წმინდა იოსებ აღმსარებელი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+832) - 14 ივლისი (27 ივლისი)
წმინდა იოსებ აღმსარებელი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+832) - 14 ივლისი (27 ივლისი)
წმინდა იოსები უმცროსი ძმა გახლდათ ღირსი თეოდორე სტუდიელისა. იგი 761 წელს დაიბადა და ძმასავით კარგი განათლება მიიღო, ისეთი, როგორიც მათ ცნობილ დიდებულ ოჯახს ეკადრებოდა. 781 წელს წმინდანთა ბიძის, ღირსი პლატონის (4 აპრილი) გავლენით, მათი დედა, თეოქტისტა და მათი და კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცნენ, ხოლო მამა -ფოტინი, თვითონ წმინდა იოსები და კიდევ ორი ძმა, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბითინიის ოლიმპზე, საგვარეულო მამულში საკუდში განმარტოვდნენ და ის მონსტრად აქციეს. მათ ბრძნულად ხელმძღვანელობდა ღირსი პლატონი.

წმინდა იოსები ძმაზე არანაკლები გულმოდგინებით მოსაგრეობდა და ყველაფრით მიემსგავსა ღირს თეოდორეს.

სავანეში მშვიდობა დაირღვა, მაშინ როცა იმპერატორმა კონსტანტინე VI-მ უარი თქვა კანონიერ ცოლზე და თეოქტისტასა და ღირსი პლატონის ნათესავზე დაქორწინდა (795). მონაზვნებმა განაცხადეს, რომ ამით დაირღვა საეკლესიო გარდამოცემა და კანონები, და უკუაგდეს მეფის ყოველი მცდელობა -მათ შერიგებოდა. მათ უარიც კი თქვეს მეფისთვის პატივი მიეგოთ, როცა ის პრუსიადის სამკურნალო წყლებზე იმყოფებოდა. მაშინ კონსტანტინემ მონასტერში სამხედროები გააგზავნა. მათ დააპატიმრეს ღირსი პლატონი, თეოდორე, იოსები და სხვა მრავალი მონაზონი და კათარის ციხესიმაგრეში ჩაამწყვდიეს.
ღირსი თეოდორე და წმინდა იოსები გაშოლტეს, შემდეგ კი მამასთან და ათამდე მონაზონთან ერთად თესალონიკში გაასახლეს. თეოქტისტამ თავიდანვე მოახერხა ციხეში შეეღწია, რათა მათი წყლულებისთვის ემკურნალა. შემდეგ თესალონიკში მიმავალთ შეუერთდა და აღაფრთოვანებდა მათ, რომ ყველაფერი დაეთმინათ ჭეშმარიტებისათვის. ტუსაღებმა 36 დღე ფეხით იარეს და 797 წელს ამაღლების დღესასწაულზე თესალონიკში ჩავიდნენ, სადაც მათ თბილად შეხვდა მხარის მმართველი და თესალონიკის მთავარეპისკოპოსი თომა. მალე იმპერატორის წერილიც მოვიდა -ბრძანებდა, ტყვეები დაეცალკევებინათ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც განაგრძობდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას წერილების საშუალებით.

მათი ტყვეობა მცირე ხანს გაგრძელდა. კონსტანტინე VI დაამხეს, ხელისუფლება ჩაიგდო დედამისმა ირინემ, რომლის ბრძანებით გადასახლებულნი გათავისუფლდნენ და წლის ბოლოს საკუდში დაბრუნება მოახერხეს. მაგრამ მათ მშვიდობა არ ეწერათ, რადგან ამ მხარეს მუდმივად თავს ესხმოდნენ და ანადგურებდნენ ბარბაროსები. მაშინ წმინდანები კონსტანტინოპოლში სტუდიის მიტოვებულ მონასტერში გადასახლდნენ, რომელიც მათ დედოფალმა და პატრიარქმა ტარასიმ გადასცა (799). მონასტერი სწრაფად განვითარდა წმინდა თეოდორეს ხელმძღვანელობით, რომელმაც ის ბიზანტიური მონაზვნობის ცენტრად და მიტროპოლიად აქცია. წმინდა იოსები აქ უბრალო მონაზონი იყო, ყველაფერში ემორჩილებოდა ძმას და ძირითადად საეკლესიო საგალობლებს ქმნიდა, რომლებიც საღვთისმსახურო წიგნებმა შემოინახა და დღემდე იყენებენ, მის კალამს ეკუთვნის არაერთი საგალობელი კანონი, რომელიც "ტრიოდიონშია" შესული. მალევე მას მერე, რაც იმპერატორის ბრძანებით პატრიარქის ტახტზე ერისკაცი წმინდა ნიკიფორე აიყვანეს, ეკლესიის უფლებების და კანონიკური წესრიგის დასაცავად აღდგნენ სტუდიელი მამები, რომელთაც გაილაშქრეს საერო ხელისუფლების ეკლესიის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ (806). ღირსი თეოდორე და ღირსი პლატონი წინააღმდეგნი იყვნენ ამ არჩევანისა და რამდენიმე დღით ციხეში ჩასვეს ისინი. საბოლოოდ მათ აღიარეს პატრიარქად წმინდა ნიკიფორე. მაგრამ როცა დიდი ეკლესიის (აია სოფიას) იკონომოსად დაადგინეს მღვდელი იოსები, რომელმაც აკურთხა კონსტანტინე VI-ს უკანონო ქორწინება, სტუდიელები მისი ხარისხში აღდგენის წინააღმდეგნი გამოვიდნენ.

