წმინდა მოწამენი ქართველნი ისააკ და იოსებ, კარნუ-ქალაქში წამებულნი-ხსენება 16 (29) სექტემბერს
წმინდა მოწამენი ქართველნი ისააკ და იოსებ, კარნუ-ქალაქში წამებულნი-ხსენება 16 (29) სექტემბერს
წმინდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით მართლმორწმუნენი იყვნენ, მამა კი მაჰმადის სჯულის მიმდევარი ჰყავდათ. დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით ზრდიდა. იმდენად დიდი იყო ძმებში ქრისტიანულად ცხოვრების სურვილი, რომ მათ ბიზანტიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ამ დროს ბიზანტიას კეთილმსახური მეფე ნიკიფორე ფოკა (802-811) განაგებდა. ძმებმა ფარულად წერილი მისწერეს კეისარს და თავშესაფარი სთხოვეს.

ნიკიფორემ პატივით მიიწვია მთელ თეოდოსიპოლელ (კარნუელ) დიდგვაროვანთა წრეში გამორჩეული და პატივცემული ძმები. ერთი ძმა მაშინვე გაემგზავრა, წვრილშვილიანი იოსები კი მოუცლელობის გამო თეოდოსიპოლში დარჩა და წმინდა ისააკიც თავისთან დაიტოვა.

თეოდოსიპოლის ამირამ შეიტყო ძმების განზრახვა და სახლისკაცის კონსტანტინოპოლს წასვლის მიზეზი გამოჰკითხა ისააკს და იოსებს. ძმები მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტების აღიარების ჟამი დადგა და ამირას გამოგზავნილებს მიუგეს, რომ ძმათაგან ერთის ბიზანტიაში წასვლის მიზეზი მათი ქრისტიანობა იყო. ასეთმა კადნიერებამ გააკვირვა კარისკაცები. როცა ამირას მოახსენეს ყოველივე, უსჯულო მბრძანებელი შეწუხდა: არ ემეტებოდა მოსაკლავად რჩეულთა შორის რჩეული, საყოველთაო სიყვარულით გარემოცული ძმები, ამიტომ გადაწყვიტა, ქრისტეს უარყოფაზე დაეთანხმებინა ისინი.

თეოდოსიპოლის ამირა და სარკინოზი მთავრები ევედრებოდნენ წმინდანებს. მოხუცი მამაც ცრემლებს ღვრიდა და შვილებს ქრისტეს განგდებას შეაგონებდა. ამირა პატივსა და ჯილდოს აღუთქვამდა წმინდანებს, ხოლო თუ მის სიტყვას არ შეისმენდნენ, მწარე სატანჯველით და სიკვდილით ემუქრებოდა.

წმინდანებმა მიუგეს:

-უწყებულ იყავნ, მძლავრო, რამეთუ ვიცით, ვითარმედ `ყოველი ხორცი თივა არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა. განხმა თივა და ყუავილი მისი დამოსცვივა~. თქვენი ქადებანი ტანჯვათანი და სიკუდილისა მძვინუარისა ჩვენდა შიშად საგონის-ყოფა¡ საცინელ არს. არცა სიკუდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოსთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა.

ჭაბუკთა კადნიერებამ ამირა განარისხა და ბრძანა, მახვილით განეგმირათ წმინდა იოსები და ისააკი.

ჯალათებმა წმინდანები მოსაკლავად წაიყვანეს. ძმებმა მცირე ჟამი სთხოვეს მტარვალებს ლოცვისათვის, მუხლი მოიდრიკეს და მხურვალედ შეჰღაღადეს უფალს:

-მეუფეო უფალო, მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, მოიხილე მონათა ამათ შენთა ზედა, მიითვალე შენდამი შეწირვაი, რომელნი ესე შევსწირავთ შენდამი თავთა ჩუენთა, და წმინდათა მოწამეთა შენთა თანა აღგურაცხენ და გვირგვინი სიმართლისა მოგუეც ჩუენ, რამეთუ `ყოველი მიცემული კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდმო არს გარდამოსულ მამისაგან ნათლისასა,

გადაისახეს პირჯვარი და თავი მოიდრიკეს. ჯალათმა პატიოსანი თავები წარკვეთა წმინდა მოწამეებს.

უსჯულოებმა წამებულთა გვამები იქვე დატოვეს. ღამით წმინდათა ნეშტს ღვთაებრივი ნათელი დაადგა. ამ საკვირველებამ შეაძრწუნა უსჯულოები და ქრისტიანებს უბრძანეს, დაეფლათ წმინდა მოწამეთა ცხედრები.

ქალაქის ეპისკოპოსმა და სამღვდელოებამ პატივით მიაბარეს წმინდათა გვამები მიწას. შემდგომ იმ ადგილას ეკლესია ააგეს.

ანტონ კათოლიკოსის თქმით, წმინდათა ძმათა ისააკის და იოსების "ჰხსენება¡ დასდუეს პირველთ მამათა ქართუელთა, სათთუეოსა მოსახსენებელსა შინა".

"ქართველ წმინდანთა ცხოვრება"

ბეჭდვა
1კ1