დიდმოწამე ანასტასია რომაელი (III) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
დიდმოწამე ანასტასია რომაელი (III) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
მეფე დეციუსის და მისი თანამოსაყდრე ვალერიანეს ხელმწიფობის ჟამს, პრობიოსის მხედართმთავრობის დროს რომის მახლობლად განმარტოებულ და უკაცრიელ ადგილას იყო პატარა დედათა მონასტერი. იქ რამდენიმე კეთილმსახური მმარხველი ქალი მოღვაწეობდა. მათ შორის იყო ხანში შესული, სათნოებებით შემკული იღუმენია სოფიო. ამავე სავანეში ცხოვრობდა რომაელი ქალწული ანასტასია, სამი წლიდან ობლად დარჩენილი.

სოფიომ მონასტერში აღზარდა დაობლებული ყრმა და ღვთის სათნოებები შეასწავლა. მალე ანასტასიამ ყველას უსწრო მარხვასა, მოღვაწეობასა და ყოველგვარ საქმიანობაში. ოც წელს რომ მიაღწია, ქალწული ისე დამშვენდა, რომ მისი სილამაზის ამბავი მთელ რომში განითქვა. რომის ზოგიერთი წარჩინებული მასზე დაქორწინებასაც ლამობდა, მაგრამ წმინდა ქალწულმა ამსოფლიური სიამენი არად შერაცხა, ქრისტეს ესძლო, მისთვის იმარხავდა ქალწულებას, მას ევედრებოდა დღედაღამ ლოცვად დავარდნილი. ეშმაკი არაერთხელ ეცადა, ანგელოზისდარი ცხოვრების წესი შეეცვლევინებინა მისთვის, ლამობდა, ერში დაებრუნებინა, უსჯულო აზრებით აღაშფოთებდა, ცბიერ ენათა ზაკულებით ხიბლავდა და სხვა ათასგვარ მანქანებას მიმართავდა, მაგრამ ამ ბრძოლაში იოტისოდენა წარმატებასაც ვერ მიაღწია. ყმაწვილი ქალის უძლურ ბუნებაში ქრისტეს ძალა დავანებულიყო, ქალწულებრივი ფეხებით რომ ათრგუნინებდა გველის წყეულ თავს. ეშმაკმა სასტიკი დამარცხება რომ იწვნია ქრისტეს უძლეველ სასძლოსთან, მაშინ უკვე ცხადად აღდგა მასზე და სასტიკი მტანჯველები მოუვლინა.

ქრისტიანთა სასტიკი დევნის ჟამი რომ დადგა, ეშმაკმა რომის ზოგიერთ ურწმუნო მოქალაქეს შთააგონა, მხედართმთავარ პრობთან დაესმინათ ანასტასია. ისინიც ამ უსჯულო კაცს ეახლნენ და უამბეს, რომ ერთ განმარტოებულ ადგილას ღარიბ და უქმრო ქალებთან ერთად ერთი ქალწული ცხოვრობს, რომლის დარი მშვენიერებაც მთელ რომში არ მოიპოვებაო.

- ეს ქალწული, - ჰყვებოდნენ წარმართები, - დაქორწინებას არც აპირებს, ჩვენი ცხოვრების წესს განაქიქებს, ჩვენს ღმერთებს დასცინის და ჯვარცმულის სწამს.

მხედართმთავარს ანასტასიას სილამაზის ამბავი რომ ესმა, მსწრაფლ მსახურები გაგზავნა მის მოსაყვანად. მომხვდურებმა დიდხანს ვერ შეძლეს მონასტრის კარიბჭის გაღება და იძულებულნი გახდნენ, ნაჯახებით შეემტვრიათ. ქალებს თავზარი დაეცათ და უკანა კარიდან გაიქცნენ. ანასტასია კი იღუმენიამ დააკავა.

