წმინდა მოწამე ანგელი (+1680) – 1 (14) სექტემბერი
წმინდა მოწამე ანგელი (+1680) – 1 (14) სექტემბერი
ღვთის ეს რჩეული კონსტანტინოპოლს მეჰმედ მეოთხის სულთნობისას, - 1648-1687 წლებში ცხოვრობდა და იუველირი გახლდათ. ერთხელ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე იგი მეგობრებთან ერთად წმინდა სტეფანეს უბანში იმყოფებოდა. მოზეიმეებს მალე იქვე მცხოვრები რამდენიმე თურქი შემოუერთდა, გამოთვრნენ და ხუმრობით თავსაბურავები გაცვალეს.

მომდევნო დღეს, რომ გამოფხიზლდნენ, თურქები ანგელს დაეკითხნენ, - ჩვენებური ჩალმა რატომ აღარ გხურავს? ვინც მას ერთხელ მაინც დაიხურავს, გამაჰმადიანებულად ითვლებაო.

ახალგაზრდა კაცი დაიბნა, თურქებმა კი მაშინვე ხელი სტაცეს და თავიანთ მსაჯულს მიჰგვარეს, - ან აღიარე, რომ გადმოჩვენიანდი, ან არადა, წამებით ამოგხდით სულსო!

მაშინ თვით ქრისტემ აღავსო ანგელი სულიწმიდით და ყმაწვილმა ღვთის ღალატს სიკვდილი არჩია.

1680 წლის 1 სექტემბერს, სულთნის სასახლის წინ ანგელს თავი წარკვეთეს. ქრისტიანებმა მისი სხეული 300 პიასტრად გამოისყიდეს და კუნძულ პროტზე პატივით დაფლეს.

ბეჭდვა
1კ1