წინასწარმეტყველი სამოელი (XI ს. ქრისტეს შობამდე) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
წინასწარმეტყველი სამოელი (XI ს. ქრისტეს შობამდე) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
წინასწარმეტყველი სამოელი, ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული, ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა - ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ერთხელ ტაძარში ასულმა ქალმა ვედრება დაუწყო უფალს და ცხარედ ტიროდა.

აღუთქვამდა: საბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.

დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო მღვდელმთავარი ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა. რაკი ანა გულში ლაპარაკობდა, ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ელიმ.

- რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან, - უთხრა ელიმ.

- არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს. უგვანი დედაკაცი ნუ გეგონება შენი მორჩილი. მხოლოდ დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენხანს, - მიუგო ანამ.

- წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთი აგისრულებს სათხოვარს, - უთხრა მღვდელმთავარმა.

- ნეტავ მადლი პოვოს შენმა მორჩილმა შენს თვალში, - თქვა ანამ და წავიდა თავისი გზით.

ერთი წლის შემდეგ დაორსულდა ანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამოელი, რაც უფლისგან გამოთხოვილს ნიშნავს. მისი ქმარი ელკანა ტაძარში წავიდა მთელი სახლეულითურთ, უფლისათვის ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად და თავისი აღთქმის აღსასრულებლად. ანა არ წასულა, ქმარს უთხრა: როცა ძუძუს მოსწყდება, მაშინ წავიყვან. გა¬მოცხადდება უფლის წინაშე და სამუდამოდ იქ დარჩება.

მაშინ ქმარმა უთხრა: ისე მოიქეცი, როგორც გერჩიოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე. ოღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი ნათქვამი.

დარჩა ანა და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა. როცა გამოზარდა, წაიყვანა იგი უფლის სახლში, სილოამში. თან სამი კურატი, ერთი ეფა ფქვილი და ერთი ტიკი ღვინო წაიტანა. ჯერ კიდევ ჩვილი იყო ყმაწვილი.

დაკლეს კურატი და ელის მიუყვანეს ყმაწვილი. ანამ მღვდელმთავარს შეახსენა: იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი, შენს ახლოს, და უფალს ვევედრებოდი. ამ ყმაწვილის გამო ვევედრებოდი და, აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რასაც ვთხოვდი. ამიტომაც უფლისათვის მიმიბარებია იგი. ვიდრე ცოცხალია, უფლისთვის იქნება მიბარებული.

ელკანა და ანა რამათს, შინ დაბრუნდნენ, ყმაწვილი კი მღვდელ ელისთან დარჩა უფლის მსახურად, მას სიყრმიდანვე სელის ეფოდი ემოსა. დედა პატარა წამოსასხამს უკერავდა ხოლმე და ამოუტანდა, როცა ქმართან ერთად ყოველწლიურად მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა. ელი აკურთხებდა ელკანას და მის ცოლს და ეტყოდა:

- უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას უფალს მიბარებულის ნაცვლად.

მართლაც მოჰხედა უფალმა ანას, ის დაორსულდა, შვა სამი ვაჟი და ორი ასული. ყრმა სამოელი კი უფალთან იზრდებოდა. ელი მღვდელმთავარი ამ დროს უკვე ძალზე მოხუცდა. მას ორი ვაჟი ჰყავდა, ოფნი და ფინეზი. ისინი ბიწიერი ადამიანები იყვნენ: არც უფალი იცოდნენ და არც მღვდლობის მოვალეობას ასრულებდნენ სათანადოდ. დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდნენ საუფლო ძღვენს. ელის გაგებული ჰქონდა ყველაფერი, როგორ იქცეოდნენ მისი შვილები მთელ ისრაელში, რომ წვებოდნენ იმათ ცოლებთან, ვინც სადღესასწაულო კარვის კართან სამსახურს სწევდა. ცდილობდა მათ გონზე მოყვანას:

- რატომ აკეთებთ ამას? ხალხისგან მესმის თქვენი უკეთურობის ამბავი. ნუ იზამთ, შვილებო! გზიდან აცდენთ უფლის ერს.

