშის მეტი გარშემო არა მოჩანდა-რა.

ზღვაში გასვლის შემდეგ სამი დღე უწყალოდ იყვნენ. ბოლოს მიაგნეს ერთ წყაროსა, მაგრამ წყალი შიგ მეტად მწარე იყო დასალევად სულ არ ვარგოდა. მაშინ ხალხმა დაიწყო მდურვა და ყვედრება.

მოსემ შესთხოვა შველა უფალსა და მან უჩვენა წამლად ერთი ხე. ეს ხე ღვთის ბრძანებით, მოსემ ჩააგდო წყაროში; წყალი დატკბა, სასიამოვნო გემოსი შეიქმნა და ხალხმა მოიკლა წყურვილი.

ცოტა ხნის შემდეგ ისრაელთ გამოელიათ საგზალი პური, რომელიც მათ წამოღებული ჰქონდათ ეგვიპტიდანა; იმის მაგიერ, რომ უფლისათვის ეთხოვათ შველა და შეწევნა, ისინი მიადგნენ მოსეს და აჰრონსა და დაუწყეს საყვედური: თქვენ აქ დასახოცად წამოგვიყვანეთ, ის არა სჯობდა, ისევ ეგვიპტეში მოგვღებოდა ბოლო. იქ ჩვენ ხორცი და პური თავზედ საყრელად გვქონდა. აქ კი ყველაფერს მოკლებულნი ვართ.

მოსე მიიქცა ლოცვით უფლისადმი და მან მისცა საზრდო მშიერ ხალხსა. ჯერ მოუვლინა მრავალნი გუნდნი მწყრისა და მეორე დილაზედ ისრაელთ გარშემო მიწა დაჰფინა რაღაც თეთრი და მრგვალი მარცვლითა. რა არის ესა? - ჰკითხავდნენ ერთმანერთს ისრაელნი. ეგ არის ზეციური პური, მანანა, რომელიც თქვენ საზრდოდ ღმერთმა მოგანიჭათ, -უპასუხა მოსემ.

ეს მრგვალი მარცვლები იყო ისეთი ტკბილი, როგორც თაფლი და ისეთივე ნოყიერი, როგორც საუკეთესო პური. ამის შემდეგ მანანა უცვიოდათ ციდან ისრაელთა ყოველდღე, გარდა შაბათისა, მანამ ქანაანის ქვეყანაში არ შევიდნენ და არ დაემკვიდრნენ.

მალე წყალი კიდევ შემოაკლდათ. ხელახლა ატყდა მათ შუა მდურვა. მოსემ შესთხოვა უფალს შემწეობა და მან უბრძანა, კლდეს კვერთხი დაჰკარიო. მოსემ დაჰკრა თავისი კვერთხი და კლდემ შადრევანივით გადმოსხა. მწყურვალე ხალხი სიჩქარით დაეწაფა და მოიკლა წყურვილი.

ამის შემდეგ ისრაელთ თავს დაესხა ერთი ავაზაკი ხალხი, ამალეკნი, რომელნიც იმ უდაბნოში ცხოვრობდნენ. მოსემ საომრად თავისი თანაშემწე ისო გაგზავნა, თვითონ კი მთაზე ავიდა და აღაპყრნო ხელნი მაღლა და ევედრებოდა უფალსა.

როცა მოსე ხელს მაღლა ასწევდა, ისრაელნი სძლევდნენ მტერსა, როცა დაუშვებდა, მტერი სძლევდა მათ. ეს რომ შენიშნეს აჰრონმა და ერთმა სხვა კაცმა, რომლებიც მოსესთან იყვნენ, მოსეს ორივე მხრივ დაუჭირეს მაღლა აპყრობილი ხელები და მანამ არ ჩამოუშვეს, სანამ ისრაელთ სრულიად არ დასძლიეს თავისი მტერი.


სჯულის მიცემა სინას მთაზე

(გამ. 19,1 -20; 20, 21, 22, 23) სამი თვის შემდეგ ისრაელნი მიადგნენ უფლისაგან დანიშნულ მთასა, ამ მთას ჰქონდა ორი მწვერვალი. უფრო დაბალ მწვერვალს ერქვა ქორები, სადაც მოსეს ღმერთი გამოეცხადა, და უფრო მაღალს სინა ეწოდებოდა.

