წმინდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე) - 15 (28) ივნისი
წმინდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე) - 15 (28) ივნისი
წმინდა წინასწარმეტყველი ამოსი ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში ცხოვრობდა, და იგი მესამე იყო თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან. ამ დროს ებრაელთა სახელმწიფო ორ სამეფოდ იყო დაყოფილი: იუდეად და ისრაელად. იერუსალიმში იუდეველებზე ოზია (781-740), მეფობდა, ხოლო იერობოამ II (784-744) განაგებდა ისრაელთა ათ ტომს, რომლებიც ჭეშმარიტი ღვთისგან განმდგარიყვნენ და კერპებს სცემდნენ თაყვანს. იერობოამმა ბეთილში ოქროს ხბოს კერპი აღმართა და ჭეშმარიტი ღმერთისგან განშორებული ისრაელელები მას ეთაყვანებოდნენ.

წინასწარმეტყველი ამოსი იუდეას ტომიდან იყო, სოფელ თეკუიდან, ბეთლემიდან რამდენიმე კილომეტრში. ხარებს მწყემსავდა და კენკრით იკვებებოდა, მან წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ მხურვალე რწმენა და საღვთო მოშურნეობა ჰქონდა და ამით სათნო ეყო უფალს, რომელმაც იგი საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის გამოირჩია და ისრაელში გაგზავნა, რათა იქ ღვთისგან განდგომილი იერობოამი და მისი გზაარეული ქვეშევრდომები ემხილებინა. ამოსი უწინასწარმეტყველებდა მათ იმ განსაცდელებს, რომელიც უღმრთოებისთვის დაატყდებოდა თავს ისრაელის სამეფოსა და მის გარშემო მცხოვრებ წარმართებს. ამოსმა ჯერ მეზობელი ტომების: დამასკოელების, ფილისტიმელების, ფინიკიელების, ედომის, ამონის და მოაბის დაღუპვა იწინასწარმეტყველა; ასევე დაუმატა, რომ ღვთის რისხვა მოეწეოდა სამარიის სამეფოსაც, რომელთაც ღვთის წმინდა სახელი კერპების თაყვანისცემაში გაცვალეს, შემდეგ კი სასჯელი იუდეას დაატყდებოდა.

წინასწარმეტყველს ხილვა ჰქონდა: უამრავმა კალიამ მოსპო ყველაფერი ისრაელში, მაგრამ ამოსმა უშუამდგომლა და უბედურება შეწყდა. შემდეგ უფალმა მას უჩვენა, რომ მზად იყო ცოდვილები ცეცხლით მოეწვა, მაგრამ კვლავ წმინდანის ლოცვამ შეაკავა ღვთის რისხვა. მიუხედავად ამისა ჩრდილოეთის სამეფოს მკვიდრთ არ შეინანეს და ჯიუტად განაგრძობდნენ ცრუ ღმერთების თაყვანისცემას. ხოლო წმინდა ამოსი საღმრთო სიტყვების გამო, მრავალგზის სცემეს და სახელმწიფოდან გააგდეს. მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა, კვლავ უკან ბეთილში ბრუნდებოდა, და ისრაელელებს აფრთხილებდა მოწევნილ რისხვაზე და სინანულისკენ მოუწოდებდა.

წინასწარმეტყველი ამოსი განსაკუთრებით ეჯავრებოდა ამასიას, საკერპოს ქურუმს. მან ამოსს შეთქმულებაში დასდო ბრალი, ამოსი ხომ ამბობდა, რომ მეფე მახვილით მოკვდებოდა და მის ხალხს თავის მიწიდან გააძევებდნენ. ამოსმა ამასიასა და მთელ მის ოჯახსაც მცირე ხანში დაღუპვა უწინასწარმეტყველა.

გადმოცემით, ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმინდანს კეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავი წინასწარმეტყველი მშობლიურ სოფელში გადაიყვანეს და იქ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს მოხდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.

კონდაკი

განწმენდილ იქმენ სულითა, წინასწარმეტყველო, და განანათლე ელვარედ გული შენი, დიდებულო ამოს, ხოლო წინასწარმეტყუელებისა მადლი ზეგარდამო მოიღე და კიდეთა შორის სოფლისათა ხმამაღლად ღაღადჰყავ: ესე არს ღმერთი ჩუენი და არა ესწოროს მას სხუა.
..................
აქვე წაიკითხეთ:

ამოს წინასწარმეტყველი - საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა

ბეჭდვა
1კ1