წმინდა მოწამენი პისტი, ელპიდი, აღაპია და დედაი მათი სოფიო-ხსენება 17 (30) სექტემბერს
წმინდა მოწამენი პისტი, ელპიდი, აღაპია და დედაი მათი სოფიო-ხსენება 17 (30) სექტემბერს
იმპერატორ ადრიანეს ზეობისას (117-138 წ.) რომში ერთი კეთილმორწმუნე იტალიელი ქვრივი ცხოვრობდა, სახელად სოფიო, რაც გადმოთარგმანებით სიბრძნეს ნიშნავს. უფალმა მას სამი ჩინებული ასული აჩუქა, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოების სახელი-პისტი (რწმენა), ელპიდე (იმედი) და აღაპია (სიყვარული) დაარქვა.

მესამე ქალიშვილის გაჩენის შემდეგ, სამწუხაროდ, მეუღლე დაკარგა და შვილების იმ სათნოებათა შესატყვისად აღზრდა, რომელთა სახელებსაც ატარებდნენ, მას დაეკისრა.

დროსთან ერთად გოგონების სათნოებანი და გარეგნული მშვენებაც იზრდებოდა, მათ კარგად შეისწავლეს ძველი და ახალი აღთქმა და მოძღვრის და დედის ყოველ დარიგებას მორჩილებდნენ.

მალე მათი სილამაზისა და კეთილგონიერების ამბავი მთელ რომს მოედო... ქალაქის თავმა, ანტიოქოსმა მათი მონახულება განიზრახა და რა იხილა, მყის მიხვდა, რომ გოგონები ქრისტიანები იყვნენ და ამას ყველას წინაშე დაუფარავად აღიარებდნენ.

ანტიოქოსმა ამის შესახებ მყის ამცნო იმპერატორს, რომელმაც მათი დაუყოვნებლად მიყვანა ბრძანა.

მსახურებმა სოფიოს იმპერატორის ბრძანება გადასცეს, ამ უკანასკნელთ კი, უწყოდნენ რა მოსალოდნელი ხვედრი, ამგვარად ილოცეს:-,,ყოვლადძლიერო ღმერთო, იყავნ ნებაი შენი, ნუ დაგვაგდებ, არამედ შეგვეწიე, რომ გული ჩვენი არ შეაკრთოს მრისხანე ჯალათმა, არ შევდრკეთ საშინელი წამებისას და აღსასრულის არ შეგვეშინდეს. დაე, ნურაფერი განგვაშორებს შენგან!"

შემდეგ ოთხივე ხელიხელჩაკიდებულნი, თითქოს დიდებული გვირგვინი დაუწნავთო, მეფის მსახურთ გაჰყვნენ გულში ფარული ლოცვით... სამეფო პალატებს რომ მიუახლოვდნენ, ჯვარი გამოისახეს და კვლავ ილოცეს:-შეგვეწიე, უფალო, შენი სახელის განდიდებაშიო!

* * *
გოგონები მეფეს ნირშეუხრელნი და პირმცინარნი წარუდგნენ, თითქოს სატანჯველად კი არა, დიდებულ მეჯლისზე მოსულანო. მათი მშვენიერი, კეთილშობილი და უშიშარი სახეების შემხედვარე მეფემ წარმომავლობისა და აღმსარებლობის შესახებ გამოჰკითხა, ბრძენი დედა კი იმგვარი კეთილგონიერებით პასუხობდა, ყველა გაოცდა, შემდეგ კი საჯაროდ აღიარა:

-ქრისტიანი გახლავართ, მეფევ და ამ უძვირფასესი სახელით შემიძლია ვიამაყოო!

შემდეგ კი განაცხადა, რომ მისი ასულნიც ქრისტიანები იყვნენ და უბიწოება ზეციური სიძის,-ქრისტესთვის შეინახეს.

იხილა რა მეფემ სოფიოს სიბრძნე და აღარც საუბრის გაგრძელება სურდა, დედა-შვილნი ერთ წარჩინებულ ქალბატონს, პალადის გაუგზავნა დასაკვირვებლად, რომ სამი დღის შემდგომ მისი სამსჯავროს წინაშე კვლავ წარმდგარიყვნენ.