თანახმად ღვთის ნებისა, ისრაელნი ჩამოხდნენ და დასცეს კარვები სინას მთის ძირსა. მოსე უფალმა მაშინვე ზევით, თავისთან, მოიხმო. იქ მას უბრძანა ციურმა ხმამა: მოამზადე ხალხი, ვინაიდან მესამე დღეს სინას მთაზედ ჩამოვა თვით უფალი ღმერთი, ხალხი გარს შემოარტყი მთასა და ყველას კი აუკრძალე, რომ მთაზედ ფეხი არავინ არ შესდგას და არ შეეხოს მას, რადგანაც ვინც მას შეეხება, უთუოდ მოკვდება.

მოსემ აასრულა ღვთის ნება, მოამზადა ხალხი და ჩააცმევინა სადღესასწაულო ტანისამოსი. მესამე დღე რომ დადგა, სინას მთა შეიმოსა შავი ღრუბელითა, გაჩნდა ჭექა-ქუხილი, იწყო საშინელი ელვა და მოისმა საყვირის ხმა.

მოსე ამ დროს იდგა მთაზედ წინაშე ღვთისა, მორთული ხალხი კი მთას გარს ერტყა და შიშით კანკალებდა. შემდეგ ყველაფერი დაიბინდა, დადგა სიმყუდროვე და ჩამოვარდა სიჩუმე.

ამ დროს მთიდან მკაფიო და გარკვეული ხმით მოისმა: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე! და უფალმა ამ სახით თავისი პირით წარმოსთქვა ისრაელთა წინაშე ათი მცნება.

მთელი ხალხი კრძალვით გაკავებული ისმენდა ღვთის სიტყვას. ჭექით და ელვით უფლის გამოცხადებამ მეტად შეაშინა ხალხი, ამიტომ მათ სთხოვეს მოსეს: უფალს მარტო შენ ელაპარაკე, ჩვენ ნუღარ გველაპარაკება პირდაპირ, თორემ შიშით დავიხოცებით; და რასაც შენ უფალი გეტყვის, ჩვენ ყველას ავასრულებთ.

მოსემ უპასუხა: არ დაიხოცებით, უფალი ეხლა იმიტომ გამოგეცხადათ ამ მრისხანე სახითა, რომ გქონდეთ მისი შიში და არ გაბედოთ დარღვევა მისი ნებისა და ბრძანებისა. შემდგომ მოსე ავიდა სინას მწვერვალზე, და შევიდა შიგ ღრუბელში. აქ უფალმა მის წინ გამოთქვა სხვადასხვა კანონი სჯულისა, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეთ ღმერთი ისრაელთ, როგორ უნდა თაყვანს სცემდნენ მას, რომელი საქმენი არიან მათთვის საამონი და რომელი საწყინონი, როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანერთი, როგორი სასამართლოები უნდა დაწესდეს ისრაელთა შორის და სხვანი.

მთიდან რომ ჩამოვიდა, მოსემ ეს ყველაფერი გამოუცხადა ხალხსა, გააგებინა, აუხსნა, ჩასწერა ცალკე წიგნში და ისრაელთ ფიცი ჩამოართვა, რომ ისინი იქნებიან ერთგულნი აღმასრულებელნი ღვთისაგან მოცემული სჯულისა და კანონებისა.


კარავი კრებულისა

(გამ. 40,1 -36; დევ. 8,1 -13) აქამდის ისრაელთ არ ჰქონდათ არც საყდარი, სადაც სალოცავად ერთად შეიკრიბებოდნენ და არც მღვდლები ჰყავდათ წირვა-ლოცვის შესასრულებლად. წირვა-ლოცვას ასრულებდნენ ყოველ სახლში უხუცესნი.

ახლა კი უფალმა უბრძანა მოსეს, რომ მას მოეწყო საზოგადო საყდარი, სადაც უნდა შეკრებილიყო მთელე ხალხი სალოცავად. მოსეს უნდა დაენიშნა ცალკეულნი პირნი წირვა-ლოცვის შესასრულებლად. საყდრის ასაშენებლად მოსემ მოსთხოვა ებრაელებს შესაწევარი. მათ დიდი სიხარულით მიიტანეს მრავალი ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და ძვირფასი ქვები საყდრის მოსაწყობად და მოსართავად. მოსემ პირველად გააკეთებინა მოძრავი საყდარი, რომელიც ისეთნაირად მოაწყობინა, რომ როცა სურდათ, დაშლიდნენ და თან ადვილად წაიღებდნენ და როცა სურდათ, ისევ დასდგამდნენ ერთს ადგილსა.

