კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი - 07 (20) იანვარი
კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი - 07 (20) იანვარი

ნათლისღების მომდევნო დღეს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა - იოანესი.



იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით ისაიას წინასწარმეტყველება აღასრულა: "ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი".

იოანეს შობა მამამისს, მღვდელმთავარს ზაქარიას გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა (ლკ. 1, 13-17). წმიდანის დედა, კეთილმსახური ელისაბედი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი ნათესავი იყო. როდესაც სულიწმიდისაგან ახლად მუცლადღებულმა ქალწულმა იუდეას ელისაბედს ჩააკითხა, ექვსი თვის იოანე ჰკრთებოდა დედის მუცელში (ლკ. 1,41), რადგან მხსნელის მოსვლით ჩანასახშივე ხარობდა.

იოანე სიყრმიდანვე უდაბნოში ცხოვრობდა და მარხვითა და ლოცვით განემზადებოდა იმისთვის, რისთვისაც იშვა. "ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისა; ხოლო საზრდელად მისი იყო მკალი და თაფლი ველური".

30 წლის იყო, ჰურიასტანის უდაბნოში სინანულის საქადაგებლად რომ გამოვიდა, - "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (მთ. 3,2).
იოანე იორდანეში სინანულის ნათლისღებით ნათლავდა იუდეველთ, რომლებიც საკუთარ ცოდვებს აღიარებდნე, ამხელდა ფარისეველთ და სადუკეველთ, მხოლოდ სიტყვით რომ აღასრულებდნენ სჯულს, გულით კი "განშორებულ" იყვნენ ღვთისაგან: "ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ".

კარგა ხანი გავიდა, რაც უფალს წინასწარმეტყველი არ გამოეგზავნა თავისი რჩეული ერისთვის, უკანასკნელი წინასწარმეტყველის, მალაქიას მიცვალების შემდეგ ოთხასზე მეტი წელი იყო გასული, ამიტომ ყოველი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვის მოსასმენად, იოანე მათ იესოსთან შესახვედრად ამზადებდა: "მე უკუე ნათელ გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომელისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (მთ. 3,11).

იოანემ შორიდან იგრძნო მისკენ მოსანათლად მომავალი "ტარიგი უფლისა", თავმდაბლობით წინ აღუდგა და ჰრქვა: "მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალ?" (მთ. 3,14), მაგრამ შემდეგ დაემორჩილა ღვთის ნებას, მოინათლა მაცხოვარი და მის თავზე ხელის შეხებით თავადაც ნათელ იღო.
შემდეგ თვით იესო ქრისტემ დაამოწმა, რომ "არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლისმცემელისა", მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იგი ძე ღვთისაზე აღმატებულიაო, დაამატა: "ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს".

იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა, - ანტიპა ჰეროდიადას უსჯულოებაში მხილებისათვის თავი მოჰკვეთეს.

მიცვალების შემდგომ იოანემ ჯოჯოხეთში მყოფ მართალთაც ახარა მაცხოვრის განკაცება: "სიხარულით ახარა მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორცითა გამოჩინებული და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა".

იოანე ნათლისმცემელი ღვთისმშობლის შემდეგ ჩვენი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე და მოძღვარი სინანულისა.

ამავე დღეს იხსენიება წმიდა წინამორბედის უხრწნელი მკლავის გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში (956) და იოანე ნათლისმცემლის სასწაული კუნძულ ქიოსზე.

წმინდა იოანეს ხატის წყარო


ტროპარი, ხმა 2.

ხსენებაი მართლისა ქებით აღესრულების, ხოლო შენდა ხმა არს წამებაიუფლისა წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინაისწარმეტყუელთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად, და აწ იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი ხორცითა გამოჩინებული, და ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი, ხმა 6.

ხორციელისა მოსლვისა შენისაგან შეძრწუნებული იორდანე უკუნ იქცეოდა, ხოლო წინაისწარმეტყუელებისა მსახურებისა აღმასრულებელი იოანე ძრწოლით იპყრობებოდა, ანგელოსთა დასნი განცვიფრდებოდეს, გხედვიდეს რა ნაკადულთა შინა ხორცითა ნათლისცემულად და ყოველივე ბნელის შინანი განბრწყინდებოდეს და გიგალობდეს შენ, გამოჩინებულსა და განმანათლებელსა ყოველთასა.

 

ბეჭდვა
1კ1