ამ სამი დღის მანძილზე დედა-შვილებს დღედაღამ განამტკიცებდა:-საყვარელო შვილნო, დადგა ჟამი, ღვთისადმი ჩვენი მტკიცე რწმენა, ეჭვშეუვალი იმედი და წრფელი სიყვარული დავამტკიცოთ... ამ პატივისთვის ნურც თქვენი ნორჩი სხეული დაგენანებათ, ნურც ახალგაზრდობა და სილამაზე და ნურც ამ წარმავალი ცხოვრების დატევებას იგლოვებთ, ხოლო ოდეს სასიკვდილოდ გაწამებენ, შემოქმედი თქვენს ჭრილობებს ზეციურ ვარსკვლავთა დარად განაბრწყინვებს, უხორცო სილამაზით შეგამკობთ, წარმავალი სიცოცხლის ნაცვლად კი მარადიულს გაცუქებთ და მამის წინაშე საუკუნოდ განგადიდებთ...
ჩემო გოგონებო, ნურავის მისცემთ უფლებას, ალერსიანი სიტყვით, საჩუქრებით თუ ამქვეყნიური დიდებით თუ სიმდიდრით გაცთუნონ, რადგან ამ ტანჯვის მაგიერ უფლისგან უხრწნელ გვირგვინს მიიღებთო!.."

დედის სიტყვით გულგანმტკიცებულნი ტანჯვას ისე ელოდნენ, როგორც სასძლო ელის ხოლმე საკუთარ ქორწილს. ბრძენი მშობლის ყოველ სიტყვას გულში იმარხავდნენ, მოწამეობისათვის სიხარულით ემზადებოდნენ და ერთურთს განამტკიცებდნენ.

* * *
მესამე დღე გათენდა თუ არა, კვლავ უსჯულო და სასტიკი მეფის წინაშე წარსდგნენ, რომელიც დიდად იმედოვნებდა, რომ გოგონებს იოლად მოხიბლავდა და დაიყოლიებდა.

-ბავშვებო, ვჭვრეტ რა თქვენს სილამაზეს და სინორჩეს, დასაღუპად მენანება და მამობრივად გირჩევთ, სამყაროს მბრძანებელ ღმერთებს სცეთ თაყვანი! თუ ჩემსას შეისმენთ, სვილებად მიგიღებთ, მაშინვე ვუხმობ მრჩეველთ და ამას საჯაროდ დავადასტურებ, თქვენ კი საყოველთაო პატივს და ყველა მიწიერ სიკეთეს უხვად მიიღებთ, თუ არა და საკუთარ თავს უზარმაზარ ბოროტებას მოუტანთ, დედათქვენს სიბერეს გაუმწარებთ, თავად კი იმ დროს წაგერთმევათ სიცოცხლე, როდესაც ყველაზე მეტად გწყუროდათ, საშინელ სიკვდილს მოგაგებთ და ვბრძანებ, თქვენი დაგლეჯილი სხეულის ნაწილებით მხეცნი დააპურონ, ახლა კი თქვენსავე სასიკეთოდ კვლავ მიდგეთ ყური:-მიყვარხართ და თქვენი სილამაზის და ახალგაზრდობის დაღუპვა კი არა, თქვენი მამობა მსურსო...

წმინდა ქალწულნი კი პასუხობდნენ:-მამაჩვენი-ღმერთია, ჩვენს ხვედრს იგი განაგებს და შეგვიწყალებს, გვსურს, მას სათნო ვეყოთ, მისი ჭეშმარიტი შვილობა და თაყვანისცემა გვსურს, შენს ღმერთებს კი უარვყოფთ და არც შენი მუქარა გვაშინებს, რადგან სწორედ ქრისტესთვის უმწარესი ტანჯვის დატმენა გვწყურისო!

ამის გამგონე მეფე დედას, სოფიოს მიუბრუნდა და ქალიშვილთა სახელები და ასაკი ჰკითხა.

-პირველს პისტი-რწმენა ჰქვია და თორმეტი წლისაა, მეორეს, ელპიდეს-იმედს, ათი შეუსრულდა, მესამეს, აღაპიას-სიყვარულს კი მხოლოდ ცხრაო.
მეფემ გაიოცა, რომ ამ ასაკის ბავშვებს ესოდენი სიმტკიცე, გონება და სიტყვა ჰქონდათ და მათ დაყოლიებას კვლავ ეცადა, თუმცა, ამჯერად იფიქრა, სათითაოდ დაველაპარაკებიო და ჯერ უფროსს, პისტის მიმართა:

-უზენაეს ქალღმერთ არტემიდეს მსხვერპლი შესწირეო! რაზეც მტკიცე უარი მიიღო. მაშინ ბავშვის გაშიშვლება და სასტიკად ცემა ბრძანა.
ჯალათნი, რომლებმაც ხელები ზურგს უკან შეუკრეს და უმოწყალოდ გვემეს გოგონა, თან დასძახოდნენ:-,,მსხვერპლი შესწირე არტემიდასო!"... ის კი მდუმარედ იტანდა წამებას, თითქოს მისი კი არა, უცხო სხეული იგვემებოდა. როდესაც მტანჯველმა ვერა გააწყო რა, მისი ბავშვური მკერდის მოკვეთა ბრძანა, მაგრამ მოხდა საოცრება:-ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა...