ამ საყდარს ერქვა კარავი კრებულისა. იგი ფარდით გაყოფილი იყო ორად: ფარდის ერთ განყოფილებას ერქვა "წმინდა წმინდათა", მეორეს - "საწმინდაო". წმინდა წმინდათაში იდგა ოთხკუთხედი სკივრი, რომელშიაც იდვა ორი ქვის ფიცარი ათი მცნებით წარწერილნი.

ამ სკივრს ერქვა კიდობანი სჯულისა. როცა კარავი კრებულისა სრულიად დამზადდა, მოსემ აკურთხა იგი. მაშინ ღრუბლის სვეტი ჩამოვიდა მასზედ და შემოერტყა გარსა, ეს იყო იმის ნიშანი, რომ თვით უფალმა დასახა იგი წმინდა ადგილად და თავის სახლად.

ამის შემდეგ ეს სვეტი ღრუბლისა მუდამ ადგა თავზედ კარავსა, მანამ ისრაელნი აღთქმის ქვეყანაში შევიდოდნენ. როცა ეს სვეტი დაიძვრებოდა და მაღლა ავიდოდა, ისრაელნი აიშლებოდნენ და გაუდგებოდნენ გზასა; როცა იგი გაჩერდებოდა და კარავზედ ჩამოეშვებოდა, ისინი დადგებოდნენ და დროებით ბინავდებოდნენ წირვა-ლოცვისთვის.

მოსემ დანიშნა მთელი შთამომავლობა იაკობის ერთი შვილისა, სახელად ლევისა, საყდრის მსახურად. თვითონ მოსე და აჰრონიც მისივე შთამომავალნი იყვნენ. მოსემ თავისი ძმა აჰრონი დანიშნა მღვდელმთავრად. მღვდლებად დააყენა მისი შვილები; ხოლო მომსახურეობა საყდარში, კარვის დაშლა-გამართვა, მისი გადატან-გადმოტანა, ჩააბარა დანარჩენ ლევიტელთ. ეს თანამდებობანი მათ საშვილიშვილოდ დაუმკვიდრა.

აჰრონის შთამომავლობაში უფროსი შვილი მღვდელმთავარი იყო ხოლმე, სხვანი იყვნენ მღვდლები, მოსმსახურობა საყდრისა ლევიტელთ დაუკვიდრათ სამუდამოდ. მარტო მღვდელმთავარი და მღვდლები შედიოდნენ "საწმინდაოში". ხალხს კი იქ შესვლის ნება სრულიად არ ჰქონდა: იგი ისმენდა წირვა-ლოცვას ფართო ეზოში, რომელიც გარს ერტყა კარავსა.

"წმინდა წმინდათა" კი შეუვალი იყო ყველასათვის. მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა უფლება წელიწადში ერთხელ შესულიყო შიგა მაშინ, როდესაც შესწირავდა ხოლმე მსხვერპლსა მთელი ხალხის შეცოდებათა მიტევებისთვის.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ფიცის დარღვევა ისრაელთაგან

(გამ. 31, 18; გამ. 32,33, 34) სულმოკლე ისრაელთა მეტად ჩქარა დაარღვიეს თავისი ფიცი, გადაუდგნენ ღვთის ნებასა და საშინლად განარისხეს უფალი. მოსე, თანახმად ღვთის ბრძანებისა, ისევ ავიდა სინას მთაზედ. აქ მან გაატარა ორმოცი დღე, ესაუბრებოდა უფალსა; ისმენდა მისგან დარიგებათა და ბოლოს მიიღო მისგან ორი ქვის დაფა, რომლებზედაც თვით უფლისაგან იყო დაწერილი ათი მცნება.

მოსეს დაგვიანებამ საშინელ ცოდვაში ჩააგდო ისრაელნი: როდესაც ნახეს, რომ მოსე დიდხანს აღარ ჩამოვიდა მთიდან, მათ იფიქრეს, ჩვენთან იგი აღარ დაბრუნდებაო და გადაწყვიტეს ღვთის გამოხატულების გაკეთება, რომ შემდეგ ის გაემძღვარებინათ წინა და ისე წასულიყვნენ თავის გზაზედა.

კერპის გასაკეთებლად ყველამ მოიტანა რაც კი ოქროს ნივთეულობა ჰქონდათ: ბეჭდები, საყურეები და სხვანი. ოქრო ჩაყარეს ცეცხლში, დაადვნეს, გამოიყვანეს ხბოს თავის სახე, დაასვენეს იგი ცალკე მაღალ ადგილზედ. დაუწყეს თაყვანისცემა და მსხვერპლის შეწირვა; დღესასწაულობდნენ, ევედრებოდნენ და ამბობდნენ: "აი, ღმერთი, რომელმაც ჩვენ ეგვიპტიდან გამოგვიყვანა".