იმპერატორმა კვლავ სცადა იმ ხალხის შემორიგება, რომელთაც ხალხის სიმპათია ჰქონდათ და წმინდა იოსები თესალონიკის ეპისკოპოსად დაადგინა. მანაც მიიღო ხარისხი, ოღონდ არა პატრიარქისგან, არამედ ადგილობრივი ეპისკოპოსებისგან. ეს დაძაბული ურთიერთობა ორ წელს გაგრძელდა, რომლის მერეც იმპერატორმა მოუხმო წმინდა იოსებს და მონაზვნობის ხელმძღვანელებს და მოითხოვა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ. უარის თქმის შემდეგ იოსებს გამოეცხადა ვინმე ჩინოვნიკი და ამცნო, რომ თესალონიკის კათედრიდან გადაყენებული იყო, მოგვიანებით - სტუდიის მონასტერი ჯარმა დაიკავა.
809 წლის იანვარში წმინდანები წარდგნენ სინოდის წინაშე, რომელმაც ისინი ანათემას გადასცა. ღირსი პლატონი და თეოდორე წმინდა მამანტის მონასტერში დაამწყვდიეს. ხოლო მას მერე, რაც წმინდა იოსებმა პატრიარქის უნებართვოდ სტუდიის მონასტერში წირვა დააყენა, მას საეკლესიო საიდუმლოებების ჩატარება აუკრძალეს და კუნძულ ოქსიაზე გაასახლეს, მან იქ ბევრი გაჭირვება გამოიარა. შემდეგ ის სასახლის საპატიმროში გადაიყვანეს და იქიდან სხვა კუნძულზე გადაასახლეს.

იმპერატორ ნიკიფორე I-ის სიკვდილის და მიქაელის გამეფების მერე სტუდიელები შეურიგდნენ პატრიარქ ნიკიფორეს. ისინი გადასახლებიდან დაბრუნდნენ, ღირსი თეოდორე მეფემ მრჩევლად გაიხადა, ხოლო წმინდა იოსები თავის კათედრაზე დააბრუნა. წმინდა მამებმა ამოისუნთქეს, მაგრამ მცირე ხნით, მალე მათ ახალი განსაცდელი ელოდათ.

ხელისუფლების სათავეში მოვიდა ლეონ V სომეხი და ხატმებრძოლობის ერესი აღადგინა. ვიდრე დევნას დაიწყებდა ლეონმა გაარკვია რა შეხედულება ჰქონდათ ეპისკოპოსებს. წმინდა იოსები მხურვალე დამცველი იყო ხატთაყვანისცემისა, რის გამოც ის სამწყსოს მოაცილეს და საკუდში გააგზავნეს, სადაც საშუალება ჰქონდა ძმისთვის თეოდორესთვის წერილი მიეწერა, რომელიც მეტოპუში გაასახლეს. მალე იგი იმპერატორმა შესახვედრად მოიხმო კონსტანტინოპოლში. ამ შეხვედრის შემდეგ წმინდა იოსებს გაძევება მიუსაჯეს. მდივანთან და რამდენიმე მონაზონთან ერთად შუა ზამთარში კუნძულზე გადაიყვანეს. წმინდანი სიხარულით დაითმენდა გადასახლების სიმძიმეს. მისი ძმა თეოდორე მეტოპიდან ბონიტას ციხესიმაგრეში, ხოლო იქიდან სმირნაში გადაიყვანეს. როცა წმინდა იოსები ელპიზონის ციხესიმაგრეში გადაიყვანეს, წმინდანს პირობები უფრო დაუმძიმეს. აქ დაყო მან ლეონ V-ს სიკვდილამდე (820).

ახალმა იმპერატორმა მიქაელ II-მ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რწმენისთვის აღმსარებელნი ყველა გაათავისუფლა. თეოდორე და იოსები კონსტანტინოპოლში დაბრუნდნენ, მაგრამ მათ სტუდიის მონასტერში ცხოვრება აეკრძალათ. მაგრამ არაბების შემოსევის გამო იძულებულნი გახდნენ პრინცის კუნძულებზე გახიზნულიყვნენ.

როცა იმპერატორმა თეოფილემ დევნა ახალი ძალით განაახლა, წმინდა იოსები თესალიის შორეულ ქალაქში გადაასახლეს და ვერ შეესწრო თავისი ძმის თეოდორეს გარდაცვალებას (826). წმინდა იოსებიც გადასახლებაში, დიდ გაჭირვებაში აღესრულა 832 წლის 15 ივლისს.

წმინდანის სხეული, დაუკრძალავად დატოვეს ერთ ნესტიან, ტყიან ადგილას. დაახლოებით ოცი წლის შემდეგ წმინდა ნავკრატიმ შეძლო წმინდა იოსების ნაწილთა პოვნა და წმინდა თეოდორეს წმინდა ნაწილებთან ერთად კონსტანტინოპოლში გადაასვენა, 844 წლის 26 იანვარს. წმინდანთა ნაწილები სტუდიის მონასტერში, ღირსი პლატონის აკლდამაში ჩაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1