წმინდა მოწამენი: თვირსო, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251) - 14 (27) დეკემბერი
წმინდა მოწამენი: თვირსო, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251) - 14 (27) დეკემბერი
წმინდა მოწამენი: თვირსო, ლევკიოსი და კალინიკე იმპერატორ დეციუსის (249-251) მეფობის ჟამს ქრისტეს სიყვარულისთვის აწამეს ბითვინიის კესარიაში.
როცა დეციუსმა დაახლოებით 250 წელს იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მან ვინმე მმართველი სახელად კუმბრიკიოსი გააგზავნა ნიკომიდიაში, ნიკეასა და ბითვინიის კესარიაში, რათა იქაური ქრისტიანები დაეპატიმრებინა. კუმბრიკიოსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხონებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. იმპერატორის მოციქული ისე სასტიკად იქცეოდა, რომ ერთმა შეძლებულმა კესარიელმა ქრისტიანმა, სახელად ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება: "გაუმაძღარო ქოფაკო, ვიდრემდის შადრევანივით ადინებ თავმდაბალ ქრისტიანთაგან სისხლს და აიძულებ მათ, ქვას და ხეს ღმერთებივით პატივი სცენ?" განრისხებული მმართველის ბრძანებით, ლევკიოსს მათრახის ცემით სხეული დაუგლიჯეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ამან შიში დასცა დანარჩენ ქრისტიანებს, რომლებმაც თავი მთებსა და მღვიმეებს შეაფარეს. მხოლოდ ერთი კაცი, სახელად თვირსო, რომელიც ჯერ კიდევ კათაკმეველი იყო, კუმბრიკიოსთან გამოცხადდა და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა.

განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ეცემათ თვირსო, სახსრები ამოეგდოთ, ძვლები დაემსხვრიათ, თვალები დაეთხარათ, შემდეგ კი გამლღვალი კალა გადაესხათ. ჯალათები ასეც მოიქცნენ, მაგრამ უფალმა ყველას თვალწინ სრულიად განკურნა მოწამე.

ამ სასწაულმა კუმბრიკიოსი გონს ვერ მოიყვანა. მან განკარგულება გასცა, თვირსო შეეკრათ და დილამდე საპყრობილეში გამოემწყვდიათ. ღამით უფალმა თავისი რჩეული საპატიმროდან გაათავისუფლა. წმინდანი მაშინვე ქალაქის ეპისკოპოსთან მივიდა და მოინათლა, შემდეგ კი ისევ საკანში დაბრუნდა.
ამასობაში კესარიაში წარჩინებული კარისკაცი სილუანე ჩავიდა იმ განზრახვით, რომ კუმბრიკიოსს ქრისტიანობის ამოძირკვაში დახმარებოდა. მან თვირსო აპოლონის საკერპოში შეიყვანა. წმინდა მოწამემ ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს მოუხმო შემწედ. მაშინვე საშინლად იჭექა და კერპი ფერფლად იქცა.

ამან განარისხა სილუანე და კუმბრიკიოსი. დიდხანს ტანჯავდნენ წმინდა თვირსოს, მაგრამ მოულოდნელად დასნეულდნენ და დაიხოცნენ. მათ ნაცვლად წინამორბედთა მსგავსად ქრისტესმოძულე ბაბდა დანიშნეს. ბაბდამ ბრძანა, მხეცები ეშიმშილებინა, შემდეგ კი თვირსო მიეგდოთ მათთვის, მაგრამ ცხოველებმა, დაგლეჯის ნაცვლად, ალერსი დაუწყეს წმინდანს.

წარმართმა ქურუმმა კალინიკემ თვირსოს მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, შეიცნო კერპთა უძლურება. იგი მმართველთან გამოცხადდა, დაგმო წარმართული ცრურწმენა და ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა. ამის შემდეგ საკერპოში მიყვანილმა ქურუმყოფილმა გულში ილოცა: "უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტო, ჩემგან მრავალგზის განრისხებულო და მაინც არა უკუქცეულო, აწ აღდეგ შეწევნად ჩემდა და გამომიჩინე ძალი შენი".
მაშინ კალინიკეს ჩაესმა ხმა უფლისა, რომელიც წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, მის წინ მდგარი კერპი კი ნამსხვრევებად იქცა. ამის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

წმინდა თვირსო, მმართველის ბრძანებით, ჯალათებს უნდა გაეხერხათ. ისინიც ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. წმინდანს სახე ისე საოცრად გაუბრწყინდა, რომ ვერავინ გაბედა მასთან მიახლოება. მაშინ თვირსომ ილოცა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1