გაჯავრებულმა უფალმა მთაზედვე უთხრა ეს ამბავი მოსესა და დაემუქრა: მაგ საშინელი შეცოდებისათვის ამოვხოცავ მთელ ხალხსაო. მოსე გამოეჩქარა მთიდან, შორიდანვე დაინახა ურჯულო საქმე თავისი ხალხისა, მეტად შეწუხდა და გაჯავრებულმა იქვე დაახეთქა და დაამტვრია ჩამოტანილი ქვის დაფები.

მოსე როცა ებრაელებთან მივიდა, კერპიც დაამსხვრია, მერე უბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ამ საქმის წამომწყებნი და მოთავენი; შემდეგ ხალხს გამოუცხადა, რომ: უფალი თქვენ აღარ გაგიწევთ თავის მფარველობასა, აღარ გიჩვენებთ შემწეობასა და მიიქცევს იქით პირსა თვისსაო.

ამის შემდეგ მოსე ახლად შედგა სინას მთასა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მთის მწვერვალზე უჭმელ-უსმელი, მტკნარად მშიერი მარხულობდა და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთსა, რათა მას მოეტევებინა ისრაელთათვის მათი მძიმე შეცოდება: უფალო, მე დამსჯე იმათ მაგიერ და იმათ კი აპატივე, - ეხვეწებოდა ღმერთსა მოსე, რომელსაც თავისი ხალხი თავის თავზე ბევრად მომეტებულად უყვარდა და მზად იყო მისი ბედნიერებისათვის თავი გაეწირა.

ამ დროს თვით ისრაელის ერიც, უფლის მუქარისაგან გონზე მოსული, მწარე ცრემლსა ღვრიდა და წმინდის გულით ნანობდა თავის მძიმე შეცოდებასა უფლის წინაშე.

უფალმა ნახა წრფელი სინანული ისრაელთა, მიიღო მოსეს ვედრება და აპატია შეცოდება მათი. მან უბრძანა მოსეს, ხელმეორედ გაეკეთებინა ორი ქვის დაფა, დამტვრეულების მაგივრად, და ასულიყო კიდევ მაღალ მთაზედ და აეტანა თან ეს ქვები.

მოსემ მთაზედ კვლავ დააგვიანა ორმოცი დღე, იყო მარხულობაში და ლოცვაში, ესაუბრებოდა უფალსა და მიიღო მისგან იგივე მცნებანი, დაწერილი მისგან ატანილ ქვის დაფებზედ. ბოლოს ჩამოვიდა ძირს ერთან და ახარა მათ მიტევება მათი შეცოდებისა და ხელმეორედ დააფიცა ხალხი, რომ იგი მტკიცედ იდგება უფლის რჯულზედ და არასდროს აღარ უღალატებს მას.


საფლავი მსუნაგობისა

(რიცხ. 11,1 - 34) სინას მთასთან ისრაელებმა გაატარეს მთელი წელიწადი. აქვე იდღესასწაულეს წლისთავი თავისი გამოსვლისა ეგვიპტიდან, მეორე წლის დამდეგს ღრუბლის სვეტი, რომელიც მათ მოძრავ საყდარს ადგა თავსა, დაიძრა და გასწია წინ. მთელი ხალხი აიბარგა და გაჰყვა მას. ძალიან უხაროდათ, ახლა კი მალე მივალთ აღთქმულ ქვეყანაშიო, მაგრამ ეს მისვლა თვითონვე დააგვიანეს თავის მოუთმენლობით, სულმოკლეობით და აბეზრობით.

სამი დღე უდაბნოში მშვიდობიანად იარეს, მაგრამ მეოთხე დღეს კი ასტეხესAჩივილი და ტირილი: რატომ ხორცეული საჭმელი არა გვაქვსო? ვინ გაგვაძღობს აქ ხორცითა? - ამბობდნენ ტირილით ისრაელნი. ეგვიპტეში პატიოსნად ვიყავით, რა გვრჯიდა, რად წამოვედით? თევზი თავზე საყრელი გვქონდა, არ გვაკლდა არც კიტრი, არც ნესვი, არც სხვა და სხვა მწვანილი. აქ კი გაგვიჭირა საქმე მარტო მანანის ჭამამ და მოგვაძულა თავი!

