რომელ ხორცეულ ენას შეუძლია წარმოთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამათა და დედათა დასჯა-ტანჯვანი
რომელ ხორცეულ ენას შეუძლია წარმოთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამათა და დედათა დასჯა-ტანჯვანი
დღეს სულთმოფენობასთან ერთად აღინიშნება აჭარაში თურქთაგან წამებული წმინდა დედებისა და მამების ხსენება.
ეს დღეც გარდამავალია და ყოველ წელიწადს სულთმოფენობის დღესასწაულს ანუ აღდგომიდან მე-8 კვირას ემთხვევა.

XVI საუკუნიდან ჩვენი სამშობლოს ქრისტიანობის ბურჯი - აჭარა თურქთა მუდმივი აგრესიის ობიექტი გახდა. ირან-ოსმალეთს შორის გამართული ომი ოსმალეთის გამარჯვებით დამთავრდა. ზავით დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ერგო. სამცხე, აჭარა, ჭანეთი თურქებმა საქართველოს მოსწყვიტეს, ოსმალეთის პროვინციად გამოაცხადეს და ოსმალური მმართველობა დაამყარეს.

უსჯულო მტერმა კარგად იცოდა, რომ ქართველი ერის გასანადგურებლად აუცილებელი იყო ქრისტიანობის აღმოფხვრა, ამიტომ ყოველ ღონეს მიმართავდა აჭარლების გასამაჰმადიანებლად. როცა ცბიერებით და მოტყუებით ვერაფერს გახდა, მან ძალადობას მიმართა.

"აჭარაში გათათრების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტეანობაზედ მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ. ამ მოხუცებულებს ყოველთვის და ყოველგან სულ ქრისტეანობაზედ ჰქონდათ ლაპარაკი. ახალგაზრდებს ყოველთვის იმას ელაპარაკებოდენ, რომ ეგების ოდესმე თქვენის ძველების რჯულზედ გადახვიდეთო. მალე აჭარის მოხუცებულნი შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ. ვინც ვერ მოაქციეს, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა... ამ ხიდზედ დაუდიათ თავსაკვეთი, მოხუც ქრისტეანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა ფაშას უგზავნიდნენ, თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენო". (ზაქარია ჭიჭინაძე - "ქართველთა გამაჰმადიანება")

ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული დოკუმენტი  შემზარავად აღწერს ქრისტესთვის თავდადებულთა წამებას: "რომელ ხორცეულ ენას შეუძლია წარმოთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამათა და დედათა დასჯა-ტანჯვანი. ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ პალოზე გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ-მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზედ გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ... რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ..."

სამხრეთ საქართველოს ყოველი გოჯი მიწა მოწამეთა სისხლითაა მორწყული... იხსენებ წარსულს და უფრო და უფრო იმსჭვალები სიყვარულით ამ დალოცვილი კუთხის მიმართ, საიდანაც მთელ საქართველოს მოეფინა ქრისტეს ნათელი.

ქრისტიანობისთვის წამებულ მამათა და დედათა მადლმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა!






ბეჭდვა
1კ1