წმინდა მოწამე ბასილისკოს სისხლი დღესაც ამჩნევია აფხაზეთის მიწას, უქართველებო აფხაზეთის მიწას
წმინდა მოწამე ბასილისკოს სისხლი დღესაც ამჩნევია აფხაზეთის მიწას, უქართველებო აფხაზეთის მიწას
ჩვენი კურთხეული სამშობლოს კიდევ ერთი მეოხია წმინდა ბასილისკო. ის წმინდა მოწამეებთან - ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აწამეს. მათი სიკვდილის მერე წმინდა ბასილისკო დილეგში ჩააგდეს. ამასობაში პონტოს მმართველად იმპერატორმა აღრიპა გამოგზავნა და ქრისტიანთა დევნა-შევიწროება და მოწყვეტა უბრძანა. აღრიპას ამასიაში მოსვლამდე წმინდა ბასილისკო დილეგში ცრემლმორეული ევედრებოდა უფალს: - უფალო იესო ქრისტე, მომიხსენე და შემეწიე, რომ მოწამის გვირგვინი მივიღო, არ განვეშორო იმ წმინდა კაცებს, რომლებიც ჩემთან ერთად შეიპყრეს, ევნენ და მოწამის გვირგვინით შეიმოსნენო.

შუაღამისას, ძილსა შინა მას უფალი გამოეცხადა და უთხრა: - მახსოვხარ და არ დაგივიწყებ. შენი სახელი შენთან ერთად შეპყრობილთა წინაა დაწერილი. ნუ წუხხარ, რომ მათ მერე ევნები, რამეთუ შენ წინ წაუსწრებ მრავალთ. შენს სახსენებელს დიდებულს გავხდი მთელ სამყაროში. ახლა კი წადი, გამოემშვიდობე დედაშენს, ძმებს და ნათესავებს, როცა დაბრუნდები, მოწამის გვირგვინს მიიღებ და კომანში დაიმარხები. არ შეგეშინდეს სატანჯველისა - მე შენთანა ვარ. შენი სულის დაღუპვას ვერ შეძლებს კაცთა ბოროტება.

ხილვით გახარებულს გამოეღვიძა წმინდა ბასილისკოს. საპყრობილის კარები გაღებულიყო. დარაჯებთან მივიდა და უთხრა: ოთხი დღით განმათავისუფლეთ, რათა სოფელ ქუბილაში წავიდე, ჩემს ახლობლებს გამოვეთხოვო, დავბრუნდები და ჩემს ჭეშმარიტ მამასთან, უფალ იესო ქრისტესთან გავემგზავრებიო.

წმინდანს უთხრეს: - სულ გაგიშვებდით საპყრობილიდან, რომ არ გვეშინოდეს ახალი მმართველისა, რომელსაც ველითო.

წმინდანმა ბრძანა: - კეთილო, სულ გაშვება არ მსურს, მხოლოდ მინდა ის აღვასრულო, რაც ჩემმა უფალმა მიბრძანა. მისი ნებაა, ჩემს მშობლიურ სოფელში წავიდე. ამიტომაც, თუ დამთანხმდებით, რამდენიმე კაცი გამომაყოლეთ და მათთან ერთად დავბრუნდები უკანო.

დარაჯები ასეც მოიქცნენ. სოფელში წმინდანს სამი ძმა და დედა შეეგებნენ, მათ დარაჯებიც დიდი პატივით მიიღეს. წმინდანმა მეორე დილისთვის მთელ თავის სანათესაოს მოუყარა თავი. ყველა ანუგეშა, უკანასკნელად ამბორი უყო მათ და უთხრა: ძმანო, მამანო, ქრისტეს შვილებო! მტკიცედ იდექით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს რწმენაში და არასოდეს განუდგეთ, რამეთუ ეს სოფელი სწრაფწარმავალია, უფალი კი საუკუნოა. მივდივარ თქვენგან და მეტად ვეღარ მნახავთ მიწიერ ცხოვრებაში.

როცა წმინდანმა სათქმელი დაამთავრა, გოდება ატყდა, ყველა შესთხოვდა: - როცა დაასრულებ შენს წმინდა ცხოვრებას, ევედრე ჩვენთვის და ყველა ქრისტიანისთვის უფალს, შეწყდეს მართლმადიდებელი რწმენის დევნა და კერპთა მსახურება. ქრისტეს მადლი, დაე, გაბრწყინდეს მთელ დედამიწაზეო.

