წმინდა დიდმოწამე ნიკიტა (+დაახლ. 372) - 15 (28) სექტემბერი
წმინდა დიდმოწამე ნიკიტა (+დაახლ. 372) - 15 (28) სექტემბერი
კოსტანტინე დიდის მეფობის დროს ქრისტიანობა გუთების ქვეყანაშიც გავრცელდა. სწორედ ამ ქვეყანაში მონათლა და აღზარდა წმინდა ნიკიტა გუთების ეპისკოპოსმა თეოფილემ, რომელიც ნიკეის კრებაში მონაწილეობდა და კრების დადგენილებას ხელიც მოაწერა. ქრისტიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში წინ აღუდგნენ წარმართი უთები, რასაც შინაბრძოლები მოჰყვა. ქრისტიანთა ლაშქრის წინამძღოლმა, ფრიტიგერნმა საბერძნეთის დახმარებით წარმართი ათანარიხი დაამარცხა. ამის შემდეგ ქრისტეს რწმენა უფრო ძალუმად გავრცელდა გუთთა შორის, რადგან იხილეს ქრისტიანთ ჯარს წარმძღვანებული ჯვრის სიძლიერე და ჯვარცმული ქრისტეც იწამეს.

ეპისკოპოს თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ კათედრაზე ულფილა ავიდა, კაცი კეთილგონიერი და ღვთისმოშიში. მან შექმნა გუთური ანბანი და გუთთა ენაზე მრავალი საღვთისმსახურო წიგნი თარგმნა. თავისი ცხოვრებითა და შთაგონებული საუბრებით მრავალი უღმრთო მოაქცია ქრისტიანობაზე;
მაგრამ გამოხდა ხანი, ათანარიხმა შეძლო ძალების აღდგენა, სამშობლოში დაბრუნდა, ძველებური ძლევამოსილებით შეიმოსა და ქრისტიანების დევნა დაიწყო.

საღმრთო შურით აღძრულმა წმინდა ნიკიტამ ამხილა ათანარიხი, უსაყვედურა მას უღმერთობა და უმოწყალობა, რომლითაც ის ქრისტიანებს ექცეოდა. და შეეცადა, იგი ჭეშმარიტების მსახურების გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ათანარიხმა შეიპყრო უფლის რჩეული და წამების შემდეგ ცეცხლში შეაგდო. ასე აღესრულა წმინდა დიდმოწამე ნიკიტა დაახლოებით 372 წელს.

ცეცხლმა ვერაფერი დააკლო წმინდანის სხეულს და დაუმარხავი ეგდო უწმინდურების ადგილას. იმ დროს იმ ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი, სახელად მარიანი, წარმოშობით კილიკიელი ქალაქ მოფსუეტიდან, რომელიც გუთების ქვეყანაში საქმეზე იყო ჩამოსული. ის დაუმეგობრდა წმინდა ნიკიტას და ძმასავით შეიყვარა. ნახა, რაოდენ მტკიცედ იდგა წმინდა ნიკიტა ქრისტეს რწმენაზე, როგორ აწამეს. წუხდა, რომ მისი სხეული დაუკრძალავი იყო. გადაწყვიტა, თავის ქვეყანაში წაესვენებინა, მაგრამ მმართველის ეშინოდა, რომელმაც ბრძანა, რომ ხელი არავის ეხლო ცხედრისთვის. განიზრახა, ღამით მოეპარა. დაღამდა. კუნაპეტი სიბნელე ჩამოდგა. წვიმდა. მარიანი ღელავდა - სიბნელეში როგორ მოეძებნა წმინდანის სხეული. მაშინ უფალმა ანუგეშა იგი, ზეციური ძალა გამოუგზავნა მარიანს, რომელიც ვარსკვლავის მსგავსად ბრწყინავდა და გზას უნათებდა. მარიანი გახარებული გაჰყვა. ვარსკვლავი თავზე დაადგა წმინდა მოწამის სხეულს. მარიანმა სხეული ახალთახალ სუდარაში გაახვია და წაასვენა იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა, მერე სამშობლოში გადაასვენა. მარიანის ოჯახი აკურთხა უფალმა, დიდი სიმდიდრე მიანიჭა, როგორც სულიერი, ისე ხორციელი. წმინდანის კუბოზე დებდა მოწყალებისთვის განკუთვნილ ნივთებს, და მასთან მთელი ქალაქიდან და მისი გარეუბნებიდან მოდიოდნენ მორწმუნენი, რომლებიც ამ ნივთებითაც ინუგეშებდნენ თავს და წმინდანის კუბოს მთხვევით იკურნებოდნენ სხვადასხვა სნეულისგან. ბოლოს, იმდენი ხალხი მოგროვდა, მარიანის სახლი ვეღარ იტევდა ამდენ სტუმარს და გადაწყვიტეს წმინდანის სახელზე ეკლესია აეგოთ. წმინდა ნიკიტას სხეული ახალაშენებულ ტაძარში გადაასვენეს, ხოლო მარიანს სანუგეშოდ წმინდა ნიკიტას თითი დარჩა.

ბეჭდვა
1კ1