მაგრამ მათ მამის სიტყვა არ ისმინეს. ყრმა სამოელი კი იზრდებოდა და მშვენდებოდა უფლისა და ხალხის თვალში.

ერთხელ ვინმე ღვთისკაცი ელისთან მივიდა და უთხრა:

- ასე თქვა უფალმა: ხომ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას? ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა შტოდან, ჩემს მღვდლად, რომ ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად, რომ ეფოდი ეტარებინა ჩემ წინაშე. მე განვუკუთვნე მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო მსხვერპლი. რატომ წიხლავთ ჩემს მსხვერპლს და შესაწირავს, ტაძრისთვის რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის შესაწირავის ნათავარით? ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა: მარადიულად ივლიან ჩემ წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან. აჰა, მოაწია ჟამმა და უნდა მოვკვეთო შენი მკლავი და მამაშენის სახლის მკლავი ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩეს შენს სახლში. დაინახავ მეტოქეს ტაძარში, როცა კეთილი დღე დაუდგება ისრაელს, შენს სახლში კი მოხუცებული არასოდეს იქნება. ყველას არ მოგიკვეთთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები გევსებოდეს და სული გიწუხდეს. მაგრამ შენი სახლის მთელი მამრული მონაგარი გაწყდება. აჰა, ნიშანი, რომელიც ახდება შენს ორ ვაჟზე - ოფნიზე და ფინეზზე: ერთ დღეს დაიხოცებიან ორთავენი. დავიყენებ ურყევ მღვდელს, რომელიც ჩემს ნებაზე მოიქცევა, ავუშენებ ურყევ სახლს, რათა სულ მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს.

როგორც უკვე ვთქვით, ყრმა სამოელი უფალს ემსახურებოდა ელისთან. უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში; ხილვები არ იყო ხშირი.

ერთხელ ელი თავის ადგილზე იწვა (თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა), ღვთის სანთელი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი და სამოელს უფლის ტაძარში ეძინა, სადაც ღვთის კიდობანი იდგა.

დაუძახა უფალმა სამოელს. გაეპასუხა: აქა ვარ. გაიქცა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, წადი, დაწექი. ისიც წავიდა და დაწვა.

კვლავ დაუძახა უფალმა სამოელს. ადგა სამოელი, მივიდა ელისთან და უთხრა: - აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, შვილო, წადი, დაწექი.

მესამეგზის დაუძახა უფალმა სამოელს. ადგა, მივიდა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. მიხვდა ელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს და უთხრა: წადი, დაწექი. თუ დაგიძახეს, უთხარი: ბრძანე, უფალო, გისმენს შენი მორჩილი. წავიდა სამოელი და დაწვა თავის ადგილზე.

უფალმა კვლავ დაუძახა.

- ბრძანე, რადგან გისმენს შენი მორჩილი, - მიუგო ყმაწვილმა.

უფალმა უთხრა სამოელს:

- ისეთ რასმე მოვახდენ ისრაელში, რომ ყოველი მისი გამგონე ორთავე ყურით დაყრუვდება. იმ დღეს თავიდან ბოლომდე აღვასრულებ ელიზე ყველაფერს, რაც მის სახლზე წარმოვთქვი. ხომ გამოვეცხადე, რომ უკუნისამდე განვსჯიდი მის სახლს უკეთურების გამო, რადგან იცოდა, რომ თავს ირცხვენდნენ მისი შვილები და არ ამხილებდა მათ. ამიტომაც დავემუქრე ელის სახლს, არც მსხვერპლით და არც ძღვენით არ გამოისყიდება უკუნისამდე ელის სახლის უკეთურება-მეთქი.

დილამდე ეძინა სამოელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.