მწარედ მოედებოდა ხოლმე გულზედ მოსეს როდესაც მისი საყვარელი ერი იჩენდა ამისთანა მოუთმენლობასა და სულმოკლეობასა. იგი მიიქცა ახლაც უფლისადმი მხურვალე ლოცვითა: მომბეზრდა, უფალო, ხელით ტარება ამ ერისა, აღარა მაქვს თავი მისი დაუდეგარობის ატანისა! უკეთესია, სიკვდილი მომივლინო და მომარჩინო მათ! სად ვუშოვნო ეხლა მათ ხორცი? ისინი სტირიან და მთხოვენ მას!

მაშინ უფალმა უთხრა ერსა: დაიცადეთ, ხვალვე სჭამთ თქვენ ხორცსა და იგი თავზედ საყრელი გექნებათ არა ერთს დღესა, არც ორსა, არც ხუთსა, არც ათსა და არც ოცსა, არამედ მთელ თვესა, მანამდე იგი არ გაწყენთ და საშინლად მოგაბეზრებთ თავსა.

მაგრამ მოსემ უთხრა: უფალო, აქ ექვსასი ათასი მარტო მამაკაცია, საიდან უნდა ვაჭამო მათ მთელი თვე ხორცი? თუ ჩვენ საქონელს მთლად დავხოცავთ და შევკრიბავთ მთელი ზღვის თევზსა, თორემ სხვა მხრით როგორ დავიოკებთ ამ ხალხს.

ხოლო უფალმა მიუგო: განა მძლავრი არ არის ხელი ჩემი? აბა, დაინახავ შენ, ასრულდება ჩემი სიტყვა, თუ არა! უცებ ამოვარდა ქარი ზღვის მხრიდან და მოიტანა თანა უთვალავი გუნდნი მწყრისა. ეს გემრიელი ფრინველი აუარებელი რაოდენობით დაედო მიწასა, ისრაელთ ბინის გარშემო ერთი დღის სავალზედ სრულიად დაჰფინა დედამიწა.

ხალხი დაფაციცებული დაეხვია მწყრებსა და მრავალს იჭერდა. ჯერ შესაჭმელი მწყრები კიდევ ბევრი იყო დარჩენილი, როცა მსუნაგ ხალხს გაუჩნდა საშინელი ავადმყოფობა, რომელმაც მრავალი გაწყვიტა. იმ ადგილას, სადაც დახოცილები დამარხეს, ხალხმა შეარქვა "საფლავნი მსუნაგობისა".


გაგზავნა დამზვერავთა


(რიცხვ. 13,1 - 34; 14,1 - 37) ბოლოს ისრაელნი მიუახლოვდნენ იმ ქვეყანას, სადაც ისინი მიჰყავდა ღმერთსა. შესვლამდის მოსემ, ღვთის ბრძანებით, გაგზავნა თორმეტი კაცი ისრაელის თორმეტი ტომიდან იმ ქვეყნის დასაზვერად და გასასინჯადა, მათ ჩუმად უნდა დაეარნათ ეს ქვეყანა და შეეტყოთ: როგორი მიწაა, რამდენად ნაყოფიერია, რამდენი მცხოვრებია, რამდენად მამაცნი და მძლავრნი არიან ისინი.

თორმეტმა გაგზავნილმა დამზვერავმა მშვიდობიანად შეასრულა მინდობილი საქმე და ორმოცი დღის შემდეგ უკანვე დაბრუნდა. თან მათ მოიტანეს იქაური ხილი საჩვენებლად და უთხრეს ხალხსა: მარტო იმ მიწას გამოსდის რძე და თაფლი, ე. ი. იგი არის მდიდარი, მშვენიერი და ნაყოფიერი იალაღებით და სავსე ფუტკრითა, მაგრამ იქ მცხოვრები ხალხი არის მეტად მძლავრი და ცხოვრობს დიდ და ძალიან გამაგრებულ ქალაქებში.

ამასთან ათმა მზვერავთაგანმა თავისი დაუკვირვებელი ლაპარაკით ხალხში შიში ჩააგდო: ჩვენ იქ ისეთი გოლიათები ვნახეთ, რომ მათთან ჩვენ გამოვჩნდით ქინქლებადა. ამ სიტყვებმა აღძრა ხალხში საშინელი ყვირილი, კივილი, კვნესა - ჩივილი მოსეზედ და ღმერთზედ: ჩვენ ღმერთს იქ სწორედ დასახოცად მივყევართ და ჩვენი ცოლ-შვილის დასატაცებლად ქანაანელთა ხელით! ის არა სჯობიან, რომ ისევ ეგვიპტეში დავბრუნდეთ? - ერთმანერთში იწყეს მოლაპარაკება, დაჰკრავდნენ პირობასა, რომ ამოერჩიათ ახალი წინამძღვარი და დაბრუნებულიყვნენ ისევ ეგვიპტეში.

