ღმერთია მაშენებელი და ხელმძღვანელი ტაძრის მშენებლობისა
ღმერთია მაშენებელი და ხელმძღვანელი ტაძრის მშენებლობისა
მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მეტეხის ხიდთან ტრადიციულად ეგებებიან უწმინდესს და მტკვარში ჯვრისებრი ფორმის ყვავილების ულამაზეს გვირგვინს უშვებენ. ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრებში კი ამ დღეს განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობაა.

რამდენიმე წელია, რაც დიდ დიღომში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ლუკა სუპატაშვილის ძალისხმევით, აიგო ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი და უკვე დიდი მრევლი შემოიკრიბა. ტაძარი დღითიდღე მშვენდება.

- მამა ლუკა, რამ გადაგაწყვეტინათ ასი ათასი მოწამის სახელზე ტაძრის აგება?

- პირადად მე ასი ათასი მოწამის მოქცეული ვარ. 23 წლისა მოვინათლე. მანამდე კარგად არ ვიყავი გარკვეული რელიგიურ საკითხებში. როცა წავიკითხე, რომ ასი ათასმა მართლმადიდებელმა ქრისტესთვის დადო თავი, რომ ჯალალ ედ-დინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოხადა და თავისი ბილწი ტახტი დადგა, საიდანაც უყურებდა, თუ როგორ აწამებდნენ ქრისტიანებს, საკუთარ თავს ვუთხარი, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა რელიგია, ადამიანს მისთვის შეუძლია თავის გაწირვა-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ მოწამეთა თავგანწირვის წაკითხვამ ცხონების გზაზე დამაყენა. სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, რომ ქრისტე არის ჩემი ცხოვრების გზა და არა ცხოვრებისეული ამბავი. როდესაც მოვინათლე და გავქრისტიანდი, დავინტერესდი ქრისტიანული მოძღვრებით, სადაც ყველა საკითხზე პასუხია გაცემული. საოცარი მოძღვრებაა მართლმადიდებლობა, ნებისმიერ შეკითხვაზე გპასუხობს. ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის პოვნამ ისე გამიტაცა, რომ მთელი არსებით ქრისტიანი გავხდი. შევხვდი ჭეშმარიტებას, ვნახე ყველაფერში ღვთის პასუხი და ის მადლი, რომელიც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და გადაწყვეტილებით, ასევე სასულიერო აკადემიის პედაგოგთა წარდგინებით, სასულიერო პირად მაკურთხეს. ღვთის მადლით, როდესაც ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი ტაძრის აშენებისა, გადავწყვიტე, ასი ათასი მოწამის სახელზე ამეშენებინა.Mმანამდე წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოში ვმსახურობდი. მრევლს ვეღარ იტევდა ჩვენი სამლოცველო და დიდი მოცულობის ტაძრის აგებაც ამან მაფიქრებინა. როდესაც უწმინდესს ეს ვუთხარი, ძალიან გაიხარა. ჩვენს ტაძარში სამი ეკლესიაა - ასი ათასი მოწამის, წმინდა ილია მართლის და ანდრია პირველწოდებულის. მადლობა უფალს, რომ ჩვენი მეოხნი არიან ასი ათასი მოწამენი. სამივე ეკლესია მოჩუქურთმებული კანკელით არის შემკული. ვფიქრობთ ტაძრის მოხატვას. ახალი დასრულებულია სამრეკლო, დამხმარე სენაკები. აქვე არის მოძღვრის ოთახი, მქარგველთა ოთახი. მქარგველთა წრეში ტრადიციულ ქარგვას ვასწავით. არის კიდევ ვაჟთა და გოგონათა მგალობელთა გუნდები. ამჟამად მიმდინარეობს ეზოს ფილებით მოპირკეთება. ტაძარში დაბრძანებულია ქრიტეს პირველმოწამე 14 000 ჩვილის წმინდა ნაწილები. ისინი არიან ჩვენი მეოხნი.

ჩვენს ტაძარში მსახურობს კიდევ ორი მოძღვარი, მამა არჩილ გვიმრაძე და მამა ირაკლი დუმბაძე.

როდესაც მშენებლობა დავიწყეთ, სპონსორი არ გვყავდა. მრევლში გამოვაცხადეთ, თუ ერთობით ყველა მცირე თანხას გავიღებთ, საკმარისი თანხა შეგროვდებაო. ორი წელი ვაგროვებდით ფულს. 24 000 ლარს მოვუყარეთ თავი. გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად დაგვეწყო მშენებლობა. საქმე უსახსრობის გამო ერთი დღითაც კი არ შეჩერებულა. საოცარი ერთობა დავინახე ტაძრის მშენებლობის პერიოდში, ღმერთისა - ჩვენთან და ჩვენი კიდევ - ერთმანეთთან და ღმერთთან. დავრწმუნდი, რომ ღმერთია მაშენებელი და ხელმძღვანელი ტაძრის მშენებლობისა.

ამ ტაძრით გვინდოდა ერისთვის შეგვეხსენებინა, რომ ჩვენ ღვთის წინაშე დიდი მეოხი გვყავს ასი ათასი მოწამის სახით. გარდა ამისა, ეს დიდი ისტორიაა, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს... ასი ათასი მოწამე უჩვეულო მაგალითია იმისათვის, რომ ვიყოთ ქრისტეს ერთგულნი.
ბეჭდვა
1კ1