ამის მერე წმინდა ბასილისკო საპყრობილეში დაბრუნდა.

ამასობაში მმართველი აღრიპა ჩამოვიდა ამასიაში, დიდებულები იხმო და მათთან ერთად წარმართულ ტაძარში თავის ღმერთებს მსხვერპლი შესწირა. მეორე დღეს კი სამსჯავროზე დაჯდა და პატიმართა მოყვანა ბრძანა. ყველაზე მეტად კი წმინდა ბასილისკოს ხილვა აინტერესებდა.

როცა შეიტყო, პატიმარი ორი დღეა თავისიანებთან წაიყვანეს ჯარისკაცებმაო, განრისხდა და მის მოსაყვანად თავისი თანაშემწე, მაგისტრიანე გაგზავნა, ციხის უფროსთან და ჯარიკაცებთან ერთად: როგორც კი შეიპყრობ იმ ბოროტ ადამიანს, კომანში გამოგზავნე, რადგან იქ მივდივარო. მაგისტრიანემ სპილენძის ფეხსაცმელები დაამზადებინა, შიგნით ამოშვერილი წამახვილებული ლურსმნებით. წარგზავნილები სოფელში მივიდნენ. სწორედ მაშინ გამოდიოდა წმინდა ბასილისკო სახლიდან. იგი შეიპყრეს, ორმაგი ჯაჭვით შეკრეს, კისერზეც რკინის ჯაჭვი მოაბეს, ფეხებზე კი სპილენძის ფეხსაცმელები ამოაცვეს, ლურსმნები წმინდანს ძვლებამდე შეერჭო, ფეხებიდან სისხლი სდიოდა. ესეც არ აკმარეს, გზადაგზა საშინლად სცემდნენ.

ნათესავები, ახლობლები ტირილით მისდევდნენ. დედამ გაამხნევა თავისი ვაჟი ქრისტეს რწმენაში და შინ შებრუნდა. "მშვიდობით, ძმებო, ჩვენ ერთმანეთს კიდევ ვიხილავთ საყოველთაო აღდგომის ჟამს", - მიმართა ახლობლებს წმინდა ბასილისკომ. მაგისტრიანემ ცემა-ტყეპით ძლივს ჩამოიშორა წმინდა ბასილისკოს თანამგზავრები. წმინდა მოწამე კი ისე მიაბიჯებდა, თითქოს ლურსმნებიანი ფეხსაცმელები არ სცმოდა. ჯარისკაცები სოფელ დაკოზარიაში შევიდნენ, ცხელოდა. ისინი სახლში ერთმა ქვრივმა დედაკაცმა შეიპატიჟა. ჯარისკაცები ილხენდნენ, წმინდა ბასილისკო კი კარებთან გამხმარ მუხაზე იყო მიბმული. მან ლოცვით მიმართა უფალს: "მომიხილე ისე, როგორც ერთ დროს იოსები საპყრობილეში იხილე, ხოლო სამი ყრმა - ბაბილონის ღუმელში. გამოაჩინე ჩემზეც წყალობა და აჩვენე სასწაულნი შენი სახელის სადიდებლადო". ამ დროს ხმა მოესმა: "ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ".

უეცრად სპილენძის ფეხსაცმელები ცვილივით დადნა, ფერხთაგან ჯაჭვებიც თავისით ჩამოცვივდა, ხმელი მუხა უცებ აყვავილდა, ხშირი ფოთლებით დაიფარა და ირგვლივ დიდი ადგილი დაჩრდილა. წმინდანის სისხლით მორწყული მიწიდან წყარომ ამოხეთქა, მიწაც იძრა. წმინდა ბასილისკომ მადლობა შესწირა უფალს: "მართლაც ვინა ვარ მე, უღირსი, რომ ასეთი დიდი და საკვირველი წყალობა გამოაჩინე ჩემზეო".

მიწისძვრით შეშინებული მაგისტრიანე და ჯარისკაცები გარეთ გამოცვივდნენ და იქ ნანახით უფრო გაოცდნენ. ზოგი ამბობდა, გვეჩვენება, ეს ჯადოქრობა არისო, სხვები კი გაიძახოდნენ, - ეს წმინდა კაცი ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენი მხარის საკურთხებლადო.

