იერემია წინასწარმეტყველი (VI საუკუნე ქრისტეს შობამდე) - 1 (14) მაისი
იერემია წინასწარმეტყველი (VI საუკუნე ქრისტეს შობამდე) - 1 (14) მაისი
წმინდა იერემია წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის ოთხ უდიდეს წინასწარმეტყველთაგანია. იგი ანათოთელი მღვდლის, ექელკისიას შვილი იყო და მოღვაწეობდა იუდეის ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში - ისრაელის მეფის, იოშიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს.

15 წლის იერემიას გამოცხადებით ეუწყა, რომ შობამდე იყო მოწოდებული წინასწარმეტყველად. მას შეეშინდა ასეთი დიდი და მძიმე მსახურებისა, რადგან ჯერ ყრმა და გამოუცდელი იყო, მაგრამ უფალმა თანადგომა და მფარველობა აღუთქვა.

"და განყო უფალმა ხელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა. აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხუარად და აღფხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად".

სახელი იერემია იუდეველთა შორის საკმაოდ გავრცელებული იყო. იერემიამ წინასწარმეტყველება იოშიას მეფობის მეცამეტე წელს (627 წელს) დაიწყო, იუდეის უკანასკნელი მეფეების (იოშია, იოაქაზი, იოაკიმე, იექონია და სედეკია) პერიოდში და იერუსალიმის დარბევის შემდეგ ეგვიპტეშიც გააგრძელა.

წყაროთა ცნობით, იერემია დაახლოებით 50 წელს წინასწარმეტყველებდა.

იოშია (640-609 წლები) კეთილკრძალული ხელმწიფე იყო. 16 წლის ასაკში (მეფობის მე-8 წელს) მან რელიგიისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინა, 20 წლისამ კი - იუდეის სამეფოში აღსრულებულ კერპთმსახურებას შეუპოვარი ბრძოლა გამოუცხადა.

26 წლისამ, ტაძარში აღთქმის წიგნის აღმოჩენის შემდგომ, სწორედ ამ წიგნის მიხედვით განაახლა ღვთისმსახურება.

იერემიამ მწარედ დაიტირა ღირსეული მეფე იოშია, როდესაც მისი გარდაცვალება შეიტყო და სამგლოვიარო საგოდებელიც უძღვნა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია.

სწორედ ამ დროიდან ჩნდება იგი იერუსალიმში და სოლომონის ტაძარში უამრავი ხალხის თანდასწრებით მამხილებელ სიტყვებს წარმოთქვამს.

იოაქაზი მხოლოდ სამი თვე მეფობდა. მას წინასწარმეტყველმა ტახტის დაკარგვა უწინასწარმეტყველა.

იოაკიმე, იოაქაზის უფროსი ძმა, სამეფო ტახტზე ეგვიპტის ფარაონ ნეხაოს აჰყავს. მან 11 წელი (608-597 წლები) იმეფა. მამისგან განსხვავებით, ის კერპთმსახურებს მფარველობდა და თეოკრატიულ ტრადიციებს არად აგდებდა.

იერემია მკაცრად ამხელდა მონარქს და მისი აღსასრულის შესახებ იუწყებოდა.

წინასწარმეტყველი იერემია თავისი მოღვაწეობის გამო, მის მიერ გამოთქმული შეუპოვარი მხილებისთვის არაერთ საფრთხესა და განსაცდელს ეწია. ერთხანსსაპყრობილეშიც კი იჯდა. მას თანამოქალაქეთა უდიდესი ნაწილი დაუპირისპირდა. წინასწარმეტყველს ხალხის თანდასწრებით სიტყვის წარმოთქმის უფლება ჩამოერთვა.

სწორედ ამის გამო ეუწყა ღვთისგან, სათქმელი წერილობით ჩამოეყალიბებინა.

Mმის სიტყვას მისი ერთგული მოწაფე, ბარუქი იწერდა, შემდგომ კი ჩაწერილს ტაძარში თავმოყრილ ხალხს უკითხავდა.

იოაკიმეს მეფობის მეოთხე წელს, როდესაც ბარუქი ტაძარში კითხულობდა ჩაწერილ წინასწარმეტყველებას, მას წიგნი ჩამოართვეს და მეფეს მიუტანეს. იოაკიმემ ბრძანა, იერემია და მისი მოწაფე შეეპყროთ, თუმცა, ეს უკანასკნელნი დროულად გაერიდნენ საფრთხეს.

ნაბუქოდონოსორის მიერ ტახტზე აყვანილი მეფე სედეკია (597-586 წლები) იოშიას უმცროსი შვილი და იექონიას ბიძა იყო. მისი 11-წლიანი მმართველობა იუდეის სამეფოს დაღუპვით დასრულდა. იმის ნაცვლად, რომ მეფეს ჭეშმარიტი ღმერთი მოეძია და მას მინდობოდა, მოინდომა, საკუთარი ძალებით დაეძლია საფრთხე და ამიტომ ბაბილონის მორჩილებაზე უარი განაცხადა.