- რაზე გელაპარაკა? - ჰკითხა ელიმ სამოელს, - ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.

მაშინ სამოელმა გადასცა უფლის ნათქვამი, არაფერი დაუმალავს მისთვის. ელიმ თქვა: უფალი ყოფილა. ქმნას, რაც ენებოს.

იზრდებოდა სამოელი და უფალი იყო მასთან. შეიტყო მთელმა ისრაელმა, რომ სამოელი უფლის წინასწარმეტყველად იქნა დამტკიცებული.

მალე ღვთის რისხვა მოიწია ელის ოჯახზე და სრულიად ისრაელზე. ისრაელს ფილისტიმელები შემოესივნენ. მათ ოცდაათი ათასი ისრაელი, მათ შორის ელის ძეები - ოფნე და ფინეზი ერთ დღეს ამოხოცეს და ტაძრის კიდობანიც გაიტაცეს.

ეს რომ შეიტყო, თავზარდაცემული ელი წაიქცა, ხერხემალი გადაიმტვრია და მოკვდა. ისრაელის დაცემით შეძრწუნებულ ფინეზის ცოლსაც მშობიარობისას აღმოხდა სული.

შვიდ წელიწადს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში. ამის გამო უფალმა მრავალი განსაცდელი მოუვლინა და მაშინ იძულებულნი გახდნენ, იგი ისრაელისთვის დაებრუნებინათ.

გავიდა ოცი წელი და მოენატრა უფალი მთელ ისრაელს. ასე უთხრა სამოელმა მთელ ისრაელის სახლს:

- თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები; მიმართეთ გულები უფლისკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.

დაუჯერეს ისრაელიანებმა სამოელს, მოიშორეს ცრუ ღმერთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ. უთხრა მათ სამოელმა: შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და შევევედრები თქვენთვის უფალს.

შეიკრიბნენ მიცფაში; ამოჰქონდათ წყალი და უღვრიდნენ უფალს და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: შევცოდეთ უფალს. განსაჯა სამოელმა ისრაელიანები მიცფაში.

ფილისტიმელებმა შეიტყვეს, რომ მიცფაში იყვნენ შეკრებილნი ისრაელიანები, და დაიძრნენ ფილისტიმელთა მთავრები ისრაელის წინააღმდეგ. გაიგეს ისრაელიანებმა და შეუშინდნენ ფილისტიმელებს.

ისრაელიანებმა სამოელს უთხრეს: ნუ შეგვიწყვეტ უფლის, ჩვენი ღვთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთაგან. აიყვანა სამოელმა ძუძუთა ბატკანი და მთლიანად აღუვლინა იგი უფალს. შეჰღაღადა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა. როდესაც სამოელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.

სამოელმა აიღო ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და კლდის შვერილს შორის, თქვა: აქამდე შეგვეწია უფალი. და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა). ამის მერე დასცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შე¬მოდიოდნენ ისრაელის საზღვრებში. უფლის ხელი იყო ფი¬ლისტიმელებზე სამოელის სიცოცხლეში. ისრაელის მსაჯული იყო სამოელი მთელი თავისი სიცოცხლე. დადიოდა იგი წლიდან წლამდე, მიმოივლიდა ბეთელს, გილგალს და მიცფას, და განსჯიდა ისრაელს ყველა ამ ადგილში. ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს.

როცა მოხუცდა სამოელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა. მის პირმშოს სახელად ერქვა იოველი, ხოლო უმცროსს - აბია; ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი. მაგრამ, სამწუხაროდ, შვილები მამის გზას არ გაჰყვნენ, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ. შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამოელთან რამათს. უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს.

არ მოეწონა ეს ამბავი სამოელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეცი მსაჯულადო. უფალს შეევედრა.

უფალმა სამოელს უთხრა: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ... ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს.

