პოვნა ნაწილთა ზაქარია წინასწარმეტყველისა, მამისა იოანე ნათლისმცემელისა (451) - 11 (24) თებერვალი
პოვნა ნაწილთა ზაქარია წინასწარმეტყველისა, მამისა იოანე ნათლისმცემელისა (451) - 11 (24) თებერვალი
11 თებერვალს ბიზანტიურ სვინაქსარში მოიხსენიება "პოვნა ნაწილთა ზაქარია წინასწარმეტყველისა, მამისა იოანე ნათლისმცემელისა", წმინდა გიორგი მთაწმინდელის "სვინაქსარშიც" შეტანილია "პოვნა, პატიოსანთა ნაწილთაი ზაქარია ნათლისმცემელისა მამისათაჲ". იოანე-ზოსიმესეულ კალენდარში პირველ დეკემბერს მოიხსენიება, წმინდა იაკობ მოციქულის, წმინდა სვიმეონის და ნაუმ წინასწარმეტყველის წმინდა ნაწილების პოვნასთან ერთად.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლებმა - მართალმა ზაქარიამ და ელისაბედმა ხანდაზმულობას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ ეძლეოდათ. ისრაელიანთა შორის უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, რადგან ებრაელი ერი მესიას ელოდა. მართალი ელისაბედი და ზაქარია გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, მოეხედა მათთვის და უშვილობის ყვედრებისგან დაეხსნა.

მართალი ზაქარია მღვდელმთავარი იყო. ერთხელ, როდესაც იერუსალიმის ტაძარში მსახურებას აღასრულებდა, წმიდათაწმიდაში შევიდა საკმევლად, ხალხი კი გარეთ ლოცულობდა, მას მოევლინა საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე ღვთის ანგელოზი. ზაქარია შეძრწუნდა და შეშინდა, ანგელოზმა კი უთხრა: "ნუ გეშინია, ზაქარია, შენი ვედრება შესმენილ იქნა. შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, რომელსაც შენ იოანეს დაარქმევ. ეს ამბავი შენი სიხარული იქნება. მისი შობით მრავალი გაიხარებს. ღვინოს არ დალევს, ბავშვობიდანვე სულიწმიდით აღივსება და ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს უფლის მიმართ და უწინამძღვრებს მათ ელიას სულითა და ძალით".

დამშვიდებულმა ზაქარიამ ანგელოზს ჰკითხა:

- როგორ დავიჯერო ეს, მეც და ჩემი ცოლიც ხომ მოხუცები ვართ?

ანგელოზმა მიუგო, - "ღმერთის წინაშე მდგომარე გაბრიელი ვარ და მოვედი, რათა გახარო ეს ამბავი. შენ კი, რადგან არ ირწმუნე ჩემი სიტყვები, დადუმდები და სიტყვას ვერ დაძრავ იმ დღემდე, სანამ არ აღსრულებდა ჩემ მიერ თქმული".

ამასობაში ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება, ის კი გამოვიდა, მაგრამ ვერ შეძლო ხმის ამოღება, მხოლოდ ანიშნა მათ, რომ ხილვა ჰქონდა და დამუნჯდა. მისი შინ დაბრუნების შემდეგ ელისაბედი დაფეხმძიმდა.

იოანეს დაბადებამდე სამი თვით ადრე, ასაკოვანი ელისაბედი მოინახულა ნაზარეველმა ნათესავმა, ყოვლადკურთხეულმა მარიამმა.

მომავალი დედობითა და საყვარელ მარიამთან შეხვედრით გახარებული ელისაბედი აღივსო სულიწმიდით და მან, პირველმა ადამიანთა შორის, წინასწარმეტყველურად აღიარა ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობლად: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა! და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისა ჩემდა?"

მაშინ მარიამმა დიდი თავმდაბლობით იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი დიდება: "ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი". მარიამმა ელისაბედთან სამი თვე დაჰყო და შემდეგ შინ დაბრუნდა.

როდესაც ელისაბედისთვის შობის ჟამმა მოაღწია, ნათესავები და მეზობლები მივიდნენ მასთან და გაიხარეს, რომ უფალმა სიბერის ჟამს მისცა მას ძე და ამით განადიდა მისი სახელი. როდესაც ჩვილისათვის სახელის დარქმევის დრო დადგა, ელისაბედმა, კვლავ წინასწარმეტყველების სულით აღვსილმა, წინადადებაზე - დაერქვათ მამის სახელი ზაქარია, განაცხადა: "ეწოდოს იოანე".

დამუნჯებულმა ზაქარიამ მოითხოვა ფიცარი და დაწერა: "მისი სახელი იოანეა".

ზაქარიამ მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო, ადიდებდა ღმერთს და წინასწარმეტყველებდა თავისი შვილის მომავალს.