მოიყვანეს განრღვეული. წმინდანმა ხელი შეახო და - ჯანმრთელი ფეხზე წამოდგა. მოუყვანეს კეთროვანი, ხელი შეახო და განიკურნა. სხვადასხვა სნეულებით დაავადებულნიც მრავალნი განიკურნენ წმინდა ბასილისკოს ლოცვით. საღამოს კი საძოვრიდან მომავალი ჯორები წმინდანთან მივიდნენ და თითქოს პატივს მიაგებენო, ჩაიჩოქეს.

ბევრმა ნათლობის სურვილიც გამოთქვა. მეორე დღეს კი მაგისტრიანემ მას მდაბლად გამგზავრება შეახსენა. გაუდგნენ გზას. ყოველ ბორცვზე წმინდა ბასილისკო მუხლს იდრეკდა და ლოცვას აღავლენდა. მიაღწიეს სოფელ საონამდე. დასხდნენ სატრაპეზოდ. მაგისტრიანემ სთხოვა: პური იხმიე, რომ შიმშილით არ მოგვიკვდე, სამი დღეა, პირში ხემსი არ ჩაგსვლიაო. წმინდანმა ბრძანა: "მე უხრწნელი საჭმლით ვარ აღვსებული და არ მინდა ხრწნადი საკვები მივიღო. თქვენ მიწიერი პურით იკვებებით, მე კი ღვთის ზეციური სიტყვით. თქვენ ღვინით მხიარულობთ, მე კი სულიწმინდის მადლი მახარებს. თქვენ ხორციელი მხნეობა განგაძლიერებთ, მე კი ქრისტეს სახელით აღებული ჯვარი. თქვენ ოქრო განგამდიდრებთ, მე კი იესო ქრისტესადმი სიყვარული".

სანამ წმინდანი ლაპარაკობდა, მაგისტრიანემ ჯორის შეკაზმვა ბრძანა და წმინდანს უთხრა: "სამი დღეა მშიერი მოდიხარ, შეჯექი მაინც მასზე, რომ გზაში არ მოგვიკვდეო". მე განმაძლიერებს ჩემი უფალი იესო ქრისტე, სიმშვიდესა და სიხარულს სულიწმინდა მიბოძებს, - ბრძანა წმინდანმა.

მეორე საღამოს ოთხ საათზე მიაღწიეს კომანს. გზაში შემხვედრთაგან შეიტყვეს, რომ აღრიპას მოუკლავს ყველა, ვინც კერპებს არ ეთაყვანა. უფალი გამოეცხადა წმინდანს და უთხრა: "განმხნევდი, კერპთაყვანისმცემელთა მუქარისა ნუ გეშინია, რამეთუ მე შენთან ვარ". მაგისტრიანემ წმინდანი აღრიპას აპოლონის ტაძარში მიუყვანა და მოუთხრო მომხდარი სასწაულების შესახებ, მან კი ეს ქრისტიანთა ჯადოქრობას დააბრალა. მაგისტრიანემ და მისმა ჯარისკაცებმა შენდობა შესთხოვეს წმინდანს იმ სისასტიკისთვის, თავიანთი უმეცრებით რომ ექცეოდნენ.

წმინდანი კი ახალმა ჯარისკაცებმა აღრიპას წარუდგინეს.

- შესწირავ თუ არა ჩვენს ღმერთებს მსხვერპლს? - ჰკითხა აღრიპამ.

- ვინ გითხრა, რომ მე მსხვერპლს არ შევწირავ ღმერთს? ყოველ წუთს ქების მსხვერპლს აღვავლენ ჩემი ღმერთის მიმართ, - ბრძანა წმინდანმა, - რა ჰქვია თქვენს ღმერთს?

- აპოლონი.

- მართალია, რომ მას აპოლონი (ბერძნულად - გამანადგურებელს, დამღუპველს ნიშნავს) ჰქვია, რადგანაც თავისი მორწმუნენი დაღუპვისაკენ მიჰყავს. მას ღმერთივით ეთაყვანებიან, მაგრამ ღმერთი არ არის.

- მაშ, ვინ არის შენი ღმერთი? - ჰკითხა აღრიპამ.

