წმინდა მოწამე დიმიტრი ფილადელფიელი (+1657) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
წმინდა მოწამე დიმიტრი ფილადელფიელი (+1657) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
ამ საკვირველი მოღვაწის ცხოვრების დრო, სამწუხაროდ, დაუზუსტებელია: - ერთი წყაროს მოწმობით, მას XV - XVI საუკუნეთა მიჯნაზე უნდა ეცხოვრა, სხვა ცნობით კი - მეჩვიდმეტეში.

დანამდვილებით ოდენ ის ვუწყით, რომ წმინდა დიმიტრი - ფილადელფიელი მღვდლის ვაჟი გახლდათ.

ცამეტი წელი რომ შეუსრულდა, თურქებმა ქრისტეს უარ¬ყოფა აიძულეს, შემდეგ კი - ქალაქის უმაღლეს ხელისუფალს მიჰგვარეს მოსამსახურედ.

ჭაბუკის მაღალი ზნეობა და თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩენილა, - მოკლე ხანში ოფიცრის ჩინი ებოძა, გამდიდრდა და ქალაქის ყველაზე სასურველ საპატარძლოზეც იქორწინა.

ოცი წელი რომ შეუსრულდა, მის გულს ღვთის მადლი შეეხო და ის ნეტარი წლები გაიხსენა, ჭეშმარიტ ღმერთს რომ ესავდა.
ძალზე დამწუხრდა, სინანულით გული აღევსო და განიზრახა, საჯაროდ ედიდებინა მის მიერ ოდესღაც სულმოკლედ უარყოფილი მაცხოვარი.

ფილადელფიის მმართველს ეახლა და აუწყა: - თორმეტწლიანი გონებადაბინდვის შემდგომ სულიწმიდამ განანათლა და მიხვდა, რომ ისლამი მის სულს ვერ იხსნიდა, მერმე ითხოვა, - მსჯავრი, რაც შეიძლება, მოკლე ხანში გამომიტანეთ, რომ ცოდვები გამოვისყიდოო!
გაშლეგებული თურქები მხეცებრ ეტაკნენ, მიწას განართხეს და უწყალოდ გვემეს, დიმიტრი კი დაუცხრომლად ადიდებდა უფალს და შესაწევნად წმინდა მოწამეთ უხმობდა.

მერმე ბნელ ჯურღმულს უკრეს თავი, სადაც მხნედ გაუძლო ისლამის მოძღვართა და არაბი ჯადოქრის ზეწოლას, თუმცა, რომ დარწმუნდნენ, მის მოდრეკას ვერ ეღირსებოდნენ, თურქებმა დილით ციხიდან გაათავისუფლეს.

ნეტარმა კი, არ სურდა რა სულის ხსნის საშუალება დაეკარგა, თურქებით სავსე ერთ ყავახანაში შევიდა, ხმამაღლა დაგმო მათი მოძღვრება, რის შემდეგაც დიმიტრი კვლავ სასტიკად გვემეს.

ის იყო, მოეჩვენათ, - სული აღმოხდაო და იმაზე იწყეს კამათი, მისი სხეული როგორ დაეწვათ, დიმიტრიმ უეცრად თავი წამოსწია და წარმოთქვა:

- კოცონისთვის შეშის სასყიდელ ფულს თავად მოგცემთო!

მაშინ თურქებმა სამგზის უგმირეს კისერში მახვილი, თუმცა, ღვთის წყალობით, მოწამე კვლავ ცოცხალი იყო.
მტარვალთ მოთმინება გამოელიათ, დიმიტრის ხელი სტაცეს და კოცონისკენ წაათრიეს. გზად ვინმე თურქმა მახვილით სახე დაუსერა, ხოლო ოდეს ტაძარი დაინახა, სალოცავად შეჩერდა, უარესად ცოფქმნილმა თურქებმა კი ფერხნი წარკვეთეს, რის შემდგომაც ნეტარი მიიცვალა.

დიმიტრის სხეული ცეცხლს მაინც ვერ გადაურჩა, მაგრამ მისმა მხურვალებამ ვერა დააკლო, მაშინ ჯალათებმა იგი ნაწილნაწილ აკუწეს.

მოგვიანებით მოწამის წმინდა ნაწილთაგან მრავალი სასწაული აღსრულდა.

ბეჭდვა
1კ1