წმინდა მოწამე ზოსიმე მხედარი (II) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
წმინდა მოწამე ზოსიმე მხედარი (II) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
წმინდა მოწამე ზოსიმე თრაკიის ქალაქ აპოლონიაში ცხოვრობდა იმპერატორ ტრაიანეს (89-117) მეფობისას. მას სურდა ქრისტიანი გამხდარიყო და როცა მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, სწორედ მაშინ სამხედრო სამსახურს თავი დაანება, მოინათლა და წმინდად ცხოვრებას მიჰყო ხელი. უსჯულოებმა წმინდანის შესახებ ანტიოქიის მმართველ დომიციანეს შეატყობინეს, ზოსიმე მხედარმა იმპერატორს უღალატა, სამხედრო წოდებაზე უარი თქვა და ქრისტიანი გახდაო. მმართველის ბრძანებით, წმინდა ზოსიმე შეიპყრეს და მას მიჰგვარეს.

სამსჯავროზე წმინდა ზოსიმემ მხნედ აღიარა ქრისტე და წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამის გამო წმინდანი სასტიკად აწამეს, მაგრამ ღვთის წყალობით წამება დაითმინა. შემდეგ კი მმართველის ბრძანებით, გახურებულ რკინის სარეცელზე დააწვინეს, მაგრამ ჯვარი გამოისახა და ღვთის მადლით დაცულს არაფერი დამართია. დომიციანე ქალაქიდან გაემგზავრა და ბრძანა, წმინდანისთვის ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩაეცმიათ და თან გაეყოლებიათ. უფალმა მას იმდენი ძალა მისცა, რომ ამგვარი ფეხსაცმლით ცხენების დევნა შეძლო. ბოლოს კი მშიერ-მწყურვალი ნეტარი ზოსიმე საპყრობილეში ჩააგდეს და ლუკმას არ აჭმევდნენ, მაგრამ კაცთაგან მიტოვებულს უფალმა ანგელოზი გამოუგზავნა, რომელიც პურითა და წყლით აძლიერებდა ტუსაღს. როცა ხანგრძლივი და აუტანელი სატანჯველით ვერ მოდრიკეს ქრისტეს აღმსარებელი, ჯალათებმა მას თავი მოჰკვეთეს. ლოცვით შეჰვედრა სული უფალს წმინდა მოწამე ზოსიმე მხედარმა. ეს მოხდა ქალაქ კონონეაში 19 ივნისს.

ბეჭდვა
1კ1