წმინდა მოწამე პორფირე (+361) - 15 (28) სექტემბერი
წმინდა მოწამე პორფირე (+361) - 15 (28) სექტემბერი
რომის იმპერატორი იულიანე განუდგა ქრისტეს, გადაწყვიტა ქრისტიანთა გაჟლეტა და თავის სამფლობელოში კერპთაყვანისცემის აღდგენა. მრავალი ტანჯვა-წამების გარდა, რომელსაც ის ქრისტიანებს შეამთხვევდა, სახალხოდ დასცინოდა ქრისტიანთა ღვთისმსახურებას და წეს-ჩვეულებებს. მეფის კარზე ერთი მასხარა იყო, პორფირე, წარმოშობით ეფესოდან, რომელიც მეფეს ართობდა ქრისტიანული საიდუმლოების პაროდირებით. ერთხელ ნათლისღების დაცინვა გადაწყვიტა. დაიწყო მკრეხელურად ნათლისღების ლოცვის წაკითხვა თავის თავზე, შემდეგ შევიდა წყალში, სამჯერ შთაეფლო ყოვლადწმინდა სამების სახელზე და წარმოთქვა: "ნათელს იღებს მონა ღვთისა პორფირე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". მოხდა სასწაული - სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მასზე. ურწმუნო პორფირემ მაშინვე იგრძნო ღვთის მადლის მოქმედება, რომელმაც უეცრად გარდაქმნა და მკრეხელი მორწმუნე ქრისტიანად შექმნა. სულიერად აღორძინებულმა პორფირემ მაშინვე აღიარა ქრისტე ღმერთი და ამხილა მეფე ღვთის ღალატში. იულიანეს ბრძანებით და ღვთის მოწყალებით, წმინდა პორფირე მოწამის გვირგვინის ღირსი შეიქნა, მასაც, წმინდა ჰენეზივით, თავი წარკვეთეს ქრისტეს გულისთვის. ეს მოხდა 361 წელს.

სხვა ვერსიით კი პორფირეს ქალიშვილი უეცრად მოუკვდა. ამან მასზე ისე იმოქმედა, რომ დაუტევა მასხარაობა და სასოწარკვეთილი დახეტიალებდა. ნუგეში ქრისტეს რწმენაში ნახა, მოინათლა და თამამად ამხილა წარმართობა. მან უარი უთხრა ადგილობრივ მმართველს კერპებისთვის მხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც სიკვდილით დასაჯეს. წმინდა პორფირეს ეკლესია 15 სექტემბერს და 4 ნოემბერს მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1