წინასწარმეტყველ ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა
წინასწარმეტყველ ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა
წინასწარმეტყველი ელისე წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე იყო. მსახურებისთვის ღმერთმა მას სიყრმის ასაკშივე მოუწოდა. იგი მიწათმოქმედი საფატის ოჯახში აღიზარდა. ერთხელ ელია მინდორში მომუშავე ელისეს მიუახლოვდა და თავისი ხალენი მოახურა, რაც მის წინასწარმეტყველად მოწოდებას ნიშნავდა. ელისემ მაშინვე ორი ხარი დაკლა და გამოსათხოვარი ტრაპეზი გამართა. ეს მოქმედება სიმბოლურად ღვთის უმაღლესი მსახურებისათვის ყოფითი კავშირის გაწყვეტას მოასწავებდა. ამის შემდეგ იგი თან გაჰყვა ელიას და მას ემსახურებოდა.

ელიას ზეცად აღტაცების დრო მოვიდა. წინასწარმეტყველმა დაკეცა ხალენი, იორდანეს დაჰკრა და როცა წყალი გაიპო, მოწაფესთან ერთად შიგ გავიდა. ელიამ ელისეს უკანასკნელი სურვილის შესრულება აღუთქვა, მან კი სთხოვა: "იყავნ სული ეგე, რომელ არს შენ ზედა, მრჩობლ ჩემ ზედა". მოძღვარმა უპასუხა: "განაფიცხე თხოვაი ეგე; გარნა თუ მიხილო მე ამაღლებული შენგან, გეყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ვერ იყოს". ამ საუბარში იყვნენ, როცა გამოჩნდნენ "ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი და განაშორნეს ურთიერთას და აღიტაცა ელია ძრვით ვითარცა ზეცად". ელისე ღაღადებდა: "მამაო, მამაო, ეტლო ისრაელისაო და მხედარო მისო!" (IV მეფეთა, 2;9-12). ზეცად აღტაცებულმა წინასწარმეტყველმა თავისი ხალენი გადაუგდო მოწაფეს. მან სცა იგი იორდანეს "და არა განიპო წყალი იგი". მეორედაც დაჰკრა "და განიყვნეს წყალნი იგი იმიერ და ამიერ და განვიდა იგი ხმელად".

წინასწარმეტყველი ელისე 65 წელზე მეტხანს მოღვაწეობდა ისრაელის მეფეების აქაბის და იოსიას დროს. იგი უშიშრად ამხელდა მათ უსჯულოებასა და კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილებას. ელისეს მოღვაწეობის დროს ისრაელში გამრავლდა სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო სკოლები. ამ სკოლებში ღვთისგან გამორჩეული და ცხოვრებისეული გამოცდილებით განბრძნობილი წინასწარმეტყველების ხელმძღვანელობით განისწავლებოდნენ ახალგაზრდები, სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებიც წმინდა წერილში "ძენი წინასწარმეტყველთანის" სახელით არიან მოხსენიებულნი. ელისემ იერიქონში სასწაული მოახდინა: წყალი, რომელიც უნაყოფობასა და სიკვდილს იწვევდა, მარილით გააუვნებლა. იერიქონიდან ელისე ბეთილში გაემგზავრა. როდესაც იგი ქალაქს მიუახლოვდა, გზაზე ბავშვები შეხვდნენ და დაცინვა დაუწყეს. უკეთურ ბავშვებს საშინელი სასჯელი ეწიათ: 42 მათგანი ტყიდან გამოსულმა ორმა დათვმა დაგლიჯა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველი კარმილის მთისკენ გაემართა, ხოლო იქიდან სამარიაში დაბრუნდა.

ელისე წინასწარმეტყველის სასწაულები

წყლისა და ზეთის სასწაული
ელისე წინასწარმეტყველი ღვთის ნებით მრავალ სასწაულს ახდენდა.
როდესაც ისრაელის მეფე იორამი, იუდეველთა მეფე იოსაფატი და ედომელთა მეფე მოაბელთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიკრიბნენ, წინასწარმეტყველი ელისეც მოკავშირეთა ჯართან ერთად იყო. უდაბნოში მგზავრობის სირთულისა და უწყლობის გამო ჯარი მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. წინასწარმეტყველმა სასწაული მოახდინა - ჯარი და საქონელი მიწიდან სასწაულებრივად აღმოცენებული წყლით მოამარაგა.

ერთხელ ქალაქ იერიქონში მყოფ წინასწარმეტყველთან ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ და უთხრეს: "კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს... მაგრამ წყალი ცუდია და მიწა - უნაყოფო". მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო. 