იოანე ნათლისმცემლის შესახებ სახარება მოკლედ გვიამბობს:

"ხოლო ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაელისა მიმართ".

დიმიტრი როსტოველის თვენის საკითხავებში მოთხრობილია, რა სასწაულებრივად გადაურჩა იოანე ნათლისმცემელი მეფე ჰეროდეს დევნას, ბეთლემის ყრმათა ამოხოცვის დროს. მეფე ჰეროდემ ზაქარიას ძის, იოანეს მოკვლაც ბრძანა, რადგან მის შესახებ ბევრი საოცარი რამ სმენოდა და მასშიც შეეძლო იუდეველთა მეფე ევარაუდა. მან მკვლელები ზაქარიას სახლში გაგზავნა, მაგრამ ჩვილი იქ არ აღმოჩნდა. როდესაც მოწყვეტილ ყრმათა გოდება ბეთლემის მახლობელ ქებრონში ელისაბედმა გაიგო, იგი თავის პირმშო იოანესთან ერთად მაღალმთიანეთში გადაიმალა. მღვდელი ზაქარია ამ დროს ტაძარში მღვდელმსახურებას აღასრულებდა. ელისაბედი თვალცრემლიანი ევედრებოდა ღმერთს, დაეცვა იგი თავის შვილთან ერთად. როდესაც მდევრები დაეწივნენ, მან მთას შესთხოვა: "მთაო ღვთისაო, მიიღე დედა პირმშოსთან ერთად". მთა გაიხსნა, მიიღო დედა-შვილი და მკვლელებისაგან დაიფარა. ისინი ჰეროდესთან ხელცარიელნი დაბრუნდნენ. მაშინ მეფემ ზაქარიასთან ტაძარში გაგზავნა ხალხი და მოსთხოვა მას გაეცა ძე, იოანე.

- მე ჩემს ღმერთს ვემსახურები და არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ, - განაცხადა ზაქარიამ.

განრისხებულმა ჰეროდემ კვლავ გაგზავნა მეომრები ბრძანებით მისი მოკვლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ზაქარია არ გასცემდა ვაჟს.

სასტიკმა წარგზავნილებმა, საბოლოო უარის მიღების შემდეგ, მოკლეს ზაქარია საკურთხეველთან. მისი სისხლი მარმარილოს იატაკზე დაიქცა.

ღვთივდაცული ელისაბედი კი თავის ძესთან ერთად კვლავ მთას აფარებდა თავს. უფლის ნებით, იქ გამოქვაბული წარმოიქმნა და წყარომ ამოხეთქა. გამოქვაბულის თავზე ფინიკის ხე წამოიმართა და როდესაც დედა-შვილს მოშივდებოდა, ხე მათკენ დაიხრებოდა, თავისი ნაყოფით დაანაყრებდა და კვლავ გაიმართებოდა.

ზაქარიას მოკვლიდან ორმოცი დღის შემდეგ წინამორბედის დედა, ელისაბედი, ამ გამოქვაბულშივე მიიცვალა.

წმინდა ზაქარიას საფლავი დაფარული იყო მეოთხე საუკუნემდე.

351 წელს წმინდა განდეგილ ეპიფანეს, რომელიც კედრონის ველზე ცხოვრობდა, ძილში გამოეცხადა წმინდა იაკობი, იერუსალიმის პირველი პატრიარქი და მას მიმართა: "წახვალ მთავარეპისკოპოსთან, ეტყვი, რომ ხალხი გამოაგზავნოს ჩვენი სხეულების წასაღებად" - როცა მონაზონმა ვინაობა ჰკითხა, მან უპასუხა: "მე ვარ იაკობი, ძმა უფლისა, და ჩემთან ერთად არიან სიმეონი (საუბარია სვიმეონ ღვთისმიმრქმელზე) და ზაქარია". ეს თქვა და უჩინო იქმნა. ეჭვით შეპყრობილი მონაზონი ფიქრობდა, ნეტავ ეს ბოროტისგან ხომ არ არისო. წმინდა იაკობი მას მეორედ, ხოლო მერე მესამედ გამოეცხადა და სასჯელით დაემუქრა, თუ მის ბრძანებას არ შეასრულებდა, წმინდა კირილე იერუსალიმელთან მივიდა და ყველაფერს იგი მოუყვა. წმინდა კირილემ მას რამდენიმე კაცი გააყოლა. მივიდნენ მითითებულ ადგილას და მიწა გათხარეს. წმინდანების ბრწყინვალე ნაწილები მოიპოვეს და სიონის მთაზე, პატრიარქის მითითებულ ადგილას გადაასვენეს. აქ ვინმე ღვთისმოსავმა კაცმა ელეფთერმა ამ წმინდანების პატივად ტაძარი ააშენა.

ბეჭდვა
1კ1