წმინდა მოწამენი აითალა და აკეფსე (+354) - 11 (24) დეკემბერი
წმინდა მოწამენი აითალა და აკეფსე (+354)  - 11 (24) დეკემბერი
წმინდა აიათალა სპარსეთის ქალაქ არბელის (დღევანდელი ერბილი) მკვიდრი იყო. მეფე შაბურ II-მ ქრისტიანების დევნა დაიწყო. წმინდა აიათალა ოდესღაც წარმართი ქურუმი გახლდათ და ქრისტეს რწმენაზე მას მერე მოიქცა, რაც ქრისტიანმა ეპისკოპოსმა ის სისხლის დენისაგან განკურნა.

აიათალაზე წარმართებს შური რომ არ ეძიათ, ადგილობრივმა ქრისტიანებმა ის მახოზეში გააგზავნეს, სადაც კათაკმევლობის პერიოდი გაიარა და მოინათლა.

ამის შემდეგ არბელში დაბრუნდა და თანამოქალაქეებს ჭეშმარიტ ღმერთს უქადაგებდა და სიწმინდით ცხოვრებას მოუწოდებდა. თუმცა მალევე დევნის გამო ქრისტიანებს არბელის დატოვება მოუხდათ. აიათალაც მათ გაჰყვა, ქალაქგარეთ შეჩერდა. ის იცნეს და ბორკილდადებული ხაზას ციხეში მიიყვანეს. ქალაქის მმართველმა ვინმე შაბპურ ტამშაბურმა, წმინდა დაკითხა და აიძულა დიაკვან ბარხადბეშაბის წამებას დასწრებოდა, იმედი ჰქონდა რომ საშინელი სანახაობით აიათალას შეაშინებდა და ქრისტეს უარყოფას აიძულებდა. როცა წმინდანი ქალაქის გალავანს გარეთ გაიყვანეს, მან დაინახა, რომ დასჯის ადგილიდან წამებული დიაკვნის სხეული მიჰქონდათ. აიათალამ მისკენ ისწრაფა და მოწამის სხეულს ეამბორა, შეაგროვა მისი უძვირფასესი სისხლი და თქვა, რომ ისიც მზად იყო ქრისტესთვის წამებულიყო. მაშინ მას, როგორც მოღალატეს, ყური მოჰკვეთეს და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მალე შეუერთდა დიაკვანი აპსე (აკეფსე).

შემდეგ მოწამეები ადიაბენის ოლქის მმართველის წინაშე წარადგინეს, რომელმაც მათი სპარსეთის მეფის კარზე გაგზავნა ბრძანა. მეორე დღეს მსაჯულმა ტყვეებს გათავისუფლება შესთავაზა, რაზეც მათ უარი უთხრეს. მოწამენი მიიყვანეს ბეიტლაპატში და განსასჯელად მეფე შაპურს წარუდგინეს, რომელმაც სასწრაფოდ ბრძანა მათთვის თავი მოეკვეთათ. ეს მოხდა 354 წელს.


ბეჭდვა
1კ1