მოსე, აჰრონი, ისო ნავე და ქალევი ძალიანა სწუხდნენ ამ ხალხის უგუნურებას და ეხვეწებოდნენ: ღმერთი მოწყალეა ჩვენი; იგი შეგვიყვანს იმ ქვეყანაში, ნუ ხართ მისი წინააღმდეგი; ნუ გეშინიათ ქანაანის მცხოვრებლებისა, მათ მშველელი არავინა ჰყავთ, ჩვენთან კი არს ღმერთი!

მაგრამ ხალხი უფრო გაცეცლდა და იწყო ყვირილი: ჩავქოლოთ ეგენი ქვითა! მაგრამ ამ დროს ღრუბლის სვეტმა, რომელიც კარვის თავზე იდგა, საშინლად გაანათა - ეს უფალი გამოცხადდა. შფოთი იმწამსვე დამშვიდდა. უფალმა უთხრა მოსეს: რამდენი ხანი უნდა მაჯავროს მე მაგ ხალხმა? რამდენი ხანი უნდა იყვნენ ჩემი ურწმუნო? გავაწყობ მაგათ დედამიწის ზურგიდან და შენგან წარმოვშობ უფრო მრავალს და ძლიერ ხალხსა.

მოსემ დაუწყო ხვეწნა და ვედრება ღმერთსა: უფალო, მიუტევე ამ ხალხს ეს შეცოდებაც შენი დიდი მოწყალების გამო, როგორც აქამდე მიგიტევებია მისთვის სხვა შეცოდებანი.

უფალმა უპასუხა: მომიტევებია შენი ლოცვის გამო. მაგრამ ამსთან ხალხს გამოუცსადე: არ ეღირსება ქანაანის ქვეყანას ეგ ბოროტი და სულმოკლე ერი, რადგანაც მრავალჯერ წინ აღმიდგნენ მე; ორმოც წელიწადს იწანწალებენ უდაბნოში, მანამ არ ამოიხოცებიან ყველანი, ოც წელიწადზე უფროსნი. მე მხოლოდ მათ შვილებს შევიყვან აღთქმულ ქვეყანაში და დავუმკვიდრებ მათ. ხვალვე დაბრუნდით წითელი ზღვის პირას.

აჯანყების მოთავენი, ათნი დამზვერავნი, მაშინვე იქმენ დასჯილნი: ისინი უცებ დაეცნენ მიწაზე და დაიხოცნენ. მეტად დაღონებულ-დაძმარებული ისრაელნი გაბრუნდნენ უკანა და ორმოცი წელიწადი დაეხეტებოდნენ უდაბნოში: გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე.


სპილენძის გველი


(რიცხ. 21,6 - მ9) ვერავითარმა საშინელმა სასჯელმა ვერ ასწავლა ჭკუა ისრაელთა და ვერ გადააჩვია ისინი ღვთის ურწმუნოებას და წინააღმდეგობასა. წამდაუწუმ ასტეხდნენ ხოლმე ისინი ჩივილს და საყვედურს ღმერთისა და მოსეს მიმართ და ღვთის რისხვას დაიმართებდნენ ხოლმე.

ყოველ ამისთანა შემთხვევაში მოსე იყო მათი მოსარჩლე, შუამავლობდა უფლის წინაშე, შეევედრებოდა ხოლმე და აპატიებინებდა ურჩობასა და წინააღმდეგობასა.

ერთ ადგილას ღმერთმა დაახვედრა ისრაელთა მათი ურჩობის და კერპობის გამო შხამიანი გველები. ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცა. ისრაელნი შეიკრიბნენ მოსესთანა და სთხოვეს: დამნაშავენი ვართ, გთხოვთ, გვაპატიო და შეევედრო ჩვენთვის ღმერთსა; რომ მან დაგვიხსნას ამ შხამიანი გველებისაგან.