- ნუ გეშინია, შვილო ჩემო, ანასტასია! - უთხრა, - შენი ღვაწლის დრო მოიწია. შენი სიძე - იესო ქრისტე ქორწილში გიწვევს. არ მინდა, მონასტრიდან გაიქცე და მოწამებრივი გვირგვინი დაკარგო, ჩემო მარგალიტო. ხომ გახსოვს, როგორც გამოგზარდე სიყრმიდან. აქამომდე თვალისჩინივით გიფრთხილდებოდი.

ამ დროს მეომრები მონასტერში შეცვივდნენ. სოფიო გამოეგება და ჰკითხა:

- ვის ეძიებთ? რას ითხოვთ?

- მოხუცო, მოგვეცი ქალწული ანასტასია, - მოითხოვეს მხედრებმა, - მხედართმთავარი პრობიოსი ითხოვს.

- სიხარულით მოგიძღვანებთ, - უპასუხა სოფიომ, - მხოლოდ ერთს გთხოვთ, ბატონებო, ერთ-ორ საათს შეიცადეთ, სანამ მოვრთავ და მოვკაზმავ, თქვენს ბატონს, რომ მოეწონოს.

მსახურებს ეგონათ, სოფიომ მართლაც სამოსითა და სამკაულებით უნდა შეამკოს ქალწულიო და დასთანხმდნენ. დედა სოფიოს კი გუნებაში სულ სხვა რამ ჰქონდა - თავისი სულიერი ასული სულიერი მშვენებით შეემოსა, რათა ზეციურ სიძეს სათნო-ეჩინა. ანასტასია ეკლესიაში შეიყვანა, საკურთხევლის წინ დააყენა და ცრემლებით დაუწყო შეგონება:

- შვილო ჩემო ანასტასია, გულითადი სიყვარული აწ საქმით უნდა უჩვენო უფალს, აწ უკვე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მტკიცედ უნდა იდგე შენი საყვარელი სიძისათვის. უნდა დაამტკიცო, რომ ჭეშმარიტად მისი სასძლო ხარ. გევედრები, ჩემო საყვარელო ასულო, სამართებელივით აღლესული ენის ცდუნებას არ დაჰყვე, ამა სოფლის დიდებასა და ნიჭებს ნუ მოახიბლინებ თავს, ნუ შეუშინდები დროებით სატანჯველს. ეს სატანჯველი საუკუნო ცხოვრებას გამოითხოვს შენთვის. აი, ღიაა შენ წინ სიძის სასახლის კარი, აი, უკვე განგიმზადეს საუკუნო განსვენების სარეცელი, გიხმობენ სიძის ქორწილში. მაშ, სიხარულით მიეახლე მას სისხლით შეფერილი. ეს იქნება შენი საქორწინო სამოსელი. გვედრი, შვილო ჩემო, ყურად-იღე ჩემი სიტყვები, გაიხსენე შენზე გაწეული შრომა და ამაგი, სიყრმიდან როგორ გამოგზარდე. იმად დავშვერი, რომ წმინდა სასძლოდ წარმედგინე დიდების მეუფის წინაშე. ამაზე ვზრუნავდი, ამას ვითხოვდი უფლისგან, ამას შეგაგონებდი დღედაღამ, სწორედ ამას, რომ მთელი სულითა და გულით სამუდამოდ შეერთებოდი უფალს. ნუ შეარცხვენ შენს დედას უფლის წინაშე, ჩემო ასულო, ამ სიბერეში უდროოდ ნუ ჩამიყვან საფლავში. მყისვე სული ამომხდება, თუკი შენზე შევიტყობ, ქრისტეს არ უერთგულაო. მაგრამ თუკი ქრისტეს სიყვარულში ურყევი დარჩები და მისთვის სიცოცხლესაც არ დაიშურებ, აი, მაშინ კი "დავეშენები დედად შვილსა ზედა სიხარულევნად". მაშინ ამაღლდება "ვითარცა მარტორქისა რქა ჩემი და სიბერე ჩემი ზეთითა პოხილითა". ასე, შვილო ჩემო, ნუ დაინანებ შენს ხორციელ მშვენებას, ამ წარმავალ ცხოვრებას ნუ შეიყვარებ. როს შენს მოხიბლვას მზაკვარი სიტყვებით ეცდებიან, "ნუ მისდრეკ გულსა შენსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა", როს ტანჯვით დაგემუქრებიან, შენ უთხარ: "შიში თქვენი არა შევიშინო, რამეთუ ჩემთანაა უფალი ჩემი". როს უმოწყალოდ დაგიწყებენ გვემას, ნუ დაივიწყებ, რომ არ ხამს შიში "მათგან, რომელთა მოსწყდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკლვად". დაგიფლეთენ თუ დაგიჯიჯგნიან ხორცს, `იხარებდე ვნებათა მათ შინა, რამეთუ აღასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ხორცითა შენითა". გინა თუ ნაწილებად დაგჭრან, გაიხსენე, რომ "თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან". "დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი შენნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს". თავის მოკვეთას როს დაგიპირებენ, მთელი ეკლესიის თავს - ქრისტეს უმზირე. იგია "დიდება შენდა და ასამაღლებელ თავისა შენისა". შვილო ჩემო, მწარე სატანჯველს ნუ შეუშინდები, უხილავად მოგეახლება შენი სასიძო, სალმობას შეგიმსუბუქებს და სასტიკი ტანჯვისგან გიხსნის. შვებას მოგგვრის, როს დაიკვნესებ; განგამტკიცებს, როს დასუსტდები; აღგადგენს, ჭრილობები თუ მოგიკვეთს ფეხებს; გულს დაგიტკბობს, სულს გაგიგრილებს, ფიცხელ წყლულთაგან როს გამწარდები; არ გაგშორდება, სანამ მტანჯველთა ხელებს არ გამოგტაცებს და ზეციურ სასახლეში არ შეგაბრძანებს. მთელ ანგელოზთა დასებს მოიხმობს, წმინდანთა გუნდებს, განეტარებს და სძალივით შეგამკობს უხრწნელი გვირგვინით, რათა დაუსრულებელ დიდებაში მასთან ერთად თანაისაყდრო.