სამოელმა უფლის სიტყვები ხალხს გადასცა, შეახსენა, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც მათზე იმეფებდა. ბოლოს კი უთხრა: მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალიო.

არ დაუჯერა ხალხმა სამოელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვასო.

სამოელმა ხალხის ნათქვამი მოისმინა და უფალს შეატყობინა.

უფალმა სამოელს უთხრა: შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე. უთხრა სამოელმა ისრაელის კაცებს: წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში, ვიდრე უფალი არ გამოაჩენს მეფობის შესაფერის კაცსო.

ამ დროს იყო ერთი კაცი ბენიამინის შტოდან, სახელად კიში. მას ვაჟი ჰყავდა, გამორჩეული და მშვენიერი, სახელად საული. ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო; ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე. ერთხელაც ვირები დაეკარგა კიშს და საული მოსაძებნად გაგზავნა. მოიარეს სხვადასხვა მხარე, მაგრამ ვირებს ვერ მიაგნეს. როცა ცუფის მხარეში მივიდნენ, უკან დაბრუნებას აპირებდა, რომ მას მსახურმა ბიჭმა უთხრა: ამ ქალაქში ცხოვრობს ღვთისკაცი, პატივდებული კაცი, რასაც იტყვის, ყველაფერი სრულდება. წავიდეთ იქ, ეგებ გვასწავლოს, რა გზას დავადგეთ. როცა ყმაწვილები შუა ქალაქში შევიდნენ, სამოელი შეეგება. საულის მოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოეცხა¬დებინა უფალს მისთვის. ხვალ ამ დროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხარიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ; იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია. დაინახა სამოელმა საული და უფალმაც დაუდასტურა: აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე. იგი იმეფებს ჩემს ერზე.

სამოელმა საული თბილად მიიღო, გაუმასპინძლდა. საული მასთან დარჩა. ადგნენ დილაადრიანად. განთიადისას დაუძახა სამოელმა საულს ბანზე და უთხრა: ადექი, უნდა გაგისტუმრო. ადგა საული და გავიდნენ ორთავენი, ის და სამოელი, გარეთ.

როცა ქალაქის ბოლოს ჩავიდნენ, სამოელმა უთხრა საულს: უბრძანე, ჩვენ წინ იაროს მსახურმა (ისიც წავიდა წინ); შენ კი მცირეხანს დადექი, რომ ღვთის სიტყვა გამოგიცხადო. აიღო სამოელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად.

წმინდა სამოელმა ცხებულ საულს უთხრა ის ნიშნები, რაც მას გზად შეხვდებოდა და ეს დაარწმუნებდა მისი ნათქვამის სინამდვილეში:
დღესვე, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვარზე ცელცახში; გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წამოხვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს თავისი ვირები და თქვენზე დარდობს: რა ვუყო ჩემს შვილსო? გასცდები ამ ადგილს და მიხვალ თაბორის მუხნართან და შეხვდები ბეთელისკენ სალოცავად მიმავალ სამ კაცს. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, მესამეს ტიკით ღვინო. მშვიდობით მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, შენც გამოართმევ. შემდგომ ამისა, ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ. ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები. როცა ყოველივე ეს აგიცხადდება, როგორც მოგიხდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან. ჩემზე წინ ჩახვალ გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შვიდ დღეს მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და არ გასწავლი, რა უნდა გააკეთო.

როგორც კი გატრიალდა საული წასასვლელად სამოელისგან, სხვა გული ჩაუდგა მას ღმერთმა და ყველა ნიში აუცხადდა იმ დღეს.

ხოლო სამუელმა ხალხს მოუხმო უფალთან მიცფაში. უთხრა ისრაელიანებს: ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, მე გიხსენით თქვენ ეგვიპტელთაგან და ყველა სამეფოსგან, რომელიც კი გავიწროებდათ. ახლა უარყოფთ თქვენს ღმერთს, რომელმაც გიხსნათ ძნელბედობასა და გასაჭირში, რადგან ეუბნებით: მეფე დაგვიდგინეო. აბა, წარუდექით უფალს თქვენ-თქვენი ტომისა და გვარეულობის მიხედვით.

