წმინდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე (IV) - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე ზოსიმე მეუდაბნოე (IV) - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
ერთხელ კილიკიის მმართველი დომეტიანე მსახურებთან ერთად სანადიროდ წავიდა და მრავალი უდაბნო, მთა და ბორცვი შემოიარა. ბევრი მხეცი დახოცა, ბევრიც დაიჭირა. ერთ ადგილას შეკრებილი მხეცები დაინახა, რომელთა შორის ვინმე ბერიკაცი დადიოდა და მათ, როგორც ადამიანებს, ესაუბრებოდა. მონადირეები მისკენ გაიჭრნენ, შეშინებული მხეცები მიმოიფანტნენ. მონადირეებმა ბერიკაცი შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს, იფიქრეს, მოგვია და უდაბნოში ჯადოქრობსო. ჰკითხეს, ვინ ხარ და რა გქვიაო.

წმინდანმა უპასუხა:

- ქრისტიანი ვარ და ზოსიმე მქვიაო.

მაშინ ის შეკრეს და ქალაქში სამსჯავროზე მიიყვანეს. აქ მას მმართველმა საუბარი დაუწყო ჯადოქრობაზე: როგორ მოაჯადოვე მხეცები, რომ მათ შორის უვნებელი დადიხარ და ადამიანებივით ესაუბრებიო.

ღირსმა ზოსიმემ უპასუხა:

- მე ჯადოქრობისთვის არ ვცხოვრობ უდაბნოში. ქრისტიანი ვარ და ქალაქში ურწმუნო ადამიანებთან ცხოვრება არ შემიძლია, ამიტომაც წამოვედი უდაბნოში, მირჩევნია, მხეცებთან ვიყო, ვიდრო ბოროტ ადამიანებთან, ჩემი უფლის, იესო ქრისტეს მტრებთან. მაგალითად მაქვს იმ ქრისტიანი წმინდა მამების ცხოვრება, რომლებიც სოფელს განუდგნენ და ცხოვრობდნენ უდაბნოში. ვცდილობ, მათ მივბაძო, ღმერთი შემეწია და სანუგეშოდ დამიმორჩილა მხეცები. და აი, ვცხოვრობ მათ შორის, ვხარობ უფალში და სასოება მასზე დამიყრდნია.

მმართველმა უთხრა:

- ჰოი, შე ბოროტო ბერიკაცო, ნაზარეველს ეთაყვანები? ახლა მე წავალ ნაზარეთში და სახალხოდ გაწამებ, ან უარს იტყვი ნაზარეველზე, ანდა საშინელი ტანჯვით ამოგხდება სული.

მმართველმა ჯერ ბორკილდადებული ზოსიმე გააგზავნა ნაზარეთში, მერე თვითონაც ჩავიდა. ხელსაყრელი დრო მონახა და სასამართლო გამართა. სასამართლოზე დომეტიანემ ზოსიმეს უბრძანა, ეთქვა, როგორ აჯადოებდა ნადირს. წმინდანმა უპასუხა, რომ ის ქრისტიანი იყო. მაშინ წმინდანი თავდაყირა ჩამოკიდეს, კისერზე მძიმე ქვა მოაბეს და სხეული რკინის ჭანგებით დაუსერეს. შემდეგ მმართველმა კვლავ უბრძანა:

- არც ახლა მოჰყვები შენს ჯადოქრობაზე?

ზოსიმემ კვლავ უპასუხა:

- ქრისტემ, ღმერთმა ჩემმა გამომიგზავნა მხეცები უდაბნოში სანუგეშოდ.

მთავარმა უთხრა:

- თუ მხეცები ემორჩილებიან შენს ღმერთს, მაშინ ერთი მხეცი მაინც გამოაგზავნოს, რომ თქვენი რწმენა მივიღოთ.

წმინდა ზოსიმემ პატიოსანი ხელნი ზეცისკენ აღაპყრო და შეჰღაღადა:

- უფალო იესო ქრისტე, შეისმინე მსახურისა შენისა და გამომიგზავნე აქ ლომი, რომ მემსახუროსო.

უეცრად ქალაქში წამების ადგილას უზარმაზარმა ლომმა მოირბინა. ყველანი შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, ლომი კი წმინდანს მიუახლოვდა, მის კისერზე გამობმულ ლოდს ქვემოდან შეუდგა და აღუმსუბუქა. მმართველმა ზოსიმეს სთხოვა, ნადირი დაეოკებინა. წმინდა ზოსიმემ ნადირს უბრძანა, მშვიდად ყოფილიყო, ხოლო მმართველის ბრძანებით, ჯალათებმა წმინდანი ჩამოხსნეს. დომეტიანეს სურდა, რომ იგი იმპერატორთან წაეყვანა, მაგრამ ზოსიმემ წმინდა სული იქვე შეჰვედრა უფალს. წმინდა ზოსიმე IV საუკუნეში ეწამა დიოკლეტიანეს დროს. წმინდა ზოსიმე 4 იანვარსაც იხსენიება წმინდა ათანასე კომენტარისესთან (პატიმართა ზედამხედველი) ერთად. ამ დღის საკითხავის მიხედვით, ათანასემ იხილა რა, რომ ზოსიმე ამ საშინელი ტანჯვის მერე ცოცხალი გადარჩა, ირწმუნა ქრისტე და ზოსიმესთან ერთად ერთხანობა უდაბნოში მოსაგრეობდა. მერე მშვიდად აღესრულნენ.

ბეჭდვა
1კ1