- განმზადებულ არს გული ჩემი ქრისტესთვის ვნებად, - უპასუხა ანასტასიამ, - განმზადებულ არს სული ჩემი სიკვდილად უტკბესი იესოსათვის. აქამომდე იმას ვესწრაფოდი, ჩემი უფლისთვის სული დამედო სიყვარულის დასტურად. აწ კი, რადგან ჩემი წადილის აღსრულების დამდგარა ჟამი, სიხარულით წარვუდგები მტარვალს ჩემი ღმერთის ყოვლაწმინდა სახელის აღმსარებელი. ნუ შიშობ ჩემთვის, დედავ და ქალბატონო, ეჭვის თვალით ნუ უცქერ ჩემს სიყმაწვილეს. მწამს, განმამტკიცებს თავის მხევალს უფალი ჩემი იესო ქრისტე. შენც ევედრე მას, საყვარელო დედავ, ნუ დამიტევებს და ნუ განმეშორება მანამ, სანამ მისი სახელის სადიდებლად ტანჯვის ღვაწლს არ განვასრულებ, და ჩვენზე აღმდგარ მტერს არ გავქელავ.

მათმა საუბარმა ორ საათზე მეტ ხანს გასტანა. მხედართმთავრის მსახურებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ეკლესიისაკენ გაემართნენ. ორივე ქალი იქ დაუხვდათ, მორთვა-მოკაზმვის ნაცვლად ლმობიერ საუბარში გართულნი. ერთმანეთს ამშვიდებდნენ და უფლის რწმენაში განამტკიცებდნენ. მგლები რომ ცხვარს ეცემიან, ისე დაეტაკნენ განრისხებული მხედრები ანასტასიას, ხელი სტაცეს, რკინის ჯაჭვები დაადეს ქედზე და ქალაქის გზას გაუყენეს. მიიყვანეს მხედართმთავართან. სულიერი თვალები ქრისტეს მიაპყრო მტარვალის წინაშე წარდგენილმა ქალწულმა. იგი ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მდაბალი მზერა და მშვიდი სახე ჰქონდა, რომ მისი მაცქერალნი აღფრთოვანებასა და გაოცებას ვერ ფარავდნენ.