სხვა დროს ერთმა ქვრივმა ქალმა ტირილით შესჩივლა თავისი გასაჭირი - ქმრის სიკვდილის შემდეგ ვალებს ვეღარ ვიხდი და მევალე ორივე ვაჟის მონებად წართმევას მიპირებსო. ელისემ ქვრივს ჰკითხა: "მითხარი, რა გაქვს სახლში?" ქალმა უპასუხა: "სახლში არაფერი აქვს შენს მხევალს, გარდა მცირეოდენი ზეთისა". ელისემ უთხრა: - წადი და ჭურჭელი ინათხოვრე ყველა მეზობლისაგან, ბევრი დააგროვე; ჩაიკეტეთ შინ შენ და შენი შვილები და ყველა ის ჭურჭელი დაავსე იმ შენი საზეთედანო.

წავიდა ქვრივი შინ და ისე გააკეთა, როგორც ელისემ უთხრა. როცა ყველა ჭურჭელი გაივსო, ნახა, რომ ზეთი არ თავდებოდა პატარა დოქში. მაშინ მან შვილს სთხოვა, კიდევ მომეცი სხვა ჭურჭელიო, მაგრამ ცარიელი ჭურჭელი აღარ ჰქონდათ. ქალმა შეამჩნია, რომ მის დოქშიც გათავდა ზეთი.

როცა ნათხოვარი ჭურჭელი დაავსო, ქვრივი ქალი ელისესთან მივიდა და მოუყვა მომხდარი სასწაულის შესახებ. ელისემ უთხრა მას: "წადი, გაყიდე ზეთი და გაისტუმრე ვალი. დანარჩენით თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა".

არამის მეფის სარდალი ნემანი
არამის მეფეს შესანიშნავი სარდალი ჰყავდა, სახელად ნემანი, სახელგანთქმული და პატივდებული კაცი, მაგრამ საშინელი ავადმყოფობა სჭირდა - კეთრი. ერთ-ერთ ბრძოლაში არამელებმა ტყვედ წაიყვანეს ისრაელელი გოგონა და მხევლად მისცეს ნემანის მეუღლეს. ამ გოგონას სწამდა ცოცხალი ღმერთი და იცოდა იმ სასწაულთა შესახებ, რომლებსაც უფალი ახდენდა ელისეს ხელით. ერთხელ თავის ქალბატონს უთხრა: "ნეტავ მოსულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან". ნემანმა ეს რომ გაიგო, თავის მეფეს შეატყობინა, რაც თქვა ისრაელელმა ტყვე გოგნამ. არამის მეფემ უთხრა ნემანს: "წადი, წერილს გაგატან ისრაელიანთა მეფესთან".
ნემანი გამოემშვიდობა ცოლს და ისრაელისაკენ გაეშურა. როდესაც ისრაელინათა მეფესთან მივიდა, წერილი გადასცა, რომელშიც ეწერა: "ამ წერილთან ერთად გიგზავნი ნემანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისაგან". წერილი მეფემ წაიკითხა, ტანსაცმელი დაიპო და იყვირა: "ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის, კეთრისაგან განმიკურნე ეს კაციო? იცოდეთ, შემოჩენილია იგი და მიზეზს ეძებს".

ეს ამბავი ელისემ გაიგო. მსახურის პირით შეუთვალა მეფეს: "რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან და დარწმუნდეს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში".
ნემანი ეტლით მივიდა ელისეს სახლთან და ჭიშკართან გაჩერდა. ელისემ მსახური გაუგზავნა და დააბარა: "წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და განწმედილი იქნები". ნემანმა ეს რომ მოისმინა, განრისხდა: "აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღვთის სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისაგან განმკურნავს-მეთქი. განა დამასკის მდინარენი აბანა და ფარფარი ისრაელის მთელ მდინარეებს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ განვიწმიდები?" გაბრაზებული გატრიალდა და წავიდა.

მაშინ მასთან მივიდნენ მისი მონები და უთხრეს: "ჩვენო მამავ, საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, როცა გეუბნება: იბანე და განიწმიდებიო". ამის შემდეგ დათანხმდა ნემანი წინასწარმეტყველის სიტყვის მიხედვით მოქცეულიყო: წავიდა მდინარე იორდანეზე, შვიდჯერ განიბანა და განიწმიდა მისი სხეული და პატარა ბავშვის სხეულს დაემგვანა.

