წმინდა მოწამე დემეტრე პელოპონესელი, ტრიპოლისელი (+1803) - 14 აპრილი (27 აპრილი)
წმინდა მოწამე დემეტრე პელოპონესელი, ტრიპოლისელი (+1803) - 14 აპრილი (27 აპრილი)
წმინდა დემეტრე ცხოვრობდა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე. ის დაიბადა პელოპონესზე, არკადიაში, სოფელ გუდისტში. დედინაცვალი ცუდად ექცეოდა, ამიტომ ადრეულ ასაკში დატოვა მშობლიური სახლი და ძმასთან ერთად ტრიპოლისში წავიდა, სადაც მშენებლობაზე მუშაობდნენ. ცუდი ურთიერთობის გამო მშენებელს გაექცა და ერთ თურქ დალაქს დაუდგა მსახურად. თურქ ბავშვებთან ურთიერთობისა და ზეწოლის გამო, თანდათანობით რწმენას უღალატა, ისლამი მიიღო და მეჰმედი დაირქვა. მან ამ წარწყმედის უფსკრულში ძმაც ჩაითრია, რომელიც მასთან რწმენის ღალატის გამო სასაყვედუროდ მივიდა.

ერთხელ მან შეიტყო, რომ ტრიპოლისში მის მოსაძებნად და ქრისტიანულ რწმენაზე დასაბრუნებლად მამამისი ჩასულა, მაგრამ ვერ უპოვნია და შინ გაბრუნებულა. დემეტრე მიხვდა თავის ცოდვის სიმძიმეს, და დიდ, მაცხოვნებელ სინანულში ჩავარდა. გადაწყვიტა, გაქცეულიყო ქალაქიდან, მაგრამ მეგზური არ ჰყავდა, და იძულებული გახდა სინდისის ქენჯნით თავის ბატონთან დარჩენილიყო.
რამდენიმე დღის შემდეგ ის ქალაქ არგოსში გაიქცა, იქიდან კი სმირნაში, დღევანდელ იზმირში ჩავიდა. ბოლოს ქალაქ მაგნესიამდე მიაღწია და ქალაქ კიდონის სიახლოვეს მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მივიდა, სადაც იღუმენს აღსარება უთხრა და დროებით ნავსაყუდელი ჰპოვა. მონასტერში მუდმივად უამრავი მომლოცველი მიდიოდა და ჩათვალა, რომ ეს ხელსაყრელი არ იყო მისი სინანულისთვის. ცოტა ხანს ყავის გამყიდველად იმუშავა, მერე - დალაქად, რათა საკმარისი თანხა მოეგროვებინა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატისთვის ლამპარი შეეწირა.

იმ დროიდან მას გულში ქრისტეს სიყვარული გაუჩნდა და წმინდა მოწამეთა ცხოვრების კითხვით აუგიზგიზდა. გადაწყვიტა, იმ ადგილას წასულიყო, სადაც ადრე ქრისტე უარყო და საკუთარი სისხლით ჩამოებანა ჩადენილი ცოდვა. თავდაპირველად რჩევისთვის წმინდა მაკარი კორინთელს მიაკითხა, რომელიც ამ დროს ქიოსში ცხოვრობდა.

წმინდანმა ბრძნულად დამოძღვრა, უთხრა, რომ სინანული საკმარისია ყველაზე მძიმე ცოდვის მიტევებისთვის და მაგალითად პეტრე მოციქულის სინანული დაუსახელა. აქვე დაუმატა, რომ სინანულის გზა გრძელი და ძნელია, უნდა გქონდეს მთელი ცხოვრება სიმდაბლე და შემუსვრილი გული, ამიტომაც ზოგიერთებს, ვისაც ცოდვაში ჩავარდნის ეშინია, არჩევენ უფრო მოკლე გზას - მოწამეობის გზას, რათა ამგვარად მოიპოვონ ცათა სასუფეველი. წმინდა მამათა მიხედვით, "მოწამებრივი სიკვდილი განმწმენდელია ცოდვებისა და მადლის უხვად მომნიჭებელია". მაგრამ ხედავდა დემეტრეს ნორჩ ასაკს, წმინდა მაკარმა მას უთხრა: "სული გულსმოდ¬ინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ" (მათე 26:41), და ურჩია, რომ ასკეზითა და მყუდროებით გაევლო სინანულის გზა.
მამობრივმა დამოძღვრამ უფრო გააღვივა მონანული განდგომილის სულში მოწამეობის სურვილი და გადაწყვიტა, თავი მძიმე ასკეზით გამოეცადა. ყოველღამე ერთ უდაბურ და ცივ მთაზე ადიოდა და სინანულის ცრემლებსა ღვრიდა, მკერდზე ისე ძლიერ ირტყამდა მჯიღს, რომ ცხვირიდან სისხლი სდიოდა ხოლმე. მისი სული ხარობდა მოწამეთა მარტვილობის კითხვისას და დღითი დღე წარემატებოდა. მოუთმენლად ელოდა, როდის მიჰბაძავდა მათ მაგალითს. ბოლოს, ახალმა მოძღვარმა, წმინდა ნიკიფორე ქიოსელმა აკურთხა პელოპენესში დაბრუნებულიყო იქ ქრისტიანული რწმენის აღსარებისთვის და ეცადა ძმა ჭეშმარიტების გზაზე დაებრუნებინა.