მხედართმთავარმა ქალწულს მიმართა:

- რა წარმომავლობისა ხარ, რა რწმენისა და რა გქვია?

ანასტასიამ თვალები ძირს დახარა და წყნარად მიუგო:

- რომის მოქალაქის ასული ვარ, ქრისტიანულ კეთილმსახურებაში აღზრდილი, სახელად კი ანასტასია მქვია.

- რომაელთათვის რა უცნაური სახელია, - გაიკვირვა მხედართმთავარმა, - არც კი ვიცი, რას ნიშნავს `ანასტასია".

- "აღდგომას" ნიშნავს, - მიუგო წმინდანმა, - რადგან ღმერთმა აღმადგინა შენთან საპაექროდ. შენს მამას - სატანას უნდა ვძლიო.

- წყნარად ისაუბრე, ქალწულო, არ განმარისხო, - შეაჩერა მხედართმთავარმა, - ხომ ხედავ, შენი სიყმაწვილე მინდა დავზოგო, მინდა დავინდო შენი სილამაზე. როგორც მამას, ისე მომისმინე, გონივრულ რჩევას მოგცემ. რად მოხიბლულხარ ქრისტიანთა მავნე სწავლებით, ტყუილუბრალოდ რად ღუპავ წლებს? კარგ ცხოვრებას და სიტკბოებას მოკლებულხარ. კი, მაგრამ, ღმერთებმა ხომ სამხიარულოდ გვიბოძეს ეს სიცოცხლე? განა რა შვებაა, ადამიანებს რომ გაქცევიხარ და მარტოობაში გაგყავს დრო? განა რა გემატება, ჯვარცმულისათვის სატანჯველსა და სიკვდილს რომ მიეახლები ნებსით? განა არ სჯობს, ჩვენს უკვდავ ღმერთებს ეთაყვანო, ვინმე პატიოსან და კეთილშობილ კაცს გაჰყვე ცოლად, იმხიარულო სიტკბოებაში, შვილებით გაიხარო, ცხოვრება კეთილ ადამიანებში გაატარო, დიდებასა და პატივში, ფლობდე ბევრ ადგილ-მამულს, ოქრო-ვერცხლს, და ასე არ ღუპავდე შენს სიყმაწვილის წლებს უკიდურეს გაჭირვებასა და სიღატაკეში? ღმერთებმა ხომ ეს ცხოვრება კეთილდღეობისათვის მოგანიჭეს! ამად გირჩევ, მიდი და ღმერთებს მოუდრიკე მუხლი, და მაშინვე მაღალი წარმომავლობის, პატივცემულ, განთქმულ და მდიდარ საქმროს შეიძენ, მეფის ტახტთან დაახლოებულს და დიდი ძალის მქონეს. მასთან ერთად დიდი პატივის ღირსი შეიქნები და ცხოვრების წლებს სიტკბოებაში გაატარებ.

წმინდა ანასტასიამ დახრილი თვალები ასწია, მხედართმთავარს შეხედა და მიუგო:

- ჩემი ქმარი, ჩემი სიმდიდრე, ჩემი სიცოცხლე და მხიარულება ჩემი უფალი იესო ქრისტეა, რომლისაგანაც ვერასგზით ვერ მიმაქცევ შენი მაცდური სიტყვებით, ვერ მომხიბლავ, როგორც გველმა - ევა, ვერ შემატკბობინებ თქვენს წარწყმედილ სიმწარეს და ვერც სატანჯველის შიშით განმაშორებ უფალს, რომლისთვისაც ასგზისაც დავითმენდი წამებას, რომ შეიძლებოდეს.

