წმინდა მოწამე არიადნე ფრიგიელი (II)- 18 სექტემბერი (1 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე არიადნე ფრიგიელი (II)- 18 სექტემბერი (1 ოქტომბერი)
წმინდა მოწამე არიადნე (ზოგიერთი წყაროს მიხედვით - მარიამიც ერქვა) იმპერატორების - ადრიანესა (117- 138) და ანტონინუს პიუსის (138-161) დროს ცხოვრობდა, იგი ქალაქ პრიმნესის (ფრიგია) წარჩინებული მოქალაქის, ტერტილუსის მხევალი იყო. ერთხელ, როცა მისმა ბატონმა ძეობასთან დაკავშირებით წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო, სუფრაზე ნაზორევი ხორცი უნდა ეჭამათ. ქრისტიანმა არიადნემ ხორცის ჭამაზე უარი თქვა. ამისთვის ბატონმა იგი სასტიკად აწამა, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდო. ერთი თვის შემდეგ ტერტილუსი დააბეზღეს - შინ ქრისტიანს მალავს და ამით იმპერატორის ბრძანებას არღვევსო. მაშინ ის თავის ნათესავ ადვოკატ ნიკანოგორთან ერთად პროკონსულ გორდიანესთან მივიდა და დაარწმუნა მსაჯული, რომ სახელმწიფო რელიგიის ერთგული იყო, ბევრჯერ სცადა ქრისტიანი მხევლის გადარწმუნება, ყველაფერი სცადა და ვერ შეძლო. მაშინ ტერტილუსი გაამართლეს.

ამის მერე სასამართლოზე არიადნე გამოიძახეს. წმინდანმა მხნედ, თამამად განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო და რომ მხოლოდ ცოცხალ ღმერთს სცემდა თაყვანს და კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა. მსაჯული წმინდანს სასტიკი წამებით დაემუქრა, რაზეც მან უპასუხა: "თქვენი ტანჯვა მხოლოდ ერთი საათი გრძელდება. გააკეთეთ, რაც გინდათ, ქრისტე ჩემთანაა და გამაძლიერებსო". იქ მყოფნი თანაუგრძნობდნენ ამ ნორჩ გოგონას, რომელიც თითქმის გააშიშვლეს და ხეზე ჰყავდათ მიბმული. მათი მოთხოვნით, არიადნე გაათავისუფლეს და სამდღიანი ვადა მისცეს დასაფიქრებლად. წმინდანმა ქალაქი დატოვა და მთებში გაიქცა დასამალად. ტერტილუსმა მეომრები დაადევნა. მდევრების დანახვისას წმინდა არიადნემ ღმერთს სთხოვა შემწეობა. მოხდა სასწაული - მთა გაიპო და ქრისტეს მხევალი შიგ მიიმალა, კლდე კი შეერთდა. დამფრთხალი მდევრები დაერივნენ ერთმანეთს და ამ ბრძოლაში დაიხოცნენ.

ბეჭდვა
1კ1