სათითაოდ მიიყვანა სამოელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი. მიიყვანა ბენიამინის ტომი საგვარეულოებისდა მიხედვით და მატრის საგვარეულოს ხვდა წილი. მერე საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერსად იპოვეს. კვლავ შეეკითხნენ უფალს: თუ კიდევ არის აქ ვინმე მიმსვლელი? თქვა უფალმა: აჰა, ჭურჭლებს არის ამოფარებული. გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხში და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა.

უთხრა სამოელმა მთელ ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე! გამოუცხადა სამოელმა ერს მეფობის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო. მერე დაითხოვა ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის სახლებში.

საულიც გაემართა თავისი სახლისკენ, გიბყაში. თან გაჰყვა მამაცი ხალხი, რომელთა გულებს ღმერთი შეეხო. უგვანი ხალხი ამბობდა: ეგ ჩვენ როგორ გვიხსნისო, და შეიძულეს იგი და ძღვენი არ მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს.

უთხრა სამოელმა ხალხს: წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა. წავიდა მთელი ხალხი გილგალს და გაამეფეს საული უფლის წინაშე იქ, გილგალში. შესწირეს იქ სამადლობელი მსხვერპლი უფლის წინაშე და ძლიერ გაიხარეს იქ საულმა და ყველა ისრაელიანმა.

უთხრა სამოელმა მთელ ისრაელს: აჰა, ყველაფერი მოგისმინეთ, რასაც მოითხოვდით ჩემგან და დაგისვით მეფე. ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ; მე მოვხუცდი და გავთეთრდი. აქ არიან ჩემი შვილებიც თქვენთან ერთად. სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით. აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.

უთხრეს: არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგრი¬ვართ, არც ვინმესაგან რამე აგიღია.

კვლავ უთხრა მათ: უფალი იყოს მოწმე თქვენ შორის და მისი ცხებული. ამიერიდან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით, აჰა, დაგისვათ უფალმა მეფე. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ აღუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს. თუ არ შეისმენთ უფლის სიტყვას და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო. ახლაც დადექით და შეხედეთ ამ დიდ საქმეს, რასაც უფალი აღასრულებს თქვენ თვალწინ. ხომ პურის მკის დრო არის ახლა? შევთხოვ უფალს და მოავლენს იგი ჭექა-ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე რომ ჩაიდინეთ, როცა მეფე მოითხოვეთ.

შესთხოვა უფალს სამოელმა და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამოელისა.

ხალხმა სამოელს უთხრა: შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მორჩილთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.

სამოელმა ხალხს უთხრა: ნუ გეშინიათ, უკვე ჩადენილი გაქვთ მთელი ეს ბოროტება. ოღონდ ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი გულით ემსახურეთ. ნუ გაიწევთ ფუჭი ღმერთებისკენ, არ დაგიფარავენ და არ გიხსნიან, რადგან ფუჭნი არიან. უფალი კი არ დააგდებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან გადაწყვეტილი აქვს უფალს, რომ თავის ერად გაგხადოთ თქვენ. მე კი, ნუმც შევცოდო უფალს, ნუმც შევწყვიტო თქვენ გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე. ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ წრფელად და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის. თუ ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.

საული მეფობდა ისრაელზე, მაგრამ ის დროთა განმავლობაში გაირყვნა, რითიც განარისხა ღმერთი. მან მღვდლობაც კი გაბედა და სამოელის გარეშე ღმერთს მსხვერპლი შესწირა. უთხრა სამოელმა საულს: უგუნურად მოიქეცი, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ნაბრძანები. ეს რომ არ გექნა, სამარადისოდ განამტკიცებდა უფალი შენს მეფობას ისრაელზე. ამიერიდან ვეღარ იმყარებს შენი მეფობა.

გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს და თავისი ერის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი შენ არ დაიცავი, რაც ნაბრძანები ჰქონდა შენთვის უფალს.

ამასთან ის ეურჩა უფალს, როცა ღმერთმა წინასწარმეტყველ სამოელის პირით უბრძანა, ისრაელთა მიმართ მტრულად განწყობილი ტომის, ამალეკელთა მოსპობა, დიდიან-პატარიანად, უნდა ამოეხოცათ მათი საქონელი და აეჩეხათ ბაღ-ვენახი. მაგრამ საულმა მათი ძლევის შემდეგ ამალეკთა მეფე და საუკეთესო ცხვარ-ძროხა დაიტოვა. ხოლო ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს. მაშინ უფალმა უთხრა სამოელს: ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს. შეწუხდა სამოელი და მთელი ღამე უხმობდა უფალს.

ადგა დილაადრიანად სამოელი, რომ შეხვედროდა საულს. შეატყობინეს სამოელს, რომ საული ქარმელში ყოფილა. მივიდა სამოელი საულთან და უთხრა მას საულმა:

- კურთხეული ხარ უფლისაგან! აღვასრულე უფლის სიტყვა.

სამოელმა უთხრა:

- რა არს, ცხვრისა და ძროხის ბღავილი რომ მესმის?

- ამალეკისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ლაშქარმა საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ უფლის, შენი ღმერთისთვის, შეეწირა. დანარჩენი გავანადგურეთ, - მიუგო საულმა.

მაშინ სამოელმა უთხრა, რაც განუცხადა მას ღამით უფალმა:

- ხომ არ მიგაჩნდა თავი ღირსად, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა. დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: წადი და გაანადგურე ცოდვილი ამალეკი, ებრძოლე მას, ვიდრე არ მოუღებ ბოლოს. რატომ არ ისმინე უფლის სიტყვა, რატომ დახარბდი ნადავლს და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში?

- არა, მე გავიგონე უფლის სიტყვა და წავედი იმ გზით, რაზედაც დამაყენა უფალმა; მოვიყვანე აგაგი, ამალეკის მეფე, ხოლო ამალეკი გავანადგურე. ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა - დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლის, შენი ღმერთისათვის შეეწირა მსხვერპლად გილგალში, - უთხრა საულმა სამოელს.

- განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება - ცხვრების ლურთებზე. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას, - უთხრა სამოელმა.

- შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას. ახლა შემინდე ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს, - უთხრა საულმა სამოელს.

- არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ, - უთხრა სამოელმა.

შებრუნდა სამოელი წასასვლელად, საული მისი მოსასხამის კალთას მოეჭიდა და გაიგლიჯა კალთა.

უთხრა მას სამოელმა:

- გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს. არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი ხომ არ არის, რომ გადაიფიქროს.

თქვა საულმა:

- შევცოდე. ახლა ჩემი ერის უხუცესების და ისრაელის წინაშე მაინც მომაგე პატივი და წამომყევი, რომ თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს.

წაჰყვა სამოელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.

თქვა სამოელმა: მომიყვანეთ აგაგი, ამალეკის მეფე. მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი. სამოელმა მას უთხრა:

- როგორც უშვილო ქმნა შენმა მახვილმა დედაკაცები, ასევე უშვილო იქნება დედაშენი ქალთა შორის.

სამოელმა აჩეხა აგაგი, მერე კი რამათში წავიდა, საული კი თავის სახლში წავიდა. მას მერე აღარ უნახავს სამოელს საული სიკვდილის დღემდე, მაგრამ სწუხდა სამოელი საულზე.

გამოხდა ხანი და უფალმა სამოელს უთხრა: - როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.

- როგორ წავიდე? გაიგებს საული და მომკლავს, - თქვა სამოელმა.