მხედართმთავარმა ასეთი კადნიერებისათვის სახეში ცემა მიუსაჯა.

- მერე ქალწულის შესარცხვენად სამოსი შემოაძარცვინა მისთვის და შიშველი დააყენა ხალხის თვალწინ.

- გსიამოვნებს, ქალწულო, ხალხის თვალწინ რომ გაგაშიშვლეს? - ჰკითხა დაცინვით.

- გონდაკარგულო, ნამუსგარეცხილო და ყოველგვარი უწმინდურების ბუდევ! - უთხრა წმინდანმა, - ეს ჩემი კი არა, შენი სირცხვილია, რადგან უფალმა უწყის, რომ მზესაც კი არასდროს უხილავს ჩემი შიშველი სხეული, შენ კი ამოდენა ხალხის თვალწინ დამაყენე სამოსშემოხეული; იცოდე, შენს თავს მეტი სირცხვილი აჭამე, ვიდრე მე. ჩემი სასიძო ამ შერცხვენის წილ დიდების სამოსს შემომაფარებს, შენს პირს კი სამუდამოდ დაჰფარავს სირცხვილი. აკი ახლა ყველა გონიერი კაცი ამას იტყვის: უსირცხვილო და უწმინდური გულისთქმის კაცი რომ არ ყოფილიყო მხედართმთავარი, ყველას დასანახავად არ გააშიშვლებდა ქალწულსო.

მერე ამ ბრძანების აღმასრულებლებს მიუტრიალდა:

- რაღას აყოვნებთ? აკი სამოსი შემომახიეთ, აკი მრავალფერი სატანჯველი განმიმზადეთ. მიდით, მირტყით, დამჩეხეთ, მაწამეთ, ჭრილობებით დამისერეთ შიშველი ტანი, სისხლით მაინც დამიფარეთ ნამუსი. აი, სატანჯველისთვის განმზადებულს მიცქერთ, და ნურც იფიქრებთ, რაიმე სხვა მოისმინოთ ჩემგან, ერთი სიტყვის გარდა: ჩემი ქრისტესთვის მწყურია მოვკვდე.

მაშინ ოთხ ბოძს შუა ქვედაღმა გაჭიმეს ქალწული. მხედართმთავრის ბრძანებით ქვეშ ცეცხლი შეუნთეს გოგირდითა და ფისით. ქვემოდან ცეცხლის ალი და მყრალი კვამლი სტანჯავდა მარტვილს, ზემოდან კი ჯოხებს ურტყამდნენ. ასე იგვემებოდა კვამლით სუნთქვაშეკრული და ალმოდებული წმინდა ანასტასია, არ კი კვნესოდა, მხოლოდ დავითის ფსალმუნს იმეორებდა თავიდან ბოლომდე: "მიწყალე მე, ღმერთო..." მანამ სცემდნენ ჯალათები, სანამ ქანცი არ გასძვრათ, ბოძებიდან ჩამოხსნეს და ახლა ბორბლებს მიაჯაჭვეს. ბორბალი დატრიალდა. ძვლები დაუმტვრია და მყესები დაუწყვიტა ქალწულს, ის კი უფალს ევედრებოდა:

- ნავთსაყუდელო ჩემო და მფარველო ჩემო, ნუ განმეშორები. სული მისუსტდება სალმობით. ძვლები შემემუსრა.