ყველა, ვინც ამ შემზარავ ტანჯვას შეესწრო, ამ სასწაულით და პატარა გოგონას სიმტკიცით გულშეძრულნი მეფეს ფარულად საყვედურობდნენ:-ამ მშვენიერმა გოგონამ ისეთი რა დააშავა, ასერიგად რომ აწამეს?! მისი ქვის გული მხოლოდ ჭარმაგთ კი არა, მცირეწლოვან ბავშვებსაც ღუპავსო!

ამან რომ არ გაჭრა, მეფემ ჯალათებს რკინის ბადე მოატანინა, ცეცხლზე შემოადებინა და ისე გააცხელებინა, სანამ მხურვალებისაგან მთლად არ გაწითლდა და ნაპერწკლები არ გასცვივდა... ზედ პატარა მოწამე დააწვინეს, რომელმაც ორი საათი ასე გაატარა, მაგრამ სრულიადაც არ დამწვარა, რამაც ძალზე გააოცა იქ მყოფნი.
შემდეგ ქონითა და ფისით სავსე მდუღარე ქვაბში ჩასვეს, მაგრამ კვლავ უვნებლად გადარჩა,-ისე იდგა მასში, თითქოს მოთუხთუხე სითხე კი არა, ნელ-თბილი წყალი ყოფილიყო და ისევ უფალს განადიდებდა...

მეფემ, რომელმაც აღარ იცოდა, წამების რა ხერხი ეხმარა, ბოლოს თავის მოკვეთა განუჩინა. ამის გამგონე პისტი სიხარულმა აღავსო და დედას სთხოვა:-დედაჩემო, ჩემთვის ილოცე, რომ სასურველ დასასრულს მივაღწიო და ღვთის დიდება ვიხილოო!

დებს კი უთხრა:-საყვარელო დანო, ნუ დაივიწყებთ, თუ ვის მივეცით აღთქმა და ვისი სასძლონი ვართ, ისიც გახსოვდეთ, რომ წმინდა ჯვრით ვართ დაბეჭდილნი და მარად მას უნდა ვემსახუროთ... ერთი დედის მიერ ვართ ნაშობნი, მანვე აღგვზარდა და განგვსწავლა, ამიტომ ერთნაირი არსასრული უნდა მივიღოთ. დაე, თქვენთვის მაგალითი ვიყო, რომ თავადაც იგივე აღასრულოთო!
შემდეგ დედას ეამბორა, დებს სიყვარულით გადაეხვია და სასჯელის მისაღებად წავიდა...
დედა შვილის ხვედრის გამო როდი გლოვობდა, რადგან უფლისადმი სიყვარულს ყველა სხვა გრძნობა დაეჩრდილა მასში... შემდეგ პისტის უთხრა:-შვილო, როს წარსდგები უფლის წინაშე, მოიხსენიე შენი უბადრუკი დედა, შენი დებისთვის კი ილოცე, რომ ისინიც შენსავით განამტკიცოსო!
...წმინდა ქალწულს თავი მოჰკვეთეს... სოფიო შვილის მრავალვნებულ სხეულს ეამბორა და უფალი ადიდა...

* * *
მაშინ უსჯულო მეფემ თავისთან მეორე და, ელპიდე იხმო და უბრძანა:-ისმინე, ნორჩო ასულო, ჩემი რჩევა, რადგან ისე შეგიყვარე, როგორც მამამ, ქედი მოუდრიკე და მსხვერპლი შესწირე დიდებულ არტემიდას, რომ შენი დის ბედი არ გაიზიარო! ნუთუ გსურს, რომ მსგავსი ტანჯვა დაითმინო?! მერწმუნე, მენანება შენი სიყმაწვილე და სილამაზე. თუ ჩემსას ისმენ, შვილად გაღიარებო!
წმინდა ელპიდემ კი მიუგო:

-მეფეო, განა მისი და არ ვარ, შენ რომ მოაკვდინე? განა ერთმა დედამ არ გვშობა და ერთ რძეს არ ვწოვდით, ან იგივე ბეჭდით არ დავიბეჭდეთ ნათლისღებისას, როგორითაც ჩემი და?! ერთად ვიზრდებოდით და ერთმა მშობელმა გვასწავლა გვასწავლა ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა... მეც იმ გზას ვირჩევ, რომელმაც ჩემს დას მოწამეობის გვირგვინი დაადგა... ასე რომ, დროს ნუღარ დაკარგავ და ნურც ჩემს გადაბირებას ეცდები, სჯობს, ის აღასრულო, რაც განგიზრახავს და იხილავ, რომ ერთ სულ ვარ ჩემს დასთანო!