- წაიყვანე ხბო შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო, - უთხრა უფალმა, - მსხვერპლთან დაუძახე იესეს და მე გასწავლი, რაც უნდა გააკეთო; ზეთს სცხებ მას, ვისზედაც გეტყვი.

ყველაფერი გააკეთა სამოელმა, რაც ბრძანა უფალმა და წავიდა ბეთლემს. პატივით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები: - მშვიდობით მოგვიხვედიო.

მიუგო სამოელმა: - მშვიდობა! მსხვერპლის შესაწირავად მოვედი. განიწმიდენით და მსხვერპლთან წამომყევით. განწმიდა სამოელმა იესე და მისი ვაჟები და მსხვერპლთან მიიწვია ისინი.

როცა მოვიდნენ, დაინახა სამოელმა ელიაბი და თქვა: - აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული.

უფალმა სამოელს უთხრა: - ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს.

ჩამოატარა იესემ თავისი შვიდი ვაჟიშვილი სამოელის წინ და უთხრა სამოელმა იესეს:

- არ აურჩევია ესენი უფალს. სულ ეს არიან შენი ყმაწვილები?

- კიდევ დარჩა უმცროსი, მაგრამ ცხვარშია ახლა.

უთხრა სამოელმა იესეს:

- გაგზავნე კაცი და მოაყვანინე, რადგან არ დავსხდებით, ვიდრე იგი აქ არ მოვა.

გაგზავნა კაცი იესემ და მოაყვანინა დავითი. წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი. თქვა უფალმა: ადექი, სცხე მას, რადგან სწორედ ეს არის ის.

აიღო სამოელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუ-მართავდა დავითს. ადგა სამოელი და რამათს წავიდა.

გავიდა ხანი, ძალზე ხანდაზმული მოკვდა სამოელი. შეიკრიბა მთელი ისრაელი, დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამათში.

წმინდა სამოელს ისუ ზირაქის ძე ამგვარად შეაქებს: თავისი უფლის შეყვარებული სამოელი, უფლის წინასწარმეტყველი, ვინც სამეფო დააარსა და თავის ხალხს მეფეები უკურთხა. იგი ხალხს უფლის რჯულით განიკითხავდა და მოხედა უფალმა იაკობს. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო თავისი რწმენით და მის სიტყვებში სარწმუნო ხილვები შეიცნობოდა. მოუხმო მან ყოვლისშემძლე უფალს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროეს, და შესწირა მას ძუძუს ბატკანი. დაიქუხა ზეცით უფალმა და გრიალში ასმენინა თავისი ხმა. შემუსრა ტვიროსელთა წინამძღოლნი და ფილისტიმელთა ყველა მთავარი. საუკუნო მიძინების წინ აღიარა უფლისა და მისი მირონცხებულის წინაშე, არათუ ქონება, ფეხსაცმელიც კი არ ამიღიაო ხორციელისგან, და არავის უთქვამს მისთვის საყვედური. მან იწინასწარმეტყველა თავისი მიძინების შემდგომაც და მეფეს აუწყა მისი აღსასრული. მიწიდან აიმაღლა ხმა და იწინასწარმეტყველა, რათა ურჯულოება ხალხისა წარხოცილიყო.

კონდაკი

ვითარცა მრავალ პატიოსანი ძღუენი, პირველ მუცლადღებისა მიეცი შენ ღმერთსა და სიყრმითგან, ვითარცა ანგელოზმან, მსახურე, ყოვლადსანატრელო, და ღირსიქმენ უფროს ყოფადისა მოთხრობად; ამისთვის გიგალობთ შენ:
გიხაროდენ წინასწარმეტყელო ღმრთისაო სამოელ, დიდო მღვდელმთავარო.
............................................

აქვე წაიკითხეთ:

ორმოცი წელი მკაცრად და პირუთვნელად სჯიდა და წინამძღვრობდა სამოელი ებრაელებს
ბეჭდვა
1კ1