ლოცვის დასრულებისას ბორბალმა უეცრად შეწყვიტა ტრიალი და წმინდა მოწამე რაღაც უხილავმა ძალამ ახსნა. ქალწული სრულიად მრთელი და უვნებელი გადმოვიდა ბორბლიდან. ყველანი სახტად დარჩნენ ამგვარი სასწაულის ხილვით. მხედართმთავარი კი მაინც არ მოეგო გონს, სიბოროტემ ისე დაუბრმავა თვალები, უარესი გამძვინვარებით გააგრძელა მარტვილის ტანჯვა. ახლა სხვაგვარი წამება მოიფიქრა. ბრძანა, ჩამოკიდეთო და თეძოები და მთელი სხეული დაუჯიჯგნეთო. ქალწული მხნედ დაითმენდა სატანჯველს და მხოლოდ ამას ამოთქვამდა ღვთისამი ხელაპყრობილი:

- მოხედე ჩემს სალმობას, ჩემო სასიძოვ, შენთვის დავითმენ ყოველივეს. კეთილინებე და მოხედე შენს უხმარ მხევალს, ჩემი სისხლის დათხევა შეიწირე და ნუ განმაშორებ შენს მოწამეთა დასებს.

ხიდან რომ ჩამოხსნეს, მხედართმთავარმა ჰკითხა:

- ახლა კარგად ხარ, ანასტასია?

- ძალზე კარგად, - უპასუხა წმინდანმა, - განა არ მესიამოვნებოდა ამგვარი ტანჯვის დათმენა მისთვის, ვინც სიცოცხლესაც კი მირჩევნია?
მხედართმთავარმა განაგრძო:

- თუკი ჯვარცმულისათვის ვნება ასე გსიამოვნებს, სატანჯველს უფრო გაგიზრდი.

და ბრძანება გასცა, სამართებლით დააჭერითო ქალწულს ძუძუები. სისხლმდინარეს ძალა გამოეცალა და წყალი ითხოვა. იქვე ახლოს მდგომმა კაცმა, სახელად კირილემ, წყალი მიაწოდა მარტვილს. ანასტასიამ მოსვა და მიმწოდებელი დალოცა:

- უფალი ნუ მოგაკლებს საზღაურს. აკი ბრძანა: "რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყვი თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი".

- გეყო ტანჯვა, თუ კიდევ გინდა გაწამონ? - ჰკითხა მხედართმთავარმა.

- რაც გინდოდეს, ის ქენი, - უპასუხა მარტვილმა, - ჩემი ღმერთი ძლიერია. ის განამტკიცებს ჩემს უძლურებას დიდ სატანჯველში და შენს მზვაობრობასაც ის დაამხობს.

მტანჯველმა ფრჩხილები დააძრობინა მისთვის, მერე ხელ-ფეხი დააჭრევინა და კბილები ჩაამტვრევინა.

ისევ გამოეცალა ძალა მარტვილს და კვლავ წყალი ითხოვა. პირიდან ზღვა სისხლი გადმოსდინდა. კირილემ წყალი ასვა. მტარვალმა შენიშნა, როგორ აწვდიდა კირილე წყალს მარტვილს და შეეჭვდა, ესეც ქრისტიანიაო (რაც მართლაც ასე იყო). ბრძანება გასცა და კირილეს ხმლით მოჰკვეთეს თავი. ისიც წარდგა ღვთის წინაშე სასყიდლის მისაღებად იმ ჭიქა გრილი წყლისათვის, რომელიც ქრისტეს სახელისათვის ასვა ქრისტეს მოწამეს. ანასტასია წყალმა ცოტა გამოაცოცხლა, ამოისუნთქა და ღმერთს შესთხოვა:

- არ დამიტევო, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო!

მხედართმთავარმა ბრძანა, ენა ამოაჭერითო. წმინდანმა უთხრა:

- უსჯულო სისხლისმსმელო! ენას თუ ამომჭრი, გული მაინც არ შეწყვეტს ღვთისადმი ლოცვას. უფალი კი მდუმარებაშიც ისმენს ჩვენს თხოვნას.