არგოსში გემით ჩავიდა და იქ მასწავლებელ ესაიასთან დაბინავდა, რომელიც მასზე ზრუნავდა, მოწამეთა ღვაწლზე უყვებოდა და უფრო განუმტკიცებდა მოწამეობის სურვილს.

1803 წელს დემეტრე თომას კვირას ტრიპოლისში დაბრუნდა, გზად ნაცნობი ქრისტიანები მოიკითხა და თავისი განზრახვა გაანდო. ღამე მას ლოცვისას ხილვა ჰქონდა, ვინმე ნათლითმოსილმა კაცმა გაამხნევა, უთხრა მეტად აღარ დაეყოვნებინა და ჰპირდებოდა დახმარებას.

დემეტრე ეზიარა წმინდა საიდუმლოს და ქალაქში შევიდა, რათა ყველას დაენახა ქრისტიანულ სამოსში, მაგრამ თურქებმა ის ვერ იცნეს და დამწუხრებული მივიდა მღვდელ ანტონთან, რომელმაც ურჩია, მოწამეობაზე ფიქრი თავიდან ამოეგდო. თუმცა იმედი მაინც არ დაკარგა.

მოძღვრისაგან კურთხევამიღებული სადალაქოში ყოფილ უფროსთან მივიდა და მიესალმა, - "ქრისტე აღდგა!" სადალაქოში მომუშავე თურქებმა ახლაღა იცნეს დემეტრე, იფიქრეს გაგიჟდაო და მისი გონს მოყვანა სცადეს, რათა ცოცხალი გადარჩენილიყო. მაგრამ, მიუხედავად მათი დაჟინებული თხოვნისა, წმინდანი ზღურბლზე დარჩა და, ამბობდა, ამ ადგილიდან არ დავიძვრები, ვიდრე ჩემს ცოდვას სისხლით არ ჩამოვირეცხავო. მაშინ იქ მყოფმა ერთმა თურქმა შეიპყრო და მსაჯულთან წაიყვანა. ქალაქის ყველა ქრისტიანმა აღმსარებლისთვის დაიწყო ლოცვა.

ჭაბუკის სიმტკიცით გაოცებულმა მსაჯულმა ყმაწვილი ოლქის მმართველთან გააგზავნა, რომელმაც საპყრობილეში ჩააგდო, ეგონა, ციხის კედლები განზრახვას გადააფიქრებინებდა. ვერც დაყვავებით, ვერც წამებით დემეტრე ქრისტეს მეორედ ღალატზე ვერ დაითანხმეს. ყველა კითხვაზე ის პასუხობდა: "მე ქრისტიანი ვარ და თაყვანისვცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა". როცა მმართველმა სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, მოწამეს სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა.
1803 წლის 14 აპრილს წმინდა მოწამე დემეტრეს თავი მოჰკვეთეს. მისი წმინდა ნაწილები ქრისტიანებმა ტრიპოლისთან ახლოს, ვარსონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დაკრძალეს, წმინდა მოწამის თავი ტრიპოლისში წმინდა დემეტრე თესალონიკელის ტაძარში ინახება. ამავე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, წმინდა მოწამე დემეტრეს სახელზე პატარა ტაძარია აგებული.

ბეჭდვა
1კ1