წინასწარმეტყველი ეზეკიელი (VI ს. ქრისტეშობამდე) - 21 ივლისი (3 აგვისტო)
წინასწარმეტყველი ეზეკიელი (VI ს. ქრისტეშობამდე) - 21 ივლისი (3 აგვისტო)
წინასწარმეტყველი ეზეკიელი, რომელსაც ეკლესია ძველი სტილით 21 ივლისს (3 აგვისტოს) იხსენებს, ძველი აღთქმის ოთხი დიდი წინასწარმეტყველიდან ერთ-ერთია. იგი ტომით ლევიტელი გახლდათ. ეზეკიელი ქრისტეს შობამდე დაახლოებით ექვსასი წლით ადრე დაბადებულა, იუდეველთა მეფე ოზიას დროს ქალაქ სარირში. სახელი ეზეკიელი კომპოზიტია, შედგება ებრაული ზმნისგან "ხაზაკ", რაც ძლიერად მყოფობას ნიშნავს და ღვთის სახელი - ელი (ელოჰიმ). მთლიანობაში იგი შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც "ღმერთი განაძლიერებს". ახალგაზრდობაში ეზეკიელი იერემია წინასწარმეტყველს ემსახურებოდა, მისი მოწაფე იყო. ცნობილია, რომ ეზეკიელის მამას ვუზი ერქვა. წინასწარმეტყველი 25 წლის ასაკში მეფე იექონიასთან და სხვა თანამემამულეებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს ტყვედ. ბაბილონში გადასახლებულმა იუდეველებმა გულისხმაჰყვეს, თუ რაო¬დენ მნიშვნელოვანი იყო საკუთარი რელიგიური სიწმინდის შენარჩუნება, რადგან ქალდეური ენა და ცხოვრების წესი გარკვეულწილად იუდაურს ჰგავდა და ეს მსგავსება შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩენილიყო: ჟამთა სვლის პარალელურად განთესილი ებრაელების ეროვნულ იდენტობას, თუკი ძლიერი დამცავი რამ ზღუდის გარეშე დარჩებოდნენ, საფრთხე დაემუქრებოდა. ისინი აცნობიერებდნენ, რომ სამშობლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ძალა სარწმუნოებაა. შორეულ ქვეყანაში იძულებით წაყვანილი რჩეული ერის შვილები იერემიას მიერ იერუსალიმიდან გამოგზავნილ წერილებს დიდი გულმოდგინებით მრავალგზის კითხულობდნენ და დროთა მდინარებაში რწმუნდებოდნენ, სამშობლოში დარჩენილი წინასწარმეტყველისგან არაერთგზის მოსმენილი მოძღვრების ჭეშმარიტებაში. როგორ უნდა შეენარჩუნებინათ მათ, ტაძრისა და ღვთისმსახურების გარეშე აღმოჩენილებს, სარწმუნოებრივი სიწმინდე? ღმერთმა ხალხის მოთხოვნილება უპასუხოდ არ დატოვა და გადასახლებულ იუდეველებს ღვთაებრივი სიტყვის გამცხადებელი დიდი სულიერი მოძღვარი - ეზეკიელი დაუდგინა. ვარაუდობენ, რომ წინასწარმეტყველი ზეგარდამო მოწოდებამდე მეუღლესთან ერთად მდინარე ქებარის სანაპიროზე მდებარე სახლში ცხოვრობდა, სადაც სულიერი საკითხების განსახილველად მას ხშირად აკითხავდნენ თანატომელები. სწორედ ამ ადგილას მოუწოდა უფალმა საწინასწარმეტყველოდ. ხილვა ჰქონდა. უფლის ბრძანებით შეჭამა გრაგნილი, რომლის ორივე მხარეს ჩანდა წარწერა: "გოდება, ოხვრა და მწუხარება". ცოლი წინასწარმეტყველად მოწოდებიდან ოთხ წელიწადში გარდაცვლილა. წინასწარმეტყველმა ტყვეობაში მყოფ ისრაელებს აუწყა იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც ურჩობისათვის თავს დაატყდა მათ. ასევე უწინასწარმეტყველა ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლება და იერუსალიმის ტაძრის აღდგენა. წინასწარმეტყველს სასწაულმოქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მისი ლოცვით მდინარე ქობარი გაიპო და ქალდეველთაგან დევნილი ებრაელები მეორე ნაპირზე მშვიდობით გადავიდნენ. შიმშილობის დროს კი დამშეულებს საზრდელი უმრავლდებოდათ.

წინასწარმეტყველმა ოცი წელი იღვაწა. დაწერა ოცდარვა წიგნი, რომელსაც ნეტარი იერონიმე "ღვთაებრივი საიდუმლოებების ოკეანეს" უწოდებს. ეზეკიელი იუდეველმა დიდებულებმა მოკლეს. გაუხედნავ ცხენს გამოაბეს და დაფლითეს. წინასწარმეტყველი მათ კერპთაყვანისცემის გამო ამხელდა. წინასწარმეტყველის წმინდა ნაწილები კეთილმსახურმა ებრაელებმა შეკრიბეს და სემისა და არფაქსადის სამარხში დაკრძალეს მდ. ევფრატის სანაპიროზე, ბაღდადთან ახლოს.

წინასწარმეტყველი ეზეკიელის კონდაკი

წინაჲსწარმეტყუელად ღმრთისა გამოსჩნდი შენ, ეზეკიელ საკვირველო, და უფლისა განხორციელებაჲ უმეტესად ყოველთასა მოგვითხრენ, ვითარმედ ესე კრავი და დამბადებელი ყოველთა საუკუნეთა ძე ღმრთისა გამოსჩნდეს.
................

აქვე წაიკითხეთ:

წინასწარმეტყველი ეზეკიელი (VI საუკუნე ქრისტეს შობამდე) - 21 (03.08) ივლისი
ბეჭდვა
1კ1