მსახურმა მაშები აიღო, წმინდანს პირში ჩაუდო, ძლიერად გამოქაჩა და ენა ამოაძრო. ხალხი აღშფოთებას ვეღარ ფარავდა, ასეთი სასტიკი და არაადამიანური წამებისათვის კიცხავდა და ლანძღავდა მხედართმთავარს. მხედართმთავარი ხალხზე განრისხდა და ბრძანა, ქალაქგარეთ გაიყვანეთ ანასტასია და იქ მოჰკვეთეთ თავიო. ასე განასრულა მოწამებრივი ღვაწლი ქრისტეს წმინდა და საქებარმა დიდმოწამემ. მისი წმინდა გვამი ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად დააგდეს, მაგრამ ღვთის განგებულებამ ხელშეუხებლად დაიცვა. შეღამდა თუ არა, წმინდა სოფიოს ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, ქალაქგარეთ გადი და მინდორზე დაგდებული ანასტასიას გვამი აიღეო.

სოფიომ სუფთა ქსოვილი წაიღო და მონასტრიდან გავიდა. არ კი იცოდა, საით წასულიყო. მხურვალედ ევედრა ღმერთს და მისით გზაგაკვალული სწორედ იმ ადგილს მიადგა, სადაც მისი სულიერი შვილის წმინდა სხეული იდო. სოფიომ გვამი ცრემლით დაალტო და განბანა. ეამბორებოდა და ეუბნებოდა:

- საყვარელო ასულო ჩემო, ჩემგან ჯაფასა და მდუმარებაში გამოზრდილო, მარხვასა და ლოცვაში, ქალწულებასა და კრძალულებაში შემონახულო, ღვთის შიშსა და სიყვარულში განსწავლულო, უტკბესო ასულო ჩემო, ბოლომდე უერთგულე ქრისტეს! გმადლობ, რომ შენი უბადრუკი დედის შეგონება ყურად-იღე და სურვილი ამისრულე. წყალში არ ჩამიყრია შრომა, რადგან უბიწო ქალწულების საქორწინო სამოსით შემოსილი წარდექი სიძესთან, საკუთარი სისხლით მოკაზმული. აწ უკვე როგორც ასულს კი არა, როგორც დედასა და ქალბატონს გევედრები, სიბერეში შენი ლოცვებით განმამტკიცე, უფალთან მონეტარემ მეც მომიხსენე. ოდეს ღმერთი ჩემი ხრწნადი სხეულიდან განსვლას მიბრძანებს, ევედრე სახიერს, მოწყალედ მოხედოს ჩემს ცოდვებს.

ასე ტიროდა სოფიო. თან იმას ფიქრობდა, რა ვიღონოო. მარტოკა იყო და თან ისე დასუსტებული, ჯოხით ძლივსღა დადიოდა. არც სხეულის აღება შეეძლო და არც დამარხვა. ამად დარდობდა. უცებ ღვთის განგებულებით ორი უცნობი გამოჩნდა. საპატიო შეხედულება ჰქონდათ სიტყვაკეთილებს. ქრისტიანები აღმოჩნდნენ. გვამზე მოტირალი მოხუცი რომ დაინახეს, მიეშველნენ, სხეულის მოკვეთილი ნაწილები შეაგროვეს, ყველაფერი თავის ადგილას დადეს, ქსოვილში გადაახვიეს და ერთ საპატიო ადგილას მიატანინეს სოფიოს, სადაც გალობითა და უფლისადმი დიდებისძღვნით დაკრძალეს ეს ფასდაუდებელი საუნჯე.

წყარო: `დედათა ცხოვრება", თბილისი. 2006 წ.

გამომცემლობა `ორთოდოქსი" მთარგმნელი რუსუდან კობახიძე

კონდაკი:

ქალწულებითა წყლითა განიწმიდე, ღირსო და წამებისა სისხლითა გვირგვინოსან-იქმენ, ანასტასია, და მისცემ ჭირთა შინა მყოფთა სენთა კურნებასა და ცხოვრებასა, რო¬მელნი მოგიხდებიან გულითა, რამეთუ მოგცა შენ ქრისტემან ძალი, რომელი აღმოიცენებს მადლსა, მარადის მომდინარესა.

ბეჭდვა
1კ1