იერემია მეფესა და საკუთარ ხალხს უქადაგებდა, რომ ერთადერთი იმედი გადარჩენისა, ღმერთშია და სხვა გზა არ არსებობს; რომ ბაბილონის მძლავრობა ღვთის ნებით ხდება და არ შეიძლება შეწინააღმდეგება; ხალხმა და მეფემ ქალდეველთა მეუფება უნდა აღიარონ გარკვეული დროის მანძილზე.

სედეკია წინასწარმეტყველის სიტყვის საპირისპიროდ იქცეოდა.

სედეკიას მმართველობის მე-4 წელს, როდესაც ბაბილონის სამეფო გარკვეულ სირთულეებს წააწყდა ელამთან ომისას, იუდას მეფემ ქალდეველთა მორჩილებაზე უარის თქმა გადაწყვიტა, წინასწარმეტყველი წინაღუდგა ამგვარ გადაწყვეტილებას.

იერემიამ კისერზე უღელი დაიდგა, რითიც ნაბუქოდონოსორის დაპყრობასა და იუდეველთა დამონებას წინასწარმეტყველებდა.

იერუსალიმის აღების შემდგომ ნაბუქოდონოსორმა, რომელსაც სმენოდა წინასწარმეტყველის შესახებ, თავისი ერთ-ერთი მხედართმთავრის მეშვეობით იერემიას ნება დართო, თავად განესაზღვრა საკუთარი მომავალი: ან წასულიყო ბაბილონში, ან იუდეას დარჩენილიყო.

წინასწარმეტყველმა დარჩენა აირჩია, რადგან იმედოვნებდა, ქალდეველთა მიერ მეფის მონაცვლედ დადგენილი გოთოლია იუდეაში დარჩენილ იუდეველებს გარშემო შემოუკრებდა (სწორედ მის რეზიდენციაში, მასიფაში ცხოვრობდა იერემია), მაგრამ გოთოლია სამეფო ჩამომავლობის ერთ-ერთმა იუდეველმა, იზმაილმა მოაკვდინა, რომელსაც სურდა, ამონიტელებს სათნოყოფოდა ამ საქციელით.

იუდეველები გოთოლიას სიკვდილის გამო ბაბილონელთა რისხვას შეუშინდნენ და ეგვიპტეში გადაწყვიტეს გაქცევა. იერემია დიდი მონდომებით ცდილობდა, მათთვის ამ განზრახვის არამართებულება დაემტკიცებინა.

მიუხედავად მისი ღვაწლისა, თავად წინასწარმეტყველიც იძულებით წაიყვანეს ეგვიპტეში და ქალაქ ტაფნისში (ქვედა ეგვიპტე) დასახლდნენ.

იერემია არც იქ დადუმებულა. ეგვიპტეში გადასახლებისას, გადმოცემით, იგი 70 წელს მიღწეული უნდა ყოფილიყო და დაახლოებით 10 წელიწადში გარდაიცვალა (იოსებ ფლავიუსის ცნობით, ხუთი წლის შემდეგ, 581 წელს).

საეკლესიო გარდამოცემა გვამცნობს, რომ წინასწარმეტყველი მკაცრი მხილების გამო იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს.

იერემია ცრუ წინასწარმეტყველთა ცნობების საპირისპიროდ იერუსალიმისა და იუდეის განადგურების შესახებ იუწყებოდა და ამოწმებდა, რომ ქვეყნის მოსახლეობას ჯერ შეიპყრობდნენ, შემდეგ კი - გადაასახლებდნენ.

25-ე თავის (11 მხ.) თანახმად, ბაბილონური ტყვეობა 70 წელი გაგრძელდებოდა; ამის შემდეგ თავად ბაბილონი დაემხობოდა (50-51 თავები) და რჩეული ერი შინ დაბრუნდებოდა.

იერემია ის ადამიანია, რომელიც ღრმად განჭვრეტს ჭეშმარიტი თეოკრატიის არსს. მისი რწმენით, არა გარეგნული წინადაცვეთაა ღვთის მადლის მიმნიჭებელი, არამედ გულის წინადაცვეთა.

იერუსალიმის ტაძარი არ წარმოადგენს ამ ქალაქის (და, საზოგადოდ, სამეფოს) ერთობის გარანტს. პირიქით, - იუდეველთა ცოდვებით შებღალული ეს ტაძარი ღვთის რისხვას მოიწევს. არც ღვთისმსახურების გარეგნული მხარეა რაიმე სიკეთის მომტანი, თუ ის ჭეშმარიტ შინაგან განწყობას არ ეთანხმება.

კონდაკი: განწმენდილ იქმენ სულითა, დიდო წინასწარმეტყველო, და გული შენი ნალის სახედ ჰყავ, დიდებულო იერემია, და წინასწარმეტყველეისა მადლი8 ზეცით მოიღე, და ღაღად-ჰყავ მაღლითა ხმითა კიდეთა შინა სოფლისათა, ვითარმედ ეს არის ღმერთი ჩუენი და არა ესწორის მას სხუა, რომელი განხორციელდეს ქუეყანას ზედა განცხადებულად.

ბეჭდვა
1კ1