მოსე შეეხვეწა ღმერთსა და მან მიუტევა ისრაელთ შეცოდება და უშველა ამგვარად: უბრძანა მოსეს გაეკეთებინა სპილენძის გველი და ჩამოეკიდნა მაღალ სარზედ. ვინც დაშხამული იქნება გველისაგან, უნდა ამ გველის სახეს შეხედოს და გადურჩება სიკვდილსა, - უთხრა უფალმა მოსესა.

მოსემ შეასრულა მაშინვე ღვთის ბრძანება და მას უკან ვინც კი დაშხამული შეხედავდა ამ სპილენძის გველს, ყველანი უვნებელნი ხდებოდნენ. ეს სპილენძის გველი ისრაელთ მას უკან შენახული ჰქონდათ თავის კარავში სახსოვრად სასწაულისა.


მოსეს სიკვდილი

(რიცხვ. 20,1 - 29; 2 სჯ. 3,24 - 27; 4,1; 34,1 -7) ორმოცი წლის მოგზაურობის მანძილზე უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსული ყველა მოზრდილი ებრაელი დაიხოცა, გარდა ისო ნავესი და ქალევისა. ღმერთმა არ აღირსა მათ შესვლა და ნახვა ქანაანის ქვეყნისა მრავალი შეცოდების გამო.

არ ეღირსნენ აღთქმის ქვეყანაში შესვლასა არც აჰრონი და არც მოსე. არ ეღირსნენ იმიტომ, რომ ერთს შემთხვევაში სწორედ არ აასრულეს მათ ღვთის ნება და ეჭვის სიტყვა გააგონეს ხალხს.

საქმე მოხდა ამგვარად: მიახლოებულნი იყვნენ ისრაელნი ქანაანის ქვეყნის საზღვარსა, როდესაც მათ წყალი შემოაკლდათ; სულმოკლე ხალხმა მაშინვე დაუწყო ჩივილი მოსეს: რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან ამისთანა უდაბურ ადგილას, სადაც არც ნაყოფია რამე და არც წყალი მოიძიება დასალევადო?! შეწუხებული მოსე და აჰრონი შევიდნენ კარავში და იწყეს ლოცვა უფლისადმი. უფალმა უბრძანა: შეჰკრიბეთ მთელი ხალხი ერთად და ყოველთა წინაშე უბრძანეთ კლდესა წყლის გამოდენა.

მოსემ აიღო თავის კვერთხი, მიიყვანა ხალხი კლდის ძირსა და გაჯავრებით უთხრა: თქვე ურჩნო, რომ ყვირით წყალი-წყალიო, საიდან გავაჩინოთ ჩვენ იგი თქვენთვის? განა ამ კლდიდან შეიძლება გამოვადინოთ ჩვენ წყალი? და გაჯავრებულმა ორჯელ ზედიზედ დაჰკრა კლდეს კვერთხი და კლდიდან მაშინვე წყალმა უხვად დაიწყო დენა და ხალხი დაეწაფა მას.

აქ მოსეს სამი შეცდომა მოუვიდა და ღმერთს ამით ძალიან აწყენინა: ჯერ ეჭვით უთხრა ხალხსა, განა ჩვენ შეგვიძლია ღვთის ძალით აქედან წყალი გადმოვიყვანოთო? ამ სიტყვებით მან თავისი ეჭვი გამოაცხადა ხალხის წინაშე ღვთის შემძლეობაზედ, როდესაც რომ იგი ვალდებული იყო მტკიცე და შეურყეველი სარწმუნოება და იმედი ღვთისა ეჩვენებინა ხალხისათვის, რომელიც უიმისოდაც ბევრჯერ იჩენდა ურწმუნოებასა; მეორე: მოსეს, ღვთის ბრძანების თანახმად, კლდისათვის უნდა ებრძანებინა წყლის გამოდენა და არა ჯოხი დაეკრა; მესამე: ერთის მაგივრად, ორჯერ დაჰკრა ჯოხი, თითქო ერთის დაკვრით ღმერთს არ შეეძლო წყალი გამოედინა კლდიდან.

ამიტომ უფალმა უთხრა მოსეს და აჰრონს: რადგანაც თქვენ ხალხს ჩემს შემძლეობაზედ ეჭვის სიტყვა გააგონეთ და მაგალითი არ აჩვენეთ, თუ როგორ მტკიცედ უნდა ვწამდე, ამიტომ თქვენ არ შეიყვანთ ამ ხალხსა აღთქმულ ქვეყანაში.