- ჩემი ღმერთი გამოუთქმელია, მიუწვდომელია, აუხსნელია თავისი ბუნებით: წმინდა წიგნებში მას მამას - ყოვლისმპყრობელს ეძახიან. უფალი საბაოთი, მეუფე ყოველთა, მოწყალე მაცხოვარი, მრავლისდამთმენი. მას მხოლოსა შევწირავ ქების მსხვერპლს.

- რომელ ღმერთსაც გინდა, იმას ეცი თაყვანი, ოღონდ აქ მსხვერპლი შესწირე.

- მისმინე, მმართველო, - მიმართა წმინდანმა და ლოცვა დაიწყო: - ცისა და მიწის შემქმნელო ღმერთო, შეისმინე ჩემი და დაამსხვრიე ეს უსულო კერპი, რათა მიხვდეს საცოდავი ხალხი, ვის სცემენ თაყვანს.

ლოცვის დამთავრებისთანავე მიწა იძრა და კერპი დაიმსხვრა. განრისხდა მმართველი, წმინდა ბასილისკო ტაძრიდან გამოაყვანინა, - მსხვერპლის შეწირვას შემპირდი, ჩვენი ღმერთი კი დაამსხვრიეო. წმინდანმა უპასუხა: - ვინც კერპი დაამხო, იგივე მოსწვავს აპოლონის ტაძარსო. ამის თქმა იყო და ცეცხლი გადმოვარდა ზეციდან, დაეცა აპოლონის ტაძარს და მოსწვა.

- თუ თქვენი ღმერთი მართლა ღმერთია, აბა, დამსაჯოს, - უთხრა წმინდა ბასილისკომ და შესძახა მმართველს: - რატომ აყოვნებ, მე ვიჩქარი, რომ სიცოცხლე დავასრულოო.

აღრიპამ ბრძანა, - მახვილით თავი მოჰკვეთეთო. ჯარისკაცებმა ქალაქის გარეთ, დიოსკურიას წაიყვანეს. ნაბრძანები იყო მისი ცხედრის მდინარეში გადაგდება. როცა წმინდანს თავი მოჰკვეთეს, იქ მყოფმა ხალხმა ცხადად იხილა უამრავი ანგელოზი, რომელთაც აჰყავდათ ზეცაში წმინდანის სული. იქ კი მას ფეხზე მდგარი შეეგება მაცხოვარი: "მოვედ, ჩემო კეთილო და ერთგულო მონავ ბასილისკო, შევედ ზეციურ სასუფეველში და შუერთდი წმინდათა დასს, სადაც ბრძანდებიან ჩემი მონანი, შენთან ერთად რომ შეიპყრეს და შენზე უწინ აწამეს". მისი სხეული კი ჯალათმა მდინარეში გადასაგდებად წაიღო. მორწმუნეებმა მას ოცდაათი ოქროს მონეტა მისცეს, ცხედარი გამოართვეს, დაკრძალეს და იმ ადგილას ხორბალი დათესეს. იმავე საღამოს ამოჯეჯილდა ნათესი, მეორე დღეს კი უკვე ნაყოფი გამოიღო. იქვე, საფლავის სიახლოვეს, წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღესაც მოედინება და მისი რწმენით შემსმელნი სნეულებათაგან იკურნებიან.

ამ დროს აღრიპა არაწმინდა სულმა შეიპყრო და აწამებდა. თქვა: "ბასილისკოს სხეულს რომ შევეხო, განვიკურნებიო". ვერავინ გაბედა მისთვის წმინდანის საფლავი მიესწავლებინა. აღრიპა წავიდა წმინდანის თავის კვეთის ადგილას. მოაგროვა მიწაში არეული რამდენიმე წვეთი სისხლი, შეკრა და ქამარზე მიიმაგრა. მაშინვე განიკურნა ბოროტი სულისგან და ქრისტე იწამა.

ცოტა ხნის შემდეგ კომანელებმა წმინდანის სახელზე ეკლესია ააშენეს. წმინდა ბასილისკოს საფლავიც გათხარეს და მისი წმინდა სხეული ტაძარში გადაასვენეს.

წმინდა გიორგის დისშვილის, წმინდა მოწამე ბასილისკოს სისხლი დღესაც ამჩნევია აფხაზეთის მიწას, უქართველებო აფხაზეთის მიწას. შევთხოვოთ უფალს, ამ წმინდა ადგილის თავისუფლად მოლოცვის ღირსნი შევიქნეთ.
ბეჭდვა
1კ1