ამის გამგონე მეფემ ისიც ჯალათებს მიუგდო... ქალწულს სამოსი განძარცვეს, ჯალათები გამხმარი ძარღვებით ისე უმოწყალოდ სცემდნენ, სანამ თავადაც სიქა არ გასძვრათ, შემდეგ ძელზე გააკრეს და რკინის ჩანგლებით სხეული ისე დაუჯიჯგნეს, ხოცის ნაფლეთები მიწაზე ცვიოდა, სისხლი კი ნაკადულებად გადმოსდიოდა, მაგრამ ჭრილობათაგან საკვირველი კეთილსურნელება იფრქვეოდა, გოგონა კი დუმდა, თითქოს ვერავითარ ტკივილს ვერ გრძნობსო და მხოლოდ დედას, სოფიოს შეჰყურებდა უხმოდ, იქვე რომ დამდგარიყო, შვილის წამებას ვაჟკაცურად იტანდა და უფალს მის განმტკიცებას ევედრებოდა...
_ ქრისტეა ჩემი შემწე და ტანჯვა კი არ მაშინებს, პირიქით, ისე მწყურის, როგორც სამოთხის სიტკბოება... შენ კი, ჯალათო, გეჰენიას მიეცემი იმ დემონებთან ერთად, შენ რომ ღმერთებს უწოდებო!

ამ სიტყვებმა უკიდურესად გაამწარა ჯალათი და მისი გავავარებულფისიან ქვაბში შთააგდო, მაგრამ, როორც ძველი გადმოცემა გვაუწყებს, ქვაბი ცვილისებრ დადნა, მდუღარე გადმოიღვარა და იქ მყოფთაგან მრავალი დაიწვა, ელპიდი კი უვნებლად გადარჩა. ბოლოს კი მასაც თავი წარკვეთა განუჩინეს, პატარა მოწამე კი ამ სიტყვებით მიეახლა დედას:-დედა, მშვიდობა შენდა! ხორციელი და სულიერი სიმრთელე მოგმადლოს ღმერთმა და მომიხსენებდე შენს შვილს!

დედა კი ეხვეოდა, ამბორს უყოფდა და ეტყოდა:-შვილო, პისტი, ნეტარ ხარ, რამეთუ უფალს მიენდე და მისთვის სისხლი დასთხიე, წადი შენს დასთან და მასთან ერთად წარსდექ უფლის საყდრის წინაშე!

ელპიდე შემდგომ უმცროს დას, აღაპიას ემთხვია ამ სიტყვებით:

-დაო, ნურც შენ დარჩები აქ, სამივე ერთად წარვდგეთ ყოვლადწმინდა სამების წინაშეო! შემდეგ უსულო პისტის სხეულს მიუახლოვდა, სიყვარულით ჩაეხუტა და თავი წარსაკვეთად ჯალათს მიუშვირა...

დედამ სიხარულით და ღვთის დიდებით აღიყვანა მოწამე შვილის სხეული და უმცროს, აღაპიასაც მოუწოდა, მათთვის მიებაძა.

* * *
მალე ბოროტმა ხელმწიფემ მესამე, 9 წლის ქალიშვილი აღაპია იხმო და კვლავინდებურად ჯერ დაყვავებით და ათასგვარი შეპირებით, შემდეგ კი-მუქარით შეეცადა მის გადაბირებას, მაგრამ ვერც ამჯერად მიაღწია რამეს.

იგი ისე სასტიკად გვემეს, რომ "ასოთა იგი შეგდმულებაჲ დაიჴსნებოდა თჳსისა შენაწევრებისაგან". ნაწამებს უღმრთო მსაჯულმა აღუთქვა:-თუ სიტყვით მაინც აღიარებ, რომ "დიდ არს არტემი", ცეცხლში დაწვას მაინც გადაურჩებიო... გოგონა კი არც ჯალათებს დაელოდა, არც მტარვალის ბრძანებას,-"ესრეთ წადიერად შევიდა და დადგა შორის საჴუმილსა მას".

გააფთრებულმა წარმართებმა "რკინითა საჴურეტელითა შეშისაჲთა" ბარძაყები დაუხვრიტეს ნეტარს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს...

სოფიოს ყველაზე სასტიკი წამება ხვდა წილად,-საკუთარი თვალით უმზერდა შვილების ტანჯვას, მაგრამ "არარაჲ შეემთხუეოდა სულმოკლებისა და დედობრივისა მოშიშებისაჲ". საკვირველ ასულთა საკვირველი დედა სიტყვითა და ლოცვით აძლიერებდა მარტვილებს, შემდეგ კი მათი ცხედრები ლუსკუმაში ჩაასვენა, მშობლიური ქალაქიდან მოშორებით, შემაღლებულ ბორცვზე მიასვენა და თავის მიერვე აგებულ საყდარში დაფლა.
სამი დღე არ განშორებია ნეტარი შვილთა საფლავებს, შემდეგ კი მისი სულიც უფალმა შეივედრა...
..........................

კონდაკი:

სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმინდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეჲ ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.




ბეჭდვა
1კ1