წმინდა მოწამე ლუდმილა, ჩეხეთის მთავარი (+927)–ხსენება 16 (29) სექტემბერს.
წმინდა მოწამე ლუდმილა, ჩეხეთის მთავარი (+927)–ხსენება 16 (29) სექტემბერს.
წმინდა მოწამე ლუდმილა წარმოშობით სერბი იყო. ის ცოლად გააყოლეს ჩეხეთის მთავარ ბორევოის. მაშინ ჩეხები ჯერ კიდევ წარმართები იყვნენ. ბორევოიმ და ლუდმილამ იწამეს ქრისტე. ისინი მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ (ხს. 6 აპრილს და 11 მაისს). გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ თავისი ერის განსანათლებლად, მათ უამრავი ტაძარი ააშენეს და მღვდლები აკურთხეს. ცოლ-ქმარს სამი ვაჟი და ერთი გოგონა ეყოლათ. მთავარი ბორევოი ადრე, 36 წლისა გარდაიცვალა. წმინდა ლუდმილამ მტკიცედ, ქრისტიანულად დაითმინა ეს პირადი ტრაგედია, უამრავი მოწყალება გასცა ქმრის სულისთვის. დაქვრივების შემდეგ წმინდა ლუდმილა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ძის, ბრატისლავის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ზრუნვას წმინდა ეკლესიაზე. ბრატისლავმა 33 წელი იმეფა და გარდაიცვალა.

ბრატისლავი დრაგომირაზე იყო დაქორწინებული და მისგან ჰყავდა ძე ვიაჩესლავი. მამის 33-წლიანი მმართველობის შემდეგ სწორედ 18 წლის ვიაჩესლავი ავიდა ტახტზე. დრაგომირამ ისარგებლა შვილის გამოუცდელობით და ქვეყანაში წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელება დაიწყო. წმინდა ლუდმილა წინ აღუდგა ამ უსჯულოებას. დრაგომირამ შეიძულა დედამთილი და მისი მოკვლა მოისურვა. ერთხელ, როცა ლუდმილა ქალაქ ტეჩინში იყო, დრაგომირამ მის მოსაკლავად ორი ბოიარი გაგზავნა. ამ ორმა ბოროტმოქმედამა თავისნაირი დამნაშავეები შემოიკრიბნენ, გარს შემოერტყნენ სასახლეს და შეანგრიეს კარები. ამ დროს წმინდანი ლოცულობდა, მაგრამ ამან მკვლელები ვერ შეაჩერა, მათ წმინდა ლუდმილას კისერზე თოკი მოაბეს და დაახრჩვეს (+927). მაშინ ის 61 წლის იყო. წმინდა ლუდმილას საფლავზე ყოველ ღამე ანთებულ სანთლებს ხედავდნენ. ერთი ბრმა განიკურნა, შეეხო რა წმინდანის საფლავის მიწას. ამის გარდა წმინდა მოწამის, ლუდმილას საფლავთან მრავალი კურნება აღესრულებოდა. ეს რომ შეიტყო მთავარმა ვიაჩესლავმა, ბებიის უხრწნელი სხეული ნეშტი პრაღაში გადაასვენა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაასვენა.


ბეჭდვა
1კ1