წმინდა ახალმოწამე იოანე, ტირნოვოელი (+1822) - 16 ივლისი (29 ივლისი)
წმინდა ახალმოწამე იოანე, ტირნოვოელი (+1822) - 16 ივლისი (29 ივლისი)
წმინდა იოანე ქალაქ ოსმან-პაზარში (დღევანდელი ომურტაგი) ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. ადრე დაობლდა, ტირნოვოში გადავიდა საცხოვრებლად და კრამიტების კეთება ისწავლა, შემდეგ კი ჰაიდუკების რაზმს შეუერთდა. მალე მათი რაზმი თურქებმა დაატყვევეს და ჰაიდუკები სიკვდილით დასაჯეს. როცა მისი დასჯის დრო მოვიდა, იოანემ გონება დაკარგა, მოასულიერეს, გადარჩენის სანაცვლოდ ისლამის მიღება შესთავაზეს. ამის შესახებ შეიტყო იმ მხარის მმართველმა და მან იოანე თავისი სასახლის პირველ მსახურად დაადგინა, ცოლად კი მისი ხელობის მასწავლებლის ქვრივი შერთო, რომელიც ასევე ისლამის რჯულზე გადასულიყო. რვა თვის შემდეგ იოანე გონს მოვიდა და მწარედ განიცდიდა თავის დაცემას. ის რჩევის საკითხავად მივიდა ტირნოვოს სამიტროპოლიტოში, ვინმე დიონისესთან, რომელიც მიტროპოლიტ ილარიონს ცვლიდა. მან კი უთხრა: -რადგან შენ უღალატე ქრისტიანობას, შენვე გამოსწორდიო! ვინმე მღვდელ-მონაზონმა ურჩია, ცოლთან ერთად ქალაქიდან შორს წასულიყო და ზეთისცხებით დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას, მაგრამ იოანემ დროზე წასვლა ვერ მოახერხა. რამდენიმე დღის შემდეგ მღვდელ-მონაზონმა სკივრის მიყიდვა სთხოვა, რომელიც ქრისტიანული სიმბოლოებით იყო შემკობილი. როცა ჭაბუკმა სკივრის მიტანა დააპირა, ის თურქებმა შეიპყრეს მუსლიმანობის შეურაცხმყოფელი ნივთების შენახვის ბრალდებით. იოანემ მათ უთხრა, რომ სკივრი მისია და ის ქრისტიანი იყო. როცა მმართველმა ჰკითხა ასე რატომ თქვიო, მან ფესი ძირს დააგდო, ფეხებით შედგა და გათელა. მმართველი საშინლად განრისხდა მასზე, ბრძანა სასტიკად ეცემათ და ბორკილდადებული ციხეში ჩაეგდოთ. შვიდი დღე უჭმელ-უსმელი დატოვეს და სასტიკად აწამებდნენ. დილეგის სხვა პატიმრები ხედავდნენ, თუ როგორ ადგა ნიმბი იოანეს ლოცვის ჟამს. სასამართლოზე მას სამჯერ ჰკითხეს: -"შენ თურქი ხარ, თუ ქრისტიანი?" მან სამჯერვე უპასუხა: "მე ქრისტიანი ვარ და მსურს ქრისტიანად მოვკვდეო!" მაშინ წმინდა იოანე ჩამოახრჩვეს. შემდეგ ღამეს მისი სხეული ქრისტინებმა ჩუმად მოიპარეს და უცნობ ადგილას დაკრძალეს. მისი მარტვილობის შესახებ მოგვითხრობს 1884 წლით დათარიღებული ბერძნული ხელნაწერი, რომელიც გვამცნობს, რომ მაშინ წმინდა იოანესთან ერად დაიღუპნენ ბერები იეორთეოსი და ნიკიფორე.

ბეჭდვა
1კ1