წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე) - 19 (02.12) ნოემბერი
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე) - 19 (02.12) ნოემბერი
წმინდა წინასწარმეტყველი აბდია ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა სიქემის მახლობელ სოფელ ბითარამში. იგი ისრაელის უსჯულო მეფის, აქაბის ეზოსმოძღვარი იყო. სიყრმიდანვე ღვთისმოშიში გახლდათ და მის დროს, როცა მთელი ისრაელი განუდგა უფალს და ბაალს წირავდა მსხვერპლს, მაშინ აბდია აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთს მტკიცედ ერთგულებდა და ფარულად მსახურებდა. როცა აქაბის ცოლი იზებელი სპობდა უფლის წინასწარმეტყველთ, წაიყვანა აბდიამ ასი წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა გამოქვაბულში, პურითა და წყლით ინახავდა მათ.

ერთხელ აქაბმა აბდიას უთხრა: წადი, მოიარე ქვეყნის წყაროები და ხევები; იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი, რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ მოგვიხდეს პირუტყვის დახოცვაო. დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო. აქაბი ერთი გზით წავიდა, აბდია - მეორე გზით.

გზად აბდიას ელია შემოეყარა. იცნო, დაეცა მის წინაშე და უთხრა, - ნუთუ შენა ხარ, ჩემო ბატონო, ელია?

მან მიუგო: - მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არის-თქო ელია.

თქვა აბდიამ:

-რა დავაშავე ისეთი, რომ აქაბს უგდებ მოსაკლავად ხელში შენს მორჩილს? უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, რომ არ დარჩენილა ხალხი, ან სამეფო, სადაც შენს საძებრად არ გაეგზავნოს კაცი ჩემს ბატონს. ეუბნებოდნენ, არ არისო, და ისიც დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, რომ ვერ გიპოვეს. ახლა კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არის ელიაო. გაგშორდები და არც კი მეცოდინება, სად გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ჩემს ბატონთან შესატყობინებლად, ვერ გიპოვის და მომკლავს შენს მორჩილს. ყმაწვილკაცობიდანვე ღვთისმოშიშია შენი მორჩილი. განა არ უთქვამთ მისთვის, რაც გავაკეთე, როცა იზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ხოცავდა - ვმალავდი ას წინასწარმეტყველს, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს გამოქვაბულებში და პურითა და წყლით ვინახავდი. ახლა მეუბნები: წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. ხომ მომკლა!

თქვა ელიამ:
-ცაბაოთ უფალს ვფიცავ, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღესვე ვეჩვენები მას.

წავიდა აბდია აქაბთან და შეატყობინა. წამოვიდა აქაბი ელიას შესახვედრად. როცა დაინახა, უთხრა:

- ეს შენ ხარ, ისრაელის მაოხრებელო?

წმინდა ელიამ მიუგო:

- მე არ ამიოხრებია ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ, დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაალების გზაზე წახვედით.

შემდეგ კი უდიდესი სასწაული მოუხდინა: ზეციდან უფლის ცეცხლი მოუვლინა, რომელმაც შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვა და მტვერი; ამოლოკა წყალიც. ეს რომ აქაბმა დაინახა, გაიხარა თავისი ღმერთის ყოვლისშემძლე ძალით და მისადმი სიყვარულით აინთო. მას მერე გულმოდგინედ მსახურებდა უფალს და ასრულებდა ღვთის მცნებებს. ხოლო როცა მოკვდა აქაბი, მისმა მემკვიდრემ, მეფე ოქოზიამ სამი რაზმი გაგზავნა წმინდა წინასწარმეტყველ ელიას (ხს. 20 ივნისს) შესაპყრობად. მათგან ერთ-ერთს წმინდა აბდია წინამძღვრობდა. ელიას ლოცვით ორი რაზმი ზეციდან გარდამომხდარმა ცეცხლმა შთანთქა, აბდია და მისი მეომრები კი უფალმა შეიწყნარა (4 მეფ. 1). ამ დროიდან ნეტარმა დატოვა სამხედრო სამსახური და წინასწარმეტყველ ელიას დაემოწაფა. შემდგომში მან თავადაც მიიღო წინასწარმეტყველების ნიჭი. წმინდა აბდიას ღვთივსულიერი თხზულება შეიცავს წინასწარმეტყველებებს ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ. წმინდა აბდია სამარიაშია დაკრძალული.

ბეჭდვა
1კ1