წმინდა მოწამე კირილე თესალონიკელი (+1566) - 6 ივლისი (19 ივლისი)
წმინდა მოწამე კირილე თესალონიკელი (+1566) - 6 ივლისი (19 ივლისი)
წმინდა კირილე 1544 წელს იშვა თესალონიკს, ათი წლისა დაობლდა და ბიძებმა აღზარდეს.

მათგან ერთმა ისლამი მიიღო და ყმაწვილი თურქ თერძს მისცა შეგირდად, რომელსაც მეორე, კეთილმორწმუნე ბიძის რჩევით, გაექცა, საიმდროოდ თესალონიკს მყოფ ათონელ ბერებს შეუერთდა და მთაწმინდას მიაშურა.

ანგელოზებრივი სქემით ქილანდარის მონასტერში შეიმოსა, მაგრამ რამდენადაც ყმაწვილთა მონასტრებში ცხოვრება იქ იკრძალებოდა, სავანის მახლობლად გადაიყვანეს, სადაც შვიდ წელიწადს სრულად ჰმორჩილებდა წინამძღვარს.

ამ დროის შემდგომ კირილე ბიძის მოსანახულებლად კვლავ თესალონიკს დაუბრუნდა, მაგრამ უკანა გზაზე, ხომალდის მოლოდინში მუსლიმანმა ბიძამ დაინახა, იქ მყოფი ადამიანები მის წინააღმდეგ განაწყო, რის შედეგადაც კირილე შეიპყრეს და მსაჯულს მიჰგვარეს.

უსჯულომ მისი გადმობირება ჯერ ტკბილი სიტყვით სცადა, თუმცა, ამაოდ. მაშინ განაჩენის გამოტანა მომდევნო დღისთვის გადაიდო და ყმაწვილი ციხეს მისცეს.

1566 წლის 6 ივლისს, მეორე დაკითხვისას კირილეს კოცონზე დაწვა მიუსაჯეს, კოცონი წმინდა კონსტანტინეს ტაძრის სიახლოვეს მდებარე იპოდრომზე განამზადეს.

ნეტარმა ხელნი ზეცად აღაპყრო და უფალს სთხოვა, მალე მიეღო მის წიაღში, მმართველმა კი კვლავ სცადა კირილეს ათასგვარი დაპირებით გადმობირება, თუმცა, კვლავ უშედეგოდ.

მაშინ მოწამე ცეცხლს მისცეს და იმდენი შეშა შეუგზნეს, მისი ძვალნიც კი ფერფლად იქცა.

1972 წელს, როდესაც წმინდა კონსტანტინეს ტაძრის ადგილას ახალ ტაძარს აგებდნენ, ნეტარი მამის წმინდა ნაწილიან ურნას მიაგნეს.

ბეჭდვა
1კ1