მამა სიმონი იმ ხუთთაგანი იყო, საფიჩხიის ტყეში მარიამობა ღამეს რომ დახვრიტეს
მამა სიმონი იმ ხუთთაგანი იყო, საფიჩხიის ტყეში მარიამობა ღამეს რომ დახვრიტეს
საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის გახლდათ მღვდელი სიმონ მჭედლიძეც, იმ ხუთთაგანი, სასტიკად ნაგვემები და თოკით ერთმანეთზე გადაბმულები 1924 წლის მარიამობა ღამეს რომ დახვრიტეს, ხოლო შემდეგ ტყვიანასროლებსა და ჯერაც ცოცხლებს მიწა მიაყარეს.

საქართველოს ჩეკას "სრულიად საიდუმლო" სიაში, რომელშიც ე. წ. აგვისტოს ავანტიურაში მონაწილეობისთვის დახვრეტილნი არიან აღნუსხულნი, საარქივო საქმის 1627-ე ნომრით ირიცხებიან: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, 56 წლის; მღვდელი გერმანე ჯაჯანიძე, 56 წლის; მღვდელი იეროთეოზ ნიკოლაძე, 59 წლის; დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე, 53 წლის და მღვდელი სიმონ მჭედლიძე, 60 წლის.

საარქივო საქმე, რომელიც, როგორც ირკვევა, 30-იან წლებშია შედგენილი, სიმონ მჭედლიძის ოჯახის შესახებ მთლად ზუსტ ცნობებს არ შეიცავს - სინამდვილეში მამა სიმონსა და მის მეუღლეს, ეკატერინე დგებუაძე-მჭედლიძისას 13 შვილი ჰყოლიათ, რომელთაგან იმ დროისთვის 7 ყოფილა ცოცხალი.

თავად სიმონ მჭედლიძეს წინაპრებიც სასულიერო პირები ჰყოლია. მისი გვარი სოფელ ბოსლევიდან ყოფილა, მაგრამ გვარის ერთ-ერთი შტო (სიმონ მჭედლიძის წინაპარი და სეხნია სიმონ მჭედლიძე) სოფელ სვირში დასახლებულა. მისი უფროსი ვაჟი, დეკანოზი მიხეილი, იმერეთის ეპარქიის ბლაღოჩინი იყო, უმცროსი ვაჟი კი ცნობილი პუბლიცისტი ევსტათი მჭედლიძე (ბოსლეველი), გაბრიელ ეპისკოპოსის ეპარქიის კანცელარიის მდივანი, რომელიც, სრულიად ახალგაზრდა, ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალ აღმართზე მოკლეს.

მამა სიმონი 1865 წელს დაბადებულა და წინაპრების კვალს გაჰყოლია - ჯერ სტავროპოლის სასულიერო სემინარია დაასრულა, შემდეგ ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში ასწავლიდა. 1891 წელს ჯვარი დაიწერა თავად (გენერალ) ბესარიონ დგებუაძის ასულ ეკატერინეზე და საცხოვრებლად ქუთაისს გადავიდა, სადაც კერძო გიმნაზია, იგივე პროგიმნაზია, გახსნა. 1894 წელს სიმონ მჭედლიძისთვის გაბრიელ ეპისკოპოსს დიაკვნად დაუსხამს ხელი, ხოლო ცოტა ხანში - მღვდლად. 1902 წლიდან მამა სიმონი სვირის ეკლესიის წინამძღვარი გახდა. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას - გახლდათ მეოთხე თანრიგის საგამომცდელო კომისიის თავმჯდომარე.

ჰქონდა საკუთარი სტამბა ქუთაისში, ბეჭდავდა სხვადასხვა სასულიერო და საერო გამოცემებს და რედაქტორობდა "სარწმუნოებრივ-ზნეობრივ-საზოგადოებრივ" გაზეთ "შინაურ საქმეებს", რომელშიც იბეჭდებოდა თავად სიმონ მჭედლიძის, საქართველოს ეკლესიის მომავალი პატრიარქების კირიონ მეორის (საძაგლიშვილი), ლეონიდეს (ოქროპირიძე), კალისტრატეს (ცინცაძე), არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის, მღვდელ მელიტონ კელენჯერიძის, ბერ ალექსი შუშანიას და სხვათა წერილები.

თბილისის ცენტრალურ არქივში სიმონ მჭედლიძის შესახებ კარტოთეკის მხოლოდ ორი ბარათია დაცული, თავად საბუთები კი ადგილზე არ აღმოჩნდა.
ბეჭდვა
1კ1