ნემანი დაბრუნდა ღვთის კაცთან და უთხრა: "აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელ ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა მიიღე საჩუქარი შენი მსახურისაგან". მაგრამ ელისემ უარი თქვა მის საჩუქარზე. წასვლის წინ ნემანმა აღუთქვა ელისეს, რომ ამიერიდან იგი სხვა ღმერთებს აღარ შესწირავდა სრულადდასაწველ მსხვერპლს, გარდა უფლისა.
ასე მიიყვანა ნემანი პატარა გოგნას უბრალო დამოწმებამ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთთან.

დაბრმავებული დამპყრობლები
არამისა და ისრაელიანთა ომის დროს ელისე ატყობინებდა ისრაელიანთა მეფეს არამის ჯარების ადგილ-სამყოფელს, რადგან უფალი უცხადებდა ამას, ამიტომაც ისრაელიანები გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდნენ. არამის მეფე შეძრწუნდა. ფიქრობდა, რომ მის მებრძოლთა შორის ერია გამცემი, რომელიც ისრაელიანთ ატყობინებდა მათ სამხედრო საიდუმლოებას. მაგრამ ერთმა მსახურმა უთხრა: "არავინ არის გამცემი ჩვენს შორის, მეფევ ბატონო, ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი ატყობინებს ისრაელიანთა მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საწოლ ოთახში ლაპარაკობ".

მეფემ ბრძანა, გაეგოთ, რომელ ქალაქში ცხოვრობდა ელისე და დაეტყვევებინათ. დიდძალი ჯარით ღამით ქალაქს ალყა შემოარტყა. როცა არამელნი მიადგნენ ელისეს, მან უფლის მიმართ ლოცვა აღავლინა და შესთხოვა: "დააბრმავე ეს ხალხი". და მანაც დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვით. ელისემ დაბრმავებული არამელნი იქიდან წაიყვანა და ქალაქ სამარიას მიაყენა, რომელიც მაშინ ჩრდილოეთ ისრაელის დედაქალაქი იყო. როცა ისინი სამარიაში მივიდნენ, ელისემ თქვა: "უფალო! აუხილე თვალნი ამათ, რათა დაინახონ". აუხილა უფალმა მათ თვალები. ნახეს - შუა სამარიაში არიან. და უთხრა ისრაელიანთა მეფემ ელისეს, როცა ისინი დაინახა: "დავხოცო ისინი, მამაო?" ელისემ მიუგო: "არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი. ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ". და გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. ამის მეტად აღარ შემოსულან ისრაელიანთა ქვეყანაში არამელები.

ღვთის სიტყვა გვასწავლის არა შურისძიებას, არამედ კეთილის ქნას და მტრების სიყვარულს: "თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი". "გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით". "სძლიე ბოროტს კეთილით".

***
ისაქარის ტომის ქალაქ სომანში წინასწარმეტყველი ელისე ერთმა კეთილმორწმუნე დედაკაცმა ისტუმრა. თავის სახლში ოთახი გამოუყო, რომლითაც მას სურვილისამებრ შეეძლო ესარგებლა. ელისეს მასპინძლები უშვილონი იყვნენ, რაც ებრაელთა შორის ღვთისგან მოვლინებულ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, დედაკაცსა და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ. ერთხელ, მკის დროს, ყრმა მამასთან წავიდა მინდორში და უეცრად თავის ტკივილი იგრძნო. იგი დედასთან მიიყვანეს და მშობლის კალთაში გარდაიცვალა. დედაკაცი თვითონ წავიდა წინასწარმეტყველთან კარმილის მთაზე. ელისემ იგი შორიდანვე დაინახა, მიეგება და მოკითხვა უბრძანა: "მშვიდობა არს შენდა და მშვიდობა არს ქმრისა შენისა, გინა მშვიდობით არსა ყრმა იგი?" (IV მეფ. 4,26).

ელისეს ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ წინასწარმეტყველები ყველაფერს კი არ ჭვრეტდნენ, არამედ მხოლოდ იმას, რასაც მათ სულიწმინდა უცხადებდა. წინასწარმეტყველი დედაკაცს გაჰყვა და მისი მხურვალე ლოცვის შემდეგ ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. ეს იყო მდინარე იორდანესთან ახლოს მდებარე სოფელი, სადაც იგი ძალიან ხშირად ჩერდებოდა. აქ ხშირად მოდიოდნენ წინასწარმეტყველის მოწაფეები ელისესთან, მისგან სწავლა-დარიგებების მოსასმენად. ერთ-ერთი ასეთი თავშეყრის დროს, როდესაც გალგადში შიმშილობა იყო, წინასწარმეტყველმა მსახურს ხილის შეჭამადის მომზადება დაავალა. მოსამსახურე მინდორში გავიდა, იქ ველური ყურძენი დაკრიფა და ქვაბში ჩაყარა. როდესაც მოწაფეებმა მომზადებული საჭმელი გასინჯეს, შეამჩნიეს, რომ ქვაბში საწამლავი იყო და შიშით დაიყვირეს: "სიკვდილი არს, კაცო ღმრთისაო, ქვაბსა მაგას" (4 მეფ. 4,40). ელისეს ბრძანებით ქვაბში ფქვილი ჩაყარეს და არავინ მოწამლულა. ამ დროს მიეკუთვნება, აგრეთვე, ელისეს მიერ ოცი პურით ასი კაცის დაპურება.

