ღირსი ხარიტონ აღმსარებელი (+დაახლ. 350) - 28 სექტემბერი (11 ოქტომბერი)
ღირსი ხარიტონ აღმსარებელი (+დაახლ. 350) - 28 სექტემბერი (11 ოქტომბერი)
ღირსი ხარიტონ აღმსარებელი არის სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელი წმინდა მიწაზე. მას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 28 სექტემბერს (ახალი სტილით 11 ოქტომბერს) იხსენიებს.

წმინდანი იკონიაში ეწამა 270-324 წლებს შორის. უღმრთოებმა შეიპყრეს იგი და ცრუღვთაებებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმინდანმა მტკიცე უარი განაცხადა. ჯალათებმა ხარიტონს სამოსელი შემოაძარცვეს და ძროხის ძარღვის მათრახით სცემეს, შემდეგ კი მთავრის ბრძანებით საპყრობილეში ჩააგდეს. მტარვალი ჯერ ლიქნით, შემდეგ პატივის აღთქმით ცდილობდა მის გადაბირებას, ბოლოს კი ახალი სატანჯველები დაატეხა თავს: "შეწუა ცეცხლითა მკერდი მისი, ვითარცა შესაჭმელი ჴორცი", ბორკილები აასხა და კვლავ დილეგში ჩააბრუნა. ამასობაში ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა. პყრობილი მართლმორწმუნეები გაათავისუფლეს. თავისუფლება პოვა წმინდა ხარიტონმაც, რომელიც "ვითარცა აწ მკუდარ ქმნილი საწუთოჲთ და ქრისტესსა ცხორებად მნებებელი" წმინდა ქალაქ იერუსალიმისკენ გაეშურა. გზად ღირსი ხარიტონი ავაზაკებმა შეიპყრეს, ყველაფერი წაართვეს და ღირსი მამა თავიანთ მღვიმეში შეაგდეს. მარტო დარჩენილმა ხარიტონმა ღმერთს მადლობა შესწირა და ავაზაკებისთვის ლოცვა დაიწყო. უცებ დაინახა, რომ ხვრელიდან გველი გამოძვრა, ქოთნიდან რძე დალია და შიგ გესლი ჩაანთხია. მალე ავაზაკები დაბრუნდნენ და მოწყურებულებმა რძე დალიეს. ცოტა ხნის მერე ყველამ სული განუტევა. ამ¬გვარად გახდა წმინდა ხარიტონი მთელი ამ ქონების ბატონ-პატრონი.

ფარანის ლავრა

ხარიტონმა იმ მღვიმეში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი გადარჩენა მიემადლა. ყაჩაღების მიერ ნაგროვები ქონების ნაწილი მან გლახაკებსა და მეუდაბნოე მამებს განუყო, ნაწილით კი ააგო ტაძარი, რომლის ირგვლივაც თანდათან წარმოიქმნა პალესტინაში ცნობილი ფარანის ლავრა. ასე დააარსა პირველი თავისი მონასტერი წმინდა ხარიტონ აღმსარებელმა 330 წელს. სავანისთვის წმინდანმა თავადვე შეადგინა წეს-განგება. ლავრას ახალი წინამძღვარი დაუდგინა, თვითონ კი უდაბნოს სიღრმეში შევიდა განსამარტოვებლად. ამგვარად იქცა ავაზაკთა მღვიმე ღვთის მონასტრად.

იერიქონის სავანე
ნეტარი მამა განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ მონაზვნური ცხოვრების მსურველებმა აქაც მიაკვლიეს მას. ასე დაარსდა 340 წელს ახალი, იერიქონის სავანე, რომელიც ასევე ცდუნების მონასტრის სახელსაც ატარებს, რადგანაც გადმოცემის თანახმად სწორედ ამ ადგილებში ებრძოდა მარხვისას ქრისტეს ეშმაკი.

სუკიის ლავრა

მესამე მონასტერი. რომელიც ხარიტონ აღმსარებელმა დააარსა, იყო სუკიის ანუ ძველი ლავრა. დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის უფალმა თავის რჩეულს სულიერ და ხორციელ სნეულებათა სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმინდანს წინასწარ განეცხადა თავისი მიცვალების დღეც. მან ისურვა, რომ აღსასრულს ფარანის ლავრაში შეხვედროდა. მოუხმო ყველა მოწაფეს და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი.

ღირსი ხარიტონი დაახლოებით 350 წელს გავიდა ამ სოფლიდან, ღრმა მოხუცებულობაში. წმინდანის პატიოსანი ცხედარი ავაზაკთა მღვიმის ადგილას მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს.

ღირსი ხარიტონ აღმსარებლის კონდაკი:

იშვებდ, ღმრთივგონიერო, მარხვითა და წადიერებასა ხორცთასა აღვირ-ასხენ, გამოსჩნდი სარწმუნოებითა აღორძინებულად და, ვითარცა სამოთხისა ხე ცხორებისა, აღყვავენ, ხარიტონ ღირსო, მამაო ყოვლადსამღვდელო.

ბეჭდვა
1კ1