წმინდა მღვდელმოწამე პოფინი, ლიონელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად ვნებულნი (+177) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
წმინდა მღვდელმოწამე პოფინი, ლიონელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად ვნებულნი (+177) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
წმინდა პოფინი (პოტინი) მცირე აზიაში I საუკუნის დასასრულს დაიბადა, ლიონის ეკლესიას მრავალი წლის მანძილზე წინამძვრობდა და სამწყსოს თავისი მოციქულებრივი ღვაწლით განამტკიცებდა.

როდესაც მარკუს ავრელიუსის (161180 წლები) ჟამინდელი დევნა გალიის ეკლესიასაც მისწვდა, წმინდა მამა უკვე ფრიად მხცოვანი - 90 წლისა გახლდათ, თუმცა, ასაკისა და უძლურების მიუხედავად, სხვა ქრისტიანებთან ერთად შეიპყრეს და უსჯულო სამსჯავროს ბრბოს ყიჟინის თანხლებით წარუდგინეს.

ღვთის მადლმა და მოწამეობის მხურვალე სურვილმა წმინდა მღვდელმთავარი ჭაბუკური ძალით შემოსა, ხოლო ოდეს მმართველი დაეკითხა: - ვინ არის ქრისტიანთა ღმერთიო, უპასუხა: - თუ ამის ღირსი შეიქნები, შეიტყობ კიდეცო!

ეპისკოპოსი უმოწყალოდ ტანჯეს და შეურაცხყვეს, - ვინც მისწვდა, ხელებსა და ფეხებში ურტყეს, ხოლო მოშორებით მდგომნი კი იმას ესროდნენ, რაც ხელში მოხვდებოდათ.

ნეტარი გაჭირვებით სუნთქავდა, უვიწროეს დილეგში რომ გამოკეტეს, სადაც ფეხზე დგომა შეუძლებელი იყო (ეს საკანი ლიონში დღემდე შემორჩა), ორი დღის შემდგომ კი წმინდა პოფინი მიიცვალა.

დანარჩენი მოწამენი კვლავ ტყვეობაში ჰყავდათ, რამეთუ სურდათ, სისხლს მოწყურებული ბრბოსათვის მათი სასტიკი ტანჯვის ხილვით ეამებინათ.

საიმპერატორო დღესასწაულისას ისინი გარეულ მხეცთ მიუგდეს საჯიჯგნად.

ბეჭდვა
1კ1