აჰრონი მოკვდა მოსეზე ადრე. აჰრონი იყო მღვდელმთავარი ისრაელთა. სიკვდილის წინ იგი, ღვთის ბრძანებით, ავიდა ერთ მთაზედ მოსესთან და თავის უფროს შვილთან ერთად. იქ მოსემ, მთელი ხალხის თვალწინ, გაჰხადა აჰრონს მღვდელმთავრის ტანისამოსი და ჩააცვა მის შვილს, რომელსაც მამის თანამდებობა ჩააბარა. ცოტა ხანს უკან ამ მთაზედ მოკვდა აჰრონი.

მეორმოცე წელიწადი რომ თავდებოდა, ისრაელნი მიადგნენ ქანაანის ქვეყნის საზღვარს. ამ ქვეყნიდან მათ ჰყოფდათ მარტო მდინარე იორდანე. მოსე ევედრებოდა ღმერთსა, რომ მას ეღირსებინა მისი საყვარელი ხალხის შეყვანა ამ ქვეყანაში, მაგრამ უფალმა უბრძანა: ნუ მთხოვ მაგას, ადი ახლო მთაზედ, იქიდან გადახედე ქვეყანას, რომელიც მე მივეცი ისრაელის ხალხსა, და მოკვდი, იქ შენ ვერ შეხვალ.

მოსემ დაიწყო მომზადება სასიკვდილოდ. იგი გამოესალმა მთელ ხალხს, შეეხვეწა ყველას, რომ ყოფილიყვნენ მორწმუნენი და მორჩილნი ღვთისანი, არ დაევიწყებინათ მისი სიკეთე და მზრუნველობა და წმინდად, შეურყვნელად დაეცვათ მისი კანონები და ბრძანებები.

ბოლოს მოსემ აკურთხა მთელი ხალხი, ავიდა ახლო მთაზედ, დახედა აღთქმის ქვეყანსა და მიაბარა უფალს თავისი ღვაწლით სავსე სული. მისი უკანასკნელი სურვილი და ვედრება იყო თავისი ხალხის ბედნიერება, რომელსაც მან ყველაფერი შესწირა.

მის სიკვდილს არავინ დაესწრო, ასეთი იყო ნება ღვთისა. მოსეს გვამი დამარხეს ანგელოზებმა და მისი საფლავი უცნობი დარჩა ყველასათვის. მოსე მოკვდა ას ოცი წლისა.

მოსემ თავის შემდეგ დატოვა ხუთი წიგნი. ამ წიგნებში მან ჩასწერა ყველაფერი, რაც კი ღმერთმა ჰქმნა ადამიანთათვის ქვეყნის შექმნიდან დაწყებული მოსეს სიკვდილამდის; აგრეთვე შიგ მოაქცია რაც კი უფალმა სხვადასხვა დროს ასწავლა ადამიანებს და გამოხატა შიგ სჯულნი და კანონნი, რომელიც ღმერთმა ისრაელის ერს მისცა.

რაც აქამდის გვიამბნია, ყველაფერი ამ წიგნებიდან არის ამოღებული. მოსე თვითონ როდი სთხზავდა, ის სწერდა მას, რასაც ღმერთი აგონებდა და ასწავლიდა. ამიტომ მის დაწერილწიგნებს ჰქვიათ "სიტყვა ღვთისა" ანუ "საღმრთო წერილი".

ტროპარი: მართალო, მშვიდო, გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დანთქმულო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინასწარმეტყუელთა დასაბამო, მოსე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ.

კონდაკი: სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინასწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ დიდებასა ღმრთისასა, რომელმან ფიცარი სჯულისანი მის მადლისანი მოიხუენ და გამოსახულნი მადლნი თავსა შორის შენსა გიტვირთავს, და იქმენ წინასწარმეტყელთა დიდებაი და პატივი და ღმრთისმსახურებისა დიდი მესაიდუმლოე.

კონდაკი: გუნდნი წინასწარმეტყელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით დღესასაწაულობენ, რამეთუ აღსასასრული წინასწარმეტყუელებისა მათისა აღესრულა ჩუენ ზედა, რამეთუ ბრწყინავს დღეს ქრისტე, რომლითა გვიხსნა ჩუენ ქრისტემან, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.

................................................

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


ორმოცდღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ უფალმა უჩვენა განსაკუთრებული სახით თავისი დიდება და უბრძანა, ქვის ფილებზე წაეწერა ათი მცნება

მოსე წინასწარმეტყველი - ღმრთის მხილველი და სჯულის დამდებელი




იხილეთ დასაწყისი



ბეჭდვა
1კ1