წმინდა მოწამე იოანე სერელი (XV-XVI) - ხსენება 12 მაისი (ახ.სტილით 25 მაისი)
წმინდა მოწამე იოანე სერელი (XV-XVI) - ხსენება 12 მაისი (ახ.სტილით 25 მაისი)
წმინდა მოწამე იოანე დაიბადა XV საუკუნეში, თურქებისგან ოკუპირებულ ჩრდილოეთ საბერძნეთში, მაკედონიის ქალაქ სერში.
მდიდარი ოჯახის შვილი იყო, ლამაზი, თამამი, თურქებს არ ეპუებოდა. რაც შურსა და ბრაზს იწვევდა, ამიტომაც მათ ცილი დასწამეს, დაგვპირდა მუსლიმანობას მივიღებო, მაგრამ უარი თქვა და სახალხოდ შეურაცხყოფს ჩვენს რწმენასო. წმინდა იოანე პასუხად ამბობდა, ქრისტეს მონა ვარ და მისი გულისთვის ყველაფერს დავითმენო.

წმინდანი საპყრობილეშიც დაამწყვდიეს, ხან მოთაფვლა სცადეს, ხანაც დაემუქრნენ. ვერაფერი გააწყვეს და უმოწყალოდ სცემეს, თმით ითრიეს, ის კი ქრისტეს დიდებას განაგრძობდა. ამ დროს გამოჩნდა დიდებული მხედარი, რომელსაც მზესავით უბრწყინავდა სახე. მან მოწამეს ხელი გაუწოდა და გაამხნევა, არაფრის შეშინებოდა, მტკიცედ დაეთმინა ტკივილები. იმ წამიდან წმინდანი ტკივილს ვეღარ გრძნობდა და მხიარული დაბრუნდა საპყრობილეში.

თუმცა მტრები ვერ დაცხრნენ, მათ სულთანს მიმართეს და მისგან იოანეს სიკვდილით დასჯის ბრძანება გამოითხოვეს იმ შემთხვევაში, თუ ის ქრისტიანობაზე უარს არ იტყოდა. მიიყვანეს სამსჯავროში, მაგრამ წმინდანის რწმენა ვერაფრით შეარყიეს. ბოლოს კი სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა იოანე გახარებული გაჰყვა ჯალათებს. მათ სიკვდილით დასჯის ნაცვლად მისი წამება მოისურვეს.

წმინდანი ხელ-ფეხით ოთხ მარგილზე მიაბეს, ქვეშ ცეცხლი შეუნთეს, ფეხები მუხლამდე დაუწვეს. წმინდანმა მათ მშვიდად ჰკითხა: "რას იზამთ, დამწვავთო?" ერთ ჯალათს მოეჩვენა, რომ წმინდანი მათ დასცინოდა, აიღო მარგილი და ყბაში გაუყარა. წმინდა იოანემ ასე ჩააბარა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1