წმინდა იაკობ ეპისკოპოსი (+დაახლ. 775) - 21 მარტი (3 აპრილი)
წმინდა იაკობ ეპისკოპოსი (+დაახლ. 775) - 21 მარტი (3 აპრილი)
ჩვენამდე მოღწეული ცნობები ღირსი იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მწირი და არასრულია. იგი, თურმე ბავშვობიდანვე ოცნებობდა ბერმონაზვნურ ცხოვრებაზე. ზრდასრულმა იაკობმა დატოვა ამქვეყნიური ამაო ცხოვრება და სტუდიის მონასტერს მიაშურა. სტუდიის მონასტერი 462 წელს დააარსა რომანოზ სტუდიელმა და მართლმადიდებლობის მტკიცე ბურჯად იქცა, განსაკუთრებით ხატმებრძოლობის ეპოქაში. მისი ყველაზე ცნობილი წინამძღვარი იყო ბიზანტიური ეკლესიისა და ქრისტიანული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი თეოდორე სტუდიელი (759-826 წწ.). წმინდა თეოდორე მთელი ცხოვრების მანძილზე თავგამოდებით იღვწოდა მართლმადიდებლობისა და ხატთაყვანისცემის განმტკიცებისათვის. დიდია მისი დამსახურება ლიტურგიკისა და ჰიმნოგრაფიის სფეროშიც. ღირსი იაკობი სწორედ წმინდა თეოდორე სტუდიელს დაემოწაფა. წმინდა მამამ ბერად აღკვეცა მომავალი მღვდელმთავარი. იმ დღიდან იაკობი წმინდა თეოდორეს მითითებებითა და კურთხევით წარმართავდა სულიერ ცხოვრებას. მკაცრად მოღვაწეობდა: ფიცხელ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში. წმინდა იაკობი, როგორც კეთილგონიერი მოღვაწე და წმინდა წერილის საუკეთესო მცოდნე, კატანიის (სიცილია) ეკლესიის ეპისკოპოსად დაადგინეს.

ამ პერიოდში ბიზანტიის იმპერიის ტახტი ხატმებრძოლმა კონსტანტინე V-მ (741–775) დაიკავა. იმპერატორმა 754 წელს მოიწვია თანამზრახველთა უკანონო კრება, რომელზეც დაიგმო ხატთა ნებისმიერი სახით თაყვანისცემა და მისი მიმდევრები შეადარეს არიოზის, ნესტორისა და ევტიქის მომხრეებს. აგრეთვე სახიფათო ცრურწმენად მიიჩნიეს მონაზვნობა, ღვთისმშობლის, წმინდანებისა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემა. ამის შემდეგ მრავალ ტაძარში კედლებიდან ჩამოფხიკეს ფრესკები, რომლებიც სახარებისეულ მოვლენებს გადმოსცემდა და ბუნების სურათებითა და ნადირობის სცენებით შეცვალეს. კოპრონიმოსის ოცდათხუთმეტწლიანი მეფობა ქრისტეს აღმსარებელთათვის საშინელი გამოცდა იყო. უამრავმა ადამიანმა თავისი რწმენა მოწამებრივი სიკვდილით დაბეჭდა. ხატმებრძოლი იმპერატორის რეპრესიებს ვერც ღირსი იაკობ ეპისკოპოსი გადაურჩა. მას აიძულებდნენ, უარი ეთქვა ხატების თაყვანისცემაზე: საპყრობილეში ჩასვეს, აშიმშილებდნენ, აწამებდნენ, მაგრამ მხნედ იტანდა ყოველგვარ სატანჯველს. წმინდა იაკობ ეპისკოპოსი გადასახლებაში გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1