წმინდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (+305-311) - 15 (28) სექტემბერი
წმინდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (+305-311) - 15 (28) სექტემბერი
წმინდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (ასკლიპიოდოტა) იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) მეფობისას ეწამნენ. მაქსიმე და ასკლიადა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდნენ, ისინი გამოირჩეოდნენ ღვთის¬მოშიშებით და თავიანთი სიტყვით და საქმით - მრავალი წარმართი ქრისტიანობაზე მოაქციეს.

იმ დროს მარკიანოპოლში ქრისტიანების დასასჯელად ჩავიდა თრაკიის მმართველი ტირისი, რომელმაც მაქსიმე და ასკლიადა თავისთან მოაყვანინა და მათ ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, წმინდა მაქსიმესთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, როცა მისი სიმტკიცე იხილა, ბრძანა, ოთხ კაცს დაუნდობლად ეცემათ იგი.
წამებას შეესწრო ქალაქის ერთი კეთილშობილი მოქალაქე თეოდოტე, რომელმაც მმართველი სისასტიკეში ამხილა. ამისთვის ისიც შეიპყრეს, ხეზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით სხეული დაუსერეს. შემდეგ სამივე მოწამე საპყრობილეში ჩაყარეს. ორი კვირის მერე ტირისმა გზა განაგრძო და მოწამეები თან გაიყოლა. ქალაქ ადრიანოპოლში მტარვალმა უფრო საშინელი სატანჯველნი დაატეხა მათ თავს, სხეული გავარვარებული სპილენძის ფირფიტებით მოუწვეს. ამ დროს მოწამეებს ნუგეშად ზეციდან ხმა მოესმათ, რომელიც სიმტკიცისა და მოთმინებისკენ მოუწოდებდა. რამდენიმე დღის წამების შემდეგ მოწამეები ცირკში, უამრავი ხალხის თანდასწრებით, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მაქსიმესა და თეოდოტეს დათვმა ალერსი დაუწყო. წმინდა ასკლიადა ხარს მიაბეს. პირუტყვმა ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა. გააფთრებული ტირისის ბრძანებით მათ თავები მოკვეთეს. მალე ტირისს ღვთის რისხვა დაატყდა - სამსჯავროზე მჯდომი მეხმა განგმირა.

წმინდანთა: მაქსიმეს, თეოდოტესა და ასკლიადას (ასკლიპიოდოტას) ხსენება 19 თებერვალსაც აღესრულება.

ბეჭდვა
1კ1