***
როდესაც ასურელ-ისრაელელთა ომში წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს მოწინააღმდეგეთა მზაკვრულ გეგმებს აცნობდა. განრისხებულმა ასურეთის მეფემ ელისეს შესაპყრობად ლაშქარი გაგზავნა. ზეციური მხედრობა, რომელიც ცეცხლოვანი ეტლებითა და ცხენებით წინასწარმეტყველის გასამხნევებლად იყო გამოგზავნილი, მისმა ერთ-ერთმა მოწაფემაც იხილა. აქ ელისემ კიდევ ერთი სასწაული მოახდინა. მის შესაპყრობად გამოგზავნილი მეომრები უეცრად დაბრმავდნენ, თუმცა სამარიაში, ისრაელის მეფესთან ჩაყვანის შემდეგ, ელისემ ლოცვით ისევ აუხილა მათ თვალები და თავიანთ მეფესთან დააბრუნა.

ამის შემდეგ მეფე ბენ-ჰადადმა ალყაში მოაქცია ქალაქი და აშიმშილა. მეფე იორამმა მიზეზად ელისე ცნო და წინასწარმეტყველის შესაპყრობად მეომრები გაგზავნა, ხოლო შემდეგ თვითონაც მივიდა მასთან. ელისემ მეფეს, ღვთის სახელით, მეორე დღისთვის შიმშილობის შეწყვეტა აღუთქვა. მართლაც, იმავე დღეს მოულოდნელი შიშით ზარდაცემულმა მოწინააღმდეგემ ალყა მოხსნა და უკუიქცა, ხოლო მეფის დიდებული, რომელმაც არ ირწმუნა ელისესი, წინასწარმეტყველის სიტყვებისამებრ: "აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგან შენ არა სჭამო" (IV მეფეთა, 7,2), ხალხმა გადაქელა ქალაქის კარიბჭესთან.

სომანელ დედაკაცს, რომელსაც შვილი მკვდრეთით აღუდგინა, ელისემ მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ აუწყა და ურჩია, ამ ხნის განმავლობაში ფილისტიმელთა ქვეყნისათვის შეეფარებინა თავი. მეზობელ ქვეყანაში დროებით გადასახლებული დედაკაცის სახლი და მიწები სხვამ მიისაკუთრა. ქალი იძულებული გახდა, მეფესთან წასულიყო საჩივლელად. ამ დროს მეფეს წინასწარმეტყველის სასწაულების შესახებ ესაუბრებოდნენ. მეფე იორამმა, ცხადია, ამ საუბრით გულმოლმომბალმა, დედაკაცს გულისყურით მოუსმინა და სათხოვარი შეუსრულა.

ამ დროს ასურეთის მეფე ბენ-ჰაიდი მძიმე სენით დაავადდა. როგორც კი მეფემ წინასწარმეტყველის ჩამოსვლის ამბავი შეიტყო, მაშინვე გაგზავნა მასთან აზაილი. ელისემ აზაილს მოკლე ხანში მეფის გარდაცვალება და მისი გამეფება უწინასწარმეტყველა, მაგრამ ამის თქმა ბენ-ჰაიდისთვის აუკრძალა.

წინასწარმეტყველი ელისე ღრმად მოხუცი, დაახლოებით ასი წლისა გარდაიცვალა. მისი საფლავი, ნეტარი იერონიმეს აზრით, სამარიის მახლობლად მდებარეობდა. სასწაულები, რომლებსაც წინასწარმეტყველი ახდენდა, მხოლოდ მისი ამქვეყნიური ცხოვრებით როდი შემოიფარგლებოდა. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ელისეს საფლავის ახლოს მიცვალებულს მიასვენებდნენ. ამ დროს მოაბელთა რაზმი გამოჩნდა. ხალხი შეშინდა და მიცვალებული უახლოეს გამოქვაბულში დაასვენა. სწორედ იქ წინასწარმეტყველი იყო დაკრძალული. ელისეს ძვლებთან შეხებით მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. უფალმა ამ სასწაულით გარდაცვალების შემდეგაც ადიდა თავისი ერთგული მსახური.

ბეჭდვა
1კ1