წმინდა მიქაელ აგრათელი (XVI) - 21 მარტი (3 აპრილი)
წმინდა მიქაელ აგრათელი (XVI) - 21 მარტი (3 აპრილი)
წმინდა მიქაელი XVI საუკუნის მოწამეა. იგი იყო თესალიიდან (საბერძნ). გაიზარდა უფლის სიყვარულით და მისი მცნებების დაცვით. მამის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა და ქალაქ თესალონიკში დასახლდა, სადაც ხაბაზობას მიჰყო ხელი. გამომუშავებული თანხიდან თავისთვის მხოლოდ საჭმლის ფულს იტოვებდა, დანარჩენს მოწყალებად გასცემდა. თავისუფალ დროს ტაძარში ღვთისმსახურებას ესწრებოდა. ისე შეიყვარა ღმერთი, რომ ბერად შედგომა განიზრახა. ახლობლები ახსენებდნენ მიქაელს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მეუღლისა და დედის წინაშე ჰქონდა.

დიდმარხვის მესამე კვირას, ჯვრისთაყვანისცემის დღეს, მიქაელმა გადაწყვიტა გაჰყოლოდა უფლის გზას, თუნდაც სიკვდილის ფასად. საღამოს სამსახურში, მასთან თურქი ბიჭი მივიდა პურის საყიდლად. მიქაელმა ჰკითხა ბიჭს, რომელი სარწმუნოების მიმდევარი ხარო, კარგად იცნობ თუ არა იმ სჯულს, რომელსაც მისდევო. ამასობაში შორიახლოს მუსლიმური სამართლის მასწავლებელმა გაიარა, ბიჭმა მას მიმართა საშველად. ხაბაზ მიქაელის, თურქი ბიჭის და მუსლიმი მასწავლებლის საუბარი მალე კამათში გადაიზარდა. ბოლოს, მიქაელი, როგორც მუჰამედის უარმყოფელი, მსაჯულთან წარადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ მიქაელმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა, მშვენივრად ჩამოაყალიბა ქრისტიანობის მრწამსი და წმინდა სამების საიდუმლო. როდესაც მსაჯული დაემუქრა, რწმენის გამო დაგწვავთო, უშიშრად განაცხადა: მე მწამს უფალი ჩემი იესო ქრიტე, ჩემი მხსნელი, მზად ვარ ავიტანო წამება-ტანჯვა მისი სიყვარულის გამო. აიღეთ ჩემი ვერცხლი და იყიდეთ შეშა ჩემს ცოცხლად დასაწვავად.

მიქაელი დააპატიმრეს, საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა მოსალოდნელი წამების გამო. 1544 წლის 21 მარტს უკანასკნელად წარდგა მიქაელი მსაჯულის წინაშე. მან შეახსენა ქრისტიან ხაბაზს, რომ თუ ქრისტეს უარყოფდა და ისლამს მიიღებდა, უამრავი შეღავათი ექნებოდა და სიკვდილსაც გადაურჩებოდა. წმინდანმა უპასუხა: "რას მივიღებ თქვენი დაპირებული შეღავათებით და პატივით? დროს ნუ კარგავთ, მე მსურს ვეწამო ჩემი ღმერთისთვის". მსაჯულმა ბრძანა ქრისტიანის სიკვდილით დასჯა. მთელი ქალაქი მოგროვდა გზაზე, რომელიც მოწამის სიკვდილით დასჯის ადგილთან მიდიოდა. მუსლიმები ხმამაღლა გამოხატავდნენ სიძულვილს მიქაელისადმი, ქრისტიანები კი ჩუმად ლოცულობდნენ. მიქაელი კოცონზე დაწვეს, მან ლოცვით მიაბარა სული უფალს და მოწამის გვირგვინით შეიმკო